x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134333
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
საუბარია ვირუსზე, რომელიც შეიძლება არა მხოლოდ ამ საუკუნის, წინა საუკუნის ყველაზე საშიშ ვირუსად დასახელდეს

imageფასადური, მოჩვენებითი ზომები

“ალიას” დაუკავშირდა სასწრაფო დახმარების თანამშრომელი, რომლის მონათხრობსაც, უცვლელად გთავაზობთ:

“გვითხრეს, რომ უნდა გავიდეთ და აეროპორტში შევამოწმოთ მოქალაქეები.

ჩვენ ფიცი გვაქვს დადებული ადამიანის გადასარჩენად, მაგრამ – თანამშრომელთა უმეტესობა არ ვაპირებთ ამ ბრძანებას დავემორჩილოთ.

საუბარია ვირუსზე, რომელიც შეიძლება არა მხოლოდ ამ საუკუნის, წინა საუკუნის ყველაზე საშიშ ვირუსად დასახელდეს და თუ მისი გავრცელება მოხდა, წარმოდგენაც გაგვიჭირდება მსხვერპლთა რა მაშტაბზე იქნება საუბარი.

როგორ წარმოგიდგენიათ, გავიდეთ ფორმის გარეშე, დავდგეთ და თვითმფრინავიდან ჩამოსულ მგზავრებს გავუზომოთ სიცხე? – რას შეცვლის?

ჯერ ერთი, მგზავრები უნდა შემოწმდეს თვითმფრინავშივე და დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში, ინფიცირებული მგზავრის გადაყვანა უნდა მოხდეს, სპეციალური მოწყობილობით, თვითმფრინავში თუ აღმოვაჩენთ ვირუსის ნიშნებს, კიდევ შესაძლებელი იქნება დადგენა, რამდენ ადამიანთან იყო შემხებლობაში მგზავრი.

დავუშვათ, აღმოვუჩინეთ თვითმფრინავიდან ჩამოსულ ერთ მგზავრს ვირუსის ნიშნები, მთელი აეროპორტი უნდა გავწმინდოთ? უკაცრავად და რით? – ნიღაბსაც ჩვენი ფულით ვყიდულობთ, აბტისეპტიკურ სითხესაც არ გვაძლევენ – რით და როგორ?

გავდივარ სპეციალური ფორმის გარეშე, მაცვია სასწრაფოს თანამშრომლის ფორმა, რომელსაც დეზინფექცია არ უტარდება, რომ ვიხდი ფორმას, ჩემს ტანსაცმელს არ უტარდება დეზინფექცია, ჩემს სხეულს არ უტარდება დეზინფექცია და მივდივარ სახლში დეზინფექციის ჩატარების გარეშე.

ჩემი ოჯახი და ახლობლები არ არიან ადამიანები? იმათ სიცოცხლეს ვაყენებ საფრთხის ქვეშ, მხოლოდ იმიტომ, რომ ფორმალურად დავდგე აეროპორეტში?

თუ აღმოვაჩინეთ ვირუსის შემთხვევა – სად არის სპეციალურად ამ ვირუსით დაავადებული ადამიანებისთვის გათავისუფლებული და მოწყობილი კლინიკა, ან კლინიკის ნაწილი? სად უნდა გადავიყვანოთ? სად უნდა გადავიყვანოთ ინფიცირებულ ადამიანთან შემხებლობაში მყოფი პირები დაკვირვებისთვის? – ამაზე პასუხი არ არსებობს!

არანაირი გადამზადება არ გაგვივლია, არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ, ან, როგორ გავივლით გადამზადებას? გადამზადება რომ გავიაროთ, ხომ მოუწევთ თქმა, რომ სპეციალური ტანისამოსით უნდა გავიდეთ შესამოწმებლად? არა აქვთ სპეციალური ტანისამოსის მოცემის სურვილი და ნება.

ვესაუბრე უცხოეთში კოლეგებს, მეტსაც გეტყვით, ვერც ის ტანისამოსი გაძლევს ასპროცენტიან გარანტიას, მაგრამ შედარებით დაცული ხარ.

თუ კორონა ვირუსმა საქართველოში შემოაღწია, ჩვენ ვხვდებით სრულად მოუწესრიგებელი, სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ, სასწრაფო დახმარება რომ გამოგეძახა – მინიმუმ 5 საათი ვერ მივიდოდა ბრიგადა სიცხიან ავადმყოფთან – საუბარია, ვირუსზე, რომლის ვაქცინაც არსებობდა და ქვეყანამ არ შემოიტანა, წარმოდგენაც შეუძლებელია რა მოხდება, ჩვენთან რომ გავრცელდეს ვირუსი, რომლის ვაქცინაც არ არსებობს!

ჩვენ, ექიმები, ვთხოვთ ხელისუფლებას, მოგვეცით აღჭურვილობა, მოგვეცით საშუალება, საერთაშორისო ნორმების დაცვით ვიმუშაოთ! გამოიყვანეთ ქართველები ჩინეთიდან, შეწყვიტეთ ჩინეთთან მიმოსვლა – ასე თავს ვერ დავიცავთ, რადგან უკვე სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა, მაგრამ მეტი შანსი გვაქვს.

შეწყვიტეთ ჩინეთიდან ტვირთის შემოტანა, ჩვენ არ გვაქვს საშუალება ყველა ტვირთი შევამოწმოთ და დეზინფექცია ჩავუტაროთ – ჩვენ კი არა, ჩინეთს ვერ უშველა დეზინფექციამ, ქუჩებსაც კი ჩაუტარეს დეზინფექცა და – ვერაფერი.

მოვუწოდებთ კერძო კლინიკებს, ექიმებმა ყველაზე კარგად იცით, რა საფრთხეზეა საუბარი, იმასაც ხვდებით, რომ თუ ასე გაგრძელდა, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოვა საქართველომდე ეს ვირუსი – გაერთიანდით, ვერანაირი ფული ვერ უშველის ჩვენს ოჯახებს, თუ ვირუსმა საქართველოში შემოაღწია. გაერთიანდით, შექმენით ერთი კლინიკა, მოაწყვეთ, შეიძინეთ აპარატურა – მოემზადეთ და ჩვენ, სასწრაფო დახმარების ექიმებიც ჩვენს წილ ფიცზე და მოვალეობაზე უარს არ ვიტყვით, ვიმუშავებთ, ოღონდ საერთაშორისო ნორმების დაცვით, ვიმუშავებთ რისკის დაბალი ჯგუფის ქვეშ, ვიმუშავებთ იმასთან ერთად, ვინც სამუშაო პირობებს შექმნის და ვიბრძოლებთ ადამიანთა გადასარჩენად და არა ფორმალურად, როგორც ახლა ვდგავართ აეროპორტებში თერმომეტრით ხელში უაზროდ.”

რესპოდენტმა არ ისურვა ვინაობის გამჟღავნება, მაგრამ თქვა, რომ რამდენიმე ათეული ექიმის ნათქვამს აჟღერებს.image

3
419
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
419
  
2020, 28 იანვარი, 3:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 27 იანვარი, 21:07
ყველა ექიმის სათქმელი თქვა მართლაც, ეს რა დაუცველები ვართ ხალხი
2020, 27 იანვარი, 14:39
მართალია ეს ექიმი. ჩვენთან ხომ მარტო თითის გაშვერა იციან, ეს გააკეთეო,მეტს არ ფიქრობენ, როგორ,რანაირად
0 1 3