x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ლაშა გვასალია – პოეზია
image
ოდესმე ისიც უთუოდ წავა,
ის მიკვირს, როგორ გასძლო აქამდე,
არ შველის ამას - უი და ვავა,
არ შეიძლება ისიც არ ჰგავდეს -
იმათ, რომლებმაც გაგცვალეს მზეზე,
შენ, სიტყვის მწედ და ფიქრად ქცეული,
ვინ აგაყენებს? არავინ ზეზე,
ათრიე თავად შენივ სხეული...
ისიც ასრულებს სიყვარულს შენთან,
გჯეროდა ვისიც და გსურდა ხარბად,
და ოდეს წახვალ მძინარე მზესთან -
გასვენებაშიც არ მოვა ალბათ!..

––––––––––––

დუმილო ზამთრის...
ზამთრის სიზმარი ძველ ბილიკებს გადმოეფინა,
მოჰქრის უკუნი სამყაროდან ჩემი იაბო,
მოთენებანი შევისწავლე, სულო, ზეპირად,
ერთხელ ჩურჩულით, ლექსებად რომ ყურში გიამბობ...
მაწვალებს კვლავაც ოცნებების გაუტანლობა,
და სიყვარული მოგონილი, არარსებული,
მზეო, ამ სხივთა მოფენისთვის დიდი მადლობა,
მიცქერის მთვარეც დუმილივით განაზებული!..
მომენატრები, აფოფრილი ლექსის ჭიდილით,
დამჩემებია უსასოო ფიქრი მტანჯველი,
გიფეთქავს გული შეშინებულ ბაღის ჩიტივით,
მეც გადმომედო ტრფობა ესე- ტანჯვის სასჯელით...
ბოლო ფოთლებსაც - წვიმამ, ქარმა გადაუარეს,
ცამ გამაგიჟა, მიდი ახლა და გამამტყუნე,
არ შევხვედრივარ მასზე დიდს და მასზე უარესს,
და გულსაც შენი სიყვარულით ამოვახტუნებ,
ამ საწყისიდან, ყოველივე გახდა სასჯელი,
აქედან ნისლი გაზაფხულებს ესაუბრება,
და სიტყვა მოკლე რომ არ გახდეს ერთდროს მტანჯველი,
შენთან ცხოვრების მოვიპოვო უნდა უფლება-
ჩემო ჰაევ და დუმილო ზამთრის!..

––––––––––––––––––––


თავისუფლებავ...
თავისუფლება არც არსებობს,
უფრო ზუსტად ჩვენთვის, კაცთათვის,
რადგანაც ვეღარ შევაღწიეთ მის ღმერთულ არსში
და ვერ მოვირგეთ ტყავი მისი,
ვერანაირად, ვერასდიდებით.
როგორც ეს შესძლო ტარიელმა.
მოისხა ქალი და მიეახლა საწყისს მყოფობის...

თავისუფლება ვგონებ - ღმერთია,
რადგან მას ძალუძს ერთადერთს მხოლოდ -
იყოს ასეთი..
ქნას ისე, როგორც უნდა, სწადია როგორც...
და აღარ მოკვდეს, არ უნდა რადგან,
და როს ინდომა სიკვდილი ესე, ანუ
ცოდვათა ჩვენთა სიმძიმის მოსხმა,
მოკვდა და აღსგა ისევ უკვდავად,
სურდა და მიტომც...
ჩვენ ეს არ ძალგვიძს, არ შეგვიძლია,
არა ვართ რადგან თავისუფალნი, ანუ
უფალნი თავის,
ვემორჩილებით არსთა გამრიგეს,
მის ნება- სურვილს, მის აზრთა ნათელს.
აბსოლუტური დამორჩილებით!
თავისუფლებავ, ღმერთის გულით მფეთქავო ძალავ,
ნეტა იცოდე, როგორ მინდა შენს არსში ყოფნა,
რომ შენი ძგერის გადმომედოს არითმიები-
ზეით- ქვეითად სიკვდილის და სიცოცხლის კრთომა.
შენს წრფელ ძგერაში მინდა ჩემი ჩავრგო ნათელი...
თავისუფლებავ, თავისუფლებავ, თავისუფლებავ - სულო ღმერთების!

––––––––––––––

ეს სიყვარული
ნუღარ დალევო, მერე ფრენას
იწყებო ცაში,
ღიმილი შენი- მზერით შენით
მემახსოვრება,
სანამდე პირში სული მიდგას,
მტრედების ტაშით
ეს გზა იმზევებს, და მე კიდევ
მთელი ცხოვრება
ვიდარდებ იმას, ვერ მოგწყვიტე
ცა- მზის ტოტიდან,
ვერ მოვიქარე შენი სუნთქვა
სიზმარ- სხეულით,
სურვილი რავქნა, მონატრების
კვლავაც მოდიდდა,
და დავალ ასე ოცნების ცა
ჩამომსხვრეული...
შენ ლამაზი ხარ, წლები რაღას
უზამენ მთვარეს,
შელურჯებია ცას ელვარე
მნათი ფარული,
ვდგავარ და ვარსკვლავთ შევღიღინებ
ასე ცისმარე,
რომ გაზაფხულად ამიყვავდეს
ეს სიყვარული!..

–––––––––––

მე ყველაფერი შენს გამო მიყვარს...
ჩამოდნა ზეცა ღურღულა სიცხით,
ტრიალებს ბუღი, ვით დიდი ცოდვა,
ფიქრებს მზე-ქარი მიქროლავს, ვიცი,
ღამე სიგრილეს მოიტანს ოდნავ...

და გელოდები - გამოჩნდე იქნებ,
ვდგავარ დაღლილი ჟამისფერ ქოხთან,
თუთის ხე მომშრალ ტოტის- ტოტს მიქნევს,
მახსენებს იმას, რაც მაშინ მოხდა...

ვით გამექეცი ახლა ის მიკვირს,
(ეს მოლოდინიც რა რიგად გშვენის),
მე ყველაფერი შენს გამო მიყვარს,
და აქამომდე მოვედი შენით!..

––––––––––––––

უცებ...
უცებ სახელი წამომცდა
შენი და თვალი დავხუჭე,
ქარს დავემალე, ამბავი
რომ არ შეეტყო ჭალისა,
იმ ფერების და კუსკუსის
ცას რომ ლურჯფერი ეფინა,
ჩვენ ვმზეობდით და სამყაროს
ლუარსაბივით ეძინა!..


0
46
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგიმეფარიძე123
გიორგიმეფარიძე123
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0