x
image
თორ ნიკე
Mediator image
სვანური მითოლოგია
სვანური მითოლოგია


სვანური მითოლოგია არის ქართული მითოლოგიის თავისებური შემადგენელი ნაწილი, საინტერესო და საყურადღებო თავისი სიძველით, კოლორიტით, ანგარიშგასაწევი შინაარსებითა და ნიუანსებით, რომელნიც საქართველოს მთიანეთში უფრო ხელშეუხებლად შემორჩენილა. ძირითადად ესაა თქმულება-გადმოცემები, საკულტო და ყოფითი სიმღერა-ბალადები, წარმართული სიუჟეტები, რომელთაც მითური სახე შეუნარჩუნებიათ, თუმცა ბევრია გვიანდელი გადაკეთება-ჩამატებანი (თოფი, წმინდა გიორგი, ლამარია-ღვთისმშობელი და სხვ.). ძველი ბერძნები და ლათინთა ტომები იმ სახით აღარ არიან და მათი მითები შეურყვნელი, პირველქმნილი დარჩა. დღემდე ცოცხალი ხალხების მითებმა კი, ყველგან განიცადეს ქრისტიანიზაციაც და თანამედროვე რეალიების შერევაც. ასე მოხდა სვანეთშიც.


სვანური მითოლოგია


სვანური მითოლოგიური სახეების წამოდგენების კავშირი ბერძნულ სამყაროსთან უდავოა (ამირან-პრომეთე, გეა-გიმ, ხარის კულტი, ნიმფები...). ეს შეხვედრები იმ დროის კონტაქტების კვალია, როცა ბერძნებს კოლონიები ჰქონდათ შავი ზღვის სანაპიროზე, არგონავტებმა ილაშქრეს, ვანის კულტურა იფურჩქნებოდა. სვანთა, სოანთა სამეფოს ძლიერებაზე მეტყველებენ ბერძენი სწავლულები: "კავკასიის მაღალი მთები უკავიათ და ყველა მეზობელ ხალხებს განაგებენ, ჰყავთ მეფე და 300 წევრისგან შემდგარი საბჭო, შეუძლიათ გამოიყვანონ 200 ათასი კაცისაგან შემდგარი ჯარი" (სტრაბონი). შავიზღვისპირეთის ტოპონიმიკა სვანეთშიც შემორჩა. ცხუმი (სოხუმი) - სოფ. ცხუმარი. სვანური სიმღერა "ქრისტეს ზღვამდე დაველოცოთ" იმდროინდელ ვითარებას გამოხატავს, როცა სვანები ზღვისპირეთამდე ცხოვრობდნენ აფხაზეთში. ცხადია, ხალხთა კონტაქტები მითებშიც აისახებოდა. ცნობილია მიწის ღვთაება (ორმოში, ლაგამ), "მეზირი", იფნის ხის სიმბოლიკა (შეხვედრა შუმერულ და სკანდინავიურ მითოლოგიასთან), შდ. გუდანის ჯვარი, სვანური "ღერთაღ" (ღმერთები) - წარმართული მითოლოგიის ნაშთია.



სვანური მითოლოგია


სვანურ მითოლოგიურ სამყაროში ბოლომდე მტკიცედ შემორჩა უხსოვარი წარსულის რელიგიური კულტის სიტყვიერი და ნივთიერი ძეგლები, ადათის, რიტუალის რეალიები, კერძოდ საქმისაის ფალოსური ატრიბუტები, ქვის და კირქვის სიმბოლური გამოსახულებანი, ლითონის ნივთები. ასეთ სიმბოლოებს ინდურ რელიგიებში ეწოდებათ ლინგა, იონი ლინგამები (შივას ტაძარში, ნ. შაქტი, ტანტრა). სვანეთში მტკიცედაა შემორჩენილი უსხის (ვისხვის), სამსხვერპლო ხარის კულტი. საუფლო ხარი, ჩვეულებრივ, თეთრი უნდა ყოფილიყო. სვანთა მითოლოგიურ სამყაროს უმთავრესად სარიტუალო ცერემონიებით, მატერიალური კულტურის ძეგლებით, სიმღერა-ბალადების სახით ვიცნობთ, მაგრამ არის პროზაული ტექსტებიც, ჩაწერილი სხვადასხვა დროს ბ. ნიჟარაძის, ა. შანიძის, ვ. თოფურიას, ს. მაკალათიას, ვ. ბარდაველიძის, მ. გუჯეჯიანის, მ. ქალდანის, ა. დავითიანის, ს. გულედანის, მ. ჩართოლანის, შ. ჩართოლანის, უ. ცინდელიანის და სხვათა მიერ.


სვანური მითოლოგია


ბუნების მკაცრი პირობები, ცად აზიდული მთების რომანტიკა მდიდარ ნიადაგს ქმნიდა პოეტური წარმოდგენების გასაშლელად და სიმღერის მოყვარული, ნიჭიერი, ენერგიული, მძლავრი ტომი ქმნიდა ლექსებს, სიმღერებს, რომელთაც სამწუხაროდ ჩაწერა გვიან ეღირსათ. ამიტომ ბევრი რამ დავიწყებას მიეცა, მაგრამ რაც დარჩა, ისიც საკმაოდ მდიდრულად ავსებს ქართული მითოლოგიის საგანძურს, რომლის ძირების ძიებასაც ძველ შუმერში, საბერძნეთში, ხეთების სამეფოში მივყავართ. მაგალითად სამიწათმოქმედო-საკულტო სიმღერა "გა" აშკარად მოწმობს კავშირს ძველბერძნულ ქალღმერთ გას, გეას უძველეს კულტთან, რაც სხვაგან არსად არაა შემორჩენილი. ასეთი მაგალითი ურიცხვია. თვით ეროვნულ ქართულ მითოლოგიურ სახეებს (განსაკუთრებით დალისა და დევს) სვანურ ფოლკლორში თავისებური სახე აქვთ. იხ. მზე, მთვარე, ამირანი, ბეთქილი, დევი, დალი, მაქცია, მესკაცხი, მეზირი, ბემღუ, ჩხუდანი, ამბრი, საქმისაი, ბარბალე, ხარი, ხეცი, უფლიშერობა, თავბექილა, მაცილი, ლილე, ჰალ და სხვ.


წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.


სვანური მითოლოგია



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი II)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. პარანორმალი

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწილი II)

11. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
333
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
333
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0