x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
"ბიბლუსი" 2019 წლის ყველაზე გაყიდვადი წიგნების ათეულს აქვეყნებს
image


არაფერს შეუძლია დაგანახოს სამყარო იმდენად სრულყოფილად, ჩაგაფიქროს მასზე, ბედნიერების მოპოვების გზებსა და სირთულეებთან ბრძოლაზე, როგორც კარგ წიგნებს. ამიტომაც არის უამრავი ადამიანის ცხოვრება წიგნის გარეშე წარმოუდგენელი. წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" გასული წლის განმავლობაშიც სწორედ ასეთ ადამიანებს ემსახურებოდა. ამჯერადაც სწორედ წიგნის თაყვანისმცემლებისთვის აქვეყნებს 2019 წლის ყველაზე გაყიდვადი წიგნების ათეულის სიას. ბევრისთვის ეს სია იმის განმსაზღვრელიც არის, რომელ ლიტერატურაზე გაამახვილოს ყურადღება.

ნათია ფანჯიკიძე, "შიშო, გამოდი გარეთ"

წიგნი აერთიანებს ნათია ფანჯიკიძის ჩანაწერებსა და ბლოგებს.
მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიცაა: ადამიანის ფსიქოლოგია, თვითიდენტიფიკაციის პრობლემა, დეპრესია, შიში, შფოთვა, ტკივილი, სიყვარული... წიგნის ავტორი გრძნობების ამ საარსებო სპექტრზე მარტივად, გასაგებად და მსუბუქად გვესაუბრება. თითქოს გვერდზე გვიზის და თავად გველაპარაკება მშვიდი, გაწონასწორებული და თბილი ხმით. ""ამ ტექსტების გამაერთიანებელი არის მხოლოდ ის მიზანი, განმეწყო ადამიანები მეტი გამბედაობისკენ, გამეჩინა მათში სულიერი სიმხნევე და ოდნავ მაინც შემემცირებინა მათი შიში და სევდა", - წერს ავტორი. ჩვენს მღელვარე ეპოქაში, სადაც სულიერი სიმშვიდე არც ისე იოლი მოსაპოვებელია, ეს მშვიდი და დახვეწილი და ძალზე ინფორმაციული წერილები ძალზე გვჭირდება.

ია კარგარეთელის რომანი "სხვა უდაბნოს საიდუმლო"

სიყვარული და სიცოცხლის ზეიმი მაშინ დგება, როდესაც ყოველდღიურ, ზედაპირულ ყოფას თავს დააღწევ და საკუთარი თავის შეცნობას დაიწყებ.


რომანში ეს სიმბოლურად ეგვიპტეში გამგზავრებაა. იქ ახალგაზრდა, მომხიბლავ ქართველ მწერალ ქალს უცხო, უჩვეულო სამყარო მოულოდნელობებით ხვდება, მთავარი მოულოდნელობა კი ვერცხლისფერთვალებიანი ბედუინია. თამთას მოგზაურობა გადაიქცა თავბრუდამხვევი, წარმოუდგენელი მოვლენების დინებად, რომელიც ძირფესვიანად ცვლის მის ცხოვრებას.

თემურ ბაბლუანის რომანი "მზე, მთვარე და პურის ყანა"

წიგნი ერთდროულად თრილერიცაა, რომანტიკული საკითხავიც და ავტობიოგრაფიაც, სადაც აღწერილია თბილისელი ბიჭის ტკივილით სავსე ცხოვრების ამბავი. თემურ ბაბლუანი მოგვითხრობს საბჭოთა ყოფასა და ადამიანების ცხოვრებაზე ამ რეჟიმში... კრიმინალურ სამყაროსა და ქურდულ წესებზე, სადაც ძალიან რთულია დაამტკიცო, რომ მართალი ხარ. თუმცაღა სინათლე, რომელსაც სიყვარული ჰქვია, ასეთ ყოფასაც გადაგატანინებს: "ყველაფრის გაძლება და მასთან ბრძოლაც კი შეიძლება, როცა იცი, რომ შენს დაბრუნებას ვიღაც, თუნდაც მხოლოდ ერთი ადამიანი ელოდება. სიყვარულს ასე თუ ისე სიცხადე შეაქვს იმ გაუგებრობაში, თუ რატომ ებღაუჭებიან სიცოცხლეს გამწარებით ადამიანები", - წერს ავტორი.

ნინო მკალავიშვილის რომანი "შენ საკმარისი არ ხარ"

ეს არის წიგნი გზააბნეულ ადამიანებზე, რომელთაც გულწრფელად სჯერათ, რომ მიზნის მისაღწევად მათ მიერ არჩეული გზაა სწორი, თუმცა ყველაფერი მაშინ აირევა, როდესაც ყველაფერში სიყვარული ერთვება. "ვერ დაგპირდები, რომ ჩემი ყველა ფიქრისა და გრძნობის გაზიარებას შევძლებ. ვერც იმას დაგპირდები, რომ შენს ყველა ქმედებას მარტივად გავიგებ... მაგრამ გპირდები, რომ შენთან გულწრფელი ვიქნები. გპირდები, რომ ვიცინებ შენთან ერთად მაშინ, როდესაც ბედნიერი იქნები და ვიდგები შენს გვერდით მაშინ, როდესაც ეს დაგჭირდება".

ელიფ შაფაქის რომანი "სიყვარულის ორმოცი წესი"

წიგნი, რომელსაც თითქმის მთელ მსოფლიოში კითხულობენ. რომანი აღწერს, როგორ შეიჭრება ქარიშხალივით თანამედროვე ამერიკელი ქალის ერთფეროვან ცხოვრებაში ორი საოცარი რამ: სიყვარული და... აღმოსავლეთი. წიგნში აღწერილია, თუ როგორ შეიძლება შეუყვარდეთ იმ ადამიანებს ერთმანეთი, რომელთაც არა მხოლოდ ცხოვრების წესი, კონტინენტებიც კი აშორებთ. სწორედ ამიტომაც იკითხება ეს ისტორია ამაღელვებლად.

სოფო არდიას რომანი "გროსმაისტერი"

რამდენი ადამიანიცაა, იმდენი ისტორიაა. მთავარია, შენი ისტორია იმ ერთისას დაემთხვეს... ეს ისტორია კი ერთ მანიპულატორ ადამიანზეა, რომელიც სხვებით თამაშობდა და მიზნის მისაღწევად არაფერს იშურებდა. ის თითქოს პოპულარულიც იყო, სინამდვილეში კი მაინც არავინ იცნობდა. წიგნი ისეთ ემოციას ტოვებს, თითქოს მოვლენების ეპიცენტრში ხარ. სწორედ ამიტომაც კითხულობ ერთი ამოსუნთქვით და რწმუნდები, რომ ცხოვრებისეულსა და ღრმა წიგნთან გაქვს საქმე!

ნიკოლოზ ტოტოღაშვილის რომანი "შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა"

ამბავი მხატვარ იან კლაინზეა, რომლისთვისაც ყოველი დღე უიმედოა. იანს ჰყავს მეგობრები, თუმცა მაინც მარტოსულია. მერე მხატვარს ბედისწერა მოულოდნელ ცვლილებას სთავაზობს: ქალაქში მკვლელობების სერია იწყება და იანი პოლიციის განყოფილების მხატვარი ხდება, ბოროტმოქმედთა სახეებს, ფოტორობოტებს ხატავს. სწორედ აქ იწყება მოვლენათა ლაბირინთი: რატომღაც დამნაშავის კვალი ყოველთვის იან კლაინთან მიდის და ძალიან საინტერესო ხდება, ვინ არის რეალური დამნაშავე - თავად იანი, სანისადმი მისი სიყვარული თუ შვიდი მომაკვდინებელი გრძნობიდან ერთ-ერთი?

"ჩემი პირველი კითხვებისა და პასუხების წიგნი"

წიგნი, რომელშიც ყველა ასაკის ბავშვისთვის მარტივი ენით გაცემულია პასუხები კითხვებზე, რომლებიც მათ სამყაროს შესახებ აფიქრებთ და აღელვებთ. თუმცა, არა მხოლოდ ბავშვებისთვის, ამ წიგნს სიამოვნებით კითხულობს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, რომლებისთვისაც ცხოვრების საიდუმლოებების ამოხსნა მნიშვნელოვანია.

თათული ღვინიანიძის რომანი "აღიარება ხელისგულზე"

რომანში პირველივე თავიდან მოვლენები დინამიკურად ვითარდება. კითხვისას გგონია, გამოიცანი, რა მოხდება, მაგრამ უეცრად ყველაფერი იცვლება. რომანის გმირები სხვაგვარად დაგანახებენ ფაქტებს, რომელიც თურმე საყურადღებო ყოფილა, გააჟღერებენ მოსაზრებებს, რომელიც თქვენს გონებაში ტრიალებდა, მაგრამ ვერასდროს გამოთქვამდით. ეს ის წიგნია, რომელიც ჩანთაში უნდა გედოთ, თბილისურ საცობებში მოხვედრილმა დრო რომ არ დაკარგოთ და წაიკითხოთ.

დათო ტურაშვილის რომანი "ჯინსების თაობა"

ეს არის წიგნი, რომელსაც ყავლი არასოდეს გაუვა, წიგნი, რომელიც ყველა დროის ადამიანის დაუოკებელ სურვილს ამხელს - იცოცხლოს თავისუფლებისა და ბედნიერებისთვის. 1983 წელი. საბჭოთა რეჟიმი, საიდანაც ქართველი ახალგაზრდების ჯგუფმა თავის დაღწევა თვითმფრინავის გატაცებით მოისურვა. დრამა, რომელიც ამ მოვლენებისას განვითარდა, ყველა თაობის მკითხველისთვის სულისშემძვრელია.

0
65
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0