x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
სამიზნე - ილია ჭავჭავაძე
ანდრო ბედუკაძე

ვინც ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიას ერთი თვალის გადავლებით მაინც იცის, დაგვეთანხმება, თუ როგორი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა იგი ნებისმიერ საქმეს და განსაკუთრებით კი დაწერილ სიტყვას. მემუარისტები არაერთგზის იხსენებენ, როგორი გულმოდგინებით და დადინჯებით ფიქრობდა ხოლმე ერთი უბრალო ჩანაწერის გამოც კი.

დიახ, იგი რასაც ამბობდა და როგორც ამბობდა, აწონილ-დაწონილი ჰქონდა. მას ბევრი მტერი ჰყავდა. ებრძოდნენ მას, მის პიროვნებას, მის აზრებს, ეკამათებოდნენ გაკეთებული საქმეების გამოც და ნაწერის გამოც. მაგრამ გაესწორებინათ მისი ნაწერი, მისი აზრთა მდინარება არ მომხდარა, რადგან ამას არავინ არ კადრულობდა, ილიას დაუძინებელი მტერიც კი.

მაგრამ XXI საუკუნემ ეს სიურპრიზიც შემოგვთავაზა. ჯერ იყო და მოაოხრეს ილიას მკვლელობის ადგილი და წლების წინ ჩადენილი ეს საქციელი (ობელისკის ტერიტორია დღესაც მურვან ყრუს ნათარეშალს ჰგავს) არ იკმარა ყველაფერ ამის მოთავემ და ობელისკამდე, საგურამოს ამოსახვევში, ზედ ავტობანის გვერდით „ჩადგა“ ლითონის საეჭვო გემოვნების კონსტრუქცია ილიას ცნობილი ნათქვამით სამი ღვთაებრივი საუნჯის შესახებ. უნდა ყოფილიყო „მამული, ენა, სარწმუნოება“, არის „ენა, მამული, სარწმუნოება“. სიტყვათა თანმიმდევრობა პრინციპული მნიშვნელობისაა, რადგან იგი შეიცავს სახელმწიფო ნიშნებს. ზოგიერთს ეს წარწერა უცოდინრობითაა გაკეთებული ჰგონია და ამ უცოდინრებში ჩვენც, ილიას მუზეუმის თანამშრომლებიც, ვიგულისხმებით. არა, ეს ახირებულობის შედეგია: მე ასე მსურსო, „მე ვარ და ჩემი ნაბადი“, აბა გაბედე და შემისწორეთო. ეს არ იკმარა და ეხლა მუზეუმის კუთვნილ მიწაზე უნებართვოდ, კვლავ იგივე გაიმეორა და იქედნურად ამბობს, თუ კარგი ბიჭები ხართ ხელი ახლეთო. ყოველივე ამაში სავალალო ის არის, რომ წმინდა ილია მართალზე შეტევა ხორციელდება სასულიერო პირის მხრიდან.


მართლაც, ქვეყანაში არ აღმოჩნდა არც ერთი სტრუქტურა, რომელიც შეაჩერებს ვანდალიზმს. შეაჩერებს ილიაზე მოძალადეს. იძულებულნი ვართ მივმართოთ საზოგადოებას დახმარებისთვის: დავიცვათ ილია ჭავჭავაძე თანამედროვე სოცდეკებისა და საერთოდ, ბერბიჭაშვილიზმისაგან!


ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი

ანდრო ბედუკაძე



0
114
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0