x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ელია - ქართული მითოლოგია
ელია - ქართული მითოლოგია


ელია არის წვიმის მომყვანი ღვთაება ქართულ მითოლოგიაში, ლაზარეს ორეული (ლექსებიც საერთო ჰქონდათ). დიდმა ღმერთმა ცათა და ღრუბელთა წინამძღვრად დააყენა, სეტყვას და წვიმას მიუძღვის, ბრმაა და ქვეყანას ვერ ხედავს, ამიტომ ქვეყანას ვერ ზომავს, სეტყვაც ხან სად დაკრავს და ხან სად (ხალხ. ზღაპრ., თ. რაზიკაშვილის ჩაწერილი. 1909, 264). მის სიბრმავეს სათავე ბიბლიაში უდევს. დამაფიქრებელია შედარება ბიბლიურ წინასწარმეტყველ ილია გალადელთან (თეზბიტელთან), რომელიც ღმერთმა უკეთური აქაბის დასასჯელად გაგზავნა. მან ეს ქალაქი ციური ცეცხლით დაწვა და შედეგ ცად ამაღლდა, როგორც დიდი ქურუმი. მსგავსებაა სახელთა შორისაც (ილია - ელია- ჰელიოსი). შესაძლოა ფარული შორეული ნათესაობა იყო, მაგრამ ქართული ელია დამოუკიდებელი სახეა ან ასეთი სახე მიიღო. მისი ყურადღების მიპყრობის მიზნით ზარებს რეკავენ. ელიას ესმის და სეტყვას იმ ალაგას აღარ აგზავნის.


ელია - ქართული მითოლოგია


ელის საკულტო ადგილი საქართველოში მრავალია, მაგალითად თბილისის ახლოს, მახათას მთის რმოსავლეთით, ერთ ადგილს ელიას ეძახიან. ლეჩხუმშიც არის მისი გორაკი, სადაც მლოცველნი ცაცხვის ხეზე სანთლებს ამაგრებენ, იქვე სახალხო დღესასწაული ელიაობა (სვ. ელიობ) იმართებოდა. ის ხე სანთლით დაიწვა. მის სადიდებლად ფეხშიშველი ქალები სოფელ-სოფელ დადიოდნენ, ელიას თოჯინას დაატარებდნენ და მოთქმით გალობდნენ: "ელიაო, მელიაო, შენთვის არ გვიწყენიაო". თუ გვალვა გაგრძელდა, გუთანი რიყეზე ჩააქვთ და ტირიან: "ღმერთო მოგვეც წვიმა-ნამი, წყალი და ბალახი, საზრდო და პური, ნუ გაგვიშვებ მშიერსა." მერე თხას და თიკანს სწირავდნენ. ეს ხალხთა უძველესი რიტუალის ქართული სახეობაა.



ელია - ქართული მითოლოგია


ასე აკეთებდნენ აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც (რაჭაში, სვანეთში), თანაც წელიწადში სამჯერ (პირველი, შუა და გარდამავალი ელიობა). სვანეთში არის სოფელი ელი და ამ სოფელში არის სალოცავი, სადაც გვალვიან წელს ზვარაკი მიჰყავდათ და წვიმას შესთხოვდნენ "მადლიან ელის". მიზანი ყველგან წვიმის მოყვანაა. სახე და კულტი ემსგავსება ლაზარეს, განსხვავება დეტალებშია. გარეკახეთში, ნორიოში ჩაწერილი ვერსია ამბობს: ჩამოივლიდნენ გოგო-ბიჭები, დაითრევდნენ რკინას, ვითომ ხნავენ და ელიას დასცინიან - "აი, ასე ვხნავთ, შენ კი მიწას გვიხმობ, პური გენანება"-ო.


ელია - ქართული მითოლოგია


რაჭა-ლეჩხუმში გამურულ გონჯას გამოიყვანდნენ, წელზევით შიშველს, დაატარებდნენ და მღეროდნენ - "გონჯა მოდგა კარსა, აბრიალებს თვალსა, რილოსა და ცხრილასა, ღმერთი მოგვცემს წვიმასა." გონჯაობას, ცხრილის გამოტანას, წვიმის სიმბოლიკას მიზნად იგივე, გაავდრება ჰქონდა. ზოგგან გონჯას ეკლები ეჭირა, წმინდა საკულტო ნიშანი, ასე დაიარებოდნენ კარიდან კარად. ვინმე გონჯას მიეპარებოდა, წყალს გადააღვრიდა და გონჯაც წკეპლით აედევნებოდა.


ელია - ქართული მითოლოგია


ელიას და ლაზარეს კეპრების და თოჯინების ტარების, გაწეწვის, გალობის გარდა, ხალხი მიმართავდა საავდრო ქვასაც: გადააბრუნებდა, წვიმა მოვიდოდა. გადმოაბრუნებდა, ნაცარს მიაყრიდა და წვიმას უნდა გადაეღო (ასეთი წარმართული სარიტუალო ქვა "პატივანს ქვევით" ვახუშტი ბატონიშვილსაც უნახავს და კავთისხევშიც ყოფილა).

სვანეთშიც ევედრებოდნენ ელიას. სწამდათ, ვინც ელიაობას იმუშავებდა, მის ყანას ღვარი წალეკავდა, მაგრამ სვანეთში ელიასა და ლაზარეს კულტს ფართო ნიადაგი არ ჰქონია.


ელია - ქართული მითოლოგია


გონჯაობა ჩაწერილია აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში (გონჯაობას მოვიარე, გონჯა მოდგა კარსაო), ყველგან თითქმის ერთნაირი საგალობლით სრულდებოდა. მთელი ეს საკულტო ცერემონიალი გლეხკაცის უბედურების, გვალვის ასარიდებლადაა მოგონილი. ხვნა-თესვასავით ძველია და ბევრი რამით მოგვაგონებს ინდურ დურგას, ასევე ეგვიპტურ, შუმერულ და ძველ ბერძნულ ელევსინურ და სხვა საკულტო ჰიმნებს.

წვიმის გამოწვევის სხვა წესიც არსებობდა სვანეთში: იდლიანის ლუხუმის მთაში ერთი ლურჯი ტბაა, იქ აჰყავდა ხალხის დავალებით ვინმეს კატა, ტბაში ჩააგდებდა და წრეები გაშლას ვერ ასწრებდნენ, რომ ღვარი წამოვიდოდა - ცა ქუხდა, ელია წყრებოდა.


წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
309
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
309
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0