x
image
მაია 24
როგორ ეთავსება თხის რქა ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - როგორი პარტნიორია ის სიყვარულში და ვინაა მისი საუკეთესო მეწყვილე
image


ვერძი და თხის რქა


ორივე ლიდერია, ორივეს ძლიერი ხასიათი და დიდი ამბიციები აქვს და მოთხოვნილება - სხვები ატაროს თავის ჭკუაზე. იშვიათი წყვილია, რადგან ცოტა გაუგებრები რჩებიან ერთმანეთისთვის. ვერძი იმპულსურია, მხიარული და დაუფიქრებელი, თხის რქა ძალიან რაციონალური, სერიოზული და ცოტა დეპრესიულიც (თუმცა ამას არ იჩნევს). ხდება ის, რაც ხდება მიწის და ცეცხლის შეხვედრისას, ერთი ჩქარობს, მეორე კალთებს ქაჩავს, ერთი არ უჯერებს, მეორე კიდევ – აი, ხომ გეუბნებოდი, აწი მაინც დამიჯერე…. მოკლედ, თხის რქა ვერძისთვის ცოტა კონსერვატორია, ვერძი კი თხის რქისთვის – თავქარიანი. სხვადასხვანაირები არიან გრძნობების გამოხატვაშიც: თხის რქა თავშეკავებული და ფრთხილია, ვერძი კიდევ ემოციების ზღვაა. გარდა ამისა, თხის რქა სიყვარულს გამოხატავს საყვარელი ადამიანისთვის ჭკუის დარიგებით, რაც ვერძისთვის კატეგორიულად მიუღებელია და ამან შეიძლება კონფლიქტი წარმოშვას., თუმცა თუ ერთმანეთის მიღებას ისწავლიან, რაც ასე ძალიან უჭირს ორივეს, აქედანაც გამოვა რაღაც.



კურო და თხის რქა



თქვენ თუ შეერთდით, აწი ვეღარაფერი მოგაგლეჯთ ერთმანეთს. ეს ორი მიწიერი, პრაქტიკული და რეალისტი არსება, ძალიან კარგად გრძნობს თავს ერთმანეთთან. ორივეს დაახლოებით ერთნაირი ინტერესები აქვს, ერთნაირი ღირებულებები და თანაც ძალიან კარგადაც ავსებენ ერთმანეთს რიგ საკითხებში. მაგალითად, კურო ცოტა ზარმაცია, თხის რქა კი სიზარმაცის უფლებას არავის მისცემს. იგი ბუნებით ლიდერია, შეანიშნავად ეხერხება დაგეგმვა. კურო კი მის სტრატეგიებს აუცილებლად გაიზიარებს და მუხლჩაუხრელად იშრომებს განსახორციელებლად. მოკლედ, ისეთი ძლიერი წყვილია, ერთად ვერაფერი მოერევათ თუ მაინცდამაინც მუშაობით არ მოკვდნენ. უკეთესი იქნება, თუ თხის რქა ცოტა მაინც ისწავლის კუროსგან მიღწეული შედეგით ტკბობას, რელაქსს და სიამოვნების მიღებას.


ტყუპები და თხის რქა



რა უცნაური შეხვედრაა: ბავშვი, რომელიც არასოდეს ბერდება და მოხუცად დაბადებული ბავშვი. თხის რქამ თუ ტყუპებთან ცხოვრება გადაწყვიტა, წინასწარვე უნდა იყოს შეგუებული იმ აზრს, რომ ტყუპები უნდა იშვილოს და რომ ქორწინების მისეული მოდელი, სადაც წყვილებს მოვალეობები და ფუნქციები განაწილებული აქვთ, აქედან არასოდეს გამოვა. ასე თუ ისე, პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე თხის რქამ შეიძლება აიღოს კიდეც მშობლის როლი საკუთარ თავზე, მაგრამ საქმე ისაა, რომ თხის რქა საკმაოდ მკაცრი მშობელია, რომლის ხელშიც თავგუნება, ტაშფანდურა და მაწანწალა ტყუპებს სული ხშირად ეხუთება. თხის რქა მუდამ უკმაყოფილოა ტყუპებით, მისი არასერიოზულობით, ტყუპები კი, როგორ დააღწიოს ამ შარს თავი, გამუდმებით ამაზე ფიქრობს, ნუ, რა თქმა უნდა, გამუდმებითის ტყუპებისეული განმარტებით. მოკლედ, ძალიან რთული კავშირია, ისეთი რთული, რომ საერთოდ ერთმანეთი რომ მოგეწონათ, იმის დამსახურება იქნება, რომ არც ერთი არ ხართ ტიპური თხის რქა და ტიპური ტყუპები და ჯობს, სინასტრიაში ეძებოთ პასუხი კითხვაზე “რატომ ხართ ერთად”?!


კირჩხიბი და თხის რქა



ამ წყვილზე სულ ეს ფილმი მახსენდება – “Blue Valentine”, ბიჭი კირჩხიბის პროტოტიპს ჰგავს – რომანტიკული და ძალიან თბილი, მეოჯახე, რომელსაც სულაც არ აინტერესებს არც სტატუსი, არც ის, რას ფიქრობენ სხვები, მშვენივრად მუშაობს ფიზიკურადაც, მთავარია, საყვარელი ადამიანები ჰყავდეს კარგად, მთავარია, არ შიოდეს და ემოციურად უსაფრთხოდ გრძნობდეს თავს, აი, გოგონა კიდევ თავიდან კი აჰყვება, მაგრამ დროთა განმავლობაში გული უცრუვდება, რაღაც უფრო მეტს ითხოვს მამაკაცისგან, ვიდრე სიყვარულია. კიაცი ძალიან ცდილობს, მაგრამ რაც უფრო მეტად ცდილობს, უფრო მეტად კარგავს. არ მინდა გული გაგიტეხოთ, ყოველთვის ასე არ სრულდება. ორივე ისეთი ნიშანია, ბოლომდე იბრძვის ურთიერთობის გადასარჩენად, მართალია ერთი სიყვარულის, მეორე კი სოციალური სტატუსის გამო, მაგრამ მაინც. ისინი ოპოზიციური ნიშნები არიან. ეს კი ნიშნავს, რომ ისინი თან ძალიან ჰგვანან ერთმანეთს და თან ძალიან განსხვავდებიან. ეს ერთი მთლიანობის ორი ნაწილია და წყვილიც ძალიან კარგად ავსებს ერთმანეთს, თუკი მოახერხა და პატარ-პატარა სირთულეები, რაც ყველა ურთიერთობაში არსებობს, გადალახა.


ლომი და თხის რქა



ერთადერთი ნიშანი, რომელმაც ლომი შეიძლება მოდრიკოს, თხის რქაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ურთიერთობაში თხის რქა უფრო მეტ პასუხისმგებლობას აიღებს, გაცილებით უფრო მეტს გააკეთებს ყოველთვის, ლიდერი მაინც თავად იქნება. ეს ურთიერთობა მამა-შვილის ურთიერთობას ჰგავს. მამა, რა თქმა უნდა, თხის რქაა და ლომიც უნდა შეეგუოს სატურნისეული აღზრდის მკაცრ მეთოდებს. ისინი შესანიშნავად ავსებენ ერთმანეთს. თხის რქა მწვერვალს ყოველთვის აღწევს, თუმცა ეს ბევრი შრომის შედეგად ხდება, მაშინ როცა ლომი ბედის ნებიერაა და ყველაფერი ლანგარზე მისდის. ლომი თხის რქას აკვირვებს და მის მიმართ პატივისცემით მსჭვალავს. თხის რქები ხომ გიჟდებიან არისტოკრატებზე, ლომი კი, როგორ ოჯახშიც არ უნდა იყოს დაბადებული, მაინც მეფეა.


გარდა ამისა, თხის რქა დისტანციურია, ცივი, გულჩათხრობილი. მას არ სჩვევია ემოციების აფიშირება, თუმცა ლომს თავდაჯერება ჰყოფნის, რომ მის სიყვარულში დარწმუნებული იყოს. მას მოსწონს თხის რქის ორგანიზებულობა და ერთგულება. აფასებს ყველაფერს, რასაც მისთვის აკეთებენ. თხის რქა კი თავის მხრივ აღტაცებულია მისი გულღიაობით, ხელგაშლილობით, თვალისმომჭრელი ეგოთი და ოპტიმიზმით. ისინი პატივს სცემენ ერთმანეთს და სწორედ ამის გამო ახერხებენ ერთმანეთის ასეთი წარმოუდგენელი განსხვავების მიღებას. ლომი ძალიან ჰგავს ზაფხულის ცხელ დღეს კაშკაშა მზით ლაჟვარდისფერ ცაზე, იგი ნამდვილი პაპანაქებაა, მაშინ როცა თხის რქა ზამთრის ნაცრისფერი, ნისლიანი ამინდია, ცოტა უჟმური, ალაგ-ალაგ რომ ცრის… საინტერესო ნაზავია, არა? ერთს ცოტა მეტი სინათლე სჭირდება, მეორეს კი დანიავება, რომ არ დაგვწვას და მათი ერთობით შესანიშნავ კოკტეილს ვიღებთ!


ქალწული და თხის რქა


საოცარი წყვილია – გეგონება, ერთმანეთის პულსზე უდევთ ხელი და ისე მოქმედებენო. მათ ერთნაირი მიზნები აქვთ – სურთ ყველაფერი ზუსტად აკეთონ, იყვნენ სხვებისთვის მისაბაძი მაგალითი, პატივს სცემდნენ და ჰქონდეთ წინსვლა ცხოვრებაში. ფულის და დროის ყადრიც ორივემ იცის. დროთა განმავლობაში უკვე ერთმანეთთან შეთანხმებაც აღარ დასჭირდებათ, ისე გაანაწილებენ რესურსებს, ფუნქციებს და ფინანსურ შემოსავალს და თანაც ორივე კმაყოფილი იქნება ერთმანეთითი.


თუკი ეს წყვილი შედგა და მათ პირად რუკებში ყველაფერი თავდაყირა არ დგას, ერთმანეთს ვერაფერი დააცილებთ. ისინი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ოჯახს და ვალდებულებებს. ისინი საღად და პრაქტიკულად აზროვნებენ. ყველა მათ ყოფას შეჰნატრის, თავად კი საღამოს ალბათ რამე კარგ ფილმს ჩაუსხდებიან და პერსონაჟების სიბრიყვეს გააკრიტიკებენ.


თხის რქა გიჟდება ქალწულის მოწესრიგებულობაზე და მოსწონს მისი თავშეკავებულობა, თავდაჭერილობა, ერთადერთი, ბევრი ლაპარაკი აღიზიანებს. ქალწულიც აფასებს თხის რქის შრომისმოყვარეობას, პასუხისმგებლობის გრძნობას, ერთგულებას და თავდადებას, ერთადერთი, მისი პირქუშობა აფრთხობს, თუმცა რადგან თავადაც უამრავი კომპლექსის ბუდეა, კარგად ესმის, რომ თხის რქის უჟმური ხასიათის მიღმა ტკივილი და ტანჯვა იმალება. სწორედ ამიტომ ამ სასტიკი სამყაროს რუტინულ ყოფაში ერთმანეთში ძლიერ დასაყრდენსა და სულიერ სიმშვიდეს პოულობენ.


სასწორი და თხის რქა



ამ ორ ნიშანს შორის კვადრატურაა, ანუ დაძაბული ასპექტი. ეს ნიშნავს, რომ ორი ეგო ერთმანეთთან კონფლიქტში მოდის, მათ პიროვნულ დონეზე საერთოდ არ ესმით ერთმანეთის და ნამდვილად ჯილდოს იმსახურებენ, თუკი ერთმანეთს გაუგეს. ვენერა, სასწორის მმართველი, ფემინინური პლანეტა, მიწიერი სიამოვნების პლანეტაა – განცხრომის, ფუფუნების, ლიბერალიზმის, მოკლედ კარგი ცხოვრების და ჰარმონიის, სატურნი კი ნამდვილი კაციჭამია – კოსმიური მასწავლებელი, რომელიც ზღუდავს, უარს ამბობს ნებისმიერ სიამოვნებაზე და ვერ ახერხებს ტკბობას. მოკლედ, ჩვენი გართობას გადაყოლილი სასწორი ვარდისფერი სათვალეებით შედის მსოფლიოში სისასტიკითა და ულმობელობით განთქმულ მასწავლებელთან გამოცდაზე. ერთია – გამოცდა თხის რქამაც უნდა ჩააბაროს და წყვილი რომ შედგეს ამის გაცნობიერება მოუწევს, თორემ სასწორსაც ამოუვა ერთ დღეს ყელში კომპრომისები. მათ ერთმანეთისგან რომ ისწავლონ ბევრს მოიგებენ – თხის რქამ – ცხოვრების შერგება, სასწორმა კი – პასუხისმგებლობა. ამ ორ ნიშანს, თუკი ერთად ყოფნას მოახერხებენ, უდიდესი სამსახურის გაწევა შეუძლიათ ერთმანეთისთვის.


მორიელი და თხის რქა



მისტერ და მისის სერიოზულობა. ორი დიდი სტრატეგი და თვითკონტროლის მეფე-დედოფალი. შიგნით უამრავი ეჭვი და კომპლექსი გარედან – თავდაჯერება და ცარიელი ამბიცია. ისინი რაღაცნაირად ჰგვანან ერთმანეთს. გარშემომყოფები მათ ურთიერთობას შენატრიან, რადგან არც ერთს არ უყვარს ჭუჭყიანი თეთრეულის საჯაროდ გამოფენა. რაც მათ ოჯახში ხდება, კედლებს გარეთ არ გადის. მათ ერთმანეთთან “გაშიშვლებაც” კი უჭირთ. ნიღბების მოხსნას ბევრი დრო სჭირდება. ემოციების, გრძნობების გამომჟღავნებით თითქოს თავმოყვარეობა ელახებათ, ამიტომ სხვა გზა აღარ დარჩენიათ, უსიტყვოდ გაუგონ და უსიტყვოდ ენდონ ერთმანეთს.


ესმით კიდეც… ცხოვრებისეულ საკითხებშიც, ფინანსურ საკითხებშიც. ორივე საკმაოდ სანდო და საიმედო ადამიანია… ერთი ესაა, ორივეს მმართველობის ამბიცია აქვს და უნდა, რომ თვითონ აკონტროლებდეს სიტუაციას. თუკი ტერიტორიების განაწილებაზე მიდგა საქმე, არც ერთი დათმობს, ამიტომ უკეთესი იქნება, თუ ალიანსს შექმნიან და “საერთო მტრის” ცხოვრების წინააღმდეგ იბრძოლებენ გაერთიანებული ძალებით, ერთმანეთს გაუზიარებენ იმ მდიდარ გამოცდილებას, რაც წლების განმავლობაში უგროვებიათ და ცხოვრებისეული გამოცდების ჩაბარებას ერთობლივი ძალებით მოახერხებენ.


მშვილდოსანი და თხის რქა



პასუხისმგებლობის და უპასუხისმგებლობის, პესიმიზმის და ოპტიმიზმის, უჟმურობის და მხიარულების შეხვედრა. თხის რქას სატურნი მართავს, შეზღუდვების, კომპლექსების პლანეტა, რომელიც თავჩაუხრელ შრომას და თავისი შრომის შედეგით უკმაყოფილებას აიძულებს მას, მშვილდოსნის მმართველი კი იუპიტერია, გაფართოების, ზრდის, ოპტიმიზმის პლანეტა. მშვილდოსნები უზრუნველი ხალხია, ზედმეტად თავდაჯერებული და თან იღბლიანი, მათ იციან, როგორ მიიღონ ცხოვრებისგან მაქსიმუმი, მაშინ როცა თხის რქა სიხარულს ვერ ახერხებს. ეს ყველაფერი ხშირად კონფლიქტს იწვევს, ორივეს მასწავლებლობა სურს და საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, თუ ერთმანეთისგან ისწავლიდნენ, თხის რქა – სითამამესა და ცხოვრებით ტკბობას, მშვილდოსანი - თავშეკავებასა და მოთმინებას. საოცრად დააბალანსებდნენ ერთმანეთს.


თხის რქა და თხის რქა



თხის რქებს ძალიან უყვართ ერთად ყოფნა, რადგან ყველაზე მეტად საიმედოობას და გამძლეობას აფასებენ ადამიანში, კიდევ პასუხისმგებლობის გრძნობას და სხვას ვერცერთ ნიშანში ვერ ჰპოვებენ ასე მკვეთრად გამოხატულ ამ თვისებებებს, როგორც ერთმანეთში. თუ ჰპოვებენ და ისევ თხის რქის ნიშნის გავლენით პირად რუკაში. ამიტომ თუკი ერთმანეთზე გააკეთეს არჩევანი, იშვიათად ინანებენ. მათ მარტოობაც უყვართ და დისტანციაზე ყოფნა ორივე თქვენგანს აწყობს. რეალისტები ხართ, პრაქტიკულები, პრაგმატულები, საერთო მიზნები გაქვთ და საერთო ჟინი ამ მიზნებისკენ მიმავალ გზაზე. ერთმანეთის მხარდამხარ იბრძვით, უსარგებლო რამეებზე დროს არ კარგავთ, ფინანსურ საკითხებშიც მშვენივრად თავსდებით და სიყვარულიც ორივე თქვენგანისთვის ასე იზომება: ვჭირდები, მჭირდება. მათ ყველაფერი დაზღვეული აქვთ, სახლიც, სამსახურიც, ჯანმრთელობაც, ბავშვებიც, მომავალიც, ერთგულებაც და ნდობაც… ერთადერთი რამ, რისი დაზღვევაც შეუძლებელია – სიყვარულია და სწორედ მას უნდა მოუფრთხილდნენ. ეს გაითვალისწინეთ.


თხის რქა და მერწყული



ეს კავშირი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოახერხებენ ისინი ერთმანეთის ატანას: თხის რქა – მერწყულის ექსცენტრიკულობის და არაპროგნოზირობადობის, მერწყული – თხის რქის კონსერვატიზმის. სატურნი და ურანი მშვიდად ვერ არიან ერთ სახლში, თუმცა თუკი გადაწყვეტენ, რომ ერთმანეთისგან ისწავლონ, ბევრს მოიგებენ. მერწყული ხალასი ნიჭია, თავში ნათურით, რომლის ანთება და გამოყენება შესაძლოა არ იცოდეს, თხის რქა კიდევ ბეჯითი ბავშვი, რომელმაც ისწავლა, როგორ აანთოს ნათურა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ნათურა შესაძლოა სულაც არ ჰქონდეს. ხვდებით რამდენად საჭირო ხართ ერთმანეთისთვის? მერწყული თუ თხის რქისგან თანმიმდევრობას ისწავლის და პასუხისმგებლობის სერიოზულად აღქმას, შედგება, როგორც გენიოსი, თავად თხის რქა კი მისგან მოყირჭებული ძველისგან, საზოგადოებრივი აზრისგან, მიღებული წესების ბორკილებისგან გათავისუფლების გაკვეთილს მიიღებს. მერწყულური იდეები, თხის რქის ცენზურის გავლით ბევრ სარგებელს მოუტანს კაცობრიობას. მთავარია ერთმანეთის განსხვავებულობის მიღება და დაფასება ისწავლონ.


თხის რქა და თევზები



თევზები მთლად კარგად ვერ ერკვევიან ამქვეყნიურ ცხოვრებაში, ხშირად ებნევათ გზა დედამიწაზე და თხის რქასთან ძალიან მშვიდად და დაცულად გრძნობენ თავს. მათ საყრდენი აკლიათ, თხის რქა კი ყველაზე საიმედო დასაყრდენია, ყველაზე სწორი ორიენტირი. თავის მხრივ, ამ ნიშანთა შორის ყველაზე მიწიერ ნიშანს – თხის რქას, თევზების ღრუბლებით შემოსილი თავი ძალიან მოსწონს. ეს ყველაზე რეალისტი და ყველაზე მეოცნებე ნიშნების ალიანსია და აქედან გამომდინარე ძალიან საინტერესო ალიანსიც. თუკი ისინი მოახერხებენ ერთმანეთის დადებით თვისებებზე ორიენტირდნენ, თუკი თხის რქა მოერიდება ადვილად მოწყვლადი თევზების გულისტკენას უტაქტო და ხისტი საუბრით, სარკაზმით, თუკი ცოტა მაინც დათბება და თავის მხრივ თევზებიც გარკვეულ კომპრომისზე წავა – კერძოდ, შეეცდება ცოტა ჩამოყალიბდეს და გარკვევით ისაუბროს მიკიბ-მოკიბვისა და ტყუილების გარეშე, პრობლემაც აღარ იქნება. ისინი კარგი მეგობრები გახდებიან და ბევრ რამეში დაეხმარებიან ერთმანეთს. თევზები სულიერ საკვებს მოიტანს, თხის რქა მიწიერ საზრდოს. ჰოდა, ბა მეტი რა არის საჭირო იდეალური ოჯახური თანაცხოვრებისთვის?


დოჩი გოგო



ასევე ნახეთ:


როგორ ეწყობით ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვახასიათებთ ვერძს


როგორ ეწყობა მორიელი ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვინ არის მისი მტერი ან საუკეთესო მეწყვილე

როგორი ბოსები არიან ზოდიაქოს ნიშნები (+ სახალისო GIF-ები)


როგორი დედამთილები არიან ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით


ზოდიაქოს ნიშნები მეტროში - სასაცილო GIF-ები


ზოდიაქოს ნიშნის გოგოები სიბერეში - სასაცილო GIF-ები


როგორ გამოიყურებიან ნაწყენი ზოდიაქოს ნიშნები - GIF-ები


როგორ ცდილობენ გოგონები მამაკაცის ცდუნებას - გიფები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები
1
2413
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
2413
  
2020, 22 იანვარი, 2:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1