x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ფაბერჟეს სააღდგომო კვერცხები – ლეგენდარული კოლექციის 5 საინტერესო ისტორია

პირველი ასოციაცია, რაც «ფაბერჟეს» გაგონებაზე გვიჩნდება, ეს – წარმოუდგენლად ლამაზი და ძვირფასი სააღდგომო კვერცხებია, მიუხედავად იმისა, რომ კარლ ფაბერჟეს საიუველირო სახლი მხოლოდ ამ სახის ნაკეთობებზე არ იყო ორიენტირებული. თუმცა, თავის დროზე, სახელი სწორედ სააღდგომო კვერცხებით გაითქვა. გარდა იმისა, რომ ეს კვერცხები გარედან წარმოუდგენლად ლამაზი იყო, მთავარი საიდუმლო, ყოველთვის შიგნით, – ძვირფასი ნაჭუჭის ქვეშ იმალებოდა. თითოეულ კვერცხში «სიურპრიზი» – პატარა ქანდაკება, ბეჭედი, მინიატურ ან ძვირფასი ქვა იყო მოთავსებული.

ვინც კი, თუნდაც ერთხელ მაინც ნახავდა ასეთ კვერცხს, ყველას მისი შეძენა უნდებოდა და ფაბერჟეს საიუველირო სახლის კოლექციაში, ყოველთვის იყო ისეთი ნივთები, რომლებიც მხოლოდ დიდგვაროვნებისთვის კი არა, უბრალო ადამიანებისთვისაც, თუნდაც, სტუდენტებისთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი.

მაგრამ, ყველაზე ღირებული, რა თქმა უნდა, ის კვერცხები იყო, რომელიც კერძო დაკვეთით მზადდებოდა. მაგ., 1885 – 1916 წლებში, იმპერატორის დაკვეთით, 50-მდე სააღდგომო კვერცხი შეიქმნა.

ამჟამად, ფაბერჟეს სახლის ყველაზე დიდი კოლექცია, სანქტ-პეტერბურგის ფაბერჟეს მუზეუმშია წარმოდგენილი. ხოლო აქ, მუზეუმის 5 ექსპონატთან დაკავშირებულ, საინტერესი ისტორიებს მოგიყვებით.


image



სააღდგომო ტრადიცია


ყველაზე პირველი კვერცხი – «ქათამი», ფაბერჟეს საიუველირო სახლს ალექსანდრე III 1885 წელს, მეუღლესთვის სიურპრიზად, დაუკვეთა. თავდაპირველად, ის XVIII საუკუნის დასაწყისის, ფრანგული სააღდგომო კვერცხის ასლი უნდა ყოფილიყო. მაგრამ, კარლ ფაბერჟემ ასლის დამზადებაზე უარი თქვა და კვერცხის საკუთარი, ორიგინალური და დახვეწილი ვარიანტი შექმნა.


image


მისი შედევრი კვერცხს მხოლოდ ვიზუალურად კი არ ჰგავდა, ნაჭუჭზე წვრილი ფორებიც ჰქონდა და მასზე ხელის გადასმა, იგივე შეგრძნებას იწვევდა, რასაც ქათმის ნამდვილი კვერცხი. იმპერატორმა იუველირს კვერცხის შიგნით, «რომელიმე ძვირფასი ქვისგან» დამზადებული, პატარა კვერცხის მოთავსება სთხოვა. ფაბერჟე კი უფრო შორს წავიდა და «სიურპრიზში სიურპრიზის» მოთავსება გადაწყვიტა.

როდესაც მარია თედორეს ასულმა (ალექსანდრე III მეუღლე) საჩუქარი გახსნა, მასში ორად გაყოფილი ოქროს გული აღმოაჩინა. ხოლო, მისი გახსნის შემდეგ, სხვადასხვა ფერის ოქროთი შექმნილი ქათამი დაინახა. თუმცა, სიურპრიზები ამით არ დასრულებულა, რადგან ქათმის შიგნით, ალმასის საიმპერატორო გვირგვინი აღმოჩნდა. ნამდვილად რომ, სამეფო საჩუქარი იყო!

დედოფალს საჩუქარი იმდენად მოეწონა, რომ აღდგომაზე ძვირფასი კვერცხების ჩუქება, იმპერატორის კარზე, ტრადიციად იქცა და იქიდან მოყოლებული, ყოველწლიურად, ფაბერჟე იმპერატორისთვის მორიგ შედევრს ქმნიდა.



დაკარგული სიურპრიზი


უკანასკნელი სააღდგომო საჩუქარი, რომელიც ალექსანდრე III მეუღლეს გაუკეთა, კვერცხი – «რენესანსი» იყო. მას ზარდახშის ფორმა ჰქონდა და აგატის კვერცხის ნაჭუჭი, გარედან ოქროს დეტალებით და ძვირფასი ქვებით იყო გაფორმებული. ხოლო, თავზე, ბრილიანტის ქვებით, შექმნის თარიღი – 1894 წ. ეწერა.


image


რა იყო მოთავსებული კვერცხის შიგნით, უცნობია და საერთოდ, არც ის არის ცნობილი, იყო, თუ არა მასში «სიურპრიზი». შესაძლებელია, ის უბრალოდ, ზარდახშა ყოფილიყო, ან მასში მარგალიტის სამკაული ყოფილიყო მოთავსებული.

ერთი ვერსიით, ზარდახშაში კიდევ ერთი კვერცხი – «აღდგომა» იყო. ამჟამად, მსგავსი ექსპონატი ფაბერჟეს მუზეუმის ერთ-ერთი მშვენება არის. მაგრამ, აქვს თუ არა, მას კავშირი «რენესანსის» კვერცხთან, უცნობია.



პოლიტიკა და შთაგონება


ალექსანდრე III გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე მისი მემკვიდრე, ნიკოლოზ II ავიდა. თუმცა, ახალი იმპერატორის კურთხევა, მხოლოდ 1896 წელს მოხდა და ტრადიციულად, ფაბერჟეს მორიგი სააღდგომო კვერცხი, რომელიც იმპერატორის მეუღლისთვის 1897 წელს შეიქმნა, სწორედ პოლიტიკურ თარიღს – ნიკოლოზ II კურთხევას ეძღვნებოდა. კვერცხის ნაჭუჭის იდეის საფუძველად ოქროს მანტია იქცა, რომელიც კურთხევის დროს, ნიკოლოზ II ჰქონდა მოსხმული.


image


ხოლო, «მეფედ კურთხევის» კვერცხის სიურპრიზი, იმ ეტლის ზუსტი ასლი წარმოადგენდა, რომლითაც იმპერატორის მეუღლე სარგებლობდა და უნდა აღინიშნოს, რომ ეტლი სრულ «სამუშაო» მდგომარეობაში იყო (ორივე კარი იღება, საკეტებით იკეტება, თვლები ტრიალებდა და ეტლს გადაადგილება შეუძლია. ხოლო, კარის გაღების შემთხვევაში, ფეხის დასადგმელი საფეხური ავტომატურად გამოდიოდა).



მალბოროს ჰერცოგის მეულთის ბედნიერების სიმბოლო


იმპერატორის ოჯახის წევრების გარდა, ძვირფასი და უნიკალური სააღდგომო კვერცხების მფლობელები, იმდროინდელი დიდგვაროვნები და სამრეწველო ელიტის წარმომადგენლებიც იყვნენ. მაგ., ერთ–ერთი შედევრის პატრონი, ინგლისელი ჰერცოგის მეუღლე იყო. რომელიც, 1902 წელს სანქტ–პეტერბურგში, ზამთრის სასახლეში გამართულ წვეულებას დაესწრო.



image


ხოლო, სამშობლოში, მალბოროს ჰერცოგინიამ სხვადასხვა სახის სამკაულებთან ერთად, რომელიც რუსეთში შეიძინა, ფაბერჟეს ვარდისფერი კვერცხი–საათიც წაიღო. რომელსა ის, საკუთარი ბედნიერების სიმბოლოდ მიიჩნევდა. თუმცა, კვერცხმა არ «გაამართლა» და ჰერცოგთან მისი ქორწინება გაყრით დასრულდა. ხოლო, 1926 წელს, «მისი ბედნიერების სიმბოლო» საქველმოქმედო აუქციონზე აღმოჩნდა... და ვიდრე ფაბერჟეს მუზეუმში მოხვდებოდა, მან არაერთი პატრონი გამოიცვალა.



«ზოგი ჭირი მარგებელია»


ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ, ბოლშევიკები «მსოფლიოში პირველი კომუნისტური სახელმწიფოს» ხაზინის შევსებას ცდილობდნენ და მათ რუსეთის სამხატვრო შედევრების კოლექციის გაყიდვა დაიწყეს. მათ გაძარცვეს ტაძრები, გაყიდეს «ერმიტაჟის» ყველაზე ძვირფასი ექსპონატები და ბოლოს, სამეფო გვირგვინებს, დიადემებს და სხვა ძვირფასეულობასაც მიადგნენ, რომელთა შორის, იმპერატორის ოჯახის მფლობელობაში არსებული, ფაბერჟეს კვერცხებიც იყო.


image


1925 წ. მათ საიმპერატორო სასახლის ძვირფასეულობის ნუსხა, ე. წ. ალმასის ფონდი შექმნეს და სსრ კავშირში, იმ დროს არსებულ, უცხო ქვეყნების ყველა წარმომადგენლობას გაუგზავნეს. ფონდის ერთი ნაწილი ინგლისელმა ანტიკვარმა ნორმან ბეისიმ შეიძინა და მოგვიანებით, კრისტის აუქციონს მიჰყიდა.

1928 წ. აღნიშნული ფონდიდან, 7 «ნაკლებადფასეული» ფაბერჟეს კვერცხი და კიდევ 45 ნივთი ამოიღეს, რომლებიც დაანაწევრეს და გადაადნეს. თუმცა, სწორედ იმის წყალობით, რომ ფაბერჟეს კვერცხებმა დაბალი შეფასება მიიღეს, გადადნობას გადაურჩნენ. ამგვარად მოაღწია ჩვენამდე დიდი ხელოვანის ერთ-ერთმა, შეიძლება ითქვას რომ, ყველაზე წარმოუდგენელმა ქმნილებამ — კვერცხმა «ფარშევანგმა». ეს არის ბროლის კვერცხში მოთავსებული ემალირებული ფარშევანგი, რომელიც მექანიზებულია და როდესაც მას, კვერცხში მოთავსებული, ოქროს ტოტიდან სიბრტყეზე სვამენ, ის დადის და ნამდვილი ფრინველივით, კუდსაც შლის.

imageimageimageimageimageimageimage






1
594
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
594
  
2019, 29 დეკემბერი, 2:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1