x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
შევარდნაძის პოლიტიკური კარიერის გადარჩენისათვის, ზვარაკად შეწირული უდანაშაულო მღვდელი
image


გვახსოვდეს ჩვენი უახლოესი ისტორია.
შევარდნაძის პოლიტიკური კარიერის გადარჩენისათვის, ზვარაკად შეწირული უდანაშაულო მღვდელი.

ავტორი: დანიელ სავანელი.


როცა სასულიერო პირი, მღვდელი თეოდორე ჩიხლაძე, რომელიც 1983 წ. 18 ნოემბრის, თვითმფრინავის გამტაცებელთა საქმეზე გაასამართლეს, რომელიც თვითმფრინავშიც კი არ იმყოფებოდა და მას, მანდილოსანის გარდა სხვებთან ერთად, 1984წ. შევარდნაძის უშუალო მითითებით, მაინც დახვრეტა მიუსაჯეს, მაშინ საპატრიარქოს წარმომადგენელმა, ტელევიზიით გამოსვლისას მოიწონა სასამართლოს გადაწყვეტილება. მან გაკიცხა და დაგმო თეოდორე ჩიხლაძის პიროვნება. ამის შემდგომ ცენტრალური არხის ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც მღვდელ ჩიხლაძეს ეხებოდა, პატრიარქმა ილია მეორემ ჟურნალისტს ურცხვად განუცხადა, ასეთი სასულიერო პირი, თანაც მღვდელი თეოდორე ჩიხლაძე, ჩვენს ეკლესიას არ ჰყოლიაო ანუ იგი თვითმარქვია მღვდელიაო. უდანაშაულო მღვდელი თ. ჩიხლაძე, რომელიც დანაშაულის დროს, თვითმფრინავშიც კი არ იმყოფებოდა და მისი ერთადერთი დანაშაული ის იყო, რომ ის მხოლოდ მოძღვარი და ახლობელი ადამიანი იყო, გ. კობახიძისა და ძმები ივერიელებისა. ის მაინც ბოლომდე გაწირეს, რადგანაც კულისებიდან, შევარდნაძის კატეგორიული მოთხოვნა სასამართლოსადმი იყო, მათი დახვრეტა და მათ შორის მღვდელისაც. ეს უნდა ყოფილიყო საჩვენებელი და მაამებლური პროცესი კრემლის წინაშე, თანაც შევარდნაძის მონდომებით კვლავ საბჭოთა იდეოლოგიის პროპაგანდის მიზნით, სამღვდელო პირისათვის ანუ სასულიერო პირისთვის და ზოგადად მღვდელის ინსტიტუტისთვისაც უნდა მოეცხოთ ჩირქი. 1983 წელს თბილისში, მომხდარ თვითმფრინავის გატაცების მცდელობას, საკმაოდ დიდი გამოხმაურება და რეზონანსი ჰქონდა, როგორც საბჭოეთში, ისე უცხოეთში. როგორ შეიძლებოდა, რომ შევარდნაძის მიერ მართულ საბჭოთა საქართველოში, არა კრიმინალური წარსულის მქონე, საკმაოდ განათლებულ კომკავშირელ ახალგაზრდებს, მათ შორის მანდილოსანსაც კი, თანაც პატიოსან და ცნობილ ინტელიგენტთა ოჯახებში აღზრდილებს, ასეთი საკმაოდ სარისკო და თავგანწირული, თანაც ტერორისტული აქტი ჩაედინათ. მხოლოდ იმისათვის, რომ დაეტოვებინათ, მათი გაგებით ტოტალიტარული საბჭოთა ქვეყანა და გაქცეულიყვნენ დასავლეთის თავისუფალ ქვეყანაშიო. ამის გამო, შევარდნაძე კრემლის წინაშე, თავს შერცხვენილად გრძნობდა. რადგანაც ეს ფაქტი, შევარდნაძის პარტიულ იდეოლოგიური მუშაობის სრულ კრახსაც ნიშნავდა. ამის გამო შევარდნაძის კარიერაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა. საჭირო იყო გარეშე დამნაშავის გამოგონება. შევარდნაძემ ასეთ პიროვნებად პარტიული კომუნისტური იდეოლოგიისგან საკმაოდ შორს მდგომი, სასულიერო პირი, მღვდელი თ. ჩიხლაძე შეარჩია და ბანდიტური ჯგუფის ლიდერობაც მასვე დააბრალა. შევარდნაძე ყოველთვის, კრემლისა და საბჭოთა სისტემის ბოლომდე ერთგული და ყურმოჭრილი მონა იყო. საბჭოთა კომუნისტური სისტემის კვლავ ძველებური იდეოლოგიური დიდებისათვის, როგორც მას ყოველთვის სჩვეოდა ხოლმე, ამიტომაც ზედმეტი და მეტის მეტი თავგამოდება გამოიჩინა. შევარდნაძის პოლიტიკური გზავნილი საბჭოთა საზოგადოებისათვის ასეთი იყო, აი სადამდე შეიძლება მიიყვანოს საბჭოთა ახალგაზრდები, რელიგიურმა სიბნელემ და მითუმეტეს არაკეთილსინდისიერმა მოძღვარმაო, რომელმაც ნიჭიერი, განათლებული ახალგაზრდები, შეიძლება დეგრადაციის გზაზეც კი დააყენოსო, საბჭოთა კომუნისტური წყობის მოძულეებად და ბანდიტებადაც კი აქციოსო. ამიტომაც ამ ახალგაზრდების მთავარ ანტისაბჭოთა იდეოლოგად, ბანდიტური ჯგუფის შემქმნელად და ხელმძღვანელად, აგრეთვე ამ ბანდიტური თავდასხმის ორგანიზატორად, რეჟიმისთვის არასასურველი მღვდელი ჩიხლაძე გამოცხადდა. შევარდნაძის გეგმით მღვდელი ჩიხლაძე უნდა ექციათ, პოლიტიკურ საფრთხობელად და საბჭოთა სისტემის იდეურ მოწინააღმდეგედ. ახალგაზრდების მოძღვარი, კრიმინალი მღვდელი, რომელმაც დანაშაულისა და ბანდიტური თავდასხმის ჩადენისაკენ აცდუნა ახალგაზრდები. ასე გადაწყდა მღვდელი ჩიხლაძის ბედი, ამის მერე, იგი საქართველოს სამღვდელოებას, ფიზიკურად შეიძლება ვერც გადაერჩინათ, მაგრამ მაინც უპატრონოდ მიატოვეს, სულიერი და მორალური მხარდაჭერის გარეშე დატოვეს. საბოლოოდ კი იგი, ყველას მიერ და მათ შორის, კომფორმისტი სასულიერო ელიტის მიერ, ასე უმოწყალოდ იქნა განწირული. მორალურ მხარდაჭერაზე, რომ არაფერი ვთქვათ, თავიანთ სულიერ თანამოძმეს სიტყვაც კი ვერ შეაშველეს, რათა მისი სიცოცხლე ამით მაინც გადაერჩინათ. თავის მხრივ კი, ასე ზვარაკად შესწირა ე. შევარდნაძემ უდანაშაულო მღვდელის სიცოცხლე, ამ დროისათვისაც, უკვე საკმაოდ სისხლიან, თავის საბჭოთა პარტიულ კარიერას და კრემლის წინაშე თავისივე იმიჯის გადარჩენას.



მღვდელის დახვრეტის შემდგომ ანუ ამ ვანდალიზმის მერეც, პატრიარქი მთელი ორი ათეული წელი ერთგულად ემსახურებოდა რენეგატ, პირსისხლიან ედუარდ შევარდნაძეს. ქვეყნისა და ხალხის წინაშე, შევარდნაძის მიერ გაცილებით უარესი, უფრო მძიმე არაერთი დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, იგი ყოველთვის აღფრთოვანებული იყო და ხოტბა დიდებას ასხამდა მის პიროვნებას. მაშინაც კი, როცა 1992 წლის 7 მარტს, თბილისის აეროპორტში ჩამოსვლისას, შევარდნაძემ დიდი მადლობა გადაუხადა ქართულ ინტელიგენციას, იმ ინტელიგენციას, რომელმაც ავტომატი აიღო ხელში და იარაღით დაამხო მაშინდელი ხელისუფლება. იმავე დღეს საგაზეთო ინტერვიუში პატრიარქმა შევარდნაძეს საქართველოს გადასარჩენად ჩამოსული, საქართველოს მხსნელი უწოდა. პატრიარქი ყოველთვის კრემლისა და შევარდნაძის პირადი ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდა. მაშინაც კი, როცა პუტჩისტების საკოორდინაციო ორგანოს პრეზიდიუმში იკავებდა ხოლმე, საპატიო ადგილს. მაშინაც კი, როცა პუტჩის შემდგომაც კი, მშვიდობიანი დემოსტრანტების დამხვრეტავი, პუტჩის ძალოვანი ორგანიზატორებისა და პირსისხლიანი ჯალათების გვერდით, ჯდებოდა ხოლმე, სხვადასხვა თავყრილობებზე. მაშინაც კი, როცა ჯერ კიდევ 1990 წლის ბოლოს, იარაღით მოჟღარუნე ჯ. იოსელიანს, ოპერის ბაღში საპროტესტოდ გაშლილ კარავში, პირადად ეახლა და დახმარება დაჰპირდა. მაშინაც კი, როცა რამოდენიმე თვის შემდეგ, უკვე 1991 წელს საპატიმროში მჯდომ მოშიმშილე ჯ. იოსელიანს აგრეთვე პირადად ესტუმრა და პირადად უთხრა: "თქვენ ჯერ კიდევ ბევრი საქმე გაქვთ გასაკეთებელიო!" და მაშინაც მხარდაჭერა აღუთქვა. 1998 წელს კი, ე. შევარდნაძის დაბადების დღეზე, პატრიარქმა ხოტბა დიდებით შეამკო საქართველოს დამაქცევარი ე, შევარდნაძე. ამ ყველაფრის აპოგეა კი იყო 2001 წელი, როცა ჯ იოსელიანის დაბადების დღის იუბილეზე მარჯანიშვილის თეატრში, პატრიარქი საგანგებოდ პირადად მიბრძანდა, იუბილარს ხოტბა დიდება შეასხა და პირსისხლიანი ჯალათი ჯ.იოსელიანი, საქართველოზე მოამაგე პატრიოტად და დიდ ეროვნულ მოღვაწედ წარმოუდგინა საზოგადოებას.


იხილეთ საბჭოთა რეჟიმის მიერ უდანაშაულოდ დახვრეტილი სასულიერო პირის მღვდელ თეოდორე ჩიხლაძის უკანასკნელი სიტყვა სასამართლოს სხდომაზე:
"უფალო, მომეცი ძალა, ვილაპარაკო სიმართლე... სიტყვითა შენითა და არა სიტყვითა ჩემითა და თუ ღირსი ვარ, დამიცავი...უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ მე, როგორც მსჯავრდადებული, აქ არ უნდა ვიყო, არც ერთ ქვეყანაში უდანაშაულო ადამიანს არ სჯიან, მით უფრო _ არ ხვრეტენ. თქვენ იცით, რომ მე ღვთისმსახური ვარ და სწორედ ამის გამო მასამართლებთ... ვიცი, რომ აქ დამსწრე საზოგადოების 80%-ს ვეზიზღები, როგორც მღვდელი, და ჩემს ჩვენებას სიგიჟედ მიიჩნევს... მე არაფერს ვთხოულობ, თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ... სასამართლო ბრალად ბანდის ხელმძღვანელობას მდებს... დიახ, მე ვიყავი ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელსაც თეოლოგიას ვასწავლიდი, მაგრამ ბანდის ორგანიზატორი არასოდეს ვყოფილვარ... აქ მყოფ ბრალდადებულებთან მქონდა მხოლოდ სარწმუნოებრივი კავშირი, ისეთი, როგორიც ერთ მორწმუნეს მეორის მიმართ აქვს.მე კარგად ვიცნობ ამ ახალგაზრდებს, თითოეული მათგანი ნიჭიერი და ღრმად განათლებულია. თავადაც დამიდასტურებენ, რომ ყოველთვის ჭეშმარიტებისა და პატიოსნებისკენ მოვუწოდებდი მათ...ხალხო! გულებში ჩაიხედეთ, თქვენსავე გულებში მაინც თქვით, რომ ისეთი არაფერი ჩამიდენია, დახვრეტის მუხლი დავიმსახურო. მე სახარებით ვცდილობდი მორწმუნეთა და ურწმუნოთა შემოერთებას... თავს დამნაშავედ არაფერში ვცნობ... თუ თქვენ სიცოცხლეს შემინარჩუნებთ, სახლში მაქვს ერთი ძველი ქართული რუკა, სადაც აღნიშნულია საქართველოს ყველა ტაძარი და მონასტერი... სადაც ხელს დამიდებთ, მთლად გადაკარგულ მთებშიც რომ იყოს, წავალ და იქ განვლევ ჩემს გატანჯულ ცხოვრებას... და თუ მაინც მომკლავთ და ამ ხალხს ჩემი სიკვდილით რამე ეშველება, მზად ვარ, სიამოვნებით მივიღო თქვენი განაჩენი...ოთხ კაცს რატომ ხვრეტთ, მე დამხვრიტეთ, მე არაფერში გამოგადგებით, ამათ კი სიცოცხლე შეუნარჩუნეთ. ამათ მაინც გამოიყენებთ... ეს კია, რომ ჩვენი საქმე დიდად გახმაურდა და ასე ადვილად ჩემი მოკვლა კარგს არაფერს მოგიტანთ..."
(ეს სიტყვა მამა თეოდორეს დედამ ჩაიწერა და ამ სიტყვის მხოლოდ ნაწილის ჩაწერა მოასწრო, ამის გამო, იგი დარბაზიდან გამოაძევეს....).


ავტორი: დანიელ სავანელი.


0
222
შეფასება არ არის
ავტორი:დანიელ სავანელი
დანიელ სავანელი
222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0