x
image
მაია 24
როგორ ეთავსება ქალწული ზოდიაქოს სხვა ნიშნებს - ეს ყველა ქალწულმა უნდა გაითვალისწინოს
image


ვერძი და ქალწული


თქვენი ერთად ყოფნა პარადოქსია, წესით საერთოდ არ უნდა მოგწონდეთ ერთმანეთი, მაგრამ თუკი მოგეწონათ, ალბათ ვერ ხვდებით რატომ. ეს აუხსნელი სიყვარული იქნება. ვერძი ძალიან უდარდელი ტიპაჟია და ძალიან დარწმუნებული თავის თავში, მაშინ როცა ქალწული მუდამ უკმაყოფილოა საკუთარი თავით და სულ რაღაცის გამო იტანჯება. ვერძი დეტალებს ყურადღებას არ აქცევს, ქალწული მეწვრილმანეა, ვერძი იმპულსებით მოქმედებს, ქალწულს კიდევ ყველაფრის გასაანალიზებლად დრო სჭირდება და რაციონალური მოქმედებებისკენ მოუწოდებს მას. მოკლედ, კონფლიქტისთვის ძალიან ბევრი მიზეზი აქვთ და თუ ერთმანეთი გიყვართ, ერთმანეთის გაგებას, ერთმანეთისგან რაღაცეების სწავლას უნდა შეეცადოთ და კინკლაობაზე რომ ხარჯავთ ენერგიას, რამე უფრო ნაყოფიერზე დახარჯოთ. არსებობს რაღაცეები, რასაც ორივე აფასებთ და ორივე ფლობთ, ეს არის პატიოსნება და გულწრფელობა, თუმცა კრიტიკის მოსმენა არცერთს გსიამოვნებთ. ისწავლეთ შენიშვნების მიღება და გათვალისწინება. თუმცა ეს უფრო ვერძს ეხება, რადგან თავიანთი ბუნებიდან გამომდინარე – ქალწული უფრო ხშირად იჩაგრება. როგორც წესი იგი უფრო მეტს გასცემს და ვიღებთ ბოსის (ვერძი) და ხელქვეითის (ქალწული) ურთიერთობის ტიპს. ვერძებო, ცოტა აზრზე მოდით და დაფასება ისწავლეთ!


კურო და ქალწული



ა, ეგრე როგორც პური და ყველი ძალიან კარგი წყვილია, ძალიან თავდადებული და ერთმანეთის მხარში მდგომი. ორივე პრაქტიკულია, მშრომელი, მიწიერი, რეალური მიზნებით და ამ მიზნების მიღწევის თანმიმდევრულად მიღწევის პოტენციალიც აქვთ. ქალწულს მოსწონს ძლიერი და მშვიდი კურო, კურო კი ძალიან აფასებს ქალწულის გამჭრიახობას, ენამახვილობას და ყურადღებას. მათ ერთნაირი ღირებულებები აქვთ. ერთი ეს არის, რომ რაღაც ეტაპზე ქალწული შეიძლება ცოტათი დაღალოს კუროსნაირმა შენელებულმა კადრმა, კუროს კი ყელში ამოუვიდეს ქალწულის მუდმივი კრიტიკა. თუმცა თუკი სინასტრიაში ვნებების ნაპერწკალი ანთია და თუკი კომპრომისს მოახერხებენ, ამ წყვილს ვერაფერი დააშორებს, რადგან ძალიან დააბალანსებს ერთმანეთს ეს ორი ცხოვრებით მუდმივად უკმაყოფილო და მუდმივად კმაყოფილი არსება.


ტყუპები და ქალწული


წარმოიდგინეთ მკაცრი, სათვალიანი მასწავლებელი, რომელიც გაკვეთილისთვის მოსამზადებლად ღამეს ათენებს და მაინც ფრთხილი ნაბიჯით შედის კლასში, რადგან ფიქრობს, რომ საკმარისად მაინც არ ესმის და ხვდება ახალი, ახტაჯანა მოსწავლე, რომელიც არასოდეს უსმენს, არასოდეს სწავლობს, არაფერი იცის და მაინც ყველა კითხვაზე აქვს პასუხი, მაინც ყველაფერი იცის. ტყუპები ქალწულს ნერვებს უშლის და მაინც თავს აყვარებს. ისინი ხშირად კამათობენ, რაც ტყუპებისთვის კომუნიკაციის ერთერთი სახეა უბრალოდ, ქალწულს კი წყენა ცოტა უფრო დიდხანს მიჰყვება. საერთო ის აქვთ, რომ ორივე მერკურიანელია, ორივე უფრო მეტად რაციონალურია, ვიდრე ემოციური, უფრო მეტს ფიქრობენ, ვიდრე გრძნობენ და უფრო მეტს ლაპარაკობენ, ვიდრე ერთმანეთს ეფერებიან, თუმცა ქალწული ცოტა უფრო პრაქტიკული, დიდური და თანმიმდევრულია და ბევრ ნაკლს პოულობს ტყუპებში, რომელსაც ეს ფაქტი დიდად არ ადარდებს. მართალია, პიროვნულ დონეზე ძალიან გაუგებრები არიან ერთმანეთისთვის, სიყვარულის გამოხატვის ფორმებშიც ძალიან აცდენილები არიან, დროთა განმავლობაში ერთს მეორისადმი ნდობა ეკარგება და მეორეს კი პირველის “მიწიერობა” ცოტა ბეზრდება, მაგრამ სწორედ აქტიური კომუნიკაციის წყალობით, რაღაცნაირად ახერხებენ ერთად ყოფნას.


კირჩხიბი და ქალწული


რა საინტერესოა, სად მიაგენით ერთმანეთს და რატომ გადაწყვიტეთ ერთად ყოფილიყავით.. ეს ალბათ პირად რუკაში რამე სხვა საინტერესო ასპექტების დამსახურება იქნება, თორემ კირჩხიბს და ქალწულს თითქმის არაფერი აქვთ საერთო. ქალწული ძალიან რაციონალური, პრაქტიკული ადამიანია, რომელსაც საკუთარი სქემის მიხედვით აქვს დალაგებული და მოწესრიგებული ცხოვრება და კირჩხიბისნაირ უსისტემო ადამიანებთან სულაც არ სურს ცხოვრების დაკავშირება, თუმცა კირჩხიბშიც არის რაღაც, რამაც შეიძლება მისი გული გაალღვოს. მათ ბევრი საერთოც აქვთ - ორივეს მოსწონს საყვარელ ადამიანზე ზრუნვა, ორივეს კარგი იუმორი აქვს და რაც მთვარია ორივე ძალიან პრაქტიკული არსებაა. მათ ოჯახში შეიძლება თვითმკვლელობის სურვილი გაგიჩნდეთ, მაგრამ გარანტიას გაძლევთ ვერაფრით მოახერხებთ, რადგან მუდამ მობილიზებული სამაშველო სამსახური და უახლესი მედიკამენტებით აღჭურვილი სასწრაფო დახმარება ოჯახშივე გეყოლებათ.


ლომი და ქალწული


სინასტრიაში თუ ყველაფერი წესრიგშია, ეს წყვილი მშვენივრად გაუგებს ერთმანეთს. მეფე და მისი ხელქვეითი. ლომი მოწოდების სიმაღლეზე დგას, ქალწულს მისი სიყვარულის უფლებას აძლევს და ერთგულად მსახურებასაც უფასებს, თუმცა დროთა განმავლობაში აღმოაჩენს რომ თურმე ქალწულის მოთმინებასაც აქვს საზღვარი და თურმე ისეთ რაღაცეებს ხედავს, რასაც თავად გამადიდებელ სარკეშიც კი ვერ დაინახავდა. ქალწული ქვეშევრდომობას ყაბულს არის, თუმცა ლომურ პატივმოყვარეობას კომლიმენტებით ნაკლებად ედება სალბუნად. იგი უფრო იმ ქვეშევრდომს წააგავს ყოველთვის მწარე სიმართლეს რომ ეუბნებიან პირში ბოსს. ეს ბოსური ბუნებისთვის არც ისე სასიამოვნოა, თუმცა ნამდვილად სასარგებლო და თუკი ლომი მოახერხებს საკუთარ თავზე ცოტა უფრო მაღლა დადგეს და ქალწულიც ცოტა უფრო მეტ ტაქტს შეიძენს, მიხვდებიან როგორ გაუმართლათ ერთმანეთი რომ აირჩიეს ცხოვრების თანამგზავრად.


ქალწული და ქალწული


გუდმენი წერდა - ქალწულების ურთიერთობას შექსპირის არ იყოს მარტივად შეიძლება ვუწოდოთ “აურზაური არაფრის გამო”-ო. სახლში ყოველთვის ფუჭდება რაღაც და აუცილებლად არის ამაში ვინმე დამნაშავე: ვინ გააფუჭა? ვინ დაკარგა? ვინ გატეხა? ვის დაავიწყდა? – აი, მარადიული კამათის თემა ამ ოჯახში. ისინი ერთმანეთს გვანან. ცხოვრების ერთნაირი რიტმი აქვთ, ერთნაირი ინტერესები. პედანტები ყველაფერს ზუსტად აკეთებენ სხვა ნიშნებს რომ ჰკითხოთ, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ქალწულები სხვა ნიშნებზე მეტს ხედავენ და თუმცა ძალიან ილტვიან სრულყოფილებისკენ, სამწუხაროდ, ისინიც უშვებენ შეცდომებს. გარდა ამისა, საკუთარ შეცდომებს პირველები ხედავენ და ამაზე სხვისგან მითითებს კატეგორიულად ვერ იტანენ. მოკლედ, ორი კრიტიკოსი, რომელიც საკუთარი მისამართით კრიტიკას ვერ იტანს, სხვას კი არაფერს შეარჩენს.


მათი ბედნიერება მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოახერხებენ საკუთარი ნაკლოვანებების ერთმანეთში დანახვას და კომპრომისს. თუმცა კიდევ უფრო მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხდება მათ პირად რუკებსა და სინასტრიაში.


სასწორი და ქალწული


არსებობს ერთი ასეთი გამონათქვამი: არსებობს ადამიანების ორი კატეგორია – ზოგს ის სწყინს, რომ ვარდს ეკლები აქვს, ზოგს კი უხარია ამ ეკლებში რომ ვარდი ხარობსო. ეს ორი კატეგორია ქალწული და სასწორია. სასწორი სილამაზის ექსპერტია, იგი მუდამ ყვავილებს და პეპლებს დასდევს, მაშინ როცა ქალწული ნაკლოვანებების აღმოჩენითაა დაკავებული.


ცა და მიწა! საერთო ის აქვთ, რომ ორივე ენაწყლიანი და საუბარი უყვარს, გარდა ამისა, მკვეთრად გამოხატული ეგოცენტრიზმი არცერთს ახასიათებს, უფრო მეტად პარტნიორზე ზრუნავს, ვიდრე საკუთარ თავზე. მშვიდები და გაწონასწორებულები არიან. თავდაპირველად ყველაფერი კარგად არის, მაგრამ დროთა განმავლობაში, აღმოჩნდება რომ პარტნიორზე ზრუნვა მათ სულ სხვადასხვაგვარად ესმის. ქალწული აღმოაჩენს რომ ის გაცილებით უფრო მეტს აკეთებს სასწორისთვის, ვიდრე პირიქით, რისი უხმოდ ჩაყლაპვაც დიდხანს არ შეუძლია. სასწორს პატიება არ უჭირს, შეუძლია ადამიანების მდგომარეობაში შესვლა, მაგრამ ორივეს მოუწევს რაღაც-რაღაცეების დათმობა, რომ ეს წყვილი შედგეს. კარგი იქნებოდა თუ ქალწული სასწორისგან დიპლომატიას ისწავლიდა, სასწორი კი ქალწულისგან უფრო მეტ შრომისმოყვარეობასა და ნებისყოფის სიძლიერეს.


მორიელი და ქალწული


- ძვირფასო, რატომ უყურებ ამ კულინარიულ გადაცემას, მაინც არ გამოგდის წესიერი საჭმლის კეთება.

- შენც უყურებ ხოლმე პორნოგრაფიას, მაგრამ საწოლში ხომ რას ამბობ, ბრდღვნი ყველაფერს

… ჰო, ასეთი ანეგდოტია. სავარაუდოდ ქალწული მორიელის წყვილზე. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ რომელიმე ან ცუდი კულინარია, ან საწოლში აქვს პრობლემები… უბრალოდ ორივე მათგანი უფრო მეტად ნაკლს ხედავს, ვიდრე ღირსებას. განსხვავება ისაა, რომ მორიელი მანამ არ იმჩნევს რომ ხედავს, სანამ კუდზე ფეხს არ დაადგამენ. ქალწული კი კუდზე ხშირად ადგამს ფეხს.


ქალწულს სურს ყველაფერი გაანალიზოს და თავის ჭკუაზე დაალაგოს, მორიელი კი ამის უფლებას არავის მისცემს. ქალწულებო, გაფრთხილებთ – მორიელი არ იწვრთნება. ქალწულმა შეიძლება ივარაუდოს, რომ მორიელს, მაგალითად, მოწევისთვის თავს დაანებებინებს, მაგრამ ძალიან შეცდება, თუკი ამ რჩევას მისცემს მორიელი დაანახებს, რომ მას ბევრი ისეთი მავნე ჩვევა აქვს (თუნდაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით), რაც მის ზოდიაქოს ნიშანთა შორის ყველაზე მახვილ თვალს და გონებასაც კი გამოეპარა. მორიელი დოსტოევსკივითაა, მძიმე და თუ თავში მოგხვდა, ცოტა ხანს დაბრუებული ივლი.


თუკი ერთმანეთის გადაკეთებას არ შეეცდებიან და თუკი მიიღებენ ერთმანეთს ისეთს, როგორებიც არიან, ეს წყვილი საკმაოდ მტკიცე წყვილი იქნება. ისინი გვანან ერთმანეთს: ორივეს ანალიტიკური გონება აქვს, ესმით ერთმანეთის ენა და უკეთესობისკენ ილტვის. იუმორიც ჰყოფნით, რომ სიტყვებით ერთმანეთის კენწვლა აიტანონ და თუ არ შეტოპავენ ამ კინკლაობაში, შესანიშნავ ოჯახს შექმნიან.


მშვილდოსანი და ქალწული


ერთგული მეოჯახე ქალწული და აულაგმავი, თავისუფლებისმოყვარე კენტავრი. დეტალების დედა/მამა და მსოფლიო მასშტაბების მოაზროვნე. საშინელი პესიმისტი და გამოუსწორებელი ოპტიმისტი. მორცხვი და თავაშვებული. ყურადღებიანი და დაბნეული. ქალწული მშვილდოსნის თანაშემწის როლშია, მუდამ უკან დასდევს და ხან რას ახსენებს ხან რას. კრიტიკაზე კი გულწრფელ ხარხარს და უტაქტო გაშარჟებას იღებს პასუხად, რომელზეც სახე ეღრიცება. ამდენი სილაღე მას არ ჰყოფნის.


ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან და სწორედ ამიტომ იდეალურად შეუძლიათ შეავსონ ერთმანეთის ნაკლოვანებები. ჰო, ქალწულსაც აქვს ნაკლოვანებები, მას ისრები არ აქვს, რომელსაც შორ მანძილზე გასტყროცნის, სამაგიეროდ იცის როგორ უნდა ისროლოს მშვილდოსანმა, რომ მიზანს გაარტყას და ბრმად არ ხარჯოს.


თუკი მოახერხებენ ერთმანეთის და საკუთარ ნაკლოვანებებში კარგად გარკვევას და ამ ნაკლოვანებების გამო გაღიზიანების ნაცვლად მათ გათვალისწინებასა და გამოსწორებაზე იფიქრებენ, დიდ სამსახურს გაუწევენ ერთმანეთს და კაცობრიობასაც. მათ ერთმანეთი ძალიან სჭირდებათ.


თხის რქა და ქალწული


საოცარი წყვილია – გეგონება ერთმანეთის პულსზე უდევთ ხელი და ისე მოქმედებენო. მათ ერთნაირი მიზნები აქვთ – სურთ ყველაფერი ზუსტად აკეთონ, იყვნენ სხვებისთვის მისაბაძი მაგალითი, პატივს სცემდნენ და ჰქონდეთ წინსვლა ცხოვრებაში. ფულის და დროის ყადრიც ორივემ იცის. დროთა განმავლობაში უკვე ერთმანეთთან შეთანხმებაც აღარ დასჭირდებათ ისე გაანაწილებენ რესურსებს, ფუნქციებს და ფინანსურ შემოსავალს და თანაც ორივე კმაყოფილი იქნება ერთმანეთითი.


თუკი ეს წყვილი შედგა და მათ პირად რუკებში ყველაფერი თავდაყირა არ დგას, ერთმანეთს ვერაფერი დააცილებთ. ისინი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ოჯახს და ვალდებულებებს. ისინი საღად და პრაქტიკულად აზროვნებენ. ყველა მათ ყოფას შეჰნატრის, თავად კი საღამოს ალბათ რამე კარგ ფილმს ჩაუსხდებიან და პერსონაჟების სიბრიყვეს გააკრიტიკებენ.


თხის რქა გიჟდება ქალწულის მოწესრიგებულობასა და, მოსწონს მისი თავშეკავებულობა, თავდაჭერილობა, ერთადერთი ბევრი ლაპარაკი აღიზიანებს, ქალწულიც აფასებს თხის რქის შრომისმოყვარეობას, პასუხისმგებლობის გრძნობას, ერთგულებას და თავდადებას, ერთადერთი მისი პირქუშობა აფრთხობს, თუმცა რადგან თავადაც უამრავი კომპლექსის ბუდეა, კარგად ესმის რომ თხის რქის უჟმური ხასიათის მიღმა ტკივილი და ტანჯვა იმალება. სწორედ ამიტომ ამ სასტიკი სამყაროს რუტინულ ყოფაში ერთმანეთში ძლიერ დასაყრდენსა და იმ სულიერ სიმშვიდეს პოულობენ.


მერწყული და ქალწული


ერთი წამით ძალიან მომინდა თქვენთან სტუმრობა და თქვენი დიალოგის მოსმენა, ალბათ მე ბევრს ვიხალისებდი, მაგრამ ეჭვი მეპარება რომ თქვენც. ქალწული ყოველ შემთხვევაში. ესეც ის შემთხვევაა, როცა ორი სრულიად განსხვავებული ინდივიდი ხვდება ერთმანეთს, რომელთაც თავიანთი ხასიათებიდან გამომდინარე ერთმანეთის ნაკლოვანებების შევსება ძალიან მაგრად შეუძლიათ. მერწყულს იდეები აქვს, ოღონდაც ორგანიზებულობა და თანმიმდევრობა არ ჰყოფნის ამ იდეების განსახორციელებლად, რაც ქალწულს საკმარისზე მეტი აქვს, ქალწული კი იმდენადაა ჩაციკლული თავის ყოველდღიურობაზე და წვრილმანებზე უფრო დიდი საქმეების კეთებისთვის დრო აღარ რჩება, ქალწულს დეტალებში ხშირად ავიწყდება მთავარი, რაც მერწყულს არასოდეს დაემართება.


მოკლედ, მათაც სჭირდებათ ერთმანეთი, მაგრამ ვერ ვიტყოდი რომ თანაცხოვრებას ეს საჭიროება ეყოფათ. არც ერთმანეთის აზრის გათვალისწინება, დაფასება, პატივისცემა და მსგავსი ბანალური რამეები… ამ ურთიერთობას მხოლოდ სიყვარული თუ გადაარჩენს. სხვა შემთხვევაში ვერც მერწყული აპატიებს ქალწულს “ერთფეროვნებას” და ვერც ქალწული მიუტევებს მას არაპროგნოზირებადობასა და “გამოხდომებს”, თუმცა თუ მათ შორის სიყვარულის სიმები გაიბა, როგორც ერთი დიდი ფსიქოთერაპევტი იტყოდა, თუკი რეაქცია შედგა - ორივე ტრანსფორმირდება.


თევზები და ქალწული


კიდევ ერთი ოპოზიციური წყვილი - პარტნიორები, რომლებიც ან ძალიან გიჟებიან ერთმანეთზე, ან საერთოდ დანახვაც არ სურთ ერთმანეთის. ეს არის ერთი მედლის ორი მხარე - ორივე სრულყოფილებისკენ ისწრაფვის და ორივეს ტანჯავს ამ სამყაროს ნაკლოვანებები, მაგრამ ერთს ფიზიკური მეორეს კი სულიერი თვალსაზრისით. ქალწული შესანიშნავად ერკვევა ყოფიერებაში, უძღვება საოჯახო საქმეებს და ზრუნავს იმაზე რომ შიმშილით არ დაიხოცონ, მაშინ როცა პურის მოსატანად ჩაგზავნილ თევზებს ქუჩაში ნაპოვნი კნუტები ამოჰყავს რძით და რძეზე დაკლებული ფულის ნისიით. ქალწულსაც უყვარს შინაური ცხოველები, მაგრამ ზუსტად იცის ეს კნუტები მისი მოსავლელი იქნება და ამ როლს უნდა შეეგუოს, სხვანაირად არაფერი გამოვა, სამაგიეროდ ემოციური საკვების დანაკლისი არასოდეს ექნება.


ქალწულისთვის იდეალური სამყარო ისეთია, სადაც ყველაფერს თავად მიუჩენს ადგილს, სადაც ყველაფერი წესრიგშია, თევზისთვის კი წესრიგი ქაოსია, ისედაც ყველაფერი თავის ადგილზე დევს, სადაც უნდა იდოს. ახლა წარმოიდგინეთ რომ ეს სამყარო სახლია, ან ცხოვრება და მერე წარმოიდგინეთ მათი თანაცხოვრება. თუმცა თევზებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბუტიები არიან, ნებისმიერი წყენის პატიება შეუძლიათ, აი, ქალწულებს კი ერთგულება და სიყვარულისთვის თავდადება სჩვევიათ. მათ ინტუიციურად იციან, რომ ძალიან საჭირონი არიან ერთმანეთისთვის, რომ ერთმანეთის გარეშე არაფერი ეშველებათ, რომ მიუხედავად მათი დიდი მცდელობისა, ყველაფერი არასოდეს იქნება ზუსტად ისე, როგორც მათ უნდათ და ამიტომ ერთმანეთი ზუსტად ისეთები უნდა აიტანონ, როგორებიც არიან, როგორც უყვართ.


დოჩი გოგო



ასევე ნახეთ:


როგორ ეწყობით ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვახასიათებთ ვერძს


როგორ ეთავსება კირჩხიბი ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვისთან ქმნის ის ჰარმონიულ წყვილს და ვის უნდა ერიდოს


რომელი ზოდიაქოს ნიშანი რაშია მაგარი

როგორი ბოსები არიან ზოდიაქოს ნიშნები (+ სახალისო GIF-ები)


როგორი დედამთილები არიან ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით


ზოდიაქოს ნიშნები მეტროში - სასაცილო GIF-ები


ზოდიაქოს ნიშნის გოგოები სიბერეში - სასაცილო GIF-ები


როგორ გამოიყურებიან ნაწყენი ზოდიაქოს ნიშნები - GIF-ები


როგორ ეთავსება ლომი ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვინ არის მისი იდეალური პარტნიორი და რა უნდა გაითვალისწინოს მან


შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები
0
2072
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
2072
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0