x
მეტი
  • 26.02.2020
  • სტატია:99663
  • ვიდეო:344674
  • სურათი:462071
სამუშია: " ამ ეტაპზე საუბარი არ მინდა..."
image

ეროვნულ ლიგა 1-ში ახალხანს დაწინაურებულმა "სამტრედიამ" გუნდის ლიდერი გურამ სამუშია გუნდიდან გაუშვა. როგორც ჩემთვის იყო ცნობილი ერთ-ერთი და შეიძლება ითქვას მთავარი მიზეზი პირადი კონტრაქტის შეუთანხმებლობა იყო, რაც თავად სამუშიამაც დაადასტურა პირად საუბარში.

მე "სამტრედიას" აწ უკვე ყოფილ ფეხბურთელს დავუკავშირდი და ინტერვიუ ვთხოვე, მაგრამ სანამ მას წაიკითხავთ მინდა რამდენიმე წინადადებით მის შესახებ და კლუბის გადაწყვეტილებაზე ჩემი პირადი აზრი მოგახსენოთ.


გურამ სამუშიამ გასულ სეზონში 32 მატჩში 15 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა, რაც იმას ნიშნავს რომ "სამტრედიას" მთავარი იარაღი მინდორზე სწორედ ახალგაზრდა ნახევარმცველი იყო. ის გუნდისთვის ღირებული ფეხბურთელი იყო და ფანებთანაც განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. დეტალებში რომ არ შევიდეთ, გარედანაც ჩანს რომ გუნდის ხელმძღვანელობას ყველა ზომა უნდა ეხმარა, რომ ის შეენარჩუნებინა, თან არამგონია ფეხბურთს "განსაკუთრებული" პირობები მოეთხოვა იმის ფონზე, როცა იმერულ კლუბში ლეგიონერების რიცხვი დღითიდღე იზრდება. სამუშია ნებისმიერი გუნდისთვის დიდი ძალაა, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ "სამტრედიას" ხელმძღვანელებმა გუნდის ლიდერი მარტივად დაუთმეს კონკურენტ გუნდებს და ფეხბურთელი "თელავში" ჩაირიცხა, რომელიც სამტრედიელების მთავარი კონკურენტი იქნება ამ სეზონში (ორივე გუნდი დარჩენისთვის იბრძოლებს). სამუშიას ადგილას გუნდმა ესპანელი ნახევარმცველი დიეგო დიზი მიიყვანა, რომელიც ისლანდიის მეორე ლიგაში ასპარეზობდა და მასზე ინტერნეტში ბევრი ინფორმაცია არ არის.


იყო თუ არა ეს იმერული გუნდის შეცდომა ამაზე პასუხს ახალი სეზონი გასცემს. მაგრამ დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვა, რომ გურამ სამუშია "სამტრედიას" მხოლოდ გააძლიერებდა.


ახლა კი დაპირებული ინტერვიუც:


ვიცი, რომ "სამტრედიას" დატოვების მიზეზი პირადი კონტრაქტის შეუთანხმებლობა იყო. უფრო კონკრეტულად რას იტყვი?

მიზეზი ნამდვილად ეგ არის, თუმცა ამ ეტაპზე მირჩევნია მეტი არ ვილაპარაკოთ...

შენ გუნდის ერთპიროვნული ლიდერი იყავი. ელოდი რომ ყველაფერი ასე დასრულდებოდა?

ნამდვილად კარგი სეზონი გამოგვივიდა როგორც მე, ისე კლუბს. ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვისაც ამაში წვლილი მიუძღვის. არაერთი ადამიანი მთხოვდა გუნდში დარჩენას, თუმცა ჩემი სურვილის მიუხედავად ეს არ მოხერხდა...

ახლა "თელავის" ფეხბურთელი ხარ. ახალი გუნდის წინააღმდეგ შარშან არაერთხელ ითამაშე. რას იტყვი შენს ახალ კლუბზე?

"თელავს" შარშან 4-ჯერ შევხვდით და ყველა მატჩი დაძაბული გამოდგა. ეს გუნდი თავიდანვე სიმპატიებს იწვევდა ჩემში და გამიხარდა მათი წარმატება.

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია თითქოს დილაში გადახვედი და ეს ტრანსფერი გააოფიციალურეს. რას იტყვი ამაზე და გქონდა თუ არა დილასთან მოლაპარაკებები?

სამწუხაროდ პრესამ წინასწარი დასკვნები გამოიტანა. "დილასთან" მართლაც მქონდა მოლაპარაკებები და ახლოს ვიყავი იქ გადასვლასთან, თუმცა ბოლო მომენტში ჩაიშალა მოლაპარაკებები.

რა იქნება თელავის მიზანი წელს და როგორ მიგიღეს გუნდში?

"თელავში" თამაში ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. ამ გუნდის მწვრთნელთან ერთ გუნდში მითამაშია კიდეც და ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ჩემი აქ გადმოსვლის სწორედ ეს იყო. ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გუნდის პროფესიონალ ხელმძღვანელებს ნდობისათვის. "თელავი" ახალგაზრდული და შეკრული გუნდია, სადაც საოცარი ატმოსფეროა. ბიჭებმა გუნდში თბილად მიმიღერეს და ეგრევე მათი დიდი ოჯახის ნაწილი გავხდი. ჩვენი მიზანი ყველა თამაშში მაქსიმუმის დადება იქნება, რათა ჩვენი ერთგული ქომაგები გავახაროთ.

1
137
1-ს მოსწონს
ავტორი:გურამ მელქაძე
გურამ მელქაძე
137
  
30 იანვარი, 2:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1