x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
სიმბოლიზმი
image
სიმბოლიზი, როგორც ლიტერატრული მიმდინარეობა, პირველად საფრანგეთში წარმოიშვა. სიმბოლიზმის ესთეტიკა, რომელიც რეალიზმისა და ნატურალიზმის წინააღმდეგ იყო მიმართული, ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის 60-70- იანი წლების ბოლოს ჩაისახა პ.ვერლენის, ს.მალარმეს, ა.რემბოს შემოქმედებაში, მაგრამ სიმბოლისტთა დაჯგუფება მხოლოდ 80-იანი წლების შუა ხანებში შეიქმნა.

ტერმინი „სიმბოლიზმი“, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობის სახელწოდება, პირველად ფრანგმა პოეტმა ჟან მორეასმა გამოიყენა ჯერ თავისი პოეტური კრებულის წინასიტყვაობაში, შემდეგ კი „სიმბოლიზმის მანიფესტში“. მორეასი ამ მანიფესტში აცხადებდა, რომ სიმბოლიზმმა, რომლისთვისაც უცხოა „ ჭკუის სწავლება, დეკლამაცია, ყალბი მგრძნობელობა, ობიექტური აღწერა“, სამუდამოდ განდევნა ლიტერატურიდან ნატრალიზმი. მისი აზრით, სიმბოლიზმისთვის დამახასიათებელია „ ბუნდოვანება და მრავალმნიშვნელობა“. მორეასმა ახალი მიმდინარეობის ამოცანა ასე ჩამოაყალიბა: „ სიმბოლისტური პოეზია ისწრაფვის ხორცი შეასხას იდეას გრძნობად ფორმაში, რომელიც არ წარმოადგენს თვითმიზანს და ემსახურება რა იდეის გამოხატვას, დაქვემდებარებულ მდგომარეობას ინარჩუნებს.“ მისთვის დამახასიათებელია კონკრეტული სახის შეცვლა სიმბოლოთი, ირეალური სინამდვილის ძიება, კამერულობა, მაქსიმალური ზრუნვა სიტყვაზე, მუსიკალობის შექმნაზე. სიმბოლიზმი იყო სინამდვილისადმი ოპოზიციის გამოხატვა

სიმბოლიზმი და მისი მახასიათებლები

სიმბოლისტთა თეორიულ და კრიტიკლ ნააზრებში გადმოცემული დოქტრინა ზოგადად ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: მატერიალური საგნები თავი თავში მალავენ მათ ჭეშმარიტ, საიდუმლო არსს, იდეას, რომელიც მხოლოდ ხელოვნებისთვისაა მისაწვდომი, პირველ რიგში, მუსიკის, შემდეგ კი, პოეზიისათვის, რომელიც სიტყვის მუსიკალური გამოსახველობის ძალას ეყრდნობა.


პოეზიის არსებითი მახასიათებელია იდუმალების შეგრძნება. ამასთანავე პოეზია ცოდნის, სამყაროს ინტუიტიური წვდომის უმაღლესი ფორმაა. იგი უთანაბრდება რელიგიას, როგორც იდეალურ და რეალუ სამყაროებს შორის გადებული ხიდი, აქედან გამომდინარე, შემოქმედება ღვთისმსახურებაა, შემოქმედი კი-ღვთისმსახური. პოეტი უნდა ჩასწვდეს სამყაროს ერთიანობას და ჰარმონიის საიდუმლოებას და გამოხატოს იგი მის მიერ აღმოჩენილ „შესაბამისობებში“, ყოვლისმომცველ და ამომწურავი შნაარსის მქონე სიმბოლოებში.

სიმბოლისტებმა გაიზიარეს პლატონის მოძღვრება იდეებზე, როგორც სამყაროს პირველსაწყისებზე და ის შეხეულება, რომ ხილული რეალობა მხოლოდ ამ იდეათა მკრთალ ანარეკლს წარმოადგენს. მაგრამ პლატონისაგან განსხვავებით, რომელიც ხელოვნებას მიბაძვის მიბაძვად მიიჩნევდა და მის შემეცნებით ღირებულებას უარყოფდა, სიმბოლისტების აზრით, პოეტი არის მედიუმი ორ სამყაროს შუა რომელიც მატერიალური საგნების მიღმა ჭვრეტს მათ ჭეშმარიტ სახეს, ანუ იდეალურ საწყისს; ხელოვნება კი საკრალური რიტუალია, რომელსაც ადამიანი მიღმურ სამყაროში გადაჰყავს. სიმბოლისტები უარყოფენ აღწერასა და თხრობას ლიტერატურაში, რადგან, მათი აზრით, „ორი თვალი ადამიანის დაძველდა“ (ს.ცირეკიძე) სამყაროს აღსაქმელად, პოეზია კი ხილულ მოვლენათა მიღმა უნდა იხედებოდეს და გვიჩვენებდეს იმას, „რასაც ვერ იტყვის სიტყვა“ (გუკოვსკი). სიმბოლიზმი უპირატესობას ანიჭებდა წარმოსახვის თავისუფლებას. ის არ იზღუდავდა თავს მატერიალური სამყაროს ობიექტური კანონებით და არც იმ აუცილებლობით, რომ აუდიტორიისათვის გასაგები ყოფილიყო.სიმბოლიზმი თავს ელიტარულ, არისტოკრატიულ ხელოვნებად მიიჩნევდა და არ ცდილობდა მკითხველის გული მოეგო.

უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა აგრეთვე შოპენჰაუერის მიერ მუსიკის, როგორც სამყაროს ინტუიტიური წვდომის საუკეთესო საშუალებას, ხელოვნების უმაღლეს დარგად გამოცხადებას. შოპენჰაუერის იდეებით შთაგონებულმა სიმბოლისტებმა აიტაცეს და ლოზუნგად გადააქციეს ვერლენის ცნობილი ფრაზა - „მუსიკა, მუსიკა, უპირველეს ყოვლისა“. სიმბოლისტი პოეტები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ პოეტური ენის მუსიკალურობას. მუსიკა, რომელიც იმპრესიონისტებისათვის მხოლოდ გრძნობების ადეკვატური გადმოცემის საშუალება იყოს, სიმბოლისტებთან იდეათა სამყაროსაკენ აღმავალი კიბის ფუნქციას ასრულებს.

სიმბოლისტური შეხედულებების ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა შარლ ბოდლერის „შესაბამისობებმა“ და არტურ რემბოს „ხმოვნებმა“. ბოდლერი ავითარებს პლატონის თეორიიდან მომდინარე იდეას, რომლის თანახმადაც გარკვეული ფერები, ხმები, სურნელებანი ერთმანეთს შეესატყვისებიან და სავსებით შესაძლებელია მათი ერთმანეთის მეშვეობით გამოხატვა. იგივეს გვეუბნება რემბოც ლექსში „ხმოვნები“, სადაც ენაში არსებულ ყველა ხმოვანს ფერის, სუნის და ხმის გარკვეული შეგრძნება უკავშირდება: ე-თეთრია, ა- შავი, უ-მწვანე, ი-წითელი, ო-ლურჯი;

სამყაროს ერთიანობის იდეას ყველაზე უკეთ სიმბოლისტური ესთეტიკის მთავარი საყრდენი - სიმბოლო - გამოხატავს, რომელიც, სიმბოლისტთა აზრით, პოეტური სახეობრიობის მწვერვალს, იდეის სრულყოფილ ხორცშესხმას წარმოადგენს. სიმბოლო არის სახე, რომელიც თავის თავში მოიცავს შინაგან, ეზოერულ არსს. სიმბოლოს ლოგიკის მეშვეობით ვერ გავშიფრავთ, რადგან მას არ გააჩნია ერთი გარკვეული მნიშვნელობა. ალეგორიისაგან განსხვავებით, რომელიც ერთმნიშვნელოვნად იშიფრება, სიმბოლოს მრავალი მნიშვნელობა აქვს, მისი შინაარსი ამოუწურავია. ვ.გაფრინდაშვილის თქმით, სიმბოლოები, როგორ გრძნეული სარკეები, ერთდროულად სინამდვილის უამრავ სახეს ირეკლავენ. აქედა გამომდინარე სიმბოლოს ახსნა შეუძლებელია. იგი უნდა განიმარტოს ისევ და ისევ სიმბოლურ სახეთა უსასრულო რიგით, რომლებიც გარკვეულ სინათლეს კი შეიტანენ მასში, მაგრამ მის მნიშვნელობას წმინდა ცნებაზე მაინც ვერ დაიყვანენ. სიმბოლოდ შეიძლება გადაიქცეს ნებისმიერი სიტყვა, რომელიც არ არის საკუთარი თავის ტოლფასი და წარმოადგენს „სულ სხვა ხმების ექოს“ (ვიაჩ. ივანოვი). სიმბოლო არის მინშნება, მითითება რარაც საიდუმლო არსზე და ერთგვარი „პაროლი“ განდობილთათვის. სიმბოლოს ბუნდოვანია და ირაიონალური. სწორედ ეს ბუნდოვანება წარმოადგენს სიმბოლისტური ესთეტიკის ქვაკუთხედს.

ფრანგმა სიმბოლისტება, და პირველ რიგში მალარმემ, გადააქციეს ლექსი მრავალპლანიან და მრავალმნიშვნელიან სტრუქტურად. სიტყვის მუსიკალური მხარის წინ წამოწევით გაამდიდრეს მისი გამომსახველობითი შესაძლებლობანი. პოპულარული გახადეს ლირიკული პოემა და სალექსო ციკლები; ლექსების კრებულს შინაგანი მთლიანობა შესძინეს, რაც პოეტის განცდათა უწყვეტობით იყო განპირობებული, ამას ისიც უწყბდა ხელს, რომ პოეტური სახე-სიმბოლოები, რომელთა რიცხვი არ თუ ისე დიდი იყო, უცვლელად გადადიოდა ლექსიდან ლექსში და ერთიანი სიმბოლური სამყაროს არსებობის განცდას ბადებდა.

შემდგომში ფრანგულმა სიმბოლიზმმა უზარმაზარი გავლენა იქონია ევროპული პოეზიის გავითარებაზე.

საფრანგეთის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სიმბოლისტური სკოლა არსებობდა რუსეთში. მისი ჩამოყალიბება უკავშირდება ვ.ბრიუსოვის მიერ 1894-95 წლებში გამოცემულ კრებულს „რუსი სიმბოლისტები“. რუსულ სიმბოლიზმს დასავლურთან ბევრი საერთო ჰქონდა. კერძოდ, მასაც ახასიათებდა ორიენტაცია იდეალისტურ ფილოსოფიაზე; შემოქმედებას ისიც საკრალურ-რიტუალურ ქმედებად, სამყაროს კი ინტუიიური წვდომის საშუალებად მიიჩნევდა; მუსიკალურ სტიქიას ცხოვრებისა და ხელოვნების პირველსაწყისად აღიარებდა; მხატვრული ფორმებიდან უპირატესობას ლირიკას ანიჭებდა, მსოფლიო ჰარმონიის ძიებაში კი ანალოგიებსა და შესატყვისებზე ამახვილებდა ყურადღებას. ამავდროულა მას არსებითი ნაციონალური თავისებურებებიც გააჩნდა. რუსმა სიმბოლისტებმა ახალი მიმდინარეობა მჭიდროდ დაუკავშირეს ეპოქის დრამატიზმს.

ცისფერყანწელები

1916 წელს, როდესაც ფრანგული სიმბოლიზმი ფაქტობრივად დასრულებულ პროექტად გვევლინება, საქართველოში იქმნება პირველი სიმბოლისტური ლიტერატურული დაჯგუფება – „ცისფერი ყანწები“, რომელმაც ქ.ქუთაისში თავისი პირველი პერიოდული ორგანო (ჟურნ. „ცისფერი ყანწები“) გამოსცა. მის შემადგენდლობაში იყვნენ: ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, სანდრო ცირეკიძე, გიორგი ლეონიძე და სხვ. რედაქტორი იყო პაოლო იაშვილი, რომელსაც ეკუთვნის ჟურნალში დაბეჭდილი „პირველთქმა“ (სიმბოლისტთა ლიტერატურული მანიფესტი). აქ ის მკითხველს მიმართავს „იწამეთ ჩვენი გზა თავისუფალი მომავლისა“.

ახალი სკოლის გამოჩენას არაერთგვაროვნად შეხვდა მაშინდელი საზოგადოება. კიტა აბაშიძეს უთქვამს: „ჩვენს ლიტერატურაში ახალი მიმართულება გაჩნდა, რომელსაც საზოგადოების უმრავლესობა გულისწყრომით შეხვდა, მაგრამ ასეთია ყოველი ჭეშმარიტად ახალი მიმართულების ბედი; ილიასა და აკაკის სარბიელზე გამოსვლასაც ხომ ასევე შეხვდა მაშინდელი საზოგადოებაო“. მანვე შეაქო და შეათამამა „მეამბოხე“ პოეტები. საბჭოთა კრიტიკამ კი ცისფერყანწელთა შემოქმედება „ანტიხალხურ“, ნეგატიურ მოვლენად შეაფასა. თავად პაოლო იაშვილიც წერს: „პირველთქმა ჩვენი არის შხამური, იგი ადუღებული ფოლადივით დასწვავს თქვენს გულს, უწმინდესი ხელოვანის მტერნო, თქვენ, ვისაც არა გწამთ ხელოვნების მეფობა და მისი მაღალი ტახტის წინაშე არ აღიარებთ სამუდამო ქვეშევრდომობას.“

ცისფერყანწელების ძირითადი ამოცანა იყო ქართული კულტურის გამართვა ევროპული რადიუსით, ევროპული სიმბოლისტური პრინციპების გათავისება, ჭეშმარიტი ლექსისკენ მიბრუნება მხატვრული ფორმის, რითმის, რიტმის, სახეების თვალსაზრისით, პოეტის, როგორც იდუმალ კოსმიურ სამყაროსთან ორგანულად წილნაყარი არსების როლის აღდგენა. მათ შემოქმედებაში აშკარად მჟღავნდება კონცეპტუალური და სტილისტური მსგავსება ფრანგულ სიმბოლიზმთან, მეორდება თემები, სახეები, მოტივები, კერძოდ, ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებაში ფრანგული ლიტერატურიდან მკვიდრდება: ხელოვნების ელიტურობის იდეა; ნიღბის ესთეტიკა; პოეტის, როგორც მაგის გააზრება; ეროტიზმი; ურბანიზმი; „სიმახინჯის ესთეტიკა“; რემითოლოგიზაცია; ბოჰემის კულტი; სიკვდილის (თვითმკვლელობის)პოეტიზაცია; ალკოჰოლისა და ნარკოტიკების აპოლოგია და სხვ. თუმცა, განსხვავებით ფრანგი სიმბოლისტებისგან, რომლებიც სამშობლოს თემას მხოლოდ ირონიულ ასპექტში განიხილავდნენ, ცისფერყანწელთა შემოქმედებაში პატრიოტიზმი ცენტრალურ მოტივად გვევლინება. მათ ტექსტებში სამშობლო, ტრადიცია, სარწმუნოება ღირებული ტრიადული მოდელად ფორმდება. „პირველთქმაში“ პაოლო წერს: „ შეითვისეთ: უარყოფის სილამაზე, გმირული სიჩქარე, განათებულს სიმაღლის სიყვარული, მღელვარების სიდიადე, დასხვრევის იდუმალება. გიყვარდეთ მეხური მისტერიები, ცეცხლის მოკიდება მისი, რაც წარსულმა გაადიდა, გაუღიმეთ სიკვდილის ძახილს, დაივიწყეთ სნეულნი და მახინჯნი, უარყავით ლმობიერება და ქალური სინაზე. გიყვარდეთ ქალი ვნებიანათ და დაუზოგავათ ამრავლეთ ხალხი.“ და სწორედ ეს წარმოადგენდა მათ ძირითად პრინციპებს.

სიმბოლისტები მიიჩნევდნენ, რომ ქართული ლექსის დაცემა გამოიწვია ხელოვნების საზოგადოებრივ ინტერესებთან ზედმეტად დაახლოებამ, რამაც ზღვარი წაშალა მხატვრულ შემოქმედებასა და პუბლიცისტიკას შორის. აიტომაც მათი წარმოსახვის საგანი რეალური სინამდვილე კი არ იყო, არამედ მათი ფანტაზიით შექმნილი ხელოვნური სამყარო, რომელიც ჭეშმარიტ სინამდვილედ მიიჩნეოდა. ამ მისტიფიკაციის პროცესს კი რეალურიდან უფრო რეალურისკენ სწრაფვას უოდებდნენ (ვიაჩ. ივანოვის ფორმულა).

მაგიურ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ქართველი სიმბოლისტები ადამიანთა სახელებს. ისინი მიიჩნევდნენ, რომ რეალური მნიშვნელობისაგან განწმენდილი სახელი შესანიშნავი საშუალება იყო მხატვრული მიზნის მისაღწევად. შესაძლოა სწორედ ამის გამოძახილი იყო ის, რომ ორდენის წევრებმა სახელები შეიცვალეს - ტიტე ტიციანად იქცა, პავლე - პაოლოდ, კოლა - კოლაუდ, ნიკოლოზი - ნიკოლოდ.

ქართველი სიმბოლისტებმა ბუნება ქალაქით შეცვალეს: „ ჩვენ გვინდა, რომ საქართველო გადაიქცეს უსაზღვრო, მეოცნებე ქალაქად, სადაც ცოცხალი ქუჩების ხმაურობა შესცვლის ყვავილოვანი ველების ზურმუხტობას“. (პ.იაშვილი „პირველთქმა“).

ცისფერყანწელთა სახელს უკავშირდება ასევე ელენე დარიანისა და დარიანული ლექსების ციკლი. “ცისფერყანწელთა” პოეტური ორდენის ფუძემდებელი – პაოლო იაშვილი ადგა და პუბლიკას მეგობარი ქალის – ელენე დარიანის ლექსები წაუკითხა. ამის შემდეგ დაიწყო საზოგადოებაში გარკვევა, თუ ვინ “მეგობარი” იდგა ამ ეროტიკული ლექსების მიღმა. საზოგადოების შეფასებით, ბესიკისა და ბარათაშვილის სატრფიალო ლექსების შემდეგ ელენე დარიანის ლექსები ვერ თავსდებოდა დაკანონებულ პოეტურ სივრცეში. საერთო საზოგადოებრივი განსჯითვე ეს იყო გალაშქრება ქართული ლექსის წინააღმდეგ, რომელიც სასიკეთოს არაფერს მოიტანდა. “ელენე დარიანი საშიშია. მას ტემპერატურა აწეული აქვს… სულიერი საუნჯე ელენე დარიანს არ გააჩნია. მას არ მოეპოვება ქალური მოკრძალება, არც სინაზე. ტლანქია და ის ჩვენს პოეზიას არაფერს მატებს”, (გაზეთი “სამშობლო” 1916 წელი ). ლექსებმა დადებითი შეფასება მხოლოდ პაოლო იაშვილის მეგობრებისგან მიიღეს. გრიგოლ რობაქიძე წერდა : “ჩვენში ბევრი ლექსი იწერება ვნების შესახებ, მაგრამ სულ ცოტა მათგანი თუ მოგვცემს ნამდვილი ვნების გრძნობას. ეს ლექსები კი ნამდვილი გრძნობის ვნებას გადმოგვცემს და არა მშრალ სიტყვას”.

ვინ იყო ელენე დარიანი? – მითი, არარსებული და უბრალოდ პაოლო იაშვილის გარდასახვის ნიჭის გამოვლენა, თუ რეალური პიროვნება, რომელიც გაექცა საკუთარ მენტალიტეტში ჩაკეტილი საზოგადოების რისხვასა და გვარი სწორედ ამ მიზნით შენიღბა?! საგულისხმოა, რომ რეალურად პაოლო იაშვილს მართლაც ჰყავდა მეგობარი – ელენე ბაქრაძე, რომელიც ლექსებსა და ეპისტოლარული ჟანრის ჩანახატებს წერდა. ეს ყოველივე კი ჩანს ამავე პიროვნების პირად არქივში, რომელიც ლიტერატურულმა მკვლევარმა – გიორგი ჯავახიშვილმა მოიძია. ელენე ბაქრაძის პირადი არქივი, როგორც მფლობელი ითხოვდა, მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ უნდა გაეხსნათ. ბაქრაძე პირდაპირ წერს, რომ დარიანული ლექსები ეკუთვნოდა მას – ელენე ბაქრაძეს. ელენე დარიანის გვარ-სახელით შენიღბვას კი ასე ასაბუთებდა: რამდენადაც ასეთი ლექსების ავტორი და თავად ლექსები საზოგადოებაში დიდ აჟიოტაჟს ქმნიდა, ელენე ბაქრაძეს, რომელიც ლექსების დღის სინათლეზე მოფენისას გათხოვილი იყო ვინმე შალვა ბერიშვილზე, ვერ შეძლებდა საკუთარი პიროვნების ღიად გამხელას, მით უმეტეს, რომ მაშინ ამ თამამი, ეროტიკული ლექსების ავტორს ყველა ეძებდა; ყველას იმის გაგების სურვილი კლავდა, ვინ იმალებოდა ამ სახელის მიღმა. სახელისა და გვარის, საერთოდ, პიროვნების გაშიფვრა კი, როგორც ელენე ბაქრაძე ირწმუნება, არ სურდა. ის წერს: "არ მინდოდა ვყოფილიყავი ამ ხალხის ბასრი კალმის, კრიტიკის ქარ-ცეცხლის ქვეშ. რატომ უნდა მქონოდა აღვირახსნილი ქალის სახელი?!"

საარქივო მონაცემების მიუხედავად, თანამედროვე ქართულ სალიტერატურო კრიტიკაში, ელენე დარიანის ავტორობის შესახებ ერთი აზრი დომინირებს - არანაირი ელენე ბაქრაძე– დარიანული ციკლის ლექსების ავტორი პაოლო იაშვილია, ვინაიდან მას გააჩნდა შემოქმედბითი ბუნება, გარდასახვის უნარი, ის იყო ყველასაგან განსხვავებული ადაიანი. თუმცა, მიუხედავად ამ მოსაზრებებისა, დღემდე არ არის დასაბუთებული ვინ დგას დარიანული ლექსების მიღმა

სიმბოლიზმი გარდა ლიტერატურისა მხატვრობაშიც გვხვდება. სიმბოლისტმა მხატვრებმაც კონკრეტული სახეები სიმბოლოებით შეცვალეს. ამ თითოეულ სიმბოლო კი საკუთარი დაფარული მნიშვნელობა და დატვირთვა ჰქონდა. მაგალითად, ისეთი მხატვრები როგორებიც იყვნენ ფრანგი გუსტავ მორო და ოდიონ რედონი, ავსტრიელი გუსტავ კლიმტი ძირითადად სიზმრებს, ზებუნებრივ მოვლენებსა და ცხოვრების იდუმალ მხარეებს აღწერდნენ. ისინი გრძნობდნენ, რომ ზებუნებრივის პირდაპირ ჩვენება არ შეიძლებოდა. ამიტომ მის გამოსახვას უცნაური სიმბოლოებით ცდილობდნენ. ძნელი სათქმელია რას ნიშნავს მათ მიერ გამოყენებული სიმბოლოები ისინი მხოლოდ გრძნობებსა და შთაბეჭდილებებს აღგვიძრავს.

0
1137
შეფასება არ არის
ავტორი:ეთერ ნოზაძე
ეთერ ნოზაძე
1137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0