x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
სწავლება და სწავლების ძირითადი ფუნქციები
image


ადამიანში ცოდნა-ჩვევების აღზრდა სწავლების პროცესში ხორციელდება. ამ პროცესს, რომელიც სკოლაში ძირითადად გაკვეთილის ფორმით მიმდინარეობს, სწავლებას, ან პედაგოგიურ პროცესს უწოდებენ. პედაგოგიური პროცესი აუცილებლად ორ მთავარ ელემენტს-მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გულისხმობს. წარმმართველი როლი ამ პროცესში მასწავლებელს ეკუთვნის. პედაგოგიურ პროცესში, როგორც ერთიანი პროცესის შემადგენელი ნაწილები, ერთდროულად ჩართულია მასწავლებელი და მოსწავლე. ამ ერთიანი მოქმედების გამომხატველი სიტყვაა სწავლება. სწავლების პროცესში მასწავლებელი გადასცემს, ხოლო მოსწავლეები ითვისებენ ცოდნას.

სწავლება ძირითადად ოთხ ერთმანეთთან დაკავშირებულ ფუნქციას ასრულებს: საგანმანათლებლოს, აღმზრდელობითს, შრომითი მომზადების, განმავითარებელს.

სწავლების საგანმანათლებლო ფუნქცია გულისხმობს სწავლების პროცესის წარმართვას იმ მიმართულებით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მოსწავლეთა მიერ იმ მოცულობის ცოდნისა და ჩვევების ღრმად, შეგნებულად და მტკიცედ დაუფლება, რაც აუცილებელია ყოველმხრივ განათლებული ადამიანისათვის; ისინი უნდა ერკვეოდნენ საგნებისა და მოვლენების არსსა და მათი განვითარების მიზეზ-შედეგობრივ კავშირებსა თუ კანონზომიერებებში, შეეძლოთ თეორიული ცოდნის დაკავშირება პრაქტიკასთან.


სწავლების აღმზრდელობითი ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ სწავლებამ უზრუნველყოს მოსწავლეში მორალური, ესთეტიკური და ფიზიკური განვითარება.

სწავლების შრომითი მომზადების ფუნქციის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ სწავლება დაკავშირებულია მწარმოებლურ შრომასთან. უნდა გვახსოვდეს, რომ მოსწავლე არა მარტო ემზადება შრომისთვის, ცხოვრებისათვის, ის უკვე ცხოვრობს და ამ ცხოვრებას თავისი მოთხოვნები, ინტერესი აქვს, რომელთა შორის შრომას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თვით მოსწავლის შინაგანი მოთხოვნილების სახით.

სწავლების განმავითარებელი ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ სწავლება უზრუნველყოფდეს ადამიანში თანდაყოლილი ფიზიკურ-ბიოლოგიური და ფსიქიკური უნარების განვითარებას სასურველი მიმართულებით. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სწავლების პროცესში ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა მეხსიერების, აზროვნების, წარმოსახვის, ემოციის, დამკვირვებლობის, აქტივობის, განსაკუთრებული ნიჭის და სხვა, რომლებიც სწავლების ფსიქო-ფიზიოლოგიურ აუცილებელ საფუძველს და ამავე დროს აღზრდა-განვითარების საგანს შეადგენს. სწავლების განმავითარებელმა მიმართულებამ ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეებში დამოუკიდებელი, სასწავლო-ძიებითი, შრომითი და ორგანიზაციული საქმიანობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების შემუშავებას.

სწავლების პროცესში და მის შედეგად ყალიბდება პიროვნება თავისი მრავალმხრივი თვისებრივი მხარეებით. სწავლება აღზრდის ძირითადი გზაა და მათი ურთიერთისაგან გათიშვა ყოვლად შეუძლებელია. ამგვარად, შეიძლება ზოგადად სწავლება განვსაზღვროთ, როგორც აღზრდისა და განათლების გზა, უფრო ზუსტად, როგორც ცოდნისა და ჩვევების შეთვისების ორგანიზებული, მიზანმიმართული ან შემოქმედებითი ერთიანი პროცესი, სადაც ყალიბდება პიროვნება.

0
397
შეფასება არ არის
ავტორი:როინიშვილი რუსუდანი
როინიშვილი რუსუდანი
397
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0