x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134476
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
რატომ ვკითხულობთ წიგნებს? - ასტრიდ ლინდგრენი

image

როგორი უცნაურიც უნდა იყოს, ჩემი ცხოვრების დღევანდელი საზეიმო მომენტის გამო უნდა ვუმადლოდე ჩემი ბავშვობისდროინდელ მაწანწალებს. სწორედ იმ მაწანწალებს, რომლებიც საღამოობით კარზე გვიკაკუნებდნენ და გვეკითხებოდნენ, - შეიძლება ღამე გავათიოთ თქვენს გომურშიო.
ჩვენ, ბავშვები სამზარეულოში ვისხედით და თალებგაფართოებულნი შევყურდებდით მათ. ამ მაწანწალებში რაღაც ზღაპრულს ვხედავდით. ჩვენ გლეხის შვილები ვიყავით და არ გვესმოდა, რომ ქვეყნად არის ხალხი, რომელთაც არა აქვთ სახლი და რომლებიც სოფელ-სოფელ ხეტიალობდნენ. ეს სასწაულებრივად საინტერესო და იდუმალი იყო. მაწანწალებიდან ბევრი მეგობრული, ლაპარაკის მოყვარული და კეთილი იყო - ზუსტად ისეთი, როგორიც ოსკარი ჩემი წიგნიდან. მათ უამრავი მოსაყოლი ჰქონდათ და ყველა ძალიან მომწონდა.
როდესაც ჩემი ბავშვობის წლები მახსენდება, მეჩვენება, რომ მას შემდეგ არანაკლებ ასი წელიწადი გავიდა: ისე შეიცვალა მსოფლიო. მოვახერხე და გავჩნდი იმ საუკუნის ბოლოს, რომელსაც "ცხენის საუკუნეს" უწოდებენ. ათიოდე წლის შემდეგ რომ დავბადებულიყავი, ვერასოდეს დავწერდი ამ წიგნს. სხვაგვარად ვერაფერს გავიგებდი იმ ისტორიამდელ ეპოქაზე, როდესაც სოფლის ორღობეებში დაეხეტებოდნენ მაწანწალები და ადამიანები ავტომობილით კი არ მგზავრობდნენ, არამედ ცხენშებმული ოთხთვალებით. კარგი იყო ბავშვისთვის "ცხენის საუკუნე". ყოველ შემთხვევაში, ჩემი ბავშვობა შეიძლება ბედნიერად ჩაითვალოს და როდესაც ჩემს :მაწანწალა რასმუსს" ვწერდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დაკარგულ სამოთხეში დავბრუნდი. სრულიად არ ვამტკიცებ, რომ ეს სამყარო სამოთხე იყო მაწანწალა ოსკარისთვის ან ობოლი რასმუსისთვის. ის ჩემთვის იყო სამოთხე. რა კარგია, კვლავ დაბრუნდე სამოთხეში, როდესაც წერ შენს წიგნს, რა კარგია ისევ ბავშვი გახდე!
ვფიქრობ, ასე უნდა იყოს ყველა, ვინც ბავშვებისთვის წერს. შენ თვითონ უნდა გახდე ბავშვი. არ შეიძლება იჯდე და იგონებდე რაღაც ისტორიებს. უნდა გადაეშვა საკუთარ ბავშვობაში და გაიხსენო, როგორი იყო მაშინდელი გარემო, მისი სურნელი, რას გაცმევდნენ და როგორ შეიგრძნობდი თავს შენს ტანსაცმელში, რას დასცინოდი და რა გატირებდა.

0
89
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0