x
მეტი
  • 19.02.2020
  • სტატია:99373
  • ვიდეო:344568
  • სურათი:461770
როგორ უნდა შევქმნათ მეგობრული, პოზიტიური და სასიამოვნო საკლასო გარემო მოსწავლეთათვის- რჩევები მასწავლებლებს
image


საკლასო გარემო ფართო ცნებაა და გულისხმობს კლასში არსებულ განწყობას, ზოგად ატმოსფეროს, რომლის ჩამოყალიბებაზეც გავლენას ახდენს მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის არსებული ურთიერთობები, კლასში დამკვიდრებული წესები და საკლასო ოთახის ფიზიკური გარემო. კლასში არსებული ატმოსფერო მოსწავლეთა სწავლის მიმართ განწყობებსა და დამოკიდებულებებზე მოქმედებს და სასწავლო პროცესის მნიშვნელოვან შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს.

თბილი, მეგობრული და მშვიდი გარემო კლასში მრავალ ფაქტორს უკავშირდება, როგორებიცაა, მაგალითად: მოსწავლეთა მაღალი თვითშეფასება, მოტივაცია, კლასში ჩართულობა, მოსწავლეებს შორის თანამშრომლობა და სხვ.

საკლასო გარემოზე საუბრისას მნიშვნელოვანია, სასკოლო გარემოც გავითვალისწინოთ, რადგან ისინი მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. თუ სხვა გაკვეთილებზე მოსწავლეები იშვიათად გამოთქვამენ საკუთარ შეხედულებებს და საკმარისად არ ეძლევათ დისკუსიის შესაძლებლობა, ერთი მასწავლებლისთვის არც თუ ისე ადვილი იქნება მათი გააქტიურება, დისკუსიაში ჩართვა და ზოგადად, სკოლაში დამკვიდრებული წესების შეცვლა.მასწავლებელი, რომელიც თავის გაკვეთილზე ცდილობს, შეცვალოს სკოლაში დამკვიდრებული რადიკალურად განსხვავებული ატმოსფერო, როგორც წესი, წინააღმდეგობებს აწყდება და უჭირს მოსწავლეთა ჩვევების შეცვლა.


მეგობრული და სასიამოვნო გარემოს შესაქმნელად სკოლას მრავალი აქტივობის დაგეგმვა და განხორციელება შეუძლია. შეიძლება მოსწავლეთა ნამუშევრების სკოლის შენობის სხვადასხვა ნაწილში, მაგალითად, სასადილოში ან დერეფნებში გამოფენა.

მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის დამოკიდებულება საკლასო ატმოსფეროს ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. ყურადღებიანი და მეგობრული მასწავლებელი, რომელიც არც ზედმეტად მკაცრია და არც ზედმეტად რბილი, დადებით გავლენას ახდენს მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე.

მასწავლებელმა უნდა შექმნას ისეთი გარემო, რომელშიც მოსწავლეს თავისუფლად შეეძლება აზრის გამოთქმა და მის აზრს, შეხედულებას თუ პოზიციას პატივისცემით მოეპყრობიან. მცდარმა პასუხებმა არ უნდა გამოიწვიოს მასწავლებლის უარყოფითი რეაქციები.

დადებითი საკლასო გარემოს შექმნაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეებისათვის საკუთარი სახელებით მიმართვა.თუ მასწავლებელმა არ იცის მოსწავლის სახელი, მოსწავლემ, შესაძლოა, ჩათვალოს, რომ მასწავლებელი მას სათანადო მნიშვნელობას არ ანიჭებს. შესაბამისად, მასწავლებელმა, რაც შეიძლება, ხშირად უნდა მიმართოს მოსწავლეებს სახელებით.

პოზიტიური საკლასო ატმოსფეროს შესაქმნელად მნიშვნელოვანია ფიზიკური გარემოს მოწყობა, მაგალითად, მიმზიდველი და სასიამოვნო სურათების, პლაკატების და სხვა თვალსაჩინოებების გამოყენება . მასწავლებელს შეუძლია, სასწავლო მასალა კედელზე გააკრას, რაც სწავლების ეფექტური ფორმაა და ხელს უწყობს მოსწავლეთა მხრიდან მასალის ადვილად დამახსოვრებას. საკლასო გარემოს გასაუმჯობესებლად კედელზე მოსწავლეების ნაშრომების გაკვრაცაა შესაძლებელი. შედეგად მოსწავლეებს სიამაყის გრძნობა დაეუფლებათ, რაც დადებითად იმოქმედებს სწავლის მოტივაციაზე.

საკლასო ატმოსფეროს შექმნაში მნიშვნელობა ენიჭება ისეთ მცირე დეტალებსაც კი, როგორიცაა, მაგალითად: მერხების განლაგება, დაფის, წიგნების თაროსა და სხვა ნივთების მდებარეობა. მასწავლებელმა ისეთი საკლასო გარემო უნდა შექმნას, სადაც მოსწავლეები კომფორტულად იგრძნობენ თავს და გაუჩნდებათ მასწავლებლის, საკუთარი თავისა და თანატოლების პატივისცემის განცდა.

სკოლაში სისუფთავისა და სანიტარული ნორმების დაცვა პოზიტიური გარემოს აუცილებელი კომპონენტია . ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ სასადილოსა და დერეფნებში ზომაზე მეტი ხმაური უარყოფით გავლენას ახდენს სასკოლო ატმოსფეროზე .

განასხვავებენ საკლასო გარემოს სამ ძირითად ტიპს. ეს ტიპებია: კონკურენტული, თანამშრომლობითი და ინდივიდუალური.

როდესაც კლასში კონკურენტული გარემოა, მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებიან სწორი პასუხის გაცემაში. მასწავლებელი განსაზღვრავს პასუხის მართებულობას, ხსნის გაკვეთილს და უძღვება მას.

თანამშრომლობითი ტიპის გაკვეთილზე მოსწავლეები მონაწილეობენ დიალოგში, რომელსაც თვალყურს ადევნებს მასწავლებელი.მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, გამოთქვან და განიხილონ თავიანთი მოსაზრებები .

ინდივიდუალურ საკლასო გარემოში მოსწავლეებმა ინდივიდუალურად, მასწავლებლის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა შეასრულონ სამუშაო და შეამოწმონ საკუთარი თავი.

საკლასო გარემოს სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებს შორის დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლის მიმართ მასწავლებლის მოლოდინებს. მოსწავლე, რომლისგანაც მასწავლებელი დამაკმაყოფილებელ ნიშანსაც კი არ ელოდება, როგორც წესი, დაბალ შედეგს აჩვენებს და, პირიქით, როდესაც მასწავლებელი მოსწავლისაგან მაღალ ნიშანს ელოდება, მოსწავლე მართლაც კარგ აკადემიურ შედეგს აჩვენებს .

ძალიან მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა გააცნობიეროს, რომ პედაგოგს მოსწავლეების მიმართ მიუკერძოებელი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელს შეიძლება წინასწარ ჩამოყალიბებული განწყობა ჰქონდეს ამა თუ იმ მოსწავლის მიმართ, ის მუდმივად უნდა ეცადოს, დაძლიოს სუბიექტურობა და მოძებნოს ასეთი პრობლემებისაგან გამოსავალი გზები.

1) მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ყველა მოსწავლეს აქვს სწავლის უნარი და მოსწავლეებმა ეს დამოკიდებულება მასწავლებლისაგან უნდა იგრძნონ;

2) ყველა მოსწავლეს უნდა ჰქონდეს კითხვაზე პასუხის გაცემისა და დისკუსიაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა;

3) მოსწავლეთა ნაშრომების შეფასებისას მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს ობიექტური კრიტერიუმები.

4) მასწავლებელმა დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს იმას, თუ რა პრინციპით ახდენს მოსწავლეთა წახალისებას და დასჯას.

საკლასო ატმოსფეროს გასაუმჯობესებლად, პირველ რიგში, აუცილებელია სასკოლო ატმოსფეროს შესწავლა და შემდგომ მისი შეფასება.

სასკოლო და საკლასო ატმოსფეროს შესასწავლად არსებობს სხვადასხვა ტიპის შეფასების კითხვარები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან, სკოლის ადმინისტრაციასთან და მშობლებთან ურთიერთობაში.




0
19
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ქვათაძე
ნინო ქვათაძე
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0