x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მოსწავლეთა თვითშეფასება
image

საკუთარი თავის შესახებ წარმოდგენა სხვადასხვა ფაქტორის ზეგავლენით ბავშვს ადრეულ ასაკშივე უჩნდება, თუმცა მისი ჩამოყალიბების პროცესი განსაკუთრებით ინტენსიურად სკოლის ასაკში მიმდინარეობს. სკოლაში სწავლის პერიოდში საკუთარი თავის შესახებ წარმოდგენაზე განსაკუთრებულ ზეგავლენას თანატოლები და მასწავლებლები ახდენენ; ამიტომ მათ მიერ გაკეთებულ კომენტარებს მოსწავლეები, ჩვეულებრივ, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

მოსწავლის თვითშეფასება არსებით გავლენას ახდენს საკუთარი თავის მიმართ რწმენის ჩამოყალიბებაზე და, ხშირ შემთხვევაში, სასწავლო შედეგების გაუმჯობესებაზეც მოქმედებს. მოსწავლის მიერ საკუთარი თავის აღქმა და თვითშეფასება არა მხოლოდ სასკოლო კონტექსტში, არამედ იმ პრობლემების გადაჭრის თვალსაზრისითაც უნდა განვიხილოთ, რომლებიც ბავშვებს ყოველდღიურად შეიძლება შეექმნათ.დაბალ თვითშეფასებას არასასურველი გავლენა აქვს მოსწავლის აკადემიურ მიღწევებზე და, ზოგადად, მის წარმატებაზე ცხოვრებაში. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ მოსწავლეების თვითშეფასების გაუმჯობესების ხელშეწყობა მასწავლებლისა და სკოლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.

არის თუ არა თვითშეფასება დამოკიდებული მოსწავლეების აკადემიურ მიღწევებზე? – კვლევებით დადასტურებულია, რომ თვითშეფასებასა და აკადემიურ მიღწევებს შორის არსებობს მნიშვნელოვანი კავშირი, თუმცა ეს კავშირი ყოველთვის მიზეზ-შედეგობრივი არ არის.ცნობილია, რომ წარუმატებელ მოსწავლეს მის წარმატებულ თანაკლასელთან შედარებით გაცილებით დაბალი თვითშეფასება გააჩნია.


აღსანიშნავია, რომ თვითშეფასებასა და აკადემიურ მიღწევებს შორის კავშირი მოსწავლის ასაკთან ერთად იცვლება. ეს კავშირი ყველაზე სუსტია დაწყებით კლასებში და იზრდება ასაკის მატებასთან ერთად. თუმცა სტუდენტების შემთხვევაში კვლავ იკლებს. დროთა განმავლობაში ეს შეხედულება იცვლება, ვინაიდან მოსწავლეებს უვითარდებათ უნარი, კრიტიკულად შეხედონ საკუთარ თავს, მიიღონ უკუკავშირი და მოახდინონ მისი ინტეგრირება თვითშეფასებაში.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ თვითშეფასების ხარისხი განსხვავებულია გოგონებისა და ბიჭების შემთხვევაში. კვლევები ცხადყოფს, რომ გოგონებს უფრო მაღალი თვითშეფასება აქვთ თანატოლებთან ურთიერთობის კუთხით, ბიჭებს კი გოგონებთან შედარებით გაცილებით მაღალი თვითშეფასება აქვთ ფიზიკური უნარების თვალსაზრისით.დაწყებითი კლასების შემდგომ ეტაპზე ბიჭებს უფრო მაღალი თვითშეფასება უყალიბდებათ მათემატიკაში, ხოლო გოგონებს ჰუმანიტარულ საგნებში.

საინტერესოა ასევე ის ფაქტი, რომ მოსწავლეთა თვითშეფასება ფარდობითია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი თავიანთ აკადემიურ მიღწევებს რაიმე აბსოლუტურ სტანდარტს კი არ ადარებენ, არამედ იმ მოსწავლეებისას, რომლებთანაც ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ სკოლაში.სწორედ ამის მიხედვით უყალიბდებათ მათ თვითშეფასება.

ცნობილია, რომ მოსწავლეების თვითშეფასების გაუმჯობესებამ, შეიძლება, დადებითი გავლენა იქონიოს მათ აკადემიურ მიღწევებზე . არ არის გამორიცხული დაბალი თვითშეფასება ასევე ფსიქოლოგიურ პრობლემებთანაც იყოს დაკავშირებული ; შესაბამისად, თვითშეფასების გაუმჯობესებას ბევრი დადებითი შედეგი მოჰყვება.

სასკოლო გარემოში მოსწავლეების თვითშეფასების გაუმჯობესების სხვადასხვა გზა არსებობს. ძირითადი საშუალებაა თბილი, მეგობრული და ამავდროულად დისციპლინირებული გარემოს შექმნა, სადაც მოსწავლეთა უფლება-მოვალეობები ნათლად იქნება გამიჯნული ერთმანეთისაგან და ყველასთვის მისაღები ქცევის წესები იარსებებს.

თვითშეფასების გაუმჯობესებისათვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოლსწავლის მიმართ არსებობდეს პოზიტიური მოლოდინი. თუ მოსწავლე გრძნობს, რომ მასწავლებელი მისგან ბევრს არაფერს ელის, მისი აკადემიური თვითშეფასება კონკრეტულ საგანში მცირდება, რაც თავის მხრივ, აკადემიური მიღწევების გაუარესებას იწვევს.

საჭიროა, მასწავლებელი ყურადღებით აკონტროლებდეს ყველა გზავნილს, რომელსაც მოსწავლეები მისგან იღებენ. ვერბალური და არავერბალური მინიშნებების საფუძველზე მოსწავლემ, შესაძლოა, დაასკვნას, რომ მასწავლებელი არ არის მისი აზრით დაინტერესებული, არ ენდობა მას, ან არ აფასებს მის მოსაზრებას.მასწავლებლის მხრიდან ადეკვატური შექება, აღიარება და წახალისება მოსწავლეს დადებითი თვითშეფასების ფორმირებაში ეხმარება.

უარყოფითი უკუკავშირი განსაკუთრებით ამახსოვრდება მოსწავლეს, რაც იწვევს საკუთარი თავის მიმართ ნეგატიური წარმოდგენების ფორმირებას. როდესაც მასწავლებელი დიდი ხნის განმავლობაში უარყოფით უკუკავშირს აძლევს მოსწავლეს, ეს მოსწავლეზე მტკივნეულად მოქმედებს .

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს მოსწავლის აკადემიურ თვითშეფასებაზე, არის უდისციპლინო ქცევა. მასწავლებელი მოსწავლის უდისციპლინობას ისე უნდა გაუმკლავდეს, რომ მოსწავლის თვითშეფასებას ზიანი არ მიაყენოს. მასწავლებელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს უდისციპლინო საქციელზე და განმარტოს, თუ რატომ არის ეს საქციელი მიუღებელი.საჭიროა საქციელისა და არა მოსწავლის გაკრიტიკება . მასწავლებელმა თავი უნდა შეიკავოს თანაკლასელების წინაშე მოსწავლის დამცირებისაგან.მოსწავლეებისათვის გარკვეული პასუხისმგებლობის დაკისრება ხელს უწყობს საკუთარ ძალებში დარწმუნებას, რაც ასევე დადებით გავლენას ახდენს თვითშეფასებაზე.

არსებობს მოსწავლის თვითშეფასების გასაუმჯობესებელი რამდენიმე აქტივობა. ერთ-ერთი ასეთი აქტივობაა "მაგიური წრე " . კლასში რომელიმე მოსწავლეს ეძლევა სამკერდე, რომელსაც აწერია "მე კარგი ვარ ", იგი დროებით ტოვებს ოთახს და მისმა თანაკლასელებმა უნდა გაიხსენონ ყველა ის დადებითი თვისება, რომელიც ოთახიდან გასულს გააჩნია. შემდეგ მოსწავლე ბრუნდება საკლასო ოთახში და თანაკლასელები მას ეუბნებიან ყველაფერს, რაც მის შესახებ გაახსენდათ. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა თავიანთი წინადადებები დაიწყონ ფრაზით "მე ვფიქრობ " ან "ჩემი აზრით ", რათა მოსწავლემ აღიქვას, როგორც სხვისი მოსაზრება და არა მტკიცებულება, რომელსაც, შესაძლოა, განსხვავებული მოსაზრება დაუპირისპირო. ბოლოს, მოსწავლეს ეძლევა საშუალება, თავადაც დაასახელოს ერთი რამ, რაც მოსწონს თავის თვისებებში და რითიც ამაყობს.

მოსწავლეების თვითშეფასებაზე დადებითი გავლენის მოსახდენად საუკეთესო საშუალებაა, მოსწავლეს შევუქმნათ რაც შეიძლება დიდი ასპარეზი, მიაღწიოს წარმატებას.





0
180
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ქვათაძე
ნინო ქვათაძე
180
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0