x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
90 - იანელი...
image


ჩემი კორპუსის წინ (ქუჩის მხრიდან, ესე ვეძახით ხოლმე) მთავრობის „ასანთის კოლოფები“ დგას, დღესაც არვიცი, რატომ ქვია ამ სახლებს მთავრობის, მაგრამ ფაქტია, ბედნიერი 90-ანებიდან მახსოვს, ამ უცნაურ კორპუსებს დენი სულ ქონდათ, იმიტომ რომ მთავრობის „ასანთის კოლოფები“ იყვნენ, მეც შორეულ ბაგებისკენ უნდა მემზირა, რომ მივხვედრილიყავი ჩემთანაც მოვიდოდა შუქი თუ ისევ ნავთის სუნით მომიწევდა გაჟღენთვა. ბაგებისკენ, იმიტომ ვიყურებოდი, რომ იქ თუ განათდებოდა, 3 წუთში ჩემთანაც ნათდებოდა ხოლმე. ეზოს მხრიდან ნუცუბიძისკენ ყურებას აზრი არ ქონდა, ისინი სხვა ფლიგელზე „ისხდნენ“, მე - ბედკრულ მე-9 ბლოკზე. მაშინ ყველგან ციოდა და „მილიონერ“ ოჯახებს „დვიჟოკები“ ქონდათ, გლახებს კი წითელი ნავთის ქურა და ჩამოღვენთილი სანთლისგან გაკეთებული ფიგურები. გასაჭირი მაჩვენეო და, როგორია შენ სანთლის შუქზე ჩრდილებს ხატავ კედელზე და ვიღაც „მთავრობისსახლელი“ ბედნიერად უყურებს ტელევიზორს, ვეღარ აიტანეს ეს უსამართლობა წინა კორპუსელებმა და მარტივ გზას მიაგნეს, დენი გადმოჭიმეს, უცნაურად ჟღერს ხომ? იყვნენ კეთილსინდისიერი მაცხოვრებლებიც, ვინც „მთავრობისსახლელს“ დახარჯულს უნაზღაურებდა, თუმცა თუ მოპარვაა მოპარვა იყოსო და უმეტესობა ისე „იჯდა“ სხვის ხაზზე დღესაც არავინ უწყის. ასე გაჩნდა ჩემს სახლშიც ნანატრი ანთებული „ლამპოჩკა“ (დიახ ლამპოჩკა და არა ნათურა) და ლურჯად მოციმციმე ჯულიეტა ვაშაყმაძე. თუმცა ჩემი დენის მოსვლა უფრო მეტად მიხაროდა, არვიცი მაინც უსაფრთხოების შეგრძნება მქონდა ალბათ. თუმცა რა უსაფრთხოებაზეა საუბარი როცა, ეზოს მხრიდან მდგომ თორმეტსართულიანებში, ყოფილი მხედრიონელი ცხოვრობდა და მისი დათრობა და ზედა სართულების დახვრეტა ერთი იყო.. ბზარები ყველა ხუთსართულიანს გვეტყობა დღესაც. ზამთარი მაინც სხვანარი იცოდა 90-ებმა, საბანში გახვეული, ქუდჩამოფხატული და ყველა მეზობელი საჭორაოდ ერთთან შეყუჟული, ბავშვები ექიმობანას ვთამაშობდით, დიდები მკითხავებზე საუბრობდნენ და ყავაში ლაქებს ეძებდნენ, მე როგორც, საქვეყნოდ ცნობილ მშიშარას, ამ დროს ყურებში თითები მქონდა გაჩრილი, ის უცნაური ამბები სულებზე და აჩრდილებზე, რომ არ მომესმინა, რასაც თავდაუზოგავად და ისე დამაჯერებლად ყვებოდნენ, რომ გულად მეზობელ იკასაც კი ჟრუანტელი უვლიდა, არამცთუ მე, რომელსაც სიბნელეში გასვლის დღესაც მეშინია და ამ შიშს სწორედ იმ უცნაურ ქალებს ვაბრალებ, ასე დარწმუნებით რომ მკითხაობდნენ, ბნელში გახვეულ მომავალს. კარტის თამაშიც ალბათ იმ დრომ გადამაყვარა, ლოტოზე და დომინოზე ხომ აღარც ვსაუბრობ... ისე ბავშვობიდან დიდი მოუხერხებელი ვინმე ვიყავი, დენი სად იყო და თუ მოვიდოდა „შტეფსელში“ აუცილებლად თმის სამაგრი უნდა შემერჭო და ამეფეთქებინა, ან რომელი მხატვარი მე ვიყავი და ხატვისას სკამს ისე გავწევდი, რომ უკან მდგარ ნავთქურას ავაყირავებდი, ესე რჩებოდა ამობულგული სახლის ის ნაწილი, სადაც შედევრებს ვქმნიდი. 90-იანელი ბავშვის ბედნიერება კასეტები იყო და ელემენტებზე მომუშავე „პლეერი“ 2 სიმღერის მერე ავტომატურად რომ ჯდებოდა და კბილებით უნდა გეღეჭა. ან ჯინსებზე გეხახუნებინა და „დაგესვენებინა“, რომ მერე კირკოროვის ხმა ისევ გაგეგონა „ნაუშნიკებში“, რომელიც იმხელა იყო რომ, მთელ სახეს გიფარავდა, მაგრამ შენ მაინც ბედნიერი იყავი.

ხო, მიუხედავად ყველაფრისა, მე ბედნიერი ვიყავი, ყოველ საღამოს 7 საათზე ეზოში ჩავდიოდი, ველოსიპედიც მყავდა და არც „ჟმოტი“ ბავშვი ვიყავი სხვებსაც ვსვამდი, შტაბებსაც ვაშენებდი და ეზოს ლეკვებსაც ვუვლიდი. გაძუნძგლული ამოვდიოდი და გაოფლილზე წყალს რომ არ მასმევდნენ ვანაში ვიპარებოდი, ვითომ ხელების დასაბანად და იქიდან ვსვამდი. 20 თეთრად მამალო კამფეტებსაც ვყიდულობდი და კინდერ სურპრიზი ჩემთვის ყველაზე მაგარი სათამაშო იყო.

ალბათ ამიტომ ვარ დღესაც უფრო მეტად ბავშვური და წვრილმანებით ბედნიერი, ვიდრე ის თაობა, რომელიც მუხლებს კომპიუტერში იყვლიფავს, სურათებს აიფონით იღებს და წარმოდგენა არ აქვს რა მაგარი კოდაკები იყო, ეგრევე რომ სურათს ბეჭდავდა. მე ბასტი ბუბუს საღამოებზე დავდიოდი და ალბათ დღესაც ამიტომ ვწერ სანტას წერილებს, ჩემი გმირი გრენდაიზერი იყო და არა ყვითელი ღრუბელი.


ხო, შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ესეა... მე ბედნიერი 90-იანელი ვარ.

1
65
4-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ასანიძე
მარიამ ასანიძე
65
  
2020, 15 იანვარი, 18:58
Love it! ???? ველი სხვასაც ????
0 1 1