x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508478
მიტროპოლიტ გაიოზ კერატიშვილისადმი, წმ. სინოდის მიერ, წაყენებული ბრალდებანი. 12.01.1980
image

მიტროპოლიტ გაიოზ კერატიშვილისადმი, წმ. სინოდის მიერ, წაყენებული ბრალდებანი.

იხილეთ სურათზე: სვეტიცხოველი, 25.12.1977წ. ილია მეორის ინტრონიზაცია. მარცხნიდან მარჯვნივ: რუსეთის პარტრიარქი პიმენი; პატრიარქი ილია მეორე; მოსკოვის საპატრიარქოს მხრიდან, საქართველოს ეკლესიის, საეკლესიო საქმეთა კურატორი, ადგილობრივი მიტროპოლიტი ზინობი მაჟუგა; წინა ორი პატრიარქის დროს, ეკლესიის ყველაზე გავლენიანი სასულიერო პირი და შემდგომ, უმძიმესი ბრალდებით მალევე გასამართლებული, მიტროპოლიტი გაიოზ კერატიშვილი.


1978წ. 25 მაისს მიტროპოლიტი გაიოზი დააპატიმრეს, შედგა "საუკუნის პროცესი", სასამართლომ მას 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამის შემდგომ მიტროპოლიტ გაიოზის შესახებ, წმინდა სინოდმა შემდეგი განჩინება გამოიტანა, იხილეთ ქვემოთ.


ჯვარი ვაზისა - 1980 I
ამონაწერი საქართველოს ეკლესიი წმინდა სინოდის ოქმიდან:
1980 წლის 12 იანვარს, უწმიდესის და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის თავმჯდომარეობით შედგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა.
მ ო ი ს მ ი ნ ე ს : კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის მოხსენება იმის შესახებ, რომ საქართველოს წმიდა სინოდის ყველა წევრისაგან წმ. სინოდში შემოვიდა წერილობითი თხოვნა, რათა საქართველოს ეკლესიისა და ერის წინაშე დანაშაულებათა გამო, მიტროპოლიტი გაიოზი განკვეთილ იქნას ყოველგვარი სამღვდელო ხარისხიდან და ბერობიდან შემდეგის გამო:
1. გამოიყენა რა უწმიდესისა და უნეტარესისი ეფრემ II-ის მძიმე ავადმყოფობა, საპატრიარქოდან გაიტაცა და მიითვისა ძვირფასი ხატები, პანაღიები, კვერთხები, ბარძიმ-ფეშხუმები, ჯვრები, წიგნები და სხვა მრავალი.
2. მსგავსი მოქმედება ჩაიდინა მან საქართველოს მრავალ ტაძარსა და მონასტერში.
3. მრავალ გატაცებულ ძვირფას საეკლესიო ნივთებიდან და ხატებიდან ამოღებული ძვირფასი ქვები მან გაყიდა.
იმ მიზნით, რათა დაეფარა დანაშაულებრივი კვალი, გაანადგურა საპატრიარქოს საინვენტარიზაციო წიგნი და არქივის ზოგიერთი მასალა.
4. ეკლესიის ცხოვრებაში განხეთქილების მიზნით შეჰქონდა არეულობა. ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილიას მოსაყდრეობის დროს, შეეცადა არაკანონიერი გზით დაუფლებოდა საპატრიარქო ტახტს.
5. გარდა აღნიშნულისა, მისი პიროვნებისათვის დამახასიათებელი ერეტიკული აზრების გამოთქმა და გავრცელება, რომელსაც უარყოფს მართლმადიდებელი ეკლესია ამ მძიმე დანაშაულებათა მიუხედავად, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი ცდილობდა დაეყენებინა იგი მონანიების გზაზე.
1978 წლის 25 მაისს მიტროპოლიტი გაიოზი დაპატიმრებულ იქნა, როდესაც იგი ცდილობდა გაეყიდა საპატრიარქოს კუთვნილი ტიხვინის ღვთისმშობლის ხატიდან ამოღებული ზურმუხტის თვლები.
სასამართლო ძიებამ დაადასტურა მიტროპოლიტ გაიოზის დანაშაულებანი, გაასამართლა ისა და მიუსაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
წმინდა სინოდმა იმსჯელა ყოველივე ზემოხსენებულზე და

გ ა ნ ა ჩ ი ნ ა


თანახმად წმ. მოციქულთა კანონის XXV მუხლისა, კართაგენის კრების XII მუხლისა და რუის-ურბნისი კრების I და VI მუხლებისა, მიტროპოლიტი გაიოზი (ბიძინა ტიტიკოს ძე კერატიშვილი) განკვეთილ იქნას ყოველგვარი სამღვდელო ხარისხიდან და ბერობიდან სამუდამოდ, როგორც ყოვლად მიუღებელი პიროვნება საეკლესიო სამსახურისათვის.
ამ კრებათა დადგენილებების საფუძველზე ბიძინა ტიტიკოს ძე კერატიშვილი რჩება ერის კაცად და ეძლევა უფლება, მონანიების შემთხვევაში, მიიღოს წმიდა ზიარება.
უკეთუ ბიძინა ტიტიკოს ძე კერატიშვილი არ დაემორჩილა წმ. სინოდის დადგენილებას და განაგრძობს შფოთს, თანახმად მოხიქულთა კანონის XXVIII მუხლისა, იგი სრულიად განიკვეთება მრევლის რიგითი წევრობიდანაც.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი ილია II
წმინდა სინოდის წევრები:
ზინობი, თეთრიწყაროელი მიტროპოლიტი
გიორგი, მანგლელი მიტროპოლიტი
გრიგოლი ალავერდელი მიტროპოლიტი
შიო ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი
ნიკოლოზი ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსი
იოანე ჭყონდიდელი და აგარაკწალკელი მთავარეპისკოპოსი.
თადეოზი წილკნელი მთავარეპისკოპოსი
დავითი ბათუმ-შემოქმედელი ეპისკოპოსი
კონსტანტინე ურბნელი ეპისკოპოსი
ათანასე ბოდბელი ეპისკოპოსი
ამბროსი ნიკორწმინდელი და მარგვეთელი ეპისკოპოსი.
ქრისტეფორე ეპისკოპოსი ახალციხისა, მესხეთ-ჯავახეთისა და ცაგერ-ლეჩხუმის-სვანეთისა.


2
562
1-ს მოსწონს
ავტორი:დანიელ სავანელი
დანიელ სავანელი
562
  
2020, 21 იანვარი, 13:48
იმაზე კი არავინ იღებს ხმას, კათალიკოს დავითის სეიფიდან როგორ გაქრა ანდერძი, სადაც მომავალ პატრიარქად ეპისკოპოსი ილარიონი, ერისკაცობაში ავთანდილ ერასტის ძე სამხარაძე იყო დასახელებული.
2020, 18 იანვარი, 3:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2