x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
პოსტკოლონიური ლიტერატურა

image

წარსულის ხსოვნა პოსტკოლონიურ ლიტერატურაში ჰგავს ემიგრანტულ ლიტერატურაში წარსულის როლს და ადგილს. ბერძნულად დაბრუნება არის ნოსტოს, ხოლო ალგოს ნიშნავს ტანჯვას, შესაბამისად, ნოსტალგია დაბრუნების დაუოკებელი სურვილით გამოწვეული სევდაა. წარსულის ხსოვნა ეხმარება გმირს საკუთარი თავის შეცნობაში. პოსტკოლონიური ლიტერატურის მწერალი მიზნად ისახავს თავისი ადგილის მოძებნას სამყაროში.
ამ ლიტერატურის ნაწარმოებთა თხრობის ხაზი უწყვეტ კავშირშია წარსულთან და საკუთარ მემკვიდრეობასთან, რომელიც უნდა გახდეს ორიენტირი გაუცხოებულ აწმყოში მყოფი გმირისთვის. დგება პრობლემა იმისა თუ რა უნდა შეინარჩუნონ თავიანთი კულტურული წარსულიდან და რა უნდა შეიძინონ ახალ გარემოში. ნარატივში ჩანართები შეიძლება იყოს ავტობიოგრაფიული, მაგრამ ესაა კოლექტიურისა და პირადულის გადმოცემის მცდელობა, "ავტობიოგრაფია მრავლობითში".
ტიპური პოსტკოლონიური სცენარითაა დაწერილი თავფიკ ალ-ჰაქიმის მცირე ფორმატის რომანი"ჩიტი აღმოსავლეთიდან", რომელიც აღმოსავლურ-დასავლური ურთიერთობების თემას ეძღვნება. ესაა რომანი, რომელიც ევროპაში განათლებული არაბი ახალგაზრდების ფსიქოლოგიურ პრობლემებს ეხება. მასში დასმულია საკუთარი თავისა და ადგილის პოვნის პრობლემა.
ავტორი საკუთარი ბიოგრაფიული გზით აღმოსავლურ და დასავლურ კულტურათა გზაჯვარედინზე გადის, რაც აისახება მის მხატვრულ შემოქმედებაზეც.
თავფიკ ალ-ჰაქიმი აღმოსავლურ-დასავლური კულტურების დაპირისპირებაში განსაკუთრებულ აქცენტს დასავლეთის მატერიალურ ბუნებასა და აღმოსავლეთის სულიერებაზე აკეთებს. ამ მხრივ შედარებები და განსხვავებები თვალშისაცემია რომანის გმირთა ურთიერთობების ყოველ წვრილმანში. მაგალითად ფრანგი ანდრეისთვის უცხოა და გარკვეულწილად სასაცილოც კია მუჰსინის დამოკიდებულება სიყვარულის მიმართ, მისი მოწიწება და ერთგვარი შორით ტრფობა.
პარიზში ჩასული მუჰსინისთვის მიუღებელია პარიზელი შეყვარებული წყვილების საჯაროდ ხვევნა კოცნა და მიაჩნია, რომ შეყვარებულებს გრძნობების გულში შენახვა მართებთ, ისე, როგორც ნიჟარაში ინახება მარგალიტი. თუმცა დროთაგანმავლობაში მუჰსინი სწორედ

პარიზელ შეყვარებულთ ემსგავსება.
საინტერესოა რომანის მეორე ხაზი-მუჰსინისა და მისი პარიზში შეძენილი მეგობრის ასაკოვანი რუსი ემიგრანტის ივან ივანოვიჩის ურთიერთობა. ავტორმა რუს ემიგრანტს მიანდო აღმოსავლურ-დასავლური ურთიერთობების შავ–თეთრ ფერებში გადმოცემა, ერთის ზეციურთან და მეორის ქვესკნელთან გაიგივება. ივანოვიჩი სულიერებისა და მორალისგან დაცლილ დასავლეთს დაღუპვას უწინასწარმეტყველებს, დიდ დასავლურ ცივილიზაციას გაკოტრებულს უწოდებს. მუჰსინი ცდილობს დაინდოს მეგობარი მწარე სიმართლისგან, თუმცა მკითხველი მაინც იგებს მისგან, რომ ის აღმოსავლეთი, რომლისკენაც ასე ისწრაფვის ივანოვიჩი, აღარ არსებობს. მუჰსინისა და ივან ივანოვიჩის დიალოგში იკვეთება ავტორის პოზიცია.
აღმოსავლურ-დასავლურ ურთიერტობებს ეხება ცნობილი ეგვიპტელი მწერალი იაჰია იბრაჰიმ ჰაკკი(1905-1992), რომელიც ნოველის ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელია ეგვიპტურ მწერლობაში.
"უმ ჰაშიმის კანდელის" მთავარი გმირი ისმაილი კაიროელი ახალგაზრდაა, რომელიც ოჯახის დახმარებით ინგლისში სასწავლებლად მიდის. ევროპულ ცივილიზაციას ნაზიარები ისმაილი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გაუცხოებული და გაორებულია. ოფთამოლოგ ისმაილს აღიზიანბს ხალხის ფანატიკური რწმენა, რომლებიც პროფესიონალი ექიმების ნაცვლად საიდა ზეინაბის მეჩეთის სამლოცველოს კანდელის ზეთს მიმართავენ სამკურნალოდ. ისმაილი ცდილობს ხალხი გადაარწმუნოს და იწყებს თავისი ბიძაშვილი, საცოლე ფატიმა ევროპაში მიღებული ცოდნით განკურნოს, თუმცა მისი მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდება. კანდელი, ვფიქრობ, რწმენის სიმბოლოა, ისმაილი ჯერ ამტვრევს კანდელს, ამდროს მას რწმენა აქვს დაკარგული, რომანის ბოლოს კი ვხედავთ მის სახეცვლილებას.
საყურადღებოა ისმაილისა და მისი კოლეგის, მარის ურთიერთობა. ისმაილისთვის ცხოვრება შეუცვლელი გეგმაა, მარისთვის კი ცხოვრება მუდმივად განახლებადი რამაა. ისმაილი ქორწინებაზე საუბრობს, მარი სიყვარულზე, ისმაილი საყრდენს რელიგიასა და რწმენაში ხედავს, მარი კი საკუთარ თავში. ისმაილი და მარი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ოპოზიციაა. თხრობაში ყველაფერი, რაც დასავლეთს უკავშირდება ბუნდოვანია.
ნაწარმოები ზნებრივი პათოსის მატარებელია, რაც ავტორის ზნეობრივ კრიტერიუმებთან თანხვედრაშია.

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ გორგაძე
თამარ გორგაძე
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0