x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
საშინაო დავალება
image

საშინაო დავალება სწავლების პროცესის ერთ-ერთი ყველაზე არსებითი, მაგრამ ხშირად საკამათო ნაწილია. საშინაო დავალება მოსწავლეებს შორის პოპულარობით ნაკლებად სარგებლობს, რასაც ხშირად მასწავლებლები და მშობლებიც ეთანხმებიან.მიუხედავად არაერთგვაროვანი დამოკიდებულებისა, საშინაო დავალება სასკოლო ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს.

არის თუ არა საშინაო დავალება შედეგიანი? – ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან უარყოფითი პასუხი არ არსებობს. თუმცა, კვლევებით დადასტურებულია, რომ მოსწავლეები, რომლებიც ასრულებდნენ საშინაო დავალებას, გაცილებით წარმატებულნი იყვნენ, ვიდრე ის მოსწავლეები, რომლებიც არ ასრულებდნენ დავალებას.

საშინაო დავალების ფორმა დამოკიდებულია იმ მიზნებზე, რომელთა მიღწევაც მასწავლებელს სურს. თუმცა, საშინაო დავალების ძირითადი მიზანი მაინც სწავლის პროცესის ხელშეწყობაა.


საშინაო დავალება კლასგარეშე სამუშაოა, რომელიც საკლასო სამუშაოს გაგრძელებას წარმოადგენს. მას, შესაძლოა, ჰქონდეს ინდივიდუალური ხასიათი, ან იყოს საერთო მთელი კლასისთვის .

მკვლევრები გამოყოფენ საშინაო დავალების სამ ძირითად სახეს:

1) პრაქტიკული დავალება – რომლის მიზანია, ახლად შეძენილი უნარებისა და ცოდნის გამყარება.

2)მოსამზადებელი დავალება – რომლის მიზანია, კონკრეტული თემისათვის ინფორმაციული ფონის მომზადება.

3) მასალის გაღრმავების დავალება – ათვისებულ მასალაზე პრაქტიკული მუშაობა და მოსწავლეთა წახალისება, რათა მათ დამატებით იმუშაონ განვლილ მასალაზე, გაეცნონ ლიტერატურას და გაიფართოვონ თვალსაწიერი კონკრეტული საკითხის ირგვლივ.

საშინაო დავალება, სწავლა-სწავლების სხვა კომპონენტების მსგავსად, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით ხასიათდება, რომელთა ცოდნა და პრაქტიკაში გათვალისწინება მასწავლებელს დაეხმარება, საშინაო დავალება უფრო მოქნილად გამოიყენოს სასწავლო პროცესში .

საშინაო დავალება ხელს უწყობს ცოდნის გაღრმავებას, უკეთესად გააზრებას, კრიტიკული აზროვნებისა და ინფორმაციის გადამუშავების უნარის განვითარებას, სწავლის ჩვევების დახვეწას, სკოლისა და სწავლის პროცესის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.გარდა ამისა, საშინაო დავალება მოსწავლეს ასწავლის საკუთარი თავის მართვასა და დისციპლინის შემუშავებას, უვითარებს დამოუკიდებლად სწავლისა და პრობლემების გადაჭრის უნარებს, აჩვევს დროის უკეთესად განაწილებასა და ინფორმაციის მიღების სურვილს უღვივებს.

უარყოფით მხარეებში ხშირად მოიაზრებენ მობეზრებას, როდესაც მოსწავლე იღლება სწავლისაგან და საშინაო დავალებების შესრულებისაგან, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ინტერესისა და მოტივაციის კლება. დიდი მოცულობით საშინაო დავალების მიცემამ მოსწავლეს შეიძლება არ დაუტოვოს დრო კლასგარეშე აქტივობებისათვის, ხელი შეუწყოს მოსწავლეებს შორის დავალებების გადაწერასა და კარნახს.ყოველივე ამან კი თავის მხრივ, სავარაუდოა, მოსწავლეები უარყოფითად განაწყოს სწავლისა და ზოგადად სკოლის მიმართ.

საშინაო დავალება ეფექტიანი რომ იყოს, იგი რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპს უნდა აკმაყოფილებდეს. პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ საშინაო დავალება არ უნდა იყოს გამოყენებული, როგორც სასჯელი.აუცილებელია, რომ საშინაო დავალება გასწორდეს, რაც შეიძლება სწრაფად და ზედმიწევნით.ასევე, საშინაო დავალების ეფექტურობისთვის, აუცილებელია, მისი ინტეგრირება იმ მასალასთან, რომელსაც მოსწავლეები კლასში ეუფლებიან.

საშინაო დავალება უფრო საინტერესო იქნება, თუ მოსწავლეთა მიერ კლასში ნასწავლ მასალას ყოველდღიურ ცხოვრებასთან დავაკავშირებთ . მაგალითად, საათის ცნობის სწავლებისას მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს სატელევიზიო გადაცემათა პროგრამა.

მოსწავლეების ასაკის მატებასთან ერთად უნდა გაიზარდოს დრო, რომელსაც ისინი საშინაო დავალებაზე მუშაობას უთმობენ. დაწყებითი კლასების მოსწავლეთა შემთხვევაში საშინაო დავალებაზე დახარჯული დრო არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს, მაშინ, როდესაც დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები საშინაო დავალებაზე, სასურველია, ხარჯავდნენ 90 წუთს.

საშინაო დავალება ერთ-ერთი მთავარი გზაა, რომლის მეშვეობით მშობლები აკვირდებიან საკუთარი შვილების სწავლის პროცესსა და წინსვლას, იგებენ, რა ხდება სკოლაში და რა თემებს სწავლობენ მათი შვილები. მშობლებმა ბავშვებს უნდა შეუქმნან მშვიდი გარემო საშინაო დავალებაზე სამუშაოდ. სასურველია, მასწავლებლებმა რეგულარულად მიაწოდონ მშობლებს ინფორმაცია, თუ რას ეხება საშინაო დავალება და რას მოელიან ისინი მოსწავლეებისგან. ზოგჯერ მშობლებმა შეიძლება ვერ მოახერხონ ბავშვების მშვიდი გარემოთი უზრუნველყოფა. ასეთ შემთხვევებში ხელსაყრელი გამოსავალია საშინაო დავალების შესასრულებლად განკუთვნილი წრეები, სადაც მასწავლებლებს შეეძლებათ, რომ საჭიროების შემთხვევაში დახმარება გაუწიონ ბავშვებს.





0
292
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ქვათაძე
ნინო ქვათაძე
292
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0