x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პოემა "დავით აღმაშენებელი" - ნაწილი IV

პოემა "დავით აღმაშენებელი" - ნაწილი IV

.

.

დრო დავითამდე

.

მეფე ბაგრატ და სულთანი ალ-არსლან

.

.

გაბრუნებულმა ალფ-არსლანმა დაგეშა მგელი,

აბულ-ასვარი ანისელი მონაა მისი,

კაცი მდიდარი, მეომარი, გონებით გველი,

იმის ხელშია უმდიდრესი კარი ანისის.

გამოემართა ჯარებით და მოადგა საზღვარს,

გადაარბია ნაშენები, საზღვრის სოფლები,

ტყვე გაიმრავლა, უკვე მადას ვეღარა საზღვრავს,

გურჯების მიწას გაადინა სისხლის ოფლები.

ამხედრდა, ბაგრატ, სულთანს მისცა პასუხი მწარე,

ბარდავს ილაშქრა, მოურბია იქ არე-მარე,

წამოიყვანა, წამოასხა ტყვე და ჯოგები,

მისივე რისხვის, გულის ჯავრის დამაოკები.

კახეთს ეკვეთა, კახთა მეფე შედენა ციხეს,

შემოულაგა ლოდსარტყორცნი, ცეცხლი და სიცხე,

მაგრამ აცნობეს საგანგაშო ამბავი ცუდი

- სულთანი მოდის ჰერეთში დგას კაცით და ქუდით!

ქართლში მობრუნდა, გაამაგრა ციხე და ქავი,

- ომი მოგველის, გაიმაგრეთ გული და მკლავი!

კახეთის მეფე, აღსართანი წაუწვა სულთანს,

მაჰმადის რჯულით ინათლება, მისითვე სულს რთავს.

მონად გამოჰყვა, მიუთითა ქართლისკენ გზები,

ააკაფინა ვენახი და ტაძრების ბზები,

შემოუერთდათ თბილისელი ამირ-ჯაფარი,

კვირიკე მეფე, ძორაკერტის სომეხთ მთავარი.

ქართლში მოვარდა, მოიხვეტა სელჩუკ-თათარი,

უკან მომყოლი, მოღალატეთ დიდი ლაშქარი,

დაწვეს ტაძრები, გორაკებად დახოცეს ხალხი,

გადაუძარცვეს სენაკი და სავაჭრო დახლი.

ყველგან ომია, იბუგება ცეცხლში ქვეყანა,

ალს მისცემია ვენახი და თავთავი-ყანა,

ერთზე ოცია მომხდური და ბასრი თურქმანი,

მეფე ომშია, არ აკლია ცდა და გუმანი,

გადაბუგული, გაძარცული ქართლი დააგდო,

ლიხთიმერეთში გაამაგრა მიუვალები,

ტაძრებში მღვდელმა იქადაგა, მრევლს გადაადო

- ხალხი დახიზნეთ, აიფარეთ კლდე და სალები.

სვერის ციხესთან სისხლიანი გაჩაღდა ომი,

მისი აღწერა სასტიკია, მძიმე და მწარე,

ბაგრატმა იქაც ისახელა გვარი და ტომი,

ხოცა სელჩუკი, გამოავსო ის არე-მარე,

მაგრამ რა დალევს ოკეანეს, რა პირმა შესვას,

არსლანმა იწყო იმერეთში სიკვდილის თესვა,

ხალხს შეუვარდნენ სელჩუკები სახიზარებში,

ბევრიც კერაზე გაამწარეს, მოკლეს კარებში.

უფალმა გულით გადმოხედა მაშინ ქართველებს,

თოვლი მოვიდა, ვაშლისხელას აფრქვევს ფანტელებს,

თურქს გაუჭირდა, გამოექცა ლიხის მახეებს,

თოვლი მძვინვარებს, ყინვა თოშავს შიშველ სახეებს.

გადმოეხეტა, გადმობობღდა ლიხზე თურქმანი,

გათოშილია, ვეღარაა ფერად მსუქანი,

გურჯებისაგან დაჩეხილი მოჰყვება ტანი,

შემოეძარცვა, შემოერღვა ომებში კანი.

წიგნი მისწერა ალფ-არსლანმა ბაგრატს იმერეთს

- ჩვენთა მახვილთა არაერთხელ უკვე იმღერეს,

შენ თვალით ხედავ სელჩუკური ვეშაპის ძალას,

ეს ჯერ რა არის, ჩემს მხედრობას აზია მალავს,

მიხადე ხარკი, ყოველწლიურს დაიდებ მხრებზე,

ყველა საწყაო-სანოვაგეს, ხარზე, ურემზე,

არ გადაიხდი - ისევ მოვალ ურდოთი ათით,

ვეღარ გიშველის ბასრი ხმალი, ჯვარი და ხატი...

ბაგრატმა მოკლედ შეუთვალა უარი ცივი,

მოკლედ ჩაწყვიტა ხარკზე ფიქრის ძაფი და მძივი,

სულთანმა ჯავრი სულ სხვა ფერად ასე იყარა,

განძის ამირა ფადლონია, ის შეიყარა,

მკვიდრად გადასცა რუსთავი და სხვა ქალაქები,

ბაგრატს მოსისხლე გაუჩინა, ომში ნაქები,

თვითონ წავიდა, მოემზადა და მანასკერტთან

ბიზანტიელებს სამარცხვინო მარცხი აგემა.

ხელში ჩაიგდო რომანოზი იმპერატორი

ქედზე დაადო სელჩუკური მაგარი ტორი,

ანტიოქია და ედესა ზავით აართვა,

ხარკიც დაადო, საგანძურიც ბევრი წაართვა.

ქართვლის სამხრეთით, ციხეებში თურქმანი ჩადგა,

ხორნაბუჯში და არადეთში გავაზნ-აგარებს,

მტკვარზე თურქობა შემოვიდა, ჯოგებით დადგა,

მიწათმოქმედი ამოხოცეს, არ გაახარეს.

ათასსამოცდათორმეტ წელში ბაგრატი ცხონდა,

სულ მცირე ხანში, შეთქმულებმა არსლანიც მოკლეს,

სულთანს ბაგრატის აღსასრულის ცნობა არ ჰქონდა,

ბაგრატმაც არა იცოდა, რომ დღე დაუმოკლეს.

ტახტზე ავიდა, მეფედ დაჯდა რბილი გიორგი,

ომში მხედარი, ნადირობის მგელი გიორგი,

წინ იყო სისხლი ვაება და მწარე დროები,

"დიდი თურქობის" ღრიალებდნენ კარს ურდოები...

.

მეოთხე ნაწილის დასასრული.

გაგრძელება იქნება...


ავტორი: გურამ ქართველიშვილი


იხილეთ: პოემის I ნაწილი; II ნაწილი; III ნაწილი;


.


კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწ. II)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწ. II)

12. ქართული მითოლოგია

ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
111
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0