x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
მგელი, როგორც სოლარული სიმბოლო
image


როგორც წესი, ტრადიციულ მსოფლმხედველობაში მგელი ომის, მტაცებლური და დამპყრობლური ინსტინქტებისა და მეომრული ოსტატობის განსახიერებად მიიჩნევა. ეს სიმბოლიკა მგლების ბუნებრივ ინსტიქტებსა და ბიოლოგიურ სისტემაში მათ დაკავებულ ნიშასთან შესაბამისობაში მოდის. ამიტომაც, ოდინის ფერხთით ყოველთვის ორი მგელია, გერი და ფრეკი, ინდურ რელიგიაში მგელი რუდრას თანამგზავრი გახდა, რომაელებში მარსის. არქაულ საზოგადოებაში ფართოდ მიღებული პრაქტიკა იყო მგლისა ან დათვის ტყავის გადაცმა რიტუალისას, მათი მისტიური ძალის მისაღებად. სხვა მხრივ, თავის გამანადგურებელ ასპექტებში მგელი წყვდიადის, სისასტიკის, ულმობლობის, ზამთრისა და დამდეგი ქაოსის სიმბოლოც გახდა. მაგალითად, ლოკისა და გოლიათი ანგბოდის ნაშობი ფენრირი ოდინს მოკლავს რაგნარიოკის დროს, ხოლო მისი ნაშიერები სკოლი და ჰატი, მზესა და მთვარეს დაეწევიან მათ ჩასანთქმელად. აგრეთვე აღნიშვნის ღირსია არაერთი ისტორია მგლებ-მაქციებზე, მაგალითად ბერძენ მეფე ლიკაონზე, რომელმაც ზევსს ადამიანის ხორცის ღვეზელი შესთავაზა, რისთვისაც ზევსმა ის მგლად აქცია. თუმცა, გარდა მეომრული თვისებებისა და წყვდიადის გამანადგურებელი განსახიერებისა, მგლები აგრეთვე მჭიდროდ დაკავშირებულები იყვნენ მზის კულტებთან, ისინი მზის რელიგიის ნორდიკული ღმერთის მაცნენი, ადამიანთა მოდგმის თანამებრძოლენი, მრჩეველნი, დამრიგებელნი და დამხმარენი გახდნენ.


ყველაზე ნათლად მზის სიმბოლიკა მგელთან მიმართებაში ჩანს ლიკეის აპოლონის ბერძნულ კულტში (ივარაუდება, რომ კულტის სახელწოდება მომდინარეობს ბერძნული სიტყვა Λύκος-გან რაც მგელს ნიშნავს). ჰიპერბორეული ღვთაების, აპოლონის ისტორია, მჭიდროდაა დაკავშირებული მგლის გამოსახულებასთან, და როგორც ეს მითოლოგიაში ხშირად ხდება ხოლმე, გადაჯაჭვულია წინააღმდეგობრივი მნიშვნელობით. არისტოტელეს თქმით, აპოლონის დედა ტიტანიდა ლეტო (ლატონა), მგლად გადაქცეული ჩავიდა დელოსზე ჰიპერბორეელების ქვეყნიდან, ზევსის ეჭვიანი მეუღლის ჰერას შიშით. ლატონამ სწორედ დელოსზე შვა ღვთაებრივი ტყუპები - არტემიდა და აპოლონი. მზის ღმერთმა, მის ერთგულ ხალხთა პირუტყვის მფარველობისას, მგლების მკვლელად გაითქვა სახელი, რაზეც მეტყველებს მისი ეპითეტი ლიკეის, ესეიგი მგლებისგან დამცველი. აპოლონის მიერ მგლების დევნას სოფოკლეც ადასტურებს, რომლის "ელექტრეშიც" ტალთიბე ქალაქ არგოსისკენ მითითითებისას, ორესტს ეუბნება: "აი ლიკეის მოედანი მგელთამმუსრავი ღმერთისა." ამავდროულად, თავად აპოლონიც მაქცია-ვერვოლფის თვისებებს ავლენს, როდესაც დაბალი რანგის ღვთაებების ტელქინების მოსაკლავად ან კირენასთან ქორწინების დროს მგლად იქცევა. აპოლონთან მიმართებაში მგლები განსაკუთრებულ მოწიწებას ავლენდნენ: პითონის მოკვლის შემდეგ პირველმა მგელმა მიუტანა აპოლონს დაფნის რტო და დელფოსში მზის კულტის ობიექტი გახდა, მაგალითისთვის იქ სპილენძისგან დამზადებული მგლის გამორჩეული გამოსახულება არსებობდა (დელფოსი - ელინისტურ ხანაში ოლიმპიური რელიგიის მთავარი ცენტრი). ამის შესახებ ადგილობრივი ლეგენდა არსებობდა, რომელიც პავსანემ გადმოსცა: "ოდესღაც ერთმა ქურდმა აპოლონის ტაძრიდან ძვირფასეულობა მოიპარა და ტყეში გაიქცა, სადაც მგლის მიერ მოკლულ იქნა; ეს მგელი არაერთხელ მისულა ქალაქთან და ყმუოდა, რის შედეგადაც დელფოსის ტაძრის მსახურებმა გადაწყვიტეს გაჰყოლოდნენ მგლის კვალს ტყეში, სადაც იპოვეს მოპარული ძვირფასეულობა; ამის სახსოვრადაც იქნა დამზადებული სპილენძის მგელი". კელტებს, რომელთა ქვეყნის მეზობლად იშვა აპოლონის დედა, ჰიპერბორეელი ქურუმი ლატონა, მზის ღმერთის საკუთარი ანალოგი ჰყავდათ სახელად ბელენი, ეს სახელი კი ეტიმოლოგიურად ახლოსაა სიტყვასთან bleis, რაც მგელს ნიშნავს.



image



რომაულ ეპოქაში მგელი არამხოლოდ მზის მაცნე გახდა, არამედ საიმპერატორო თაყვანისცემის საგანიც, საქმე იმაშია, რომ მარადიული ქალაქის დამაარსებელი რომულუსი და მისი ძმა რემი, ვესტას ქურუმის რეა სილვიისა და ღმერთ მარსის შვილები, ძუ მგელმა გამოკვება, რის შედეგადაც ეს მგელი რომის სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო გახდა. საინტერესოა, რომ რომაულ ეპოქაში სიტყვა "ძუ მგელი" ქუჩის ქალის სინონიმი იყო (lupus - მგელი, lupae - ძუ მგელი ან ქუჩის ქალი), ასე რომ ლეგენდა გარკვეულ ორაზროვან შინაარსს იძენს: არსებობს ვერსია, რომ სწორედ ის ძუ მგელი, მწყემსი ფაუსტულის ცოლი აკა ლარენცია იყო, რომელიც გამოირჩეოდა მსუბუქი ყოფაქცევით. ასეა თუ ისე, მგელი რომაული პანთეონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, რომის იმპერიის საბრძოლო სულისკვეთების და ელიტარული არისტოკრატიული თვისებების განმასახიერებელი გახდა. შემდგომ, იმპერატორმა იულიანმა, როდესაც რომში წარმართობის აღორძინება სცადა დაახლოებით ახ. წ. 360 წელს (რომში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების შემდეგ) თავის თხზულებაში "მზის მეფისადმი" წერდა: "რატომაა მგელი უპირატესად არესის ცხოველი და არა ჰელიოსის?" მზის წლიურ გზასაც ხომ ლუკობასი ეწოდება, რაც მგლისგან (Λύκος) მომდინარეობს. ჰომეროსი და ელადის სხვა გამორჩეული შვილები ამბობდნენ: "ასრულებს, როკვით, თორმეტთვიან გზას - ლიკაბანტი". ამგვარად, ეზოთერიკაში თავისი ცოდნით ცნობილმა, იმპერატორმა იულიანმა, განმარტა მგლის კავშირი ზოდიაქალურ ციკლთან და ძველბერძნულ-ძველრომაული დროის ათვლის ტრადიცია. მოგვიანებით ჰერმან ვირტმა თავის ფუნდამენტალურ ნაშრომებში, როგორებიცაა "კაცობრიობის წარმოშობა" და "წმინდა პროტოდამწერლობა" მსგავსი მსჯელობა აწარმოვა, სადაც მგელი ძველგერმანელების ზოდიაქალური ციკლის მფარველ ფიგურად წარმოაჩინა. საქმე იმაშია, რომ ჰერმან ვირტი ფუთარკს, მზისა და მთვარის მოძრაობის (პოლარულ განედებში მანათობლები დღის განმავლობაში ერთსა და იმავე პარალელზე გადაადგილდებიან, ბორბლის ბრუნვის მსგავსად) დაკვირვებაზე დაყრდნობით შექმნილი ზოდიაქალური ციკლის სიგელად განიხილავდა. ყოველ რუნას მთვარის გამორჩეული მდგომარეობა და კოსმოლოგიაში განსაკუთრებული მოვლენა შეესაბამებოდა. ზამთრის მზებუნიობის ღამე - განსაკუთრებით მისტიური მოვლენაა, გაჯერებული მდიდარი სიმბოლიკით, ესაა ისეთი თეთრი მფარველი ღმერთის სიკვდილისა და ხელახლა დაბადების მომენტი, გამეფებული წყვდიადის, სიცივისა და სასოწარკვეთის დროს, როგორიცაა ბალდრი, დონარი, ზიგტიური ან ული. მზის ღმერთის იარაღი, ისრები რომლითაც ის წყვდიადს ამარცხებს, არის რუნა ტიური, რომელიც მზის სხივებს სიმბოლიზირებს. მგელს ამ ჰიპერბორეულ სიმბოლიკასთანაც კავშირი აქვს: სიტყვა wulf, (მგელი) აშკარად "ul" ძირისგან მომდინარეობს, ანუ ის მფარველაი ზამთრის მზებუნიობის წინ, თუმცა სიუჟეტის შემდგომი განვითარების მიხედვით ზუსტად კოსმიური მგელი მფარველის მოწინააღმდეგესა და მის მკვლელს წარმოადგენს. ჩვენ ისევ დავუბრუნდით აპოლონის კულტში წარმოდგენილ საწყის მოტივს - ჰიპერბორეას, მგელს, მზის ნათებასა და მზის ღვთაებას.


მგლის მნიშვნელობა ძველ წარმართულ რელიგიებში, მითოლოგიასა და ფოლკლორში ამ ფუნქციებით არ ამოიწურება: მეომარი-მტაცებელი, მაქცია, მზის კულტის მსახური და ნეგატიურ ასპექტში, ოლიმპიელთა ამაღლებული პრინციპის დემონური მოწინააღმდეგე. მგლები ხშირად სამედიატორო, საშუამავლო როლს ასრულებენ და აკავშირებენ ადამიანთა და საიქიო სამყაროებს. ვედურ მითოლოგიაში მგლები საიქიო სამყაროს დამცველებად გვევლინებიან, ჩრდილოეთის აღმოსავლეთაზიური ტიპის მცირე ეთნოსების წარმოდგენით ადამიანები და მგლები უწინ ჰარმონიულად თანაცხოვრობდნენ, მაგრამ ჰარმონია ხარბმა მონადირეებმა დაარღვიეს, რის შემდეგაც მათ შორის საუკუნო მტრობა ჩამოვარდა. გარდა ამისა, ლატვიურ ხალხურ სიმღერებში მგელი არცთუ იშვიათად მოიხსენიება ღმერთის ძედ. ასევეა ქართულ ეზოთერულ კულტურაშიც, სადაც მგელი ყოველთვის სიმამაცის, თავდადებისა და სიძლიერის განმასახიერებელი ტოტემური ცხოველი იყო. ინდოევროპული სასულიერო მემკვიდრეობის უკიდეგანო ნარკვევებში კიდევ ბევრი მტკიცებულებაა, რომელიც ადამიანისა და მგლის მჭიდრო კავშირს ადასტურებს. ის დღესაც რჩება ჩრდილოეთის არისტოკრატიული კულტურის სიმბოლოდ და ევროპელთა მისტიურ წინაპრად, რომლებთანაც არაერთი ჩვეულება, ადათი და მითოლოგიური სიუჟეტი აკავშირებს.

0
288
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
288
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0