x
image
ნათია ჩხაიძე
ირანი: უკრაინული ავიალაინერი აეროპორტში დაბრუნებას ცდილობდა
image


"უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" კუთვნილი ლაინერი, რომელმაც ავიაკატასტროფა განიცადა 7 იანვრის დილას, ცდილობდა აეროპორტში დაბრუნებას, აცხადებს ირანის ავიაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო (CAOI).


თვითფრინავმა, რომელიც PS752 რეისს ასრულებდა თეირანი-კიევის მიმართულებით, აფრენიდან რამდენიმე წუთში ავიაკატასტროფა განიცადა. ბორტზე სულ 176 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ. ყველა მათგანი დაიღუპა.


"თვითმფრინავი, რომელიც ჯერ დასავლეთით გაფრინდა, რომ აეროპორტის ზონა დაეტოვებინა, მოულოდნელად მარჯვნივ მიტრიალდა და კატასტროფის მომენტში ცდილობდა ისევ უკან, აეროპორტში დაბრუნებას."- განაცხადა CAOI-ის ხელმძღვანელმა ირანულ მედიასთან საუბარში.



CAOI–ში თვლიან, რომ ბორტზე კატასტროფამდე ხანძარი გაჩნდა. თვითმხილველების განცხადებით, ჩამოვარდნის მომენტში ლაინერს ცეცხლი ეკიდა. რა შეიძლება ყოფილიყო ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ჯერ გარკვეული არაა.


"პილოტს დისპეჩერისთვის ბორტზე არაშტატურ სიტუაციაზე არ შეუტყობინებია"- ასევე დაამატა მედიასთან საუბრისას სააგენტოს ხელმძღვანელმა.


ირანი განაგრძობს თვითმფრინავზე არსებული თვითჩამწერი შავი ყუთების კვლევას. ირანში უკვე ჩაფრინდნენ უკრაინელი სპეციალისტებიც, რათა გამოძიებაში მიიღონ მონაწილეობა.


ამჟამად უკვე გამოკვლეული მასალები გადაეცათ როგორც უკრაინის, ასევე ამერიკის, როგორც თვითმფრინავის მწარმოებლის მხარეს, ასევე მასალები გადაგზავნილია შვედეთსა და კანადაში, რადგან მგზავრებს შორის ამ ორი ქვეყნის მოქალაქეებიც იყვნენ.


უკრაინის პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა ძირითადი მიზეზი, რომელსაც კომისია განიხილავს: "თვითმფრინავი ჩამოვარდა საზენიტო რაკეტა "ტორით", ვინაიდან ინტერნეტში უკვე გამოჩნდა ინფორმაცია თვითმფრინავის კატასტროფის მახლობლად აღმოჩენილი რუსული რაკეტის ნამსხვრევების შესახებ". ასევე განიხილება თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობაც.


image


თავდაპირველი ვერსიით, რომელიც ირანის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრმა კასიმ ნიზამ განაცხადა, ძრავის მოულოდნელი გაჩერება იყო. კანადის სპეცჯგუფების წარმომადგენლები ძრავის გადახურებაზეც საუბრობენ.


საქმე იმაშია, რომ Boeing 737-800-ის ტიპის თვითმფრინავებს ფრენის გაგრძელება გაჩერებული ძრავითაც შეუძლიათ. ექსპერტ ტონი ქეიბლის განცხადებით, თუ თვითმფრინავს ერთი ძრავი გადაუხურდებოდა, თვითმფრინავს თავისუფლად შეეძლო ფრენა გაეგრძელებინა, თუ დაზიანებული ძრავისკენ საწვავის მიწოდების შეწყვეტის პროცედურა განხორციელებული იქნებოდა.


ზელენსკი : " ეს ჰაიპის თემა არაა"


უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ 9 იანვარი ავიაკატასტროფაში დაღუპულთა სამგლოვიარო დღედ გამოაცხადა.


"პრეზიდენტმა გადაწყვიტა დროშები დაეშვათ ყველა სახელმწიფო ორგანოს შენობაზე "- ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.


ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, რომელიც ფეისბუქით გაავრცელა, მწუხარება გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის "ბორისპოლის" აეროპორტში დაღუპულთა მოსახსენიებელი მემორიალი ყვავილებით შეამკო.


გლოვა გამოცხადდა ასევე კანადაშიც. დაღუპულთა შორის 62 კანადელი იმყოფებოდა. პრემიერ– მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ პირობა დადო, რომ ბოლომდე გამოიძიებს კანადის ხელისუფლება კატასტროფის გამომწვევ მიზეზებს.


ვინ გამოიკვლევს თვითჩამწერს?


თავდაპირველი თეირანის პოზიციით, ისინი არ აპირებდნენ თვითჩამწერების კომპანია Boeing-ისთვის ან ამერიკის მხარისთვის გადაცემას.


" მასალებს გამოვიკვლევთ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ორგანიზაციებით, მაგრამ უფლებას ვაძლევთ უკრაინის და მწარმოებლის წარმომადგენლებს მონაწილეობა მიიღონ გამოძიებაში"- განაცხადა CAOI-ს ხელმძღვანელმა.


ვლადიმერ ზელენსკი თავის განცხადებაში კი ამბობს, რომ გამოძიებას წარმართავს 45 ადამიანისგან შემდგარი უკრანელი სპეციალისტების ჯგუფი. უკანასკნელი ინფორმაციით ისინი უკვე ჩავიდნენ ირანში და უკვე გადაადგილდებიან თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას.


კატასტროფა ოთხშაბათს გამთენიისას მოხდა, გარდაცვლილია შვიდი ქვეყნის მოქალაქეები, აქედან 82 ირანელი იყო, 63 კანადელი, 11 უკრაინელი მთელი ეკიპაჟის ჩათვლით, შვედეთის 10 მოქალაქე, 4- ავღანელი, 3- ბრიტანელი და 3- გერმანელი. სულ 167 მგზავრი და ეკიპაჟი დაიღუპა.

0
279
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
279