x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
მოსწავლეთა სოციალური განვითარება
image

სოციალური განვითარება მოიცავს ადამიანებთან ურთიერთობის, კომუნიკაციის უნარების განვითარებას. სოციალური განვითარება მოსწავლეთა სწავლაზეც ახდენს გავლენას: ბავშვები, რომლებიც პიროვნულად და სოციალურად კარგად არიან განვითარებულნი, უფრო მაღალ აკადემიურ წარმატებას აღწევენ, უფრო მოსწონთ სკოლა და სწავლა.

ბავშვები დიდ დროს ატარებენ სკოლაში, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათ სოციალურ განვითარებაზე. სასკოლო ოთახი მთავარი სოციალური კონტექსტია დაწყებით სკოლაში. მასწავლებელი ავტორიტეტის მქონე პირია, რომელიც ქმნის საკლასო გარემოს, აწესრიგებს სოციალურ კომუნიკაციის წესებს და ჯგუფის მოქმედების ხასიათს. საშუალო და მაღალ კლასებში სკოლის გარემო ფართოვდება და შესაბამისად რთულდება სოციალური კონტექსტი. მოსწავლეების ქმედებასა და სოციალურ განვითარებაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს მასწავლებლების მიერ კლასის მართვის სტილი.

თანატოლებთან ურთიერთობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვისა და მოზარდის პიროვნულ და სოციალურ განვითარებაში. თანატოლებთან ურთიერთობით მოსწავლეებს უვითარდებათ შემდეგი სოციალური უნარ-ჩვევები: მოლაპარაკება, დარწმუნება, თანამშრომლობა, კომპრომისზე წასვლა, ემოციური კონტროლი და კონფლიქტების გადაჭრა. ამავე დროს, თანატოლები ხშირად უწევენ ერთმანეთს სოციალურ და ემოციურ მხარდაჭერას. თანატოლებთან ურთიერთობა მოსწავლეებს სოციალიზაციაში ეხმარება: ზეგავლენას ახდენს მოსწავლეთა ქცევის ფორმირებასა და შეხედულებათა ჩამოყალიბებაზე.


მოსწავლეები, რომლებიც რეგულარულად უწევენ ანგარიშს სხვა ადამიანთა აზრებს და გრძნობებს, უფრო კარგი სოციალური უნარ-ჩვევებით გამოირჩევიან, მეგობრებს უფრო ადვილად იძენენ და უფრო კარგად იცნობენ საკუთარ თავს.

მოსწავლეთა სოციალურ განვითარებაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს სკოლა, თანატოლებთან და მეგობრებთან ურთიერთობა, ოჯახი და მშობლების აღზრდის სტილი. სოციალური განვითარება იცვლება მოსწავლეთა ასაკის მატებასთან ერთად.


0
58
შეფასება არ არის
ავტორი:როინიშვილი რუსუდანი
როინიშვილი რუსუდანი
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0