x
მეტი
  • 26.02.2020
  • სტატია:99667
  • ვიდეო:344674
  • სურათი:462069
ლორენს სტერნის "სენტიმენტალური მოგზაურობა საფრანგეთსა და იტალიაში"
imageსენტიმენტალიზმი, როგორც ლიტერატურული მიმართულება, პირველად ინგლისში წარმოიშვა XVIII საუკუნეში. ამ მიმართულების მთავარი წარმომადგენლები იყვნენ სამოელ რიჩარდსონი (1689–17610) და ლორენს სტერნი (1743–1768). ამ უკანასკნელმა დაწერა „სენტიმენტალური მოგზაურობა”. და როგორც ცნობილია, სწორედ ამ ნაწარმოების სათაურმა განაპირობა თავად მიმდინარეობის სახელწოდებაც. თუმცაღა, მათ მახასიათებლებს თუ შევადარებთ, საკამოდ დიდ განსხვავებას აღმოვაჩენთ.

სენტიმენტალიზმი არის ლიტერატურული მიმდინარეობა, რომელიც დიდ ყურადღებას აქცევს ადამიანის შინაგან განცდებსა და სულიერ განწყობილებას.
იგი ადამიანის გრძნობას მის გონებაზე მაღლა აყენებს და სენტიმენტალურ ნაწარმოებში გამოყვანილი პერსონაჟები გადაჭარბებული მგრძნობელობით ხასიათდებიან. სენტიმენტალისტი მწერლები ცდილობენ მკითხველში განსაკუთრებული მგრძნობელობის განვითარებას მათი ასეთი თვისებებით. სენტიმენტალურ რომანებსა და მოთხრობებში გამოყვანილი პერსონაჟები უმთავრესად უბრალო ადამიანები არიან. ისინი სიყვარულით, ან რაიმე სხვა მიზეზით უსაზღვროდ იტანჯებიან და ცრემლს აფრქვევენ. ავტორი თანაგრძნობით არის გამსჭვალული ამ უდანაშაულოდ ჩაგრულთა და წამებულთა მიმართ. სენტიმენტალურ ნაწარმოებთა მოქმედი პირები უბრალო, ხალხური ენითლაპარაკობენ. ახალა კი შევხედოთ ლორენ სტერნის შემოქმედებას.

დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ ლორენს სტერნის "ჯელტლმენ ტრისტამ შენდის ცხოვრება და შეხედულებანი" და "სენტიმენტალური მოგზაურობა საფრანგეთსა და იტალიაში" ერთმანეთის მონათესავე ნაწარმოებებია. ვინაიდან, ისინი პერსონაჟებისა და სიუჟეტის თვალსაზრისით ავსებენ ერთმანეთს. ორივე ნაწარმოები უსიუჟეტოა, რაც ახალი სიტყვა იყოს მეთვრამეტე საუკუნის ლიტერატურისათვის. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც უკვე არსებობდა ისეთი სათავგადასავლო და მოგზაურობის ჟანრის ნაწარმოებები, რომლებიც დეფოსა და სვიფტის კალამს ეკუთვნოდა. სტერნი კი ერთგვარად მიტევებას ითხოვს ჰორაციუსისაგან და აცხადებს: "სრულიადაც არ ვაპირებ თავი შევიზღუდო რაიმე წესებით, ვისიც არ უნდა იყოს ისინი, მისი იქნება თუ სხვისი". და "სენტიმენტალურ მოგზაურობაში" იგი გვიყვება მღვდელი იორიკის მოგზაურობის შესახებ. მაგრამ ეს არ არის ისეთი მოგზაურობა, რომლის მსგავსიც უკვე წაგვიკითხავს ან გვინახავს სადმე. იგი არ მიდის ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად, არც რაიმე მნიშვნელოვანი საქმის მოსაგვარებლად და არც დასასვენებლად. იგი გამოყოფს მოგზაურთა რამოდენიმე ჯგუფს და თავის თავს "მგრძნობიარე ანუ სენტიმენტალურ მოგზაურს" უწოდებს. ამ მოგზაურობას კი არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. იორიკის ყოველი ქმედება სპონტანურობით ხასიათდება და შესაბამისად ეს სპონტანურობა გასდევს მთელ მის მოგზაურობას. მისი თავგადასავალი უფათერაკო, მხოლოდ საკუთარი გრძნობების სამყაროში მოგზაურობაა, რომელშიც მნიშვნელოვანი არაფერი ხდება, ფათერაკებისა და თავგადასავლების ადგილს იკავებს შთაბეჭდილებები და განცდები. ამის შემდეგ კი უკვე გასაგები ხდება რატომ კარგავს სიუჟეტურობა მნიშვნელობას და თავად უსიუჟეტობა იძენს ახალ მნიშვნელობას. სწორედ ამითაა განპირობებული ის ფაქტი, რომ ნაწარმოების თავებს შორის ხშირად კავშირი გაწყვეტილია და ზოგიერთი მათგანის გადანაცვლევაც რომ შეგვეძლოს, ამით მოვლენათა ჯაჭვი არ დაირღვევა.

მართალია, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ნაწარმოებში აქცენტი გრძნობათა სამყაროზეა გადატანილი, მაგრამ ობიექტური სამყაროს აღწერა, მასზე დაკვირვება და შთაბეჭდილებების გაზიარებაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. აქ კი უნდა აღინიშნოს სტერნის მიერ ფსიქოანალიზის საოცარი ფლობა. იგი მიმართავს ასოციაციურ თხრობას. თითქოს მან ზუტად იცის რა ხდება მკითხველის გონებაში. რომელი საგანი, მოქმედება თუ ფრაზა რა ასოციაციებს გამოიწვევს მკითხველში. და სწორედ მათი რეაქციებით ხელმძღვანელობს ნაწარმოებში. სტერნი თითქოს ეთამაშება მკითხველს. მაგალითად, მონაკვეთები სახელად "მაჯისცემა" და "ხელთათმანები". მათში ავტორი, ერთი შეხედვით, ძალიან უბრალო სცენას აღგვიწერს. გვიყვება იორიკისა და გრიზეტას შეხვედრას, მათ საუბარსა და ურთიერთობას. მაგრამ ჩვენდა უნებურად, საგნებსა და სიტყვებს სულ სხვა, ასოციაცებისა და სიმბოლოების სამყაროში გადავყავართ. და ვფიქრობ, ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი ღირსება სწორედ ეს ასოციაციური თხრობა, ფსიქოლოგიური ელემენტების შემოტანაა ტექსტში. გარდა ამისა, არ შეიძლება არ აღინიშნოს ტექსტში არსებული კომიკურ ატმოსფერო.რასაც იწვევს სტერნის გაზვიადებული მსჯელობა უმნიშვნელო საგნებსა და თემებზე. ტექსტში მუდმივად იგრძნობა დაძაბულობა, მოსალოდნელი კონფლიქტი, მაგრამ თუ დავუკვირდებით დავინახავთ რეალური პრობლემის არარსებობას, რომ ეს დაძაბულობა არსაიდან მოდის.


და ბოლოს უნდა აღნიშნოს იდენტობის პრობლემა ნაწარმოებში. იორიკი შეიძლება ითქვას, რომ არ არის ერთი კონკრეტული პიროვნება, რომელსაც აქვს თავისი ისტორია, წარსული და მომავალი. ის თითქოს პერსონაჟების ნაკრებია, რამდენიმე ნიღბის მატარებელი. იორიკს თავიდან ტრისტამ შენდთან ვეცნობით. თავისი გულუბრყვილობითა და მოვლენათა სიღრმისეულად აღქმის უუნარობით კი დონკიხოტსაც გვახსენებს. გარდა ამისა, ვერსალში ყოფნისას ის მარკიზთან შექსპირისეულ ჰამლეტად წარმოაჩენს საკუთარ თავს. ყველაფერს თითქოს ისიც ამძაფრებს, რომ მას არ აქვს პასპორტი.

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:ეთერ ნოზაძე
ეთერ ნოზაძე
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0