x
image
თორ ნიკე
Mediator image
ციკლოპები, კიკლოპები, იგივე ხეცები
ციკლოპები,  კიკლოპები,  იგივე ხეცები


კიკლოპები (Kyklops, -opos, მრავლობითში - Kyklopes, "მგვალთვალიანნი", ლათინურად - Cyclopes, ციკლოპები) მითიური ცალთვალა ბუმბერაზები არიან. მთელი ცალკეული ტომი, მოდგმა, რომელმაც თითქოს ააშენა უძველესი კიკლოპური ნაგებობები მიკენურ ხანაში - ძვ.წ. 1600 - ძვ.წ. 1100 წლებში. კედლებზე აზიდული კიკლოპური ლოდები ბერძენთა ფანტაზიას საფუძველს აძლევდა, რომ შეექმნათ მითი ბუმბერაზებზე, რომელთაც უჩვეულო ღონე და შუბლზე ცალი თვალი ჰქონდათ. ცხოვრობდნენ ლიკიაში, არგოლიდაში, არკადიაში, ეპირში და მთელს დედამიწაზეც კი. ამიტომ ეძახის ევრიპიდე არგოლიდას "კიკლოპთა ქვეყანას". ბუმბერაზები ლიკიიდან მოსულან და აუშენებიათ ტირინთოს და მიკენის კიკლოპური კედლები. ჩანს, კაციჭამიების ველური ტომია.


ციკლოპი,  ხეცი


სვანურ მითოლოგიაში ერთმანეთისგან გარჩეულია დევი და ხეცი. ხეცი არის დევზე უფრო ტლანქი, ბოროტი, ბუმბერაზი და დაუნდობელი, მაგრამ უფრო იშვიათი არსება. საინტერესოა მისი მსგავსება ბერძენთა კიკლოპთან ანუ ციკლოპთან. მასავით ცალთვალაა და ძალზე ბრიყვი, კაცის ხორცს ჭამს (კიკლოპი პოლიფემეც ჭამს ოდისევსის მეგობრებს), ცხოვრობს გამოქვაბულში. დაბადებისთანავე ხეცი გაიძახის - "ჭამა მინდა!". გაუთლელ ადამიანზეც იტყვიან - "ხეციაო".



ციკლოპი,  ხეცი


ჰესიოდე (ძვ.წ. მე-8 საუკუნე) სამ კიკლოპს ასახელებს. მეხის მჭედელთა სახელებიც შესაფერისი აქვთ: ბრონტე (მქუხარე), სტეროპე (ელვის, მეხის მკვესავი) და არგესი (მოციმციმე). ამ უძველეს ვერსიაში ისინი ღმერთთა სწორნი არიან. (ჰესიოდე, თეოგონია, 142) - ურანოსისა და გეას ნაშიერნი, ძალუმი ბუმბერაზები, დედამიწის სტიქიურ ძალთა განსახიერებანი, რომელნიც ურანოსს სხვა შვილებთან ერთად მიწის წიაღში ჰყავდა ჩამწყვდეული, ამიტომ ურანოსის და კრონოსის დავაში კიკლოპებმა კრონოსს დაუჭირეს მხარი, მაგრამ თვით კრონოსს ეშინოდა მათი და გამარჯვების შემდეგ, შებოჭა.


ციკლოპი,  ხეცი


როცა ზევსმა კრონოსი დაამხო და ძალაუფლების სადავო აიღო, კიკლოპები ისევ აუშვა, თავის შვილს, ჰეფესტოსს მიუჩინა თანაშემწეებად და მას შემდეგ ოლიმპოს მბრძანებელს მეხსა და ელვას უჭედენ ქვესკნელის სამჭედლოში. (ჰეს. თეოგ. 503). როცა ზევსმა აპოლონის შვილი, ასკლეპიოსი მათი დამზადებული მეხით მოკლა, აპოლონმა კიკლოპები დაუხოცა, რისთვისაც ზევსმა შვიდი წლის განმავლობაში დევნილობით დასაჯა.

ერთერთი კიკლოპი უბრალო მწყემსად ემსახურებოდა მეფე ადმეტეს (ევრიპიდე, "ალკესტიდა", 127). სტრაბონის მიხედვით, ტირინთოს კედლებიც უშენებიათ, "ოდისეის" კიკლოპები კი სხვაგვარნი არიან - ველურები, კაციჭამიები.


ციკლოპი,  ხეცი


ჰომეროსის (ძვ.წ. მე-9 - მე-8 სს.) კიკლოპები სადღაც დასავლეთში ცხოვრობენ და ზევსთან არაფერი ესაქმებათ, უხეში ბუმბერაზები არიან. არც ღმერთი სწამთ, არც ადამიანს ეგუებიან, არც კულტურისა და ზნეობის გაეგებათ რამე. თუმცა მათი ქვეყანა ხილითაა დახუნძლული, ნიადაგს არ ამუშავებენ. მხოლოდ ჯოგები ჰყავთ და გამოქვაბულებში ცხოვრობენ კენტ-კენტად. ღმერთების რიდი არ აქვთ და არც სტუმართმოყვარეობა გაეგებათ. მეზობელი ფეაკები შეუვიწროებიათ და განუდევნიათ. "ოდისეაში" მათი წარმომადგენელია პოლიფემე, რომელმაც ოდისევსს რამდენიმე თანამგზავრი შეუჭამა და ამისთვის ცბიერმა გმირმა ერთადერთი თვალი ამოსთხარა.


ციკლოპი,  ხეცი


მოგვიანებით, როცა ჰომეროსის კიკლოპების სამეფო სიცილიაში დაადგინეს, კვლავ აღდგა ჰესიოდეს ვერსია და ეტნას ან კუნძულ ლიპარეას მიწის წიაღში მდებარე სამჭედლო, სადაც ძველ კიკლოპთა შთამომავალნი ზევსს მეხსა და ელვას უკერავენ. ასევე სხვა ღმერთებსა და გმირებს: "აოლიაში კუნძულია, ლიპარი ჰქვია, მაღალკლდოვანი, შიფ მღვიმეა. ქურა კიკლოპთა ეტნის ღრმულებში გრდემლის ცემა გუგუნს გამოსცემს. კიკლოპებს რკინა ღრმა მღვიმეში გამოეჭედათ, ბრონტეს, სტეროპეს და პირაკმონს გაშიშვლებულებს." (ვერგ. ენ. 8, 418).

ხელოვნებაში შუბლზე ცალ თვალს უკეთებდნენ, მაგრამ თავის ადგილზე ორი თვალიც ჰქონდა მინიშნებული მაინც. პოლიფემეს გარდა კიკლოპს ეძახიან ტანტალოსის ძეს, ეგვიპტის მეფეს და აგრიოპეს მამას.


წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.


ციკლოპები,  კიკლოპები,  იგივე ხეცები



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
334
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
334
  
2020, 12 იანვარი, 9:38
სვანეთში ასევე უწოდებენ ასე - "ხეც კელტიაან".
0 1 1