x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
"ამ კითხვით მხოლოდ შენ მოგმართავ, ძმაო: ვით საძირავს ვისვრი შენს სულში, რათა გავიგო შენის სიღრმე

image

ამ კითხვით მხოლოდ შენ მოგმართავ, ძმაო: ვით საძირავს ვისვრი შენს სულში, რათა გავიგო შენის სიღრმე.

ახალგაზრდა ხარ და ოცნებობ ქორწინებისა და შვილისათვის, გეკითხები: განა შენ ისეთი ადამიანი ხარ, რომელს უ ფ ლ ე ბ ა ა ქ ვ ს ისურვოს თავისთვის შვილი?

გამარჯვებული ხარ, თვითმთრგუნავი, გრძნობის მბრძანებელი, უფალი შენი სიქველეთა? ამას გეკითხები. თუ შენი სურვილით ცხოველი მეტყველებს და მოთხოვნილება? თუ მარტოობა? თუ თვითკმაყოფა?

მსურს რათა შენი გამარჯვება და შენი თავისუფლება ოცნებობდეს შვილისათვის. გმართებს ცოცხალი ძეგლი აუგო შენს გამარჯვებას და თავისუფლებას.

ჯერ არს, შენს ზე აშენებდე. ხოლო ჯერ თვით შენ უნდა აშენდე სწორწახნაგად ხორცით და სულით. არა მხოლოდ გან-გან იზრდებოდე, არამედ მაღლით! ამად მწე იყოს შენთვის ბაღი ქორწინებისა. ქმნიდე მაღალს სხეულს, პირველს ძვრას, თვითძრავ ბორბალს -მმქმედს ჰქმნიდე.

ქორწინება: ამას ვუწოდებ ორთა სურვილს ერთის ქმნისათვის, რომელი მეტია, ვიდრე მისი მქმნელნი. ურთიერთდამი პატივისცემას, ვით მატარებელთადმი ამა ნებისა, ვუწოდებ მე ქორწინებას.

ესე იყოს აზრი და სიმართლე შენის ქორწინებისა. ხოლო მას, რომელს ბევრეულთა-ბევრეულნი ქორწინებას უწოდებენ - ეს ზედმეტნი, -ჰეი, რა უწოდო? ჰეი, იგი სიღატაკე სულისა ორეულად! ჰეი, იგი სიბინძურე სულისა
ორეულად! ჰეი, იგი უბადრუკი კმაყოფა ორეულად!
ყოველს ამას ქორწინებას უწოდებენ; და ამბობენ მათი ქორწინება ცაში იყო ქმნილი.

მაშ, აღარა მსურს იგი, ზედმეტთა ცა! არა ვსაჭიროებ მათ, ციურ ბადეში გაბმულ ცხოველთა! შორს იყოს ჩემგან თვით ღმერთიც, მის დასალოცავად რომ მოცანცალებს, რაც არ შეუერთებია!

ნუ დასცინით ამ ქორწინებათ! რომელი შვილი იყოს უსაბაბო მშობლებისათვის ტირილისა? ღირსეულად მეჩვენება მამაკაცი იგი და მოწეულად მიწის აზრისათვის: ხოლო ოდეს მისი ცოლი ვნახე, შეშლილთა სადგომად მომეჩვენა ქვეყანა.

დიახ, ვისურვე, რათა დედამიწა რყეულიყო ძრწუნვით, ოდეს წმინდანი შეუღლდება ბატთან. ეს მიიმართებოდა, ვით გმირი ჭეშმარიტებათა დათურგნად და ბოლოს შეიძინა მცირე მოკაზმული სიცრუე. ამას თვით ქორწინებას უწოდებს.

მეორე მიუკარებელი იყო და ძნელად მომწონი. ხოლო ერთხელ სამუდამოდ წაახდინა თვისი საზოგადოება: ამას თვით ქორწინებას უწოდებს.

მესამე ეძიებს მსახურს ანგელოსის სიქველით. ხოლო ერთხელ დედაკაცის მსახურად გარდაიქმნა, აკლია ღა, რათა ანგელოსად იქმნეს.

ფრთხილნი არიან აწ ყოველნი მყიდველნი და ყველას ეშმაკი თვალები აქვთ. ხოლო ცოლს თვით უეშმაკესი ტომარაში ჰყიდულობს.

მრავალი ხანმოკლე სისულელე - ამას უწოდებს სიყვარულს. და მრავალ ხანმოკლე სისულელეთ თქვენი ქორწინება აბოლოებს, ვით ხანგრძლივი სისულელე.

თქვენი სიყვარული დედაკაცისა და დედაკაცის სიყვარული
მამაკაცისა: ჰეი, ნეტავი იგი თანაგრძნობა იყოს ტანჯული და ფარულ ღმერთებისადმი! ხოლო უფრო ხშირად ორი ცხოველი ერთმანეთს ამოიცნობს.

თქვენ თქვენი საუკეთესო სიყვარული მხოლოდ აღტაცების
სიმბოლოა და მტკივნეული მხურვალება. ჩირაღდანია იგი, რომელი მაღალ გზებს უნდა გინათებდეთ.

გმართებთ ოდესმე თქვენს ზე გიყვარდეთ! მაშ ისწავლეთ ჯერ სიყვარული. ამად გმართებთ შესმა თქვენი სიყვარულის მწარე სასმისისა. საუკეთესო სიყვარულის სასმისშიც სიმწარეა: ესე იწვევს იგი შენს სევდას ზეკაცისათვის, ესე მოგაწყურებს შენ, მმქმედო!
წყურვილი მმქმედისა, ისარი და ნატვრა ზეკაცისათვის: სთქვი, ძმაო, ესეა ნება შენი ქორწინებისათვის?
წმიდაა ჩემთვის ესეთი ნება და ესეთი ქორწინება."
image


1
113
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
113
  
2020, 3 იანვარი, 15:18
მაგარია!!! ვისაც ძალუძს დაფიქრდეს...
0 1 1