x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
მტრედი, როგორც ჯვრის ნიშანი

image

ქართულ მითოლოგიაში უმნიშვნელოვანესი, სიმბოლური როლი უკავია კვრივის აღმოჩენას, რომელიც მნიშველოვან ინფორმაციას იძლევა ჩვენი კულტურის შესახებ. მისი აღმოჩენა ადამიანის ნებაზე არ არის დამოკიდებული. ხარი, ყორანი და მტრედი არიან ის არსებები, რომლებსაც ეკისრებათ ეს რთული მისია, ისინი აგნებენ იმ ადგილს სადაც ხალხმა ეკლესია უნდა ააგოს ან ხატი დაასვენოს.
ერთ-ერთი უყველაზე საინტერესო და მრავლისმომცველი ნიშანია მტრედი, როგორც ჯვარის ნიშანი.


პირველ რიგში აუცილებელია გ. შარაშიძის აღნიშვნა ამ საკითხის შესახებ, იგი ამბობს: "ღვთისშვილის «მფრინავი» სახით გამოცხადება თავისთავად წარმოადგენს ღვთიური არსის ადამიანისათვის აღქმად მანიფესტაციას. ამგვარი ასპექტით იმოსება ხატი მხოლოდ იმიტომ, რომ დაამყაროს ურთიერთობა ადამიანურ სამყაროსთან ან ჩაერიოს სააქაო მოვლენებში".
"მფრინავი ჯვრები" სწორედ იმ დროს ჩნდება, როდესაც საყმო იქმნება და მათი დასახლების ადგილი და პირობები გარკვეული ხდება. იგი გამომხატველია ადამიანის არამდგრადი ყოფის, რომელიც მუდამ მოძრაობაშია და ხშირად იცვლის ადგილებს, მანამ სანამ საბოლოოდ საარსო ადგილს არ იპოვის. სწორედ "მფრინავი ჯვრის" ხეტიალი და დაუმდგრომლობა შეესატყვისება ქმნადობაში მყოფ სამყოს გაურკვეველ მდგომარეობას.

image

საყმო დაარსებულად ითვლება სწორედ მაშინ, როდესაც იგი შეწყვეტს "ხეტიალს" და დამკვიდრდება საბოლოო კვრივში.
საინტერესოა, რომ "მფრინაობით" ჯვარი თავის მოუხელთებელ ბუნებას ავლენს, გ. შარაშიძის მიხედვით ჯვარი ტრანსცენდენტური სინამდვილისგან უნდა მოფრინდეს, რათა გამოეცხადოს ადამიანს, მაგრამ ამ გამოცხადებაში ნაკლები სიცხადე და მეტი ბუნდოვანებაა.
აღსანიშნავია, რომ ჯვრის ყოველი გამოცხადება კოსმოგონიური ხასიათისაა, მისი ხატი ადამიანისთვის აღქმად საგნად ისახება და თითქოს ქაოსში იბადება, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ჯვრის საბოლოო გამოხატულება არც ერთი საგანი შეიძლება იყოს, რადგან იგი ვერ მიიღებს ობიქტურ სამყაროში არსებულ საგანთა სახეს ერთხელ და სამუდამოდ სამუდამოდ გამყარებულად.
სწორედ ამ მოვლენის გამოსახატავად საყმოს შეგნებაში გამომუშავებულია მეტაფორული სახე "ნისლის კოტორი". მისი გამოჩენა ჯვარჩენის ნიშანია, ის იბადება მტრედის ან ჯვრის ნიშნით.


"გუდანის ჯვარი როცა ხელზე მოუდიოდა, მაშინ თოთია შორიდანვე ნახავდა ნისლის კოტორს მომავალს. მერე გუდანის ჯვარი ხელზე მოუვიდოდა. ნისლის კოტორი ნიშნავს იმას, რომ როცა გუდანის ჯვარი მოდიოდა, ნისლივით კორიანტელი მოჰყვებოდა. ამ დროს თოთიაც მოემზადებოდა, ხელზე გადაიფენდა სამკადრეოს... და გუდანის ჯვარი მტრედის სახით ზედ დააჯდებოდა".
მხოლოდ მკადრემ იცის, თუ რა სახით არის მის სამკადროზე დამჯდარი ღვთისშვილი- მტრედის, ჯვრისა თუ ხატის სახით.
პეტრე იბერის ცხოვრებაში მოთხრობილია ეპიზოდი, სადაც წერია, რომ როდესაც ყმაწვილობისას ბიზანტიის იმპერატორის სასახლეში იზრდებოდა, მას პატიოსანი ჯვრის ნაწილი შეეძინა იერუსალიმიდან მოსული ბერებისგან, რომელსაც ოქროს ჭურჭელში ინახავდა. კვირა დღეს, დიდ დღესასწაულებზე ამოიღებდა, ილოცებდა და ისევ უკან აბრუნებდა. ერთხელ ერთ ყმაწვილს უთხრა, რომ მასაც ელოცა და მთხვეოდა ჯვარს, მაგრამ ჯვარი მტრედად გადაიქცა, ხელიდან დაუსხლტა პატრონს და გაუჩინარდა.



მართალია "მფრინავი ჯვრის" ნახვა ადამიანს შეუძლია, მაგრამ მისი მხილველი ჩვეულებრივი ადამიანი ნამდვილად არ არის, იგი მხოლოდ მას ეცხადება, ვისაც ღვთისშვილი ამოარჩევს. ისინი რჩეულები არიან და როცა ადმიანს ჯვარი თავს ახილვინებს, ამ ხილვით გამოწვეული განცდა სამუდამოდ წარუშლელად რჩება ადამიანის გონებაში, აქედან მოყოლებული ის სულ სხვა ადამიანია. ანდრეზი რჩეულის თვისებებს არასდროს გვამცნობს.
ის ადამიანები, რომლებსაც ჯვარი ეცხადებათ, შემთხვევით არ არიან მწყემსები. ქრისტეს შობის ადგილს- ბეთლემს ანგელოზთა ჩაგონებით სწორედ მწყემსები მიადგენენ, სწორედ ისინი იყვნენ პირველმხილველნი ამ საიდუმლო შობის. ჩვენს ანდრეზებშიც მწყემსებს ვხვდებით ჯვრის პირველმხილველებად. თუ გავიხსენებთ კისტნის ჯვრის დაარსების ანდრეზს, მასშიც სწორედ მწყემსი მონაწილეობს:
"კისტნის მთაში მასულ გამაფრენილ მტრედი. მტრედი მავიდავ, გამაფრენილივ, მწყემს უნახავ, მთაზე დაჯდავ, მემრე იმ მწყემს ხალხისად უთქომავ: მტრედ ზის გორზედავ, აღარ შორდებავ, ორი დღეიავ. ქადაგ წასულ და საკლავ დაუკვლევინებავ. რომ დავხკალივ, ხუცესს ეთქვ, მტრედმავ ნისკარტ დაჰკრავ სისხლსავ სამჯერავ და მემრე გაფრინდავ გუდანისკედავ. მემრე ხალხს უთქომავ, აქ გადმოვიდავ, დალოცვილივ, აღარ გვინდავ გუდან დენაივ. მემრე ხალხს, მთაივ იციან, კისტნის თავ აუგებავ კოშკი. ამ ხატს ასე იჴ სენებენ: თეთრი მთის ქორო თერგვაულო..."


ცხადია, რომ მწყემს შემთხვევით არ უნახავს მტრედი, ფრინველმა მას უხილავად გაჰკრა ფრთა და ყველას დასანახად მთაზე შემოჯდა. შესაძლოა, ახალდაარსებულ საყმოს არ ეკუთვნოდა მწყემსი, მაგრამ მტრედში, რომელმაც სამი დღე დაჰყო მთაზე მფრინავი ჯვარი ამოიცნო, იგი პოტენციურ მკადრედ ითვლება.ღმერთმა მოსეც ხომ სწორედ მწყემსობის დროს აირჩია თავის მკადრედ.
ამის შემდეგ მტრედი შატილში გადავიდა, მისი გამოჩენის ადგილას კი საკლავი დაიკლა და კოშკი აიგო. მის შექმნაში მოანწილეობდნენ მამა, დედა და შვილი. ყველაფერი ბავშვიდან იწყება, სწორედ მან იხილა პირველად თავისი უბიწო მზერით ფრინველი. მან საყმოსთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იხილა და ბავშვური ენით თქვა "აგერავ, ჩიტივ!", რაც აუცილებლად უნდა გაეგონა მამას, რადგან შატილში კულტი უნდა დაარსებულიყო.
აგრეთვე საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის მონადირე თურმანის მიერ გადმოცემული ადგილობრივი ანდრეზი დიდგორის ჯვრის დაარსების შესახებ როშკაში.


"შარვანში რომ ჩავედი, მტრედი ამყვაო. რომ დავისვენებდი, შორს წავიდოდაო; რომ ავდგებოდი, წასასვლელად, ახლოს მოდიოდაო. საძელის უღელტეხილზე რომ მოვედი, სამჯერ შემოჰკრა მჴრები ერთმანეთს და გაენთო ცეცხლი, ცეცხლის ბურჯღუმი წამოვიდაო. წამოვიდა ცეცხლი და გორაზე, როშკის სამხრეთით თავბერაულის სიმაგრეში ცეცხლის ალი ჩაიკრიფაო..."
მონადირისა და მტრედის ურთიერთობა ტიპური ურთიერთობაა ჯვრისა და მკარდის, მაგრამ ის წყდება მას შემდეგ, რაც მტრედი თავის ნამდვილ ბუნებას აჩენს და მონადირე ჯვარჩენის შემსწრე ხდება .
აღსანიშნავია თელავის ეკლესიის დაარსებაზე შემონახული თქმულება: სანადირო ტყეში რუსიშვილს სიზმარში მოხუცი გამოცხადებია, რომლის შეგონებითაც მოუთხრია მიწა, სადაც იწვა, მიუგნია გამოქვაბულისთვის და მოხუცისავე რჩევით ამ გამოქვაბულის ზემოთ ტყე გაუკაფავს, ეკლესია აუგია და თავის საგვარეულოსთან ერთად აქ დასახლებულა.
შესაბამისად, მტრედი არის არსება, რომელსაც უმნიშვნელოვანესი მისია ჰქონია დაკისრებული, რათა მიაგნოს იმ ადგილს სადაც ხალხმა ეკლესია უნდა ააგოს ან ხატი დაასვენოს. მხოლოდ მკადრემ იცის, თუ რა სახით არის მის სამკადროზე დამჯდარი ღვთისშვილი- მტრედის, ჯვრისა თუ ხატის სახით.


გამოყენებული ლიტერატურა:


1. ზურაბ კიკნაძე-ქართული მითოლოგია, I ტომი, "ჯვარი და საყმო", 1996.

1
304
1-ს მოსწონს
ავტორი:ქრისტინე ჯავახიშვილი
ქრისტინე ჯავახიშვილი
304
  
2020, 4 იანვარი, 2:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1