x
ხვამლის მთა და 1899 წლის ლეჩხუმელი მღვდლის ანტონ გოლეთიანის წერილი

image


"წელს სხვიმინდულად დიდი წვიმები არ ყოფილა ჩვენკენ, არც მიწა გამბალა საკმაოდ, ივნისიდან ვიდრე 27 ივლისამდე არათუ წვიმია ცვარიც არ ყოფილა, ღამე ცა ღრუბლით იხურებოდა და დღე ძლიერი სიცხეები სწვავდა, ბალახი გახმა, წყლები დაშრა, კაცი და საქონელი შეწუხდა. ხალხი შეაწუხა შიმშილის მოლოდინმა. პური მჩუტეთ დამწიფდა, სიმინდი გახმა და აჭრეს. ეკლესიებიდან ხატებს ასვენებდნენ მდინარე წყლებზედ დასაბანად ლიტანიით, მაგრამ არ შეიქნა საშველი. ბოლოს 27 კვირიკობისთვეს სოფელს ოყურეშიდან წაასვენეს ხვამლის მთაზედ ორი დიდი და დიდებული წმინდის გიორგის ხატი. ხატი ძველ დროში დასვენებული ყოფილა ხვამლზედ, სადაც ყოფილა ეკლესია ბერების მოსახლეობა და ხალხი. ხვამლზედ ახლაც ცხადად ჩანს და ატყვია(1899) ძველი ნაეკლესიები ტრაპეზი, შენობის ნანგრევები სულ საპატი ქვებისაგან, გალავანი, ბერების სენაკების ნაშთნი და სხვა. სხვაც ბევრი რამ შესანიშნავია ამ მაღალი მთის წვეროზე. 27 კვირიკობისთვეს, პაპანაქება სიცხეში გავემგზავრეთ ოყურეშის ეკლესიიდან ხვამლისკენ ასიოდე კაცი და ქალი, ხატებს მიასვენებდნენ ოთხ-ოთხი ჯალავრით. გზა იყო აღმართი და მერეთ დაბურვილს მაღალ ტყეებში. ხატები დავასვენეთ ნაეკლესიებზედ, აუნთეთ სანთლები და წამოვიჩოქეთ მათ წინაშე ვედრებით. ეს იყო გულმხურვალე ვედრება მდაბიო ხალხისა, არათუ ყალბი, პირშეფარებული და ფარისევლური, როგორც შეგვიხედავს ზოგიერთი მლოცველებისთვის, რომლებიც სათვალმაჩინოთ აქნევენ ხელებს. ამ მთაზედ ადიან მოცლილი კაცები სათვალსეიროდ. აქედან მოჩანს მთელი კავკასია. ორივე ზღვა მთის მდინარეებით, მთები და ქალაქები სარკესავით ცხადად შესახედავია აქედან; მთის გარშემო მდებარე სოფლებს მხედველი მიმინოსავით მაღლიდან აჩერდება. მე კი ამ შიშმა შემიპყრო და გადახედვა ვერ გავბედე, ისე მიზიდავდა რაღაცა უცნაური ძალა ძირისკენ. აქ, ამ შიშველ მინდორში, არიან სალი კლდეები ძეგლებივით ამართული, იმათ ნაპრალებში, სადღაც ჯურღმულში, მოჩანს თოვლი და ყინული. ერთი სიტყვით, ბევრი რამ საკვირველება ინახება აქ ბუნებისგან. მაგრამ ჩვენი მიზანი სულ სხვა იყო. დაღამებამდის გარდვიხადეთ სამადლობელი პარაკლისი და აი ცხოველი სასწაული! ისმინა უფალმა ვედრება ჩვენი: "რათა უბრძანოს ღრუბელთა ცისათა მოცემად წვიმა..." გაჩნდა ნისლი მთის გარშემო, დაგვიახლოვდა და გარს შემოგვერტყა. ამას მოჰყვა ცივი ქარი, გასქელდა ნისლი და აიწია თანდათან მაღლა. შეიქმნა ქუხილი, ელვა და ბოლოს ნელი წვიმა. ჩვენს სიხარულს და მადლობას წმინდა გიორგისადმი არ ჰქონდა საზღვარი. ახლა კი მივხვდი, რომ ტყუილად არ ჰქონდა დაჟინებული ხალხს წმინდა გიორგის ხატების გასვენება ამ მთაზედ, გამოცდილი გვაქვს, რომ არ გაწბილდება იქ შებრძანებაო. ჩემს დღეში ასე ცხოველი სასწაული არ მინახავს და ახლა კი მჯერა, რომ ცოდვილ დროშიდაც მოხდება სასწაული ლოცვით და ჭეშმარიტი სარწმუნოება-სასოებით. ფბ: დაკარგული სამოთხე, ლექსო ჩარკვიანი

0
282
1-ს მოსწონს
ავტორი:ლექსო ჩარკვიანი
ლექსო ჩარკვიანი
282
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0