x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მიგრანტები, კულტურა და მულტიკულტურული გარემო

მიგრანტების და ზოგადად მიგრაციის საკითხი 21-ე საუკუნეში საკმაოდ აქტუალურია როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში, ვინაიდან იგი დროთა განმავლობაში უფრო და უფრო გლობალური ფენომენი გახდა. გლობალურობასთან ერთად იზრება სოციალური მეცნიერებების (ფსიქოლოგიის, სოციოლოგიისა და ანთროპოლოგიის) ინტერესი ამ საკითხთან დაკავშირებით. ისინი ცდილბენ პასუხები გასცენ შემდეგ კითხვებს: რა ურთიერთკავშირია მიგრაციასა და სოციალურ სტრუქტურას შორის როგორც მიმღებ, ისე გამგზავნ ქვეყნებში, იცვლება თუ არა და როგორ იცველბა მიგრანტების სოციალური იდენტობა ახალ კულტურაში მოხვედრისას, როგორ მიმდინარეობს ახალ ქვეყანაში ჩასულ მიგრანტთა შეგუების პროცესი მიმღებ საზოგადოებასა და კულტურასთან... თუ რომელიმე სახელმწიფო მიგრაციულ პროცესებში ერთვება - ხდება მიგრანტის მიმღები, გამგზავნი ან ტრანზიტული ქვეყანა - მისმა კულტურამ და სოციალურმა სტრუქტურამ, ანუ სოციალურმა აგებულებამ, შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადოს. ეს ცვლილებები შესაძლოა სხვადასხვა - მაკრო, მეზო და მიკრო - დონეზე მოხდეს როგორც მიმღებ, ისე წარმოშობის ქვეყანაში. ამ დროს მნიშვნელივანია გავითვალისწინოთ მიგრაციის მასშტაბი, ხანგრძლივობა და მიგრანტთა ნაკადების შემადგენლობა.

მიუხედავად მიგრაციის ტიპისა, იქნება ის დროებითი თუ ხანგრძლივი, ნებაყოფლობითი თუ იძულებითი, ამ პროცესში ჩართული ადამიანები თითქმის ყოველთვის აწყდებიან პრობლემებს, რომლებიც გამოიხატება სხვა კულტურასთან შეგუების უუნარობაში, უცნობ ადამიანებთან შეხვედრის დროს გამოწვეულ შფოთვაში, გაურკვევლობაში... ეს გასაგებიცაა, რადგან როდესაც ადამიანი სხვა კულტურის წარმომადგენელია მისი კომუნიკაციური ქცევა ჩვენთვის ხშირად გაუგებარი ან გამაღიზიანებელია, რადგან ის ეწინააღმდეგება ჩვენს მოლოდინებს. აქედან გამომდინარე, ამ ქცევას აღვიქვამთ როგორც შეუსაბამოს. შესაბამისად, ასეთი შეხვედრის ყველაზე მოსალოდნელი შედეგია თავის არიდება, განსაკუთრებით თუ მიგრანტს ახასიათებს ინტროვერტულობა და შფოთვის მაღალი დონე. ეს ყველაფერი ხელს უშლის ახალ კულტურასთან ადაპტაციას. თუმცა თუ ადამიანი ცნობისმოყვარეა და ღიაა გამოცდილებებისადმი, ამან შეიძლება გაურკვევლობის მიუხედავად ურთიერთობისკენ უბიძგოს. ურთიერთობამ კი ახალი კულტურის გაცნობის და მასში წარმატებულად ადაპტაციისაკენ.

გარდა ამისა, გაურკვევლობის შემცირებასა და მიმღები ქვეყნის წარმომადგენელ ადმიანებთან ურთიერთობის წარმატებით დამყარებაში მიგრანტს შეიძლება დაეხმაროს შეხვედრის კონტექსტი (პოლიტიკური დებატები, საკლასო ოთახი), რომელიც გვთავაზობს სიტუაციის შესატყვის სცენარს. სცენარი ესაა მოვლენების თანმიმდევრობა, რომელსაც ადამიანი მოელის და რომელშიც იგი ერთვება როგორც მონაწილე ან დამკვირვებელი. კოორდინირებული და გასაგები ინტერაქციისთვის ადამიანს უნდა შეეძლოს იმის წინასწარმეტყველება თუ როგორ მოიქცევა მისი პარტნიორი, ამისათვის აუცილებელია პარტნიორის პიროვნული მახასიათებლების შესახებ რაც შეიძლება დიდი ინფორმაციის ცოდნა. გაზიარებული სცენარები კი საშუალებას აძლევს სხვადასხვა როლის ადამიანებს (მაგ. მგზავრი, ბილეთის გამყიდველი, ბიბლიოთეკარი) ჩაერთონ ურთიერთობაში ისე რომ ყურადღება არ მიაქციონ ერთმანეთის პიროვნულ მახასიათებლებს. მიგრანტებისათვის ამას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. ვინაიდან უმეტესობა საზღვარგარეთ მიდის სამუშაოდ ან სასწავლებლად, სადაც მათთვის გარკვეულწილად ნაცნობი სცენარი მოქმედებს. მიმღებ ქვეყანაში გაზიარებული სცენარების გამოყენება გაამარტივებს ადაპტაციის პროცესს.

კოორდინირებული ინტერაქციისა და ახალ გარემოში წარმატებული ადაპტაციისთვის მიგრანტმა რაც შეიძლება მეტი უნდა იცოდეს ამ ახალ გარემოს კულტურასა და მასში მცხოვრებ ხალხზე. სხვა ადამიანის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად მან შეიძლება გამოიყენოს შემდეგი მანიშნებლები: სქესი, ასაკი, რასა, ფიზიკური მიმზიდველობა, ჩაცმულობა, პოზა, თვალით კონტაქტი... თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. მიგრანტების წარმატებულ ადაპტაციას ხშირად ხელს უშლის ენობრივი ბარიერი. ენობრივი ბარიერის გადალახის შემთხვევაში კი გასათვალიწინებელია ის, რომ სხვადასხვა კულტურის ჯგუფები განსხვავებულ კონტექსტში ეკონტაქტებიან ერთმანეთს.


კულტურები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, ზოგიერთი მათგანი ნაკლებად, ზოგი კი მეტად. პროცესი, როდესაც ერთი კულტურის წარმომადგენელი, სხვა კულტურულ გარემოში მოხვედრის შედეგად, ფსიქოლოგიურ და კულტურულ ცვლილებებს განიცდიან, აღინიშნება ტერმინით აკულტურაცია. ბუნებრივია, როდესაც მიგრანტი მისთვის უცხო კულტურის მქონე ქვეყანაში მიდის საცხოვრებლად, სასწავლებლად თუ სამუშაოდ, მას უწევს საკმაოდ განსხვავებული კულტურული ნორმების გაცნობა, გაცნობიერება, და ზოგჯერ თავისი კულტურისთვის დამახასიათებელი ქცევის გარკვეულწილად შეცვლაც. იმ ქცევების სპექტრი, რომელიც გარემოს შესაბამის ცვლილებებს მოითხოვს, შესძლოა იყოს მეტ ნაკლებად ადვილად განსახორციელებელიც (ჭამა, ჩაცმა, საუბარი) და საკმაოდ რთულიც (შეხედულებებისა და კულტურული ნორმების ცვლილება). ამან შეიძლება გამოიწვიოს სტრესი, დეპრესია, შფოთვა... კვლევები აჩვენებს, რომ ერთი და იგივე სიტუაციები შეიძლება სხვადასხვა რამეს ნიშნავდეს სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებისთვის. ამიტომ აუცილებელია მიგრანტები ფრთხილად მოიქცნენ და წინასწარი დასკვნები არ გამოიტანონ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, იქამდე სანამ მიმღები ქვეყნის კულტურას სათანადოდ არ შეისწავლიან. ასევე აუცილებელია მიმღები ქვეყნის წარმომადგენლებმაც გაითვალისწინონ მიგრანტის კულტურა. ამით ისინი თავიდან აიცილებენ გაცრუებულ მოლოდინებს და არასწორ ატრიბუციებს. ვერბალური თუ არავერბალური ქცევით გამოწვეული მოულოდნელობების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია: ადამიანები ერთმანეთთან ძალიან ახლოს ან ძალიან შორს დგებიან; ძალიან ბევრს, ან ძალიან ცოტას, ან ძალიან სწრაფად, ან ძალიან ნელა, ან არასწორ საკითხებზე ლაპარაკობენ... არსებობს პრობლემა, რომ ადამიანები, ხშრად, სხვა კულტურის წარმომადგენელი ადამიანის ქცევის ახსნისას, საკუთარი კულტურის შეხედულებებით ხელმძღვანელობენ. ეს შეხედულებები კი არასწორ ატრიბუციებს იწვევს. მაგალითად, ამერიკელი მიზნესმენი, რომელიც პირდაპირ უყურებს და სახელით მიმართავს მალაიზიელ პარტნიორს შეიძლება აღიქვან როგორც „უპატივცემულო“ ან ინგლისელი რომელიც სიტყვას აწყვეტინებს იაპონელს აღიქმება როგორც „აგრესიული“...

ამ ყველაფრიდან გამომდინარე კარგად ჩანს რომ მიგრაცია საკმაოდ რთული პროცესია და რომ მიგრანტები აწყდებიან არაერთ სერიოზულ პრობლემას როგორიცაა: სხვა კულტურასთან ადაპტაციის უუნარობა, უცნობ ადამიანებთან შეხვედრის დროს გამოწვეული შფოთვა და წარუმატებელი კომუნიკაცია, გაურკვევლობა, ენობრივი ბარიერები, გაცრუებული მოლოდინები და არასწორი ატრიბუციები... თუმცა წინასწარმა მომზადებამ, მიმღები ქვეყნის კულტურისა და ენის შესწავლამ შესაძლებელია ეს სირთულეები საგრძნობლად შეამციროს, მიგრანტებს აკულტურაციული სტრესი აარიდოს და ახალ გარემოსთან ადაპტაცია გაუადვილოს. გასათვალისწინებელია, რომ წარმატებულ ფსიქოლოგიურ ადაპტაციას განსაზღვრავს პიროვნული ნიშნები, ცხოვრებისეული ცვლილებების ოდენობა და სოციალური მხარდაჭერა, ხოლო წარმატებული სოციოკულტურული ადაპტაცია ყალიბდება კულტურის ცოდნით, კონტაქტის სიხშირით და ჯგუფისშიდა წევრებზე დადებითი შეხედულებებით. წარმატებული ინტეგრაციისათვის ასევე აუცილებელია რამდენიმე ფაქტორი - იმიგრანტების მზადყოფნა ახალი კულტურის შესათვიდებლად, მიმღები საზოგადოების მზადყობა, რომ მიიღოს ისინი საკუთარ წრეში და ინსტიტუციური მზადყოფნა, რომელიც ხელს უწყობს ინტეგრაციის პროცესს, ეს შეიძლება იყოს ენისა და კულტუეის კურსები ჩასული იმიგრანტებისაშვის, მათი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამები თუ განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

0
17
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ პაიაშვილი
მარიამ პაიაშვილი
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0