x
მეტი
  • 19.02.2020
  • სტატია:99373
  • ვიდეო:344568
  • სურათი:461770
თერგაული - ქართული მითოლოგია
თერგაული - ქართული მითოლოგია


თერგაული, თერგვაული არის ღვთისშვილი, "თეთრი მთის ქორი", კისტნელი (პირიქითახევსური) ჰეროსი, ერთ-ერთი უძველესი მითოლოგიური სახე (ხატი, მორიგე ღმერთის ნასახი, გაჩენილი) ფშავ-ხევსურულ მითოლოგიაში. მყინვარწვერთან ზედწოდებით დაკავშირებული გმირი, ქართული თეოგონიის ბურუსით მოცული და ეპიზოდურად მაინც ნათლად გამოკვეთილი ერთ-ერთი სახე. თერგაული კოპალასა და ბაადურის თანამებრძოლია, დევთა და ქაჯთა მტერი. როცა კოპალა ქაჯთა მეფე ბუქრამ ზღვის მორევში შეიტყუა და დაატყვევა, ერთი წლის თავზე მორიგემ ღვთისშვილებს უბრძანა კოპალა გამოიხსენითო.


თერგაული - ქართული მითოლოგია


თერგაულმა ღვთის კარი (ციური სასახლე) მიატოვა, ქაჯეთს გაეშურა, ქაჯთა ბაზარზე ნახა ერთი ღვთის ნასახი, ქაჯებს დაეჭირათ და სახედარივით ზედ სხდებოდნენ. თერგაული იცნეს, დაესია ქაჯთა ლაშქარი ღვთისშვილს "თეთრსა მთის ქორსა, თერგვაულსა". ერთი თანამებრძოლი ახლდა, კალთაში ებღაუჭებოდა, ქაჯები დამიჭერენო, შველას ითხოვდა. თერგვაულმა საგმირო იარაღი კაბის კალთაში დამალა, შავი ბადე გადაიცვა, ალბათ უჩინარის ჯადოსნური მოსასხამი. ქაჯებმა თავიანთ ხელმწიფე ბუქრას აცნობეს, ღვთისშვილი მოსულა, შავი ბადე გადაუცვამს, ვერას გავხდითო. წამოშავდა ბუმბერაზი ბუქრა. მთის ოდენა იყო ქაჯთა მეუფე, ცხრა თავი ება, თითო თავზე თითო თვალი ჰქონდა ცხრასახიანს. საშინელი მყვირალა იყო, ხმიანობდა, ზღვა ირყეოდა. ცხრა სახე დაეცქვიტა, მკლავებს იქნევდა.



თერგაული - ქართული მითოლოგია


თერგვაულმა ჰაერში ოქროქსოვილი გაშალა, გააჩერა, ზედ შედგა, ასლიტრიანი იარაღი გააშიშვლა, ცეცხლოვანი ისრები სტყორცნა ქაჯებს, სივრცეს ცეცხლი გაუჩინა. შედრკა ბუქრაი, ცხრავე თვალით ატირდა ("მანანა დაყარა"). ვერ გაუძლო ცეცხლსა და ცის ქუხილს. ქაჯები შავ მორევს მიაწყდნენ. ბუქრამ ღვთისშვილს მუხლი მოუყარა. ნაპირზე დახვავებული მარგალიტი ახვეტა გმირმა, კალთით წამოიღო, ღვთის კარზე მიართვა მორიგეს, უზენაეს ღმერთს. კოპალაც გამოიყვანა და ქაჯთა მორევში ნატყვევნიც.


თერგაული - ქართული მითოლოგია


სწორად მიგვაჩნია თერგვაულის სახელის ეტიმოლოგიური ძირის ძიება უძველეს ქართულ ონომასტიკაში" თარგამოსი ქართველთა მითური წინაპარია და თერგი - ჩვენი მდინარე. თერგვაული - თერგიული - თერგი - თარგამოსი უდავოდ სარწმუნო ეტიმოლოგიაა, დაკავშირებული ქართულ თეოგონიასთან.


წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.






კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (მეორე ნაწილი)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
99
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
99
  
2019, 15 დეკემბერი, 1:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1