x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მზე ქართულ და მსოფლიო მითოლოგიაში
მზე ქართულ და მსოფლიო მითოლოგიაში


ბერძენთა მითოლოგიაში ჰელიოსი (ნაწილობრივ მისი ორეული ჰიპერიონი); აგრეთვე აპოლონ ფებოსი), ქვეყნიერების მანათობელი ღვთაება, რომელიც მზის ეტლით ყოველ დილას ამოდის აღმოსავლეთში (აიაში, კოლხეთში) და ჩადის დასავლეთში (ჰესპერიაში, აიაიაში). ძველ ქართულში მზეს ერქვა "შამსი" (ნ. "შამაშ"), ასევე არაბულში. ბერძნულად "ჰელიოს", ლათინურად "სოლ", ძველგერმანულად "ზუნნა", ახალ გერმანულად კი "ზონნე".

ჩვენი 4.6 მილიარდი წლის ვარსკვლავის - მზის პერსონიფიკაცია სხვა ხალხთა მითოლოგიაშიც ჩვეული მოვლენაა, ოღონდ არა ისე ღრმად დამუშავებული. ქართულ ზღაპრებსა და ლექსებში "მზე დედაა ცემი" (ბჟა დიდა რე ჩქიმი), სხვა ვერსიით კი ვაჟია, ადამიანთა გამათბობელი და მაცოცხლებელი. მისი ნახვაც შეიძლება და მასთან გასაუბრებაც, ოღონდ წინასწარ უნდა იცოდეს, რომ გაფრთხილდეს და ოქროს სასახლეში მასთან მისული მზეჭაბუკი არ დაწვას. ნ. ჰელიოსი.

მზის კულტი ერთნაირი მოწოწებით განვითარდა როგორც სამხრეთის "მზის ქვეყნებში" - შუმერში (ანი - ცათა მეუფე), ეგვიპტეში (რა), საბერძნეთში (ჰელიოსი), ასევე ჩრდილოეთის ქვეყნებში, სადაც მზე ოცნება იყო (ტირი - ცისა და შუქის ღვთაება).



მზე ქართულ და მსოფლიო მითოლოგიაში


მზეს, უზენაეს სიკეთესა და სიცოცხლის დედას რომ ყველა ხალხი ერთნაირად უმღერის და ეთაყვანება ამაში უჩვეულო არაფერია. საინტერესო ისაა, ვინ როგორ ასახავს, ვის როგორ ესმის მზის კულტი. აქ გამორჩეულია ხარისხი და ხასიათი. პოლინეზიურ მითოლოგიაში, მზე, მთვარე და ღამე (ხივიო, განუმ და დუო) სამივე სტუმართმოყვარე მამაკაცია. მათი სახლი შუაგულ ოკეანეშია და შეიძლება იქამდე ნავით მისვლა. ჩვენს ზღაპრებში მზესთან ფასკუნჯით ან ბილიკით ადიან. ეგვიპტურ მითოლოგიაში ელვით დამაკებულმა დეკეულმა შვა მზე. მრავალი ფოლკლორული და ენობრივი მასალა გვაფირებინებს, რომ ასე იცოდნენ საქართველოშიც.


ბორჯღალი - მზის ქართული სიმბოლო


ინდოელთა ერთ-ერთ ძველ, გრანდიოზულ ტაძარში, ქვისგან გამოკვეთილი მზის ეტლი, ბრწყინვალე ელემენტებით დამშვენებული ბორბალი და ღვთაების ქანდაკებანი მნახველს აოცებს (XIII ს.). ინდურ ვედებში, ინდურ მითოლოგიაში, რელიგიაში, მზე ლოტოსის მიჯნურია, რომელიც მიატოვა. ლოტოსი მთელი დღე ტირის, მზე კი ცრემლებს უშრობს. მეტოქე ღრუბელი ეფარება (კალიდასა).

მზე ციური მამაა, მისი კულტი ბრინჯაოს ეპოქის წინარე ისტორიულ ხანაში, ნეოლითში და პალეოლითშიც იყო და დღესაც დიდ როლას ასრულებს ხალხთა მითებში.

გერმანული მითოლოგიის მიხედვით, მზე ვინმე მუნდილფორის ტურფა ასულია, მთვარეც - მისი ძმა. ღმერთებმა მათ ქვეყნიერების განათება დააკისრეს.


მზე ქართულ და მსოფლიო მითოლოგიაში


ჩრდილოურ მითოლოგიაში მზე ღმერთ ოდინის თვალია. მეორე თვალი კი მან დაუთმო ბუმბერაზ მიმირს, რომელმაც სამაგიეროდ სიბრძნის წყარო აჩუქა, ესაა მთვარე. ეგვიპტის ფარაონს ფრესკებზე პირდაპირ თავზე დასჩახჩახებს მზე. რაგნაროკში, ღმერთების დაისის ხანძარში დაიფერფლა მზე, მაგრამ გავიდა ხანი ცხოველი, თავის მარადიულ გზას დაადგა.


ქართულ მითოლოგიაშიც, როგორც შუმერულ და ეგვიპტურ მითოლოგიაში, დიდი ადგილი უჭირავს მზეს. "ბჟა დიდა რე ჩქიმი, თუთა მუმა ჩქიმი, ხვიჩა-ხვიჩა მურიცხეფი და დო ჯიმა ჩქიმი" - "მზე დედაა ჩემი, მთვარე მამაჩემი, ეს წვრილ-წვრილი ვარსკვლავები, და და ძმაა ჩემი. ან ვედრება "მზევ, შინ შემოდიო"), მაგრამ ეს სულაც არაა ერთადერთი ვერსია. ლექსში "მზე და მთვარე" ძმა - მთვარე, ექიშპება მზეს: "ნათელმა მთვარემა ბრძანა, ბევრით მე ვჯობივარ მზესა. მზემ ზენა ქარს დააბარა: "მე და ვარ და ის ძმა არის, რად ვძულდებით ერთმანეთსა!"

სვანური თქმულებით კი, მზე და მთვარე ძმები არიან. დედა უცნობია. ეყოლა ორი ძე, ერთი - დღის მანათობელი, მეორე - ღამისა. დღისა ის უნდა ყოფილიყო, რომელიც ადრე ადგებოდა. მთვარე ეკლებზე დაწვა, მთელი ღამე ფხიზლობდა, დილით ჩაეძინა და ადგომა დაასწრო მზემ, რომელიც ადრე დაწვა, გამოიძინა, გაიღვიძა და შუქიც მანვე მოჰფინა მიწას.


მზე ქართულ და მსოფლიო მითოლოგიაში


ზოგჯერ მთვარე მზის მახვეწარია, შუამავალი ან მოქიშპე. ქართულ გამოცანებში ძმებად ითვლებიან: "ერთ ქვეყანას ორთა ძმათა, ორთავ ერთი ფერი აქვთო"; ან "მოვიდა თეთრი მოზვერი, გააგდო შავი მოზვერი" (ეს კოლხური ხართან გაიგივება კრეტა-მიკენის კულტს ენათესავება); მრავალ ქართულ ზღაოარში მზეს ასულები ჰყავს, სიძე ერკემლის სათხოვნელად მიდის, მთვარე სტუმარს მალავს, რომ მზემ არ დაწვას (ბერძნულ მითთან მსგავსება უფრო ღრმად საძიებელია).

ზოგჯერ, მზე და მთვარე ქალებიც არიან (ბერძნებთან სელენეც ქალღმერთია). "აბესალომ და ეთერში" ეთერი - მთვარეა ("ხვევნას ვიყავ მთვარისასა"). ასევეა ინდიელებში. გერმანულ მითოლოგიაში მზედ ქალბატონს ეძახიან, მთვარეს - ბატონს (ცოლ-ქმარი არიან). ასეა ძველ ფრიგიაშიც (მუშქებში), სადავო... მზე და მთვარე ხან ძმებია, ხანაც დები, და-ძმა, ცოლ-ქმარი, მხოლოდ ბერძნულ მითოლოგიაშია გარკვეული.


ქართულ წარმართობაში მზის სიმბოლო არის თვალი


მზის სიმბოლო ქართულ მითოლოგიაში თვალია. მზის სიმბოლური რიცხვი კი - 9. მთვარის სიმბოლო კი ხარია ("ასომთავრულის რქოსანი" - "ხ"). აქედანაა "მზის თვალი", "ცხრათვალა მზე" და სვანური ფიცი "შენს თვალს ვფიცავ", რაც შეესიტყვისება ქართულს "შენმა მზემ" და მოწმობს, რომ ოდესღაც მზე და მთალი სინონიმები ყოფილან. მათი იდეოგრამაა ასომთავრული "ა", ანი (ბაბილონურშიც).

ეგვიპტურ მზის ღმერთი "რა" ვაჟია, ასევე მთვარეც (თოთი), მაგრამ ზოგჯერ და-ძმანი ან ცოლ-ქმარნიც არიან. ერთ ძველ ბერძნულ ზღაპარში მზე ქმარია, მთვარე კი - ეჭვიანი ცოლი: სანადიროდ წასულ ქმარს უთვალთვალებს, მთას ეფარება.


მზე ქართულ და მსოფლიო მითოლოგიაში


სვანურ მითოლოგიაშიც მზე ღვთაებაა, აქვს სპილენძის (სპელენჯის) სახლი, აცვია ბრწყინვალე სამოსი, რაც ქვეყნიერებას ანათებს. სიტყვა მზესა და რძეს ერთი ძირი აქვს: ჰერულად ზეი (რძე), მეგრულად ბჟა (მზე - რძე), სვანურად მიჟ (მზე; ლიჯე - ლიჟე "რძე"). რაკი რძეს ძროხა იძლევა, აშკარაა მზის კავშირი ხარ-ძროხის ღვთაებასთან (ეგვპტ., შუმერ., ქართ.).

მზის ღვთაების უძველესი კულტი უფრო მაინც სვანურშია შემორჩენილი: მიჟ (მზე) დიდი საფიცარია (მერმინდელია მეგრული ფორმა "ბჟა". ჟაშხა - მზის დღე, სვანურადაც მიჟ-ლადეღ). კვირის დღეების ციურ მნათობ-ღვთაებათა სახელებია: მზის დღე, მთვარისა (გერმანულადაც კვირა მზის დღეა - "ზონთაგ", ორშაბათი კი მთვარის დღე "მონთაგ"). არისი, ერმისა, აფროდიტისა, დიოსის, კრონოსის (საბატონო, საბატინ, სამტინ). საგულისხმოა, რომ ძველ სვანურში მზეს მეტსახელად "ელვაი" ერქვა (გულდენშტედტ).


მზე ქართულ და მსოფლიო მითოლოგიაში


სტრაბონის ცნობით, მზე ალბანელთა ღმერთია (ასევე მთვარე), საქართველოში მზის ღვთაებრიობას ამტკიცებს ფოლკლორული მასალა, ტრადიცია, ფიცი, აიეტის და კოლხური სამეფო ოჯახის მზისგან წამომავლობა. სვანური "ნაგზი" - კვირეულია (შვიდი დღე), ნიშნავს გზაგავლილს (გზას გაივლიან ზოდიაქოს წრეში მზე, მთვარე, ვარსკვლავები. ფიცი: მუჟუმ ყერღო (სხ. მზის მადლმა), შენმა მზემ, მამის მზემ, მზის ჰიმნი, მზე შინა, ლილე, კვირის დღეთა სახელები. სვანურად მიჟდალეღ - მზის დღე, კვირა; დოშდიშ (დეშდიშ) - მთვარის დღე (ორშაბათი) და სხვა მრავალი მოწმობს მზისა და მთვარის კულტის ძალას ქართულ მითოლოგიაში.


ხელოვნებაში მზეს და მთვარეს ასახავდნენ ევროპისა და აზიის ქალხები, ეგვიპტელები, ამერიკელი ინდიელები, აცტეკები, ინკები, პერუს მკვიდრნი, რომელთაც მზე მიაჩნდათ ღმერთ ვირაკოჩას შვილად, მონაპირე ხალხი კი უფრო მთვარეს სცემდა თაყვანს.

ელინისტურ ეპოქაში მზე და მთვარე უმთავრესად სარკოფაგებსა და კედლის მხატვრობაშია ცნობილი. მზეს ჭაბუკის სახე აქვს, ფრიგიული ქუდი ახურავს, მითრას მოგვაგონებს, მთვარე კი ქალია (ნიკეს მიძინების ტაძარი, ძვ.წ. VII-VIII სს.); წმინდა დოდოს გუმბათოვანი ტაძრის დაზიანებული ფრესკა დავითგარეჯში (VIII-IX სს.).


მზე ქართულ და მსოფლიო მითოლოგიაში




მზის გემები


მზის გემები არის ღვთაებრივი გემები, რომელთა შემწეობითაც ეგვიპტელთა წარმოდგენით, მზის ღმერთი რა, ციურ წყალზე ცის მოპირდაპირედ დაცურავდა (ჰელიოსი ციურ გზას გაივლიდა ეტლით, ოკეანეს - ოქროს ნავით). ასე ასრულებდა ციური და მიწიერი მსაჯულის როლს რა, ამასთან, ახლდა ვარსკვლავთა და ღმერთთა ამალა. ასეთი ნავი, რაც შემდეგ ოსირისსაც მიეცა, ნაპოვნია V დინასტიის ეგვიპტის მეფეთა სამარხებში. მოგვიანებით ეძლეოდათ სხვა დიდმოხელეებსაც, რათა სახალხო დღესასწაულებზე წასვლა შეძლებოდათ განსვენებულთა სულებთან.

მზის გემის იდეას საფუძველი მითოლოგიაში აქვს. რაკი მითი ამტკიცებდა, რომ რა ციურ საბრძანებელში გემით მოგზაურობს, ფარაონსაც გაუმჯაზეს. ერთი ასეთი უნიკალური გემი, გამომწვარი თიხისა და ქვისგან გამოთლილი (მოდელი) ნაპოვნია მზის დიდი ტაძრის ზღუდის გარეთ (ხეოფსისა, ძვ.წ. 2575-2550). ნ. ხეპრე (მზის ხოჭოსსახიანი ღვთაება).


მზე ქართულ და მსოფლიო მითოლოგიაში




მზის დინასტია


მზის დინასტია იყო მდინარე განგის ხეობაში ორი დიდი დინასტია. მათ მიიჩნევდნენ მზის ღვთაებისგან წარმომავლობის მქონედ, ზუსტად ისე, როგორც კოლხეთის მმართველთა დინასტიას. "ძველ ამბავთა" დიდი კრებული პურანა (ახ.წ. II-IV სს.) და ძველ ინდური ეპოსი მოგვითხრობს იმ მეფეთა და გმირთა საქმეებს, რომელნიც, ერთი ვერსიით, მზის ღმერთ სურიას შთამომავალნი არიან, მეორით - მანუს მოდგმისა. მანუ კაცთა ტომის მითოლოგიური მამამთავარია. მისი შვილია იკშვაკუ.



მზის ტაძარი


მზის ეგვიპტურ ღმერთ - რას დიდებული საკულტო ტაძარი მზის ქალაქში, ონში (იონვი), (ბერძნულად ჰელიოპოლისში) მდებარეობდა. რას კულტის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, ფარაონები მზის ტაძარს თავიანთი სამარხების გვერდით აგებდნენ. V დინასტიის მეფეთა მზის ტაძრებიდან ცნობილია ორი. გამოირჩეოდა სიმაღლით (40 მ.), ობელისკებით, საკურთხევლებით, კიბეებით, არქიტექტურული ფორმებით (ძველი სამეგო, მეფე ნე-უსერ-რე, დაახ. ძვ.წ. 2350 წ.). აქვე სრულდებოდა მიცვალებულ მბრძანებელთა საკულტო დღეობა. ახალმა სამეფომ მზის თაყვანისცემა განაგრძო და ამენოფის IV-ს (ეხნატონის) დროს მზის ტაძართა შენება ახალი ძალით გაჩაღდა (ამარნაში).



მზის ქალღმერთი


ძველ ხეთებს (ჰეთიტებს) ჰყავდათ მზის ქალღმერთი, რომლის სახელი უცნობია, მაგრამ უძველეს ტექსტებში უწოდებენ ურუნ-შემუს, რაც ალბათ შუმერთა მზის ღმერთ შამას, შამაშის ანალოგიაა (სვანეთში შემორჩენილია შამარერა, მზის ჰიმნი და საფერხულო ცეკვა). ცნობილია ძვ.წ. XIV საუკუნიდან. მისი ქმარია ჰატი, ენათესავება ხურიტების ხებატს. მის სახელზე აფიცებდნენ მეფის მოხელეებს, თვითონაც და მისი ქმარიც, ქარიშხლის ღმერთი, მეფეს ომში ეხმარებოდნენ.


წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983 წ.



მზე შინა არის ძეობის რიტუალთან დაკავშირებული წარმართული ქართული ხალხური ორხმიანი სიმღერა, აგრეთვე საწესო ფერხული. სიმღერას გაბმული ბანის ფონზე, მონაცვლეობით ასრულებდა ორი ქალი. ამას მოსდევდა ღამისთევა გართობა-თამაშით. მესამე დღეს ბავშვის დედას ტახტრევანზე დააწვენდნენ. იწყებოდა მილოცვები სიმღერით. სიმღერითვე მიმართავდნენ დიდ მზეს - "მზე შინა და მზე გარეთა, მზევ შინ შემოდიო, ცეკვავდნენ ფერხულს. ძეობის რიტუალი ორი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა.





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (მეორე ნაწილი)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
1004
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
1004
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0