x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
სპარსული იანვარი - რა მოხდა ირანში?

image

ამა წლის 3 იანვარს, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალებმა ავიაიერიში მიიტანეს ბაღდადის აეროპორტზე და ირანის მთავარი სტრატეგი გენერალი ყასიმ სულეიმანი მოკლეს. ამის შემდეგ ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამ მკვლელობისთვის აუცილებლად შურს იძიებდა. ირანული სპეცდანაყოფის «ალ-ქუდსის» აწ უკვე ახალმა მეთაურმა, ისმაილ ყანიმ პირობა დადო, რომ სასტიკად გაუსწორდება ამერიკელებს ამ აქტის გამო. ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა: «მოთმინება გამოიჩინეთ და მთელს ახლო აღმოსავლეთში თქვენ იხილავთ ამერიკელთა გვამებს». თავის მხრივ აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3000 ჯარისკაცის გაგზავნა გადაწყვიტა, რომლებიც იქ ორ თვეს დაჰყოფენ.
შიიტებისთვის წმინდა ქალაქ ყომში, ჯამყარანის მეჩეთის თავზე შურისძიების წითელი დროშა აღმართეს. მისი აღმართვა ნიშნავს შურისძიების სურვილს გენერალ სულეიმანისა და მისი თანმხლებ პირთა მკვლელობისთვის ამერიკელთა ავიაიერიშის შედეგად. ეს დღეებია მსოფლიო მასმედია აჭრელებულია ცნობებით ამ ფაქტთან დაკავშირებით, ხოლო სოც. ქსელებში კი გენერალ სულეიმანის საქმიანობის შესახებ საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება. თავდაპირველად ყასიმი ადამიანთა იმ ჯგუფის ინტერესებს იცავდა, რომლებიც სანქციების გვერდის ავლით ირანიდან ჩინეთში ნავთობის გაყიდვებს აკონტროლებენ. საუბარია 30-40 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხებზე. როდესაც აშშ-მ, ჩინეთს ჩრდილოეთ კორეის დახმარებისთვის სანქციები დაუწესა, ნავთობის ფულის ირანში გატანა პრობლემატური გახდა, ამიტომ ის ჩინურ ბანკებში დაილექა. საქმეში ჩართულმა შუამავლებმა უხეშად, რომ ვთქვათ ირანის «გადაგდება» დაიწყეს, რის შემდეგაც სულეიმანი შუამავლების მეთვალყურედ დაინიშნა. სულეიმანიმ პირველ რიგში, თავისი მსოფლიო რეზიდენტურის მეშვეობით დასაჯა თაღლითები, რამაც სახსრების მოდინება კვლავ განაახლა. ნავთობის გაყიდვიდან შემოსულ ძირითად მოგებას ირანის სასულიერო ლიდერები იღებენ. ამავე საქმიდან დაიწყო ყასიმისა და ჩინელების ურთიერთობა, რომელთაც ძალიან აინტერესებთ ახლო აღმოსავლეთი თავისი მდიდარი რესურსებით. თანამშრომლობა საკმაოდ მალე გასცდა მხოლოდ ნავთობწარმოებას და გენერალი სულეიმანი ახლო აღმოსავლეთში ჩინეთის გავლენის გამცილებელი გახდა. სულეიმანი რუსეთსაც კარგ სტრატეგიულ მოკავშირედ განიხილავდა, თუმცა ორი ფაქტორი მაინც აბრკოლებდა, პირველი რუსეთის მჭიდრო ურთიერთობა საუდის არაბეთთან და მეორე, მუდმივი კონტაქტი ერდოღანთან. ამიტომ ყასიმი ჩინეთს უფრო სანდო პარტნიორად მოიაზრებდა და საკმაოდ წარმატებულადაც ატარებდა მის ინტერესებს რეგიონში. სულეიმანის ავტორიტეტის გათვალისწინებით, თამაშის ყველა მონაწილე მას ანგარიშს უწევდა. ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო ომის ფონზე, ჩინეთის გავლენის სფეროების გაძლიერება ნავთობით მდიდარ რეგიონში, აშშ-ს ინტერესებში ნამდვილად არ შედიოდა. სულეიმანის მკვლელობამ ჩინეთის გეგმები ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით რამდენიმე წლით გადაწია, სამაგიეროდ სხვა მოთამაშეებს ხელსაყრელი პირობები შეუქმნა.
ასევე საინტერესო კითხვად რჩება თუ ვინ დაასმინა გენერალი. ის ხომ დაზვერვის ნამდვილი გენია იყო და ყოველთვის მალავდა თავის გადაადგილებას, გარდა ამისა მას ყოველთვის მხოლოდ უერთგულესი მომხრები ახლდნენ თან. ამერიკელები დიდი ხნის განმავლობაში ვერ ადგენდნენ მის ადგილსამყოფელს. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე სულეიმანი შეხვდა ასადის ხალხს, სხვა ვერსიით ბაღდადში გენერალი ერაყის პრემიერ მინისტრმა მოიწვია. კითხვები, თუ ვინ და ვისი თხოვნით მიიწვია სულეიმანი ბაღდადში კიდევ დიდი ხანი უპასუხოდ დარჩება.
სამშობლოში ყასემ სულეიმანი, საზოგადოების ნაწილისთვის ეროვნული გმირია, დასავლურ იმპერიალიზმთან მებრძოლი ლეგენდარული გენერალი, რომელზეც იღებენ ფილმებს და წერენ სიმღერებს, ნაწილისთვის კი სისხლისმღვრელი ტერორისტი და იმ რეჟიმის სახე, რომელმაც რამდენიმე თვის წინ მშვიდობიან მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნა. თუმცა კი, ამის მიუხედავად, მის ბოლო გზაზე გასაცილებლად ათასობით მოქალაქე შეიკრიბა. მათგან 60 ჭყლეტვაში მოჰყვა და დაიღუპა, ასობით ადამიანი კი დაშავდა.
ირანი 4 დღის განმავლობაში ამზადებდა შურისმაძიებელ პასუხს ამერიკისთვის, და 7 იანვრის ღამეს ერაყში მდებარე, ამერიკულ სამხედრო ბაზა «ალ-ასადზე» დარტყმა განახორციელა, ათამდე ბალისტიკური რაკეტით. მაგრამ, როგორც ჩანს ირანელთა მხრიდან გაფრთხილებულმა ერაყელებმა, მოსალოდნელი შეტევის შესახებ ამერიკელებს აცნობეს. შედეგად არც ერთი ამერიკელი სამხედრო არ დაშავებულა. ასეთი უშედეგო აღმოჩნდა ირანელთა შურისძიება. და ამისა იმავე საღამოს ირანელთა მხრიდან შეცდომით ჩამოგდებულ იქნა უკრაინული ავიაკომპანიის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზე მყოფი 176 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დაიღუპა. ხელისუფლების მხრიდან ამ ფაქტის დამალვას და შემდგომ აღიარებას ირანელ მოქალაქეთა მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა, რამაც საპროტესტო აქციები გამოიწვია. მთავრობამ ხისტი ნაბიჯი გადადგა და ცრემლსადენი გაზი და სპეცრაზმი გამოიყენა.
ირანის უცხოელთა მიერ მისი მხარდაჭერის მთავარ არგუმენტს, მისი იმპერიალიზმთან ბრძოლა წარმოადგენს. ირანმა დასავლური სანქციებისგან განადგურებული ეკონომიკის გადარჩენის მიზნით, ჩინეთს, ნავთობისა და გაზის მოპოვების უფლების მიცემის სახით, საკუთარი სახელმწიფოებრივი უსაფრთხოება მიჰყიდა (ჩინელი ჯარისკაცები ქვეყანაში ნავთობ მოპოვებით ობიექტებს დაიცავენ), ანუ ამ გზით ირანმა, იმპერიალიზმთან და საკუთარი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის რომანტიკული იდეა საბოლოოდ დაასამარა. კაპიტალისტური ამერიკის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული ირანი წითელი ჩინეთის კლანჭებში მოექცა.
მართალია საბოლოო დასკვნების გაკეთება ჯერ ნაადრევია, თუმცა, რაღაცის თქმა ახლაც შესაძლებელია. სინამდვილეში ირანს, არ ან ვერ სურს აშშ-სთან ომი, თუნდაც ერაყის ტერიტორიაზე. ასე, რომ არ იყოს მათი პასუხი სულეიმანის მკვლელობაზე კარდინალურად სხვაგვარი იქნებოდა. სახალხო გმირის სიკვდილით გამოწვეული მღელვარება მალე ჩაწყნარდება, ხოლო დიდ წილად სანქციებით გამოწვეული სოციალური პრობლემები დარჩება. სწორედ ეს გარემოება, და არა ამერიკასთან ომის საშიშროება შეიძლება გახდეს გარდამტეხი ამ ქვეყნის უახლოეს მომავალში.image
0
106
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0