x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
მიგრანტები, კულტურა და მულტიკულტურული გარემო
image

ბოლო პერიოდის განმავლობაში მთელს მსოფლიოში საგრძნობლად გაიზარდა მიგრაციის შემთხვევები. წლებთან ერთად საზღვრები ქვეყნებს შორის თითქოს უხილავი ხდება, ადამიანებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ ან დასაქმდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. დასაქმების ბაზარი, ისევე როგორც განათლების, გლობალური გახდა და ადამიანებს არ უწევთ არჩევანი მხოლოდ საკუთარ სამშობლოში სწავლაზე ან დასაქმებაზე შეაჩერონ. ამასთან ერთად მიგრაციის პროცესს მრავალი ცვლილება ახლავს თან, მიგრაციის პროცესი ახდენს გავლენას როგორც ინდივიდის ემოციებზე, ასევე მის მშობლიურ კულტურულ ღირებულებებსა და ნორმებზე, რომლებიც სრულიად აქვს გათავისებული ინდივიდს და მის ქცევებში ვლინდება. ბუნებრივია, როდესაც მიგრანტი მისთვის უცხო კულტურის ქვეყანაში მიდის საცხოვრებლად, სასწავლებლად თუ სამუშაოდ, მას უწევს საკმაოდ განსხვავებული კულტურული ნორმების გაცნობა, გაცნობიერება და ასევე იზრდება უცხო ადამიანებთან შეხვედრის ალბათობაც. უცხო ადამიანებთან შეხვედრაზე ყველა ადამიანი ინდივიდუალურად რეაგირებს; ზოგი თავს აარიდებს ასეთ სიტუაციებს, ასეთ ადამიანებს ინტროვერტულობა ახასიათებთ, ზოგი ღიაა სიახლეებისადმი და მათი ექსტრავერტული ბუნება მათ უცხო ადამიანთან ურთიერთობის დამყარებისკენ უბიძგებთ. სხვებთან ურთიერთობის დამყარება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს მიგრაციის პროცესში, მიგრანტებს კომუნიკაციის უნარის ქონა ეხმარებათ ახალ საზოგადოებაში ურთიერთობების მარტივად დასამყარებლად.

ყველა ქვეყანას განსხვავებული კულტურული ღირებულებები გააჩნია და იმ ქვეყანაში მცხოვრები საზოგადოებაც მათი ქვეყნის კულტურათა შესაბამის ქცევებს ახორციელებს. მიგრანტებს ხშირად უწევთ თავიანთი ქცევების იმგვარად გარდაქმნა, რომ მოერგონ მიმღებ ქვეყანაში არსებულ კულტურას, ეს შეიძლება იწვევდეს სტრესს, დეპრესიას, შფოთვას. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ინდივიდი მისგან განსხვავებული კულტურული ღირებულებების მქონე ინდივიდის ქცევის ახსნისას მისი კულტურიდან გამომდინარე აკეთებს დასკვნებს, ამას მივყავართ არასწორად ატრიბუციებამდე. მაგალითად არაბეთის კულტურაში მისაღებია საუბრისას ახლო დისტანციაზე ყოფნა, განსხვავებით ამერიკული კულტურისგან, სადაც ახლო დისტანციით საუბრის მანერა არაეთიკურად ითვლება, ერთი არაბი დიპლომატი ამერიკულ ჰოსპიტალში თავს დამცირებულად გრძნობდა, რადგან ექთანი გარკვეულ დისტანციას იჭერდა მასთან ურთიერთობისას და მან არასწორი დასკვნა გამოიტანა, რომ ცუდი სუნი აქვს და მისი ეშინიათ. ასევე ყველასათვის კარგად ნაცნობი, თანხმობის ნიშნად თავის ზევით-ქვევით დაქნევა, თითქოსდა უნივერსალური ჟესტია, თუმცა ბულგარეთსა და საბერძნეთში სრულიად საწინააღმდეგო მნიშვნელობას იძენს და სხვა კულტურის წარმომადგენელი აუცილებლად შეცდომაში შევა და არასწორ დასკვნებს გააკეთებს.

როგორც ვთქვი კომუნიკაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მიგრაციის პროცესში, კომუნიკაციის შემაფერხებელი სხვა ქვეყანაში მოხვედრილი ადამიანებისთვის არის ენის ბარიერი. ენა ინფორმაციის ინსტრუმენტული და ემოციური მიზნების მისაღწევად სიმბოლური გადაცემის ეფექტური საშუალებაა. ენის ბარიერი ხელს უშლის მიგრანტს სწრაფად და კომპაქტურად ადაპტირდეს ახალ გარემოში. აქვე ჩნდება მეორე პრობლემა, ენის მორგება, რაც გულისხმობს საკუთარი მეტყველების პატერნიდან მოსაუბრის სტილზე გადასვლას, რათა მიღწეული იყოს ენის რაც შეიძლება მეტი მსგავსება. ენის მორგების მრავალ ცხოვრებისეულ მაგალითს შევხვდებით, სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანები სხვადასხვა კულტურიდან და ქვეყნიდან ხშირშემთხვევაში მშვენივრად უგებენ ერთმანეთს.


image

სხვა ადამიანებთან კავშირი უმეტესწილად ავტომატურად ხდება და სოციალური სცენარითაა განსაზღვრული. სცენარი ეს არის მოვლენების თანმიმდევრობა, რომელსაც ადამიანი მოელის და თავად ხდება მონაწილე ან დამკვირვებელი. სცენარებს ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლობს. გაზიარეული სცენარები სხვადასხვა როლის მქონე ადამიანებს(მგზავრი, ბიბლიოთეკარი, ოპერატორი და ა.შ) საშუალებას აძლევს ჩაერთოს ურთიერთობაში, ისე რომ ყურადღება არ მიაქციოს სხვა ადამიანის პიროვნულ მახასიათებლებს. მიგრანტებისთვის ეს ბევრ რამეს ამარტივებს, მიმღებ ქვეყანაში გაზიარებული სცენარების გამოყენება მათ გაუმარტივებს ადაპტირებას გარემოსთან. აქვე აღსანიშნავია, რომ სხვა ადამიანთან ურთიერთობისას მაშინვე თავს იჩენს მთელი რიგი ფსიქოლოგიური მანიშნებლები: სქესი, ასაკი, რასა, ფიზიკური მიმზიდველობა, სხეულის ფორმა, სახის ნაკვთები. თითოეული მათგანი სხვა ადამიანის პიროვნების შესახებ იძლევა ამა თუ იმ ინფორმაციას. ერთის მხრივ მიგრანტებს ეს მიმანიშნებლები ეხმარება კომუნიკაციის დამყარებაში და დასკვნების სწარაფად გამოტანაში, თუმცა მეორეს მხრივ განსხვავებული კულტურის წარმომადგენლები სხვადასხვა მანიშნებლებს ეყრდნობიან და მათ განსხვავებულად იყენებენ საკუთარი ქცევის წარმართვაში, ასევე სხვის ქცევასაც საკუთარი კულტურის კუთხიდან განიხილავენ და ხშირად სტერეოტიპების მსხვერპლი ხდებიან.

გამომდინარე აქედან, მიგრაცია რთული პროცესია, რომელიც მიმდინარეობს მულტიკულტურულ გარემოში და მთელი რიგი პრობლემები ახლავს თან, როგორებიცაა გაცრუებული მოლოდინი, არასწორი ატრიბუციები, ენის ბარიერი, ენის მორგება, აკულტურაცია და აკულტურაციის სტრესი, კომუნიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები, ქცევის ცვლილებები მიმღები კულტურული ღირებულებების შესაბამისად და მრავალი სხვა. ასევე არსებობს ბევრი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს მიგრაციის პროცესის სწრაფად და რელევანტურად წარმართვას, ეს არის არავერბალური კომუნიკაციის ზოგიერთი მანიშნებლები, გაზიარებული სცენარები, რომელიც ეხმარება მიგრანტს ადაპტირდეს სწრაფად მიმღებ კულტურათა შესაბამისად.

0
82
შეფასება არ არის
ავტორი:დეა დიხამინჯია
დეა დიხამინჯია
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0