x
მეტი
  • 28.01.2020
  • სტატია:98596
  • ვიდეო:344017
  • სურათი:460903
სოციალისტური რეალიზმი და ქართული მწერლობა



სოციალისტური რეალიზმი და ქართული მწერლობა
სოციალისტური რეალიზმი - ლიტერატურასა და სახვით ხელოვნებაში აღწერის მეთოდი, რომელიც სამყაროსა და ადამიანის სოციალისტურ კონცეფციებს ემყარება.

საბჭოთა კავშირში სოციალისტური რეალიზმის მეთოდის ჩამოყალიბება სრულიად ლოგიკური იყო, რადგან საბჭოთა მთავრობას სჭირდებოდა მხოლოდ ბედნიერ და უზრუნველ მომავალზე ორიენტირებული ხელოვნება, რომელშიც რეალობის ანალიზს წარმატებით ჩაანაცვლებდა კომუნიზმისა და პარტიის რწმენა, რომელშიც არ იქნებოდა ავანგარდიზმის ადგილი, ხოლო რეალისტური ხელოვნება დაემორჩილებოდა სოცრეალისტურ კანონს.

სოცრეალიზმი იყო მეთოდი, რომელიც აბსოლუტურად ჰარმონიულად უპასუხებდა საბჭოთა ხელისუფლების მოთხოვნებს და გაატარებდა საბოჭთა პოლიტიკას კულტურის სფეროში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

საბჭოთა კულტურაში სოციალისტური რეალიზმის კლასიკური ხანა გრძელდებოდა 50-იანი წლების შუა წლებამდე, თუმცა ზოგადად სოციალისტური რეალიზმი 90-იან წლებამდე გაგრძელდა.


მიუხედავად ყველაფრისა, არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ თუნდაც 30-50-იანი წლები მთლიანად სოციალისტური რეალიზმის ეპოქაა. ამ პერიოდში იქმნებოდა როგორც ავანგარდული, ასევე რეალისტური ხელოვნების მნიშვნელოვანი ნაწარმოებები: გ. ტაბიძის, კ. ნადირაძის, კ. გამსახურდიას, ტერენტი გრანელის, ნიკო ლორთქიფანიძის, ბულგაკოვის, პასტერნაკის, ახმატოვასა და სხვათა ნაწარმოებები. მთელი 70 წლის განმავლობაში კულტურის ორგანული განვითარება გრძელდებოდა, მაგრამ ეს იყო ერთგვარი ფარული განვითარება. კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების ავანსცენაზე იდგა სოციალისტური რეალიზმი. სწორედ ის განსაზღვრავდა მაშინდელი კულტურის ხასიათსა და სტრუქტურას და, რაც მთავარია, ახდენდა საბჭოთა ადამიანების რამდენიმე თაობის ესთეტიკური ცნობიერების დეფორმაციას. სწორედ ამ პერიოდში ჩატარდა უპრეცედენტო აქციები იმ ხელოვანთა წინააღმდეგ, რომელთა ნაწარმოებებიც არ შეესაბამებოდა სოციალისტური რეალიზმის კანონს. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა კულტურის ისტორიის ისეთი კონცეფციები, რომელთა დაძლევა ზოგჯერ დღემდე ვერ ხერხდება და რომლებშიც განსაკუთრებით არის დამახინჯებული XIX-XX საუკუნეების კულტურა. სწორედ ამ წლებში ჩამოყალიბდა დასავლური კულტურის შესახებ საბჭოთა სტერეოტიპები და უამრავი მწერალი აიკრძალა. საშინელი “ფერისცვალება” განიცადა მრავალმა ჭეშმარიტმა ხელოვანმა. საკმარისია, შევადაროთ ზოგიერთი მწერლის 20_30-იანი წლების ნაწარმოებები მათ მიერ მოგვიანებით შექმნილ ნაწარმოებებს, რომ დავრწმუნდეთ, როგორ ხდებოდა ხელოვანთა გადაბირება, “მწერლობის მოთვინიერება” ადმინისტრაციული სისტემის მიერ.

1930 წლის 18 ოქტომბერს გაზეთმა „კომუნისტმა“ გამოაქვეყნა ქართველ პროლეტარ მწერალთა ასოციაციის ღია წერილს დამკვრელი მუშების გაწვევაზე ლიტერატურაში. მუშათა გაწვევა მწერლობაში საბჭოთა იდეოლოგიის მეტად სპეციფიკური „მიგნება“ იყო, რომელზეც იგი დიდ იმედს ამყარებდა. ამასთან დაკავშირებით ეპოქის სულისკვეთების გამომხატველია კრიტიკოს ვალერიან ლუარსამიძის მოსაზრება: „პროლეტარული მწერლობის ბოლშევიზაცია და რიგების გამუშურება ჩვენი გენერალური ლოზუნგია, დამკვრელ მუშათა ბირთვის ზრდა ამოცანათა ამოცანაა, ამ მიზნითაა წამოწყებული დამკვრელი მუშების გაწვევა პროლეტარულ ლიტერატურაში“. მწერალთა რიგების „გამუშურებით“ ბოლშევიკები ებრძოდნენ „უპარტიო მწერლებს“. ამ უკანასკნელს აკაკი ბაქრაძე ასე განმარტავს: “დღევანდელმა მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ მაშინდელი პოლემიკის ენაზე “უპარტიო მწერალი” ნიშნავს ნამდვილ მწერალს. დასკვნა მკაფიოა: მწერალთა რიგებში მუშების გამრავლებით უნდა მოეკლათ ნამდვილი მწერლობა. ნათლად არის გამოხატული მრწამსი. მწერლობა არ არის ნიჭიერება. არ არის აზროვნება. იგი არის პროპაგანდა. პროპაგანდა კი შეუძლია ყველას, ვინც იცის წერა-კითხვა და ესმის მოცემული დირექტივის აზრი და მიზანი.“

საბჭოთა პერიოდის ლიტერატურა ხასიათდება სამი ტიპის ხელოვნების თანაარსებობით: ავანგარდიზმი, რეალიზმი და, ბუნებრივია, სოციალისტური რეალიზმი. 50-80-იან წლებში სოციალისტური რეალიზმი უკვე აღარ იყო ერთადერთი შემოქმედებითი მეთოდი, მაგრამ ჯიუტად ცდილობდა, შეენარჩუნებინა ათწლეულების განმავლობაში მოპოვებული პოზიციები და არ დაეთმო თავისი პრინციპები.

სოცრეალიზმის თავისებურებები არსებითად განსაზღვრა იმ გარემოებამ, რომ, ბოლშევიკური პოლიტიკის უმკაცრესი მოთხოვნის შესაბამისად, ხელოვნება მთლიანად უნდა დაქვემდებარებოდა იდეოლოგიას. ხელოვნებას კი არ უნდა წარემართა ერის სულიერი ცხოვრება, არამედ პარტიის პოლიტიკას უნდა დაედგინა და განესაზღვრა ხელოვნების ქმნილებების ფორმა და შინაარსი. ბოლშევიკების იდეურ-ესთეტიკური კონცეფციის გატარება ხელოვნებაში ნიშნავდა იმას, რომ ხელოვნება ქცეულიყო მხატვრული ფორმებით “მოაზროვნე” იდეოლოგიად, რაც რიგ შემთხვევაში ასეც მოხდა. ეს პოზიცია არაერთხელ გაუმჟღავნებიათ მხატვრულ ლიტერატურაში. მაგალითად, პოეტი ამაყად აცხადებს:

“მოსაპოვებელს

მოვიპოვებდეთ,

რეკავს,

გუგუნებს ჟამი წინსვლისა...

გვიხმობს პოეტებს,

გვიხმობს პოეტებს

ხარაჩოები კომუნიზმისა” [ნონეშვილი 1982:181]

მწერლებისა და მათი ცალკეული ნაწარმოებების ბედი დიდად იყო დამოკიდებული ოფიციალურ კრიტიკაზე, პარტიული მუშაკების დამოკიდებულებასა და შეხედულებებზე. თუ რომელიმე პარტიული მუშაკი ან კომუნისტების ნდობით აღჭურვილი კრიტიკოსი ან ლიტერატურათმცოდნე ხელოვნების ქმნილებას შეაფასებდა ხალხისათვის გაუგებარ ნაწარმოებად, ამას შეიძლებოდა, განაჩენის მსგავსი ტრაგიკული როლი შეესრულებინა მწერლისა და მისი თხზულების ბედის განსაზღვრაში. როგორც წესი, ასეთ შეფასებას აძლევდნენ ისეთ ნაწარმოებებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ან ვერ თავსდებოდნენ სოციალისტური რეალიზმის იდეურ-ესთეტიკურ კანონში. ასეთი ნაწარმოები აღარ დაიბეჭდებოდა, ხოლო, თუ უკვე დაბეჭდილი იყო, “დააპატიმრებდნენ”. ეს იმას ნიშნავდა, რომ მას ბიბლიოთეკებისა და წიგნის მაღაზიების თაროების ნაცვლად ადგილს სპეცსაცავებში მიუჩენდნენ, რომლებიც, საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრებით, წიგნებისათვის იმავე ფუნქციას ასრულებდა, რასაც გულაგი განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებისათვის. მწერალიც ნაწარმოების ბედს გაიზიარებდა. მის პიროვნულ ბიოგრაფიაშიც გაჩნდებოდა ათასგვარი პრობლემა: რეპრესიები, დისკრედიტირება, აკრძალვა, გულაგი ან მისი მსგავსი სხვა დაწესებულება. მწერალს შეიძლებოდა, საკუთარი სიცოცხლითაც კი ეგო პასუხი თავისი განხვავებული პოზიციის გამო.


გამოყენებული ლიტერატურა: ნანა გაფრინდაშვილი „სოცრეალიზმის ეპოქის ქართული სალიტერატურო ცხოვრება ლიტერატურული კომპარატივისტიკის თვალსაზრისით“

0
12
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ტურძილაძე
მარიამ ტურძილაძე
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0