x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134468
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ოთხი სახარება - „ოთხთავი“, მორიგი უნიკალური საჩუქარი „კვირის პალიტრის“ მკითხველს
image


6 იანვარს მკითხველი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის უკვე პოპულარული საეკლესიო პროექტის მორიგ წიგნს მიიღებს, რომელშიც წმინდა მოციქულების: მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებები შედის. როგორც ცნობილია, გამოცემის ყოველი წიგნის მკითხველამდე მისვლა გამომცემლობამ სხვადასხვა საეკლესიო დღესასწაულს დაამთხვია. ამჯერად კი "ოთხთავის" გამოცემა შობის დღესასწაულის კვირაში დაიგეგმა.


განსაკუთრებული დიზაინისა და შეფუთვის ეს საეკლესიო წიგნები შედგენილია საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და ისინი მკითხველმა იმთავითვე დიდი ინტერესით მიიღო.


პროექტის ყველა წიგნი დაბეჭდილია სპეციალურ, თერმულად დამუშავებულ ფურცლებზე და მოთავსებულია ასევე თერმულად დამუშავებულ ტყავის ჩანთა-ყდაში, რომელიც ელვაშესაკრავით იკვრება. ამდენად, კომპაქტურ, სატარებლად მოსახერხებელ ამ გამოცემებს დაზიანებისაგან ტყავის ჩანთა-ყდა იცავს. ასე რომ, შესაძლებელია, მორწმუნეებმა ეს წიგნები სურვილისამებრ მუდმივად თან ატარონ და იკითხონ, რაც ჩვენს მღელვარე გარემოში სიმშვიდის მოსაპოვებლად კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.



წიგნის სპეციალური ფასი 11 ლარი და 50 თეთრია, "კვირის პალიტრასთან" ერთად კი - 13 ლარი.


ოთხი სახარების, ანუ "ოთხთავის" გამოცემის შესახებ, წიგნის რედაქტორი, ჟურნალ "კარიბჭის" მთავარი რედაქტორი, თამარ მამაცაშვილი გვესაუბრება.


ქალბატონო თამარ, რატომ გადაწყვიტეთ "ოთხთავის" გამოცემა, რით განსხვავდება ის სხვა მსგავსი გამოცემებისგან?


– ვინც უკვე შეიძინა ამ პროექტის წინა გამოცემები, "ლოცვანი" და "ფსალმუნნი", და, შესაბამისად, გაეცნო პროექტის არსს, კარგად მოეხსენებათ, რომ ეს პროექტი ჩვენი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება. როდესაც მას წარვუდგინეთ პროექტის პირველი წიგნი, "ლოცვანი", განსაკუთრებული აკინძვით _ ტყავის ელვაშესაკრავიანი ჩანთა-გარეკანით და ისიც ვუამბეთ, რას ვაპირებდით მომავალში, სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომდევნო წიგნები "ფსალმუნნი" და "ოთხთავი" ყოფილიყო.


როდესაც "ლოცვანი" გამოიცა, ბევრი მწერდა, მირეკავდნენ და მთხოვდნენ, იქნებ გვეფიქრა "ოთხთავის" გამოცემაზეც. ამ გამოცემის განსაკუთრებულობა ის გახლავთ, რომ არის კომპაქტური, გამძლე გარეკანით და თან სატარებელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მორწმუნე ადამიანმა თან ატაროს "სახარება". "სახარების" ცოდნა და მოშველიება ყოველდღიური განსაცდელების დასაძლევად საგრძნობლად შეგვიმსუბუქებს სულიერ ტკივილს ჩვენს მძიმე დროში.


აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ წიგნის ბოლოში მკითხველს დახვდება "ოთხთავის" საძიებელი. ეს არ არის უბრალოდ სარჩევი: მოგეხსენებათ, სხვადასხვა "სახარებაში" არის ერთი და იგივე ამბავი, იგავი თუ ქადაგება, რომლებიც მახარებლებმა (სახარებათა ავტორებმა) აღწერეს. მკითხველსაც ხშირად უჩნდება სურვილი, სწრაფად მოძებნოს ეს პარალელური ადგილები სხვადასხვა სახარებაში. აი, სწორედ ამაში დაეხმარება მას "ოთხთავის" საძიებელი.


"ოთხთავს", რომელიც საშობაოდ გამოიცემა, ასევე ექნება ელვაშესაკრავიანი ტყავის გარეკანი. წიგნის ფურცლებიც ისევ ოქროსფრად მოარშიებულია, თუმცა გარეკანი ამჯერად განსხვავებული ფერისაა.

0
67
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0