x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
თემო სახურია – ქრისტიანობა კოლხეთში
image
საქართველოში ქრისტიანობის გავრცელება I საუკინიდანვე იწყება და პირველი მოციქულებად თვით იესო ქრისტეს მოწაფეები წმინდა ანდრია პირველწოდებული, სვიმონ კანანელი და სხვა წმინდანები გვხვდება.


წმ. ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომ მას ეწოდა პირველწოდებული. წმიდა ანდრიამ სიყრმიდანვე შეიყვარა უფალი და როცა ისრაელში ქუხილივით გაისმა წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხმა, ნეტარი მოციქული მისი უახლოესი მოწაფე გახდა. მაცხოვრის გამოჩენისას, წმიდა იოანემ ანდრიას და იოანე ღვთისმეტყველს მიმართა: „აჰა, ტარიგი ღმრთისაჲ“. ამ სიტყვებზე ორივენი თან გაჰყვნენ იესოს. შემდეგ კი ანდრია ძმასთან, პეტრესთან მივიდა, მესიის პოვნა ახარა, ისიც იესოსთან მიიყვანა და მას დაუმოწაფა.


ქრისტეს დამოწაფებული ძმები კვლავ ჩვეულ საქმიანობას განაგრძობდნენ და თევზაობით ირჩენდნენ თავს. ერთხელ გალილეის ზღვის ნაპირას მიმავალმა მაცხოვარმა მოუწოდა მას: „მოვედით და შემომიდეგით მე და გყვნე თქვენ მესათხევლე კაცთა“. რის შემდეგაც ისინი განუყრელად თან ახლდნენ ძე ღვთისას და მისი სასწაულების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის მოწმეებიც გახდნენ. მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, „რაჟამს წილ იგდეს მოციქულთა“ საქადაგებლად, ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ, რადგან მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო, ძე ღვთისამ უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით.


ანდრია პირველწოდებულის მიმოსვლა-ქადაგებათა შესახებ უძველესი გადმოცემები II საუკუნიდან ჩნდება. ამის შემდგომ, სხვადასხვა რედაქციებში ეს გადმოცემები დამატებითი ცნობებით ივსებიან, მოციქულთა მოღვაწეობის გეოგრაფიული არეალი, ადრეულ ბერძნულ-ლათინურ ტექსტებშია დაცული, უძველესი ტრადიციის მიხედვით, ანდრია მოციქულის მიერ ქრისტიანობაზე მოსაქცევ ქვეყნებად დასახელებულია შავი ზღვის სამხრეთი სანაპირო და სკვითები.ქსენოფონტთან, სკვითებს (“შკვითებს’’) მდ. ჭოროხის დასავლეთით, იხსენიებს.



ძველი “ქართლის ცხოვრების” ტექსტი, ადერკის მეფობის ჟამს, იხსენიებს, წმინდა მოციქულებს. იქ იკითხება: “მოვიდეს… ანდრია და სიმონ კანანელი აფხაზეთს და ეგრისს. და მუნ აღესრულა წმინდა სიმონ კანანელი ქალაქსა ნიკოფსისასა, საზღვარსა ბერძენთასა. ხოლო ანდრია მოაქცივნა მეგრელნი და წარვიდა გზასა კლარჯეთისასა”. ამას მოსდევს ჩანართი, საიდანაც ჩანს, რომ ანდრია მოსულა ტრაპიზონში, მეგრელთა ქალაქში, იქიდან შესულა ქართლის ქვეყანაში, “რომელსა დიდ-აჭარა ეწოდების”. მისი ქადაგებით ხალხი მოქცეულა ქრისტეს სარწმუნოებაზე. იქ, სადაც მან ღმრთისმშობლის ხატი დაასვენა, აღმოეცენა წყარო, რომელიც “ვიდრე დღესაცა დაუწყუედელად აღმოსდის”.


ანდრია მოციქულის მიერ ქართული ეკლესიის დაარსების შესახებ XI ს-ის დასაწყისში განუცხადა გიორგი მთაწმინდელმა ანტიოქიის პატრიარქს – „წმიდაო მეუფეო, შენ იტყვი, ვითარმედ თავსა მის მოციქულთაისა პეტრეს საყდარსა ვზიო: ხოლო ჩვენ პირველწოდებულისა და ძმისა თვისასა მწოდებელისა ნაწილი ვართ და სამწყსონი და მის მიერ მოქცეულნი და განათლებულნი: და ერთი წმიდათა ათორმეტთა მოციქულთაგანი – სიმონს ვიტყვი კანანელსა, ქვეყანა ჩვენსა დამარხულ არს აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების. ამათ წმიდათა მოციქულთა განათლებულნი ვართ და ვინაითგან ერთი ღმერთი გვიცნობიეს აღარა უარ გვიყოფიეს“.


ქართველ მკვლევართა მიერ აღიარებულია, რომ გადმოცემა მოციქულთა მიმოსვლის შესახებ საქართველოში ცნობილი უნდა ყოფილიყო VIII საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე იოანე საბანისძისათვის. იგი თავის ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში “ჰაბოს წამება” დასავლეთ საქართველოში არსებულ ისეთ ტოპონიმებს ასახელებს, რომელნიც მოციქულთა სახელთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ამავე გადმოცემას იცნობს აგრეთვე IX საუკუნეში დასავლეთ საქართველოში მოღვაწე ანონიმი ავტორი ჰაგიოგრაფიული პოემისა მიქაელ საბაწმინდელის შესახებ. აღნიშნულ თხზულებაში დასავლეთ საქართველო მოციქულთა წილხვედრ ქვეყნადაა მოხსენებული.


გადმოცემა ანდრია მოციქულის საქართველოში მოღვაწეობის შესახებ, დაცულია ათონის წმინდა მამებისადმი მიძღვნილ თხზულებებში. ამ მხრივ, პირველ რიგში, აღსანიშნავია გიორგი მცირეს “გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება”. მას აგრეთვე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გიორგი მთაწმინდელის (1009-1065) მიერ შედგენილ დიდ სვინაქსარში. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმ. დავით აღმაშენებლის ინიციატივით 1104 წელს ჩატარებულ რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე მიღებულ “ძეგლისწერაში” გარკვეული კანონიზირება მოახდინა იმ დიდი ღვაწლისა, რომელიც ანდრია პირველწოდებულს მიუძღოდა საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებაში.


გარდა ანდრია მოციქულისა, სიმონ კანანელისა და მატათა მოციქულისა, წერილობითი წყაროების ცნობით, საქარ-თველოში სხვა მოციქულებსაც უმოღვაწიათ. ამის შესახებ საინტერესო ცნობა მოიპოვება შავ მთაზე მოღვაწე ეფრემ მცირეს ნაშრომში. V საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწე წმინდა მამის, თეოდორიტე კვირელის (393 – 457) “საეკლესიო ისტორიაზე” დაყრდნობით ეფრემ მცირე აღნიშნავს, რომ ანდრია პირველწოდებულთან ერთად საქართველოში ქრისტიანობა უქადაგია მოციქულ ბართლომეს. ბართლომე მოციქულის საქართველოში მოღვაწეობას ადასტურებს გვიანი ხანის ლათინური წყაროებიც. ამ მხრივ აღსანიშნავია, XVII საუკუნის 30 – 40-იან წლებში საქართველოში მოღვაწე კათოლიკე მისიონერის არქანჯელო ლამბერტის ცნობა. მის მიერ შედგენილ, ფრანგულ ენაზე გამოქვენებულ წიგნში, “წმინდა კოლხეთი”, ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ კოლხეთსა და იბერიაში ქრისტიანობა ანდრია და ბართლომე მოციქულებმა იქადაგეს. მკითხველის დარწმუნების მიზნით, არქანჯელო ლამბერტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დასახელებულმა მოციქულებმა სათანადო კვალი დატოვეს თავიანთ წილხვედრ ქვეყანაში. არქანჯელო ლამბერტის გადმოცემით, “ქართლში, სამცხის პროვინციაში არის ერთი ეკლესია, რომელიც მიძღვნილია წმინდა ბართლომესადმი. ამ უკანასკნელმა, ხალხური გადმოცემის თანახმად, თავისი ქადაგებით ამ მხარეში ქრისტიანობა გაავრცელა. ამ საეპისკოპოსო ეკლესიის ეპისკოპოსს იშხნელს უწოდებენ”.


ქრისტეს შობიდან III საუკუნის დასასრულის მოღვაწე დოროთე ტვირელისა და IV საუკუნის მეორე ნახევრისა და V საუკუნის დასაწყისის წმინდა მამის ეპიფანე კვიპრელის ცნობაში აღნიშნული ის გეოგრაფიული სახელწოდებანი, რომელიც ქართველი ხალხით იყო დასახლებული. ორივე ავტორის ცნობა თითქმის ერთმანეთის იდენტურია. მათი გადმოცემით: “ანდრია მივიდა დიდ სებასტოპოლისში, სადაც არის აფსარის ციხე-სიმაგრე (“პარემბოლი” – ჯარის ბანაკი – სამყოფელი”), და მდინარე ფასისი, სადაც ცხოვრობენ უშინაგანესანი ეთიოპნი (კოლხნი)”. მოტანილი დოკუმენტური მასალიდან აშკარად ჩანს, რომ “დიდი სებასტოპოლისი”, იგივე ცხუმი – სოხუმია; აფსარის ციხე კი, სადაც ახალი წელთაღრიცხვით I საუკუნეში რომაული გარნიზონი იდგა, დღევანდელი ბათუმის მახლობლად მდებარე გონიოს ციხეა, რომელიც, როგორც არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, მოციქულთა მოღვაწეობის დროს, I საუკუნის 30-40-იან წლებში მნიშვნელოვან სამხედრო-სტრატეგიულ პუნქტს წარმოადგენდა. რაც მთავარია, წყაროში დასახელებულია ცენტრალურ კოლხეთში მდებარე მდინარე ფაზისი, იგივე მდინარე რიონი. დოროთე ტვირელის აღნიშნული ცნობა იმდენად ღირებულად მიუჩნევიათ, რომ იგი X საუკუნეში სრული სახით ქართულად უთარგმნიათ. ჩვენთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით აგრეთვე მნიშვნელოვანია IV საუკუნის მოღვაწის, სოფრონის ცნობა. მან ბერძნულად თარგმნა ამავე საუკუნეში მოღვაწე იერ¬ონიმეს რამდენიმე შრომა. ერთ-ერთ მის ნაშრომს სოფრონმა მიუმატა ცნობები მოციქულთა მოღვაწეობის შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, რომ წმ. ანდრიამ ქრისტიანობა იქადაგა სკვითიაში, სოგდიანასა და დიდ სებასტოპოლისში, აგრეთვე სამსუნსა და ფაზისის ახლოს, კოლხეთში.


ეპიფანე კონსტანტინელის გადმოცემის მიხედვით, ნეტარმა მოციქულმა ანდრიამ დამოძღვრა სკვითები და სოგდიანები და გორსინები დიდ სებასტოპოლისში, სადაც არის აფსირის ციხე, ჰისსოს ნავსადგური და მდინარე ფაზისი, იქ მოსახლეობენ იბერიელები, სუსები, ფუსტელები და ალანები. აღნიშნული ნაშრომის დაწერის დროს მას გამოუყენებია მანამდე მოციქულთა შესახებ არსებული გადმოცემები, რომელიც დაცული ყოფილა ეპიფანე კვიპრელთან, ევარგე სიცილიელთან და სხვებთან. გარდა ამისა, როგორც მისი ნაშრომიდან ირკვევა, იგი არ დაკმაყოფილებულა წინამორბედ მოღვაწეთა მონათხრობით და მეტი დამაჯერებლობის მიზნით, უმოგზაურია და ფეხით მოუვლია ყველა ის ადგილი, სადაც წმინდა ანდრია პირველწოდებულს უმოღვაწია. როგორც მისი შრომიდან ირკვევა, მოგზაურობის დროს მას ბევრი საინტერესო ეთნოგრაფიული მასალა მოუპოვებია ანდრია მოციქულის მოღვაწეობის შესახებ. ამ მხრივ, ეპიფანე კონსტანტინოპოლელის ნაშრომი სამეცნიერო გამოკვლევის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა, მას ჩვენთვის წყაროს მნიშვნელობა ენიჭება, რადგან მასთან გვხვდება ბევრი ისეთი ცნობა, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. სხვა უცხოელი, ავტორებისაგან განსხვავებით, ეპიფანე კონსტანტინოპოლელი შედარებით დაწვრილებით ცნობებს გვაწვდის საქართველოში მოციქულთა მოღვაწეობის შესახებ. ამ მხრივ მის ცნობებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ეპიფანე კონსტანტინოპოლელის მონათხრობით, წმ. ანდრია მოციქულს სამჯერ უმოგზაურია საქართველოში. მისი ცნობა სრულ თანხმობაშია ზოგიერთ ქართულ წყაროსთან. ეპიფანე კონსტანტინოპოალელის მიხედვით, წმ. ანდრია მოციქული პირველი მოგზაურობის დროს წამოსულა ქალაქ ამასიიდან და მისულა ლაზიკის ქალაქ ტრაპიზონში. აქედან იგი ქრისტეს მოძღვრების საქადაგებლად გადასულა იბერიაში, შავი ზღვისპირეთში მცხოვრებ წარმართთა მოქცევის შემდეგ იგი ისევ იერუსალიმში დაბრუნებულა, სადაც მას სხვა მოციქულებთან ერთად მონაწილეობა მიუღია ქრისტეს აღდგომის დღესასწაულში. ეპიფანეს გადმოცემით, მეორე მოგზაურობის დროს წმ. ანდრიამ `მოიწია ქალაქსა ტრაპიზუნს”. მესამე მოგზაურობის დროს ანდრია პირველწოდებულს თან ხლებია ქრისტეს სხვა მოციქულები – სიმონ კანანელი და მატათა. მათ ჳმოიარეს ქალაქები, იქადაგეს და სასწაულები მოახდინეს და ჩავიდნენ იბერიაში და ფაზისში”. აქედან ისინი ქრისტიანობის საქადაგებლად გადასულან სუსანეთში, სადაც თურმე ქალები მბრძანებლობდნენ მამაკაცებზე. ეპიფანე კონსტანტინოპოლელის გადმოცემით, მატათა მოციქული სუსანიაში დარჩენილა, “ხოლო სიმონი და ანდრია წავიდნენ ალანიაში და ქალაქ ფუსტაში, მათ მრავალი სასწაული მოუხდენიათ, მრავალნი დამოძღვრეს და წავიდნენ აბაზგიაში, დიდ სებასტოპოლისში რომ ჩავიდნენ, იქადაგეს ღვთის სიტყვა”. სებასტოპოლისში ანდრიამ დატოვა სიმონ მოციქული, თვითონ კი ახალი მოძღვრების საქადაგებლად ჯიქეთში გადავიდა. ჯიქებმა ქრისტიანობა არ მიიღეს, ისინი უხეშად მოექცნენ მოციქულს და “განიზრახეს ანდრიას მოკვლა”. ანდრია ღვთის წყალობით გადაურჩა სიკვდილს.


საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებაში ანდრია მოციქულის ღვაწლი საგანგებოდაა აღნიშნული X საუკუნის დასასრულითა და XI საუკუნის დასაწყისით დათარიღებულ ბიზანტიის იმპერატორის, ბასილი დიდის (970-1025) სახელით ცნობილ თვენში, სადაც აღნიშნულია, რომ ანდრია მოციქული “წავიდა დიდ სებასტოპოლისში, სადაც ზღვას ერთვის მდინარეები ფსარე და ფასიდი”. ე.ი. ჭოროხი და რიონი.


საქართველოში მოციქულთა მოღვაწეობა აგრეთვე აისახა ზეპირ გადმოცემებში. ეთნოგრაფთა მიერ შეკრებილი მასალებით საინტერესო ცნობები დასტურდება სამეგრელოში ანდრია პირველწოდებულის მოღვაწეობასთან დაკავშირებით. ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, სამეგრელოში ანდრიას გაუნადგურებია მუხასთან მდგომი კერპი კაპუნია და მის ნაცვლად ჯვარი აღუმართავს. მუხის ფიცრებისაგან კი ეკლესია აუშენებია. ზოგიერთი ზეპირი გადმოცემის მიხედვით, თითქოს ანდრია მოციქულს აღმოსავლეთ საქართველოში – კახეთისა და ყაზბეგის მიდამოებში უმოგზაურია და უქადაგია, მაგრამ, სამწუხაროდ, აღნიშნული ეთნოგრაფიული მასალები წერილობით წყაროებში გარკვეულ დადასტურებას ვერ პოულობს. მომავალში ამ მხრივ, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს კვლევა-ძიება.


ანდრია მოციქულის შესახებ დასავლეთ საქართველოში არსებობდა საინტერესო გადმოცემა. ეს გადმოცემა აფხაზეთში ყოფნის დროს, XVII საუკუნის 70-იან წლებში ჩაუწერია ფრანგ მოგზაურს ჟან შარდენს. მისი გადმოცემით, ბიჭვინთაში არსებული დიდებული ტაძარი ანდრია პირველწოდებულის სახელობისა ყოფილა, რადგან მან ამ კუთხის მოსახლეობა მოაქციაო. იმავე ჟან შარდენის მიხედვით, სოფელ ბიჭვინთაში ანდრია მოციქულის სახელზე აგებულ სამნავიან ეკლესიაში “სიცოცხლეში ერთხელ ჩამოდის თითოეული კათოლიკოსი ან პატრიარქი ყველა ეპისკოპოსის თანხლებით – წმინდა ზეთის დასამზადებლად, რომელსაც ისინი მირონს უწოდებენ”. ჟან შარდენის აღნიშნული გადმოცემა ფრიად ყურადსაღებია. შესაძლებელია, სასულიერო იერარქია იმიტომ თვლიდა თავს ვალდებულად, სიცოცხლეში ერთხელ მაინც წასულიყო აღნიშნულ ტაძარში მოსალოცად, რომ იგი საქართველოში ქრისტიანობის პირველი მქადაგებლის, ანდრია მოციქულის სახელთან იყო დაკავშირებული. ჟან შარდენი ადგილობრივი მოსახლეობის მონათხრობზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ბიჭვინთის აღნიშნული ეკლესია, თურმე, ანდრია მოციქულს აუშენებია. ჟან შარდენი გადმოგვცემს ერთ საინტერესო ფაქტს. მისი აღწერით, ბიჭვინთაში არსებული ანდრია პირველწოდებულის “ეკლესიის წინ დგას მარმარილოს სვეტი, საიდანაც ღვთის განგებით ამ წმინდა მოციქულის სიკვდილით დასჯის დროს მდუღარე წყლის ნაკადი გადმოღვრილა. ამ ნაკადის დინება შეუჩერებია რამდენიმე კაცს ამ წმინდანისადმი ვედრების ძალით. ასეთი სასწაულის შემდეგ ხალხი ამ წმინდანისადმი განსაკუთრებულ მოკრძალებას იჩენს. სვეტის წინ გავლის დროს მუხლს იდრეკენ და ემთხვევიან მას”.


ბიჭვინთის ანდრია მოციქულის ეკლესიის შესახებ აგრეთვე საინტერესო ცნობებს გვაწვდის XVII საუკუნის შუა ხანებში საქართველოში მყოფი კათოლიკე მისიონერი დონ ქრისტოფორო დე კასტელი. ისიც, ჟან შარდენის მსგავსად, როგორც ჩანს, ადგილობრივი მოსახლეობის მონათხრობზე დაყრდნობით, აღნიშნავს, რომ ტაძარი აგებულია ანდრია მოციქულის მიერ. მისივე ცნობით, ამ ტაძარში ამზადებენ მირონს, რომელსაც შემდეგ იბერიის პატრიარქი “ავრცელებს თავის სამეფოში”. კასტელი საგანგებოდ ჩერდება ტაძრის წინ აღმართული ანდრიას სვეტის აღწერაზე. ბოლოს კი დასძენს, რომ “დროის ამაოებამ გასაოცარი სვეტის თაყვანისცემა ვერ შეანელა”.


ჟან შარდენის და კასტელის ცნობები რეალობასთან ახლოს დგას. XV საუკუნიდან, დასავლეთ საქართველოს ანუ აფხაზთა საკათალიკოსოს გამოყოფის შემდეგ, მისი მწყემსმთავარი ბიჭვინთაში ანდრია პირველწოდებულის სახელობის საყდარში იჯდა. ალბათ, იმის გამო, რომ საქართველოში ქრისტიანობა ამ მოციქულის მეშვეობით გავრცელდა.


ანდრია მოციქულთან დაკავშირებით 1913 წელს ექვთიმე თაყაიშვილს სამე-გრელოში საინტერესო გადმოცემა ჩაუწერია. ამ გადმოცემის მიხედვით, “…ტრაპეზი მარტვილის ეკლესიისა დადგმულია იმ მუხის ძირზე, რომელიც მოჰკვეთა ანდრია მოციქულმა ოდეს მეგ¬რელნი მოაქცია”.


ჩვენამდე მოაღწია საქართველოში წმინდა მოციქულების მოღვაწეობის ამსახველმა არა მარტო ზეპირმა თუ წერილობითმა ცნობებმა, არამედ, ქართული ეკლესია ფლობს მათ სახელთან დაკავშირებულ წმინდა რელიქვიებსაც.


როგორც ჩანს მოციქულების ქადაქების შემდეგ, კოლხეთში ქრისტინობა გავრცელდა, რისი უტყუარი დასტურიც გახლავთ პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე ბიჭვინთისა და ტრაპიზუნტის ეპისკოპოსების ყოფნა.კრებას დაესწრნენ საქრისტიანო მსოფლიოს წარმომადგელნელნი, დაესწრნენ არამატო რომის იმპერიაში შემავალი მხარეთა ქრისტიანული ორგანიზაციების წარმომადგენელნი, არამედ იმ მხარეთა წარმომადგენელნიც, რომლეიც არ ეკუთვნოდნენ რომის იმპერიას.


ნიკეის კრების მონაწილეთა სია მოღწეულია, ჩვენამდე ექვს ენაზე :ლათინურად, ბერძნულად, კოპტურად, სირიულად, არაბულად და სომხურად.ეს სიები შეტანილია ნუსხებში სხვადასხვა დროსდა ჩვენამდე მოღწეულია სხვადასხვა საუკუნეების ხელნაწერებით. .ბერძნული ნუსხის სიაში მოხსენიებულია, დომნე ტრაპიზუნტის ეპისკოპოსი და სტრატოფილე ბიჭვინთის ეპისკოპოსი, ასევე იხსენიებიან ისინი ლათინურ, სირიულ, არაბულ, სომხურ და კოპტურ ნუსხებში, ამ ნუსხებიდან ყველაზე ძველი სირიულია, რომელიც მოღწეულია ჩვენამდე VI საუკუნის ხელნაწერით.(ბრიტანეთის მუზეუმის ხელნაწერი).


ს.ყაუხჩიშვილი მოსაზრებით, უაღესად მნიშვნელოვანია ბიჭვინთის ეპისკოპოსისი მონაწილეობა ისტორიული თვალსაზრისით.ფაქტი ბიჭვინთის ეპისკოპოსის მონაწილეობა პირველ მსოფლიო კრებაზე, უთაოდ მოწმობს იმ გარემოებას, რომ 325 წლისთვის დასავლეთ საქართველოში, რომლის ერთ_ერთი ეკონომიკური და კულტურული ცენტრი იყო ბიჭვინთა, იმდენად ძლიერი ყოფილა ქრისტიანული ორგანიზაცია, რომ მას საეპისკოპოსო კათედრაც მოეპოვებოდა და მისი წარმომადგენელი მსოფლიოს საეკლესიო კრებაზეც კი იქნა მიწვეული“


აკად.კ. კეკელიძე 1955 წელს დაბეჭდილ სტატიაში “იბერიის ქრისტიანიზაციის საწყისებთან“ წერს: ჩვენი მკვლევარების ერთი ნაწილი ქართლის მოქცევას სდებს „არაუგვიანეს 337 წლისა. იმპერატორ კონსტანტინე დიდის დროს. ამ თარიღის გასამართლებლად. ზოგიერთი იმასაც კი უსვამს ხაზს, რომ 325 წელს პირველ მსოფლიო საელესიო კრებაზე მონაწილეობას ღებულობდა ბიჭვინთის კათედრის ეპისკოპოსი სტრატოფილე. ავიწყდებათ ის გარემოება, რომ ბიჭვინთის ეპარქია იყო ერთი იმ იმპერიათაგანი, რომელნიც შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროებზე დაარსებულნი იყვნენ ბერძნების მიერ ბერძნული კოლონიების სარწმუნოებრივი საჭიროებისათვის.


ისტორიულ პერსპექტივას მოკლებული იქნება ისე დაყენება თითქოს ბიჭვინთაში მცხოვრები ბერძნები ისეთი მაღალი კედლებით იყვნენ გამიჯნული ამ რაიონის დანარჩენ მცხოვრებთაგან (ე.ი მოსალეობის უმრავლესობისაგან) რომ ბერძნულ კოლონიაში შეიქმნა მძლავრი ქრისტიანული ორგანიზაცია და ეს ახალი იდეოლოგია უცნობი დარჩა ბიჭვინთის არაბერძნული (ე.ი ადგილობრივი) მოსახლეობისთვის. რომ მეოთხე საუკუნეში ბიჭვინთის ადგილობრივი მოსახლეობა ზიარებული არ ყოფილიყო ქრისტიანულ მოძღვრებას, განა შესაძლებელი იქნებოდა ნახევარი საუკუნის ან ცოტა მეტის შემდეგ იქ აგებულიყო ადგილობრივი მცხოვრების მოტავეობის ტაძარი შემკული მოზაიკური წარწერით, რომელშიც კტიტორად იხსენიება ქართველი წარჩინებული ვინმ „ორელი“? (ს. ყაუხჩიშვილი ) XII-XIII საუკუნის დფასაწყისში დაარსაებულ ტრაპეზუნტის საკეისროს შესახებ ი.ჯავახიშვილი გამოთქვამდა მოსაზრებას რომ “საქართველოს მეზობლად ამ დროითგან მოყოლებული თვით საქართველოს წყალობითვე შექმნილი |ტრაპიზონის| გაჩნდა რომელის ქართველთა მონათესავე ტომით იყო დასახლებული ….. მისი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქართველთა მონათესავე ჭანების ტომისგან შესდგებოდა. ბრძენთა ფენა მხოლოდ ქალაქში იყო და მარტო მაღალი წრის ფენას ეკუთვნოდა, მაგრამ ამ მაღალი წრის ფენაშიც ქართულ მოსახლეობასაც საკმაოდ ჰყავდა თავისი წარმომადგენლები .


სინოიპის არაბერძნულ მოსახლეობაზე (ხალიბებზე) მიუთითება ჯერ კიდევ პომპონიუს მელა.ყაუხჩიშვილი იზიარებს მოსაზრებას რომ ტრაპიზუნტის ქრისტიანულ მოსახლეობას ნამდვილად შეადგენდნენ კოლხები.


არ არის საეჭვოდ მისაჩნევი ის ურყევი დებულება, რომ ტრაპეზუნისა და ბიჭვინთის ეპისკოპოსები, რომელნიც 325 წელს პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებას დაესწრნენ ნიკეაში, მხოლოდ ბერძნულ მოსახლეობას კი არ წარმოადგენდნენ, არამედ მთელ მოსახლეობას, როგორც ბერძნულ ისე ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას“ წერს ყაუხჩიშილი.


მართალია ზოგი მკვლევარი ფიქრობს რომ, რაკი სახელი სტრატოფილე ბერძნული წარმოშობისა, ამ სახელის მატარებელი ადამიანიც ბერძენი უნდა ყოფილიყო. თუმცა ასეთი დებულება დიდ შემთხვევაში არაზუსტია.კოლხებს უხსოვარი დროიდან ქონდათ ურთიერთობა ბერძნებთან.შეცდომა არ იქნება თუ ვიტყვით რომ კოლხებს ბერძნებთან იმაზე, ადრე ქონდათ ურთიერთობა ვიდრე ბერძნები, კოლხეთის სანაპიროზე ბერძნულ ახალშენებს დაარსებდნენ.ამ ურთიერთობამ მოიტანა ის რომ მრავალი პირთსახელი გავრცელდა ქართველებში ბერძნული ფორმით.მაგალითისთვის დავასახელებ, პეტრე იბერის ასურულ ცხოვრებაში მოხსენიებული აღმზრდელი და მეგობარი პეტრე იბერისა, იოანე ევნუხი, რომელსაც ბერად აღკვეცამდე იოანე ლაზი ერქვა.ამიტომ ვფიქრობ რომ არ არის სავალდებულო სტრატოფილე ბერძენად ჩავთვალოთ, ის შეიძლება იყოს ბერძენი და არაბერძენიც. კოლხეთში ქრისტიანობა 325 წლამდე გავრცელდა და უფრო მეტიც კოლხეთში 325 წლისათვის ეპარქიებიც კი არსებობდა, რასაც ადასტურებს პირველი, მსოფლიო საეკლესიო კრების ოქმი.


გამოყენებული ლიტერატურა:

1. გიორგი მცირე, ცხოვრება გიორგი მთაწმინდელისა, ძველი ქართ. ლიტ. ძეგლები, 1978, გვ. 310.

2. კ. კეკელიძე, ქართ. ლიტ. ისტორია, 1978, ტ. I, გვ. 40.

3. ივ. ჯავახიშვილი, ანდრია მოციქულისა და წმინდა ნინოს მოღვაწეობა საქართველოში, ჟურნალი “მოამბე”, 1899, 5-6, გვ. 45.

4. გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. I, ალ. გამყრელიძისა და ს. ყაუხჩიშვილის რედ., თბ., 1941, გვ. 30.

5. პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, თბ., 1954, გვ. 82.

6. ციტირებულია პ. ინგოროყვას დასახ. ნაშრომიდან, გვ. 323.

7. გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქა¬რთველოს შესახებ, ტ, IV, ნაკვეთი I, 1940, გვ. 57-58; შდრ. გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, თბ., 1967, ტ. VII, გვ. 115.

10. ელდარ ბუბულაშვილი “საეკლესიო ბიბლიოთეკა”, ტ. VIII. თ. IV.

11. დ. ბერძენიშვილი, წმინდა ანდრია მოციქულის ნაკვალევი საქართველოში, კრებული ქრისტიანობის 20 საუკუნე საქართველოში, თბ., 2004, გვ. 77

0
176
შეფასება არ არის
ავტორი:ანდრია კოლხი
ანდრია კოლხი
176