x
მეტი
  • 23.01.2020
  • სტატია:98459
  • ვიდეო:343887
  • სურათი:460705
დევი - ქართული მითოლოგია
დევი - ქართული მითოლოგია


დევი (სვანურად "დავ"; ინდურად Devih - დევი, დივ; სანსკრიტზე "Devi" ქალღმერთია; ქალდეურად "თაუთა"; ბერძნულად "თეოს"; ლათინურად კი "დეუს" ღმერთს ნიშნავს) - მდევი, უფერი, უზამფარი, ტყის ბუმბერაზი, ეს უზარმაზარი არსებები შეიძლება იყვნენ რქოსანი, ბალნიანი, ცალთვალა, ან სამ, ცხრა ან თორმეტთავიანი. ისინი ტყე-ღრეში (იფრიანში) მოხეტიალე და მღვიმეებში მობინადრე არსებები არიან მითოლოგიასა და ზღაპრებშიც.


დევის სახეს მსოფლიოში იმდენად ფართო ასპარეზი აქვს, რომ მისი ფუნქციები და ხასიათი გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს. ზოგი ეშმაკს ემსგავსება, ზოგი ბოროტ ჯინს, ზოგი ტყიურს, ზოგი ქალ-დევია, ზოგი კაცის მაგვარი. "დევს" ხედავენ ებრაულ-არამეულ "ასმოდეუსში", ეშმა-დეუს (ეშმაკ-დევი), რომელიც ქორწინების დამრღვევი დემონია. დევში ნამდვილად არის დემონური ძალა, თუმცა დემონი არაა.


დევი



ამირანის თქმულებაში ბულუმუღუნ-დევი ოლომფრეს ან გოლიათის მსგავსი ბუმბერაზია, დევთა სარდალი, რომლის ძლევა ამირანსაც კი გაუჭირდა (სვანური ვერსია). მაზდეანიზმში, იგივე ზოროასტრიზმში ან ცეცხლთაყვანისმცემლობაში დევები ასრულებდნენ უზენაესი ღმერთის - ორმუზდის, იგივე აჰურამაზდას თანაშემწეების როლს, მერე კი სპარსეთის მეფემ ქსერქსე I-მა (მეფობდა ძვ.წ. 486-465 წლებში) აკრძალა დევების ხსენება. დევებს არც ქრისტიანული სარწმუნოება იცნობს. ქსერქსემ გამოსვა "ვენდევდატ" ანუ შუა სპარსულად დევთა საწინააღმდეგო კანონი. ქართველები კი, ისევე როგორც მათი დიდი "წარმართი" წინაპრები, ქრისტიანობის შემოსვლის მიუხედავად, მიუვალ და უღრან ტყეებს დევებით დასახლებულ ადგილებად თვლიდნენ. ინდოეთში კი ჰყავდათ 33, 333 ან 3306 დევ-ღმერთი ("ციური").


დევი


ქართულ ხალხურ ლექსებსა და ზღაპრებში ასე კარგად ცნობილ სახეს, ნათესაური კავშირი უნდა ჰქონდეს რომელიღაც უძველეს ღვთაებასთან, რომელსაც აღმოსავლეთის და დასავლეთის ქვეყნებში ნაირ-ნაირი გაგება მიუღია. ასე, ქალდეველთა და ბაბილონელთა თაობა დაუთა (მთვარის ღვთაება შუბლზე თვალით), ძლიერ ჰგავს სვანეთში შემორჩენილ დათვს, დაუს (შინაარსითაც და ცალთვალიანობითაც). აგრეთვე ინდუიზმის სახე, ინდოელთა დივი, "მამა დევი", რაც ყველა ღმერთის დედაა. ინდოელთა უზენაესი ღმერთის, შივას ცოლია "მაჰადევი" - დიდი დევი (ნ. დურგა, პარვატი).


დევი


ქალდეველთა დევი ზღვის დემონიცაა (ლენორმანი, "აღმოსავლეთის ისტორია"). სხვა გაგებით, ბუმბერაზი ქალიც იყო, თუნგისოდენა ძუძუები ჰქონდა და შუბლზე ერთადერთი თვალი ესხა. ქართული ზღაპრების დევიც ხშირადაა დაკავშირებული ზღვასთან, ძუძუები კი დევთ-დედას ზოგჯერ მხარზე აქვს გადაკიდებული და მიწის ნაპრალს აკერებს. ამრიგად, ქალდეველთა და ინდოელთა ბუმბერაზი დევ-დედაკაცი ორეულს ჰპოულობს ქართულ ფოლკლორშიც დევთ-დედის სახით. დევთ-დედა არის დევების, ეშმაკთა, ჭინკების და ალთა დედა. მისი საკულტო ადგილია ციხურა დუშეთში მდებარე სოფელ როშკაში.


დევი


მეცნიერებაში გამოთქმული საფუძვლიანი ვარაუდები, რომ ცისა და შუქის უძველესი ღვთაების სახელები: ინდურად დიაუზი, ბერძნულად ზევსი (ძევს), სკანდინავიური ტირი, გერმანული ციო (ძიო), გოთების "თიუს", ლათინური "დეუს" და იუ-პიტერი, ქალდეველთა თაუთი აგებულია საერთო ძირზე "დივ" - შუქი. მაშინ ჩვენი დევიც ამ ძირიდან მოდის და უძველეს წარმართულ მითოლოგიაში ისიც ნათლის ღვთაება ყოფილა, მაგრამ დროთა განმავლობაში ძლიერ უცვლია სახე. კოპალას ციური ისრებით დაწვა კი ორიგინალური, ქართული ეპიზოდია.


დევი რომ ოდესღაც შუქის ნათელი (თეთრი) ღვთაება ყოფილა, ეს ქართულ ფოლკლორშიც ჩანს: ზღაპრებში მზეჭაბუკს ებრძვიან შავი, თეთრი და წითელი დევები. სვანურ ვარიანტში, ამირანმა რომ ბულუმუღუნ-დევი დაინახა, თვალისმომჭრელ შუქს ვერ გაუძლო და თვალებზე ხელი აიფარა; ხალხურ ლექსშია "თეთრი დევის ღონე გაქო" და სხვ.

დევი რომ ციურ შუქთან კავშირშია ამას ადასტურებს ჩვენი გალაქტიკის "ირმის ნახტომის" ან "რძის გზის" ერთი ქართული სინონიმიც ადასტურებს - "დევის ნამუხლარი".


დევი


ოსურ ნართებში დევები ძლიერ ბუმბერაზები არიან, ადამიანთა მტრები. ზოგს ხმალი დედის მუცლიდან გამოჰყოლია, (სოსლანთან ბრძოლა), ზოგი ფერხულში ერევა და ხელებს ამტვრევს ნართებს (კლავს ბათრაძი), ზოგი ისე დიდია, რომ თავის ქალაში გმირები ღამეს ათევენ. გამოქვაბული ჰგონიათ (დილით ეს ბრმა დევი ცოცხლდება და თებს ანგრევს), ცბიერებისა დარა იციან რა.


დევი, როგორც მითოლოგიური სახე, ყველაზე უფრო ჩამოყალიბებული და ხორცშესხმულია ქართულ ფოლკლორსა და მითოლოგიაში, მაგრამ შორეული პარალელების არსებობაც უდავოა. იმავე ძველ ინდურ ენაზე "დევასი" - ღმერთია; ავესტას სანსკრიტულ ენაზე "დაევა" ან "დევა" - დემონია; ძველ ისლანდიურ საგებში "ტივარი" ღმერთებს ნიშნავს. ლათინურად "დივუსი - ღვთაებრივს. ბერძნულად "დიოს" ზევსის სინონიმია და როგორც ზედსართავი, ნიშნავს ღვთაებრივს, სხივმოსილს, ბრწყინვალეს (აპოლონი, აფროდიტე და სხვ.). პოლონურად "ძივა" (დზივა) ნიშნავს საოცრებას; "დივ" გვიანდელი ფორმაა, სხვა ენებზე გადასული. ლიტვური "დიევა" ღმერთია, მაგრამ აქ ნათესაობა საეჭვოა. "დივ" ძველ სლავურ ენებზე უბედურების მაუწყებელი ფრინველია, ოფოფი. სიტყვა "დევი" ერთი ვარაუდით, მომდინარეობს ძველი სპარსული და თურქული ენებიდან "დევ" - ავი დემონი, ეშმაკი. ავესტაში "დაევა" ავი სულია.


დევი


ბანჯგვლიან დევს რომ ცეცხლი ადვილად ეკიდება, ესეც მის ცეცხლთან, ძველ გაგებასთან ნათესაობაზე მეტყველებს. მონადირეს ტყეში დევი გადაეყარა, კოცონტან მჯდომს ცეცხლთან ისიც მიუჯდა და იმეორებდა ადამიანის ყველა მოძრაობას, კაცმა მკერდთან მუგუზალი მიიტანა, დევმაც გაიმეორა და დაიწვა.


დევი განსაკუთრებით მტკიცედ დამკვიდრებულია სვანურ და ფშაურ ფოლკლორში. სვანებს ძლიერ სწამდათ მისი არსებობადა სწამთ დღემდე ხანდაზმულებს. მონადირეებს ხშირად უნახავთ, მოუკლავთ კიდეც და იქვე ქაფად ქცეულა. ასახელებენ ადგილებს, ყრუ და ბნელ ხეობებს, სადაც დევი "ნამდვილად არის". ხალხის რწმენით, ესროდნენ ერთს - კვდებოდა, ესროდნენ მეორედ - ცოცხლდებოდა, ამიტომ პირველ გასროლაზე შესძახებდა "კიდევ, კიდევაო!". ტყეში ღამით მგზავრს შეეყრებოდა, რამეს დააბარებდა სოფელში სათქმელად. ზოგჯერ კეთილი მრჩეველიცაა. ერთხელ გუდიანმა ჩაიარა, თავის მოკეთეს უთხრა, დღეს ძნა არ გაშალო, ღვართქაფი იქნებაო. მართლაც, მთელი სოფლის გაშლილი კალოები ღვარმა წაიღო, იმ ერთს კი კალოს ლეწვა არ დაუწყია და ასე გადარჩა.


დევი


დევის მოკვლა არ არის საჭირო. ვინმე დორეს თუ როზანს მოუკლავთ და მათს გვარში სიბერემდე ვერავინ მიაღწია. ზოგი დევი ძალზე ავია, მაგრამ არიან სამართლიანებიც, უმიზეზოდ არავის ერჩიან. ერთ მონადირეს დევი მოუკლავს, ღრიალი მთაში გაუგონიათ. უკითხავთ - რამდენი შეგება? - ერთი. თუ ერთზე ერთი ხართ, ჩვენ რას გვეძახდი?" - ჩამოსძახეს დევებმა. დევს არ უნდა აუხირდე. რასაც იტყვი და გააკეთებ, იმას იმეორებს, "ამიტომაცაა დევი". ესვრი - გესვრის, ცეცხლს წაიკიდებ - ცეცხლს წაიკიდებს და დაიწვება, რადგან ბანჯგვლიანია.


დევები აკვნის ბავშვებს ცვლიან - ადამიანის ძეს აიყვანენ ღამით და ფარულად თავიანთ შვილს ჩააწვენენ. ასეთ ბავშვებს გამონაცვალს "ნაცადვს, ან "დავულდიას" ეძახიან. ესე იგი პატარა დევს, ტლანქს, უგონოს, ლენჩს, უსარგებლოს, ხშირად მუნჯს. შესაძლოა მხოლოდ მწყემსად გამოდგეს როცა გაიზრდება. "დევი დაწყევლილი" სვანეთში დიდი წყევლაა. სამაგიეროდ, ბედნიერად ითვლება ის, ვინც დევმა დალოცა.


დევი


ბევრი ზღაპარი, მითი და ამბავია შექმნილი დევზე. ერთ უშგულელ მონადირეს დევი მოუკლავს. დევის შვილს შურისძიება გადაუწყვეტია, მაგრამ ერთი მონადირის სისხლი ეცოტავა და განიზრახა დაეხრჩო უშგულის ღვთისმშობელი და მასთან ერთად მთელი უშგულსოფელი. ამ მიზნით მოზიდა ცოკლოპური ლოდები, ენგური დატბორა. უშგულის დედაღვთისა შეწუხდა, კალის წმინდა კვირიკეს სთხოვა დახმარება. კვირიკემ ოქროსრქიანი ვერძი მიუშვა, ვერძი ჯების ეტაკა, დევის ნაგები კედელი დაანგრია და მდინარე კვლავ თავისი გზით გაუშვა, ამ დროს დევი იფარის ტყეებში დაბორიალობდა, კედლისთვის ახალ ლოდებს ეძებდა, ნახა კიდეც და მთელი კლდეები წამოიღო. როცა ენგურის აგორებული ტალღები ნახა, მიხვდა, რომ განზრახვა ჩაეშალა, ბრაზმორეულმა ერთი ლოდი აღმა ისროლა, მეორე დაღმა. ზედა ლოდი მთად იქცა, ქვედა კი მდინარეში ჩავარდა და ზედ ხალხმა მავნე ძალის დამარცხების ნიშნად კოშკი ააგო. ეს კოშკი იფარის მახლობლად დღესაც დგას. ეს მითი კი ძლიერ პოპულარულია. უფრო ხშირად კი დევი ქართულ ზღაპრებში გვხვდება.


დევი


ქართულ ფოლკლორში ასევე ცნობილია ლექსები დევებზე: დევების ამომწყვეტი, დევთა ქორწილი და ა.შ. სანადიროდ წასული ვაჟკაცი დევთა ქორწილში ხვდება, რქოსნები და კუდიანები უბღვერენ, ზოგსაც შუბლზე ერთადერთი თვალი უბრიალებს. სხვა დევი მოძმეებს ამშვიდებს - ქორწილი ყველას უხარიაო. შემდეგ მთვრალი დევები ერთმანეთს დაერევიან და იმართება საშინელი ბრძოლა, რაც ლაპითების ქორწილს მოგვაგონებს:


"დაჰკარით, მყოლებ იძახან, ჭერნ აუყუდნათ ბერასა,

მე რო მაგათ შუღლს შევესწარ, მაგათ ფარ-ხმლების ჯღერასა,

ერთურთისაკენ ზიდილსა, მაგათ ქურების ვერვასა,

ერთი რომ ნიგუზს იბრუნებს, სხვა ეზიდების კერასა,

რაიც რო შასვით, შესჭამეთ, ცეცხლად მაგიქცევთ ყველასა!"


სვანურ მითოლოგიაში ერთმანეთისგან გარჩეულია დევი და ხეცი. ხეცი არის დევზე უფრო ტლანქი, ბოროტი, ბუმბერაზი და დაუნდობელი, მაგრამ უფრო იშვიათი არსება. საინტერესოა მისი მსგავსება ბერძენთა კიკლოპთან ანუ ციკლოპთან. მასავით ცალთვალაა და ძალზე ბრიყვი, კაცის ხორცს ჭამს (კიკლოპი პოლიფემეც ჭამს ოდისევსის მეგობრებს), ცხოვრობს გამოქვაბულში. დაბადებისთანავე ხეცი გაიძახის - "ჭამა მინდა!". გაუთლელ ადამიანზეც იტყვიან - "ხეციაო".


ხეცი


დევთა სადგომი ფშავში ბეღელთანასა და ციხეგორს ყოფილა. ხევსურეთში კი დინიფხოსა და როშკის გორაზე. ახუვლებული დევები აღარც ადამიანს ერიდებოდნენ და აღარც ღვთისმშობელს. ხალხს აზარალებდნენ, ლუდს სვამდნენ; როგორც კენტავრები ღვინოს ეტანებოდნენ. გალეშილები კი დაერეოდნენ უფლის გაჩენილებს, განსაკუთრებით მძვინვარებდა სუმბატ დევი, რომელიც კოპალამ დაწვა ცეცხლოვანი ისრებით. როცა მორიგე ღმერთმა გაიგო დევების ამბავი (როცა "რა მოხდა, ძღვენ-შესაწირავი რატომ არ მოდისო", იკითხა, მოახსენეს ხალხს დევებ ჯაბნიანო), ღვთისშვილთა ღონე გამოსცადა. უძლიერესი აღმოჩნდა იახსარი, ლახტიც მას მისცა და დევთა გაჟლეტა დაავალა. ყველა დევი, რომელიც მაშინ გადარჩა, აბუდელაურის ტბაში იმალება. მხოლოდ ღამ-ღამობით ამოდიან და ხევ-ხუვში დაძრწიან. თუ გამოჩნდებიან, კოპალა დასწვავს (მითი ჩაიწერა დავით გოგოჭურმა ძილა ბეწიწურისგან).


დევი


ამირანისა და კოპალას, იახსარისა და ბაადურის შემდეგ ბევრი დევი აღარ დარჩენილა. მათ მოკლეს ბაყბაყი, თვალსაცერა და სხვა საოცრად ძლიერი დევებიც. ენგურის ერთ ხეობაში, სადაც ბევრი ქვაა, დევის თავებს (დავე თხუმარს) ეძახიან. ამირანს აქ დევები უხოცავს, მოჭრილი თავის ადგილზე სხვა ამოსდიოდათ თურმე, ბოლოს მუზარადით ენგურის წყალი ასხა და ბრძოლაც მორჩა. მოჭრილი თავები კი ლოდებად იქცა.

გურიაშიც, აჭის წყალთან, ხეობაში, დღესაც არის "დევის ქვა", იქვე "დევის ნამუხლარად" წოდებული ადგილი. (ლ. მელიქსეთბეგი, "მეგალითური კულტურა საქართველოში). არის ზოგიერთი ანდაზაც დევებზე: "დევივით ერთ ნათქვამს იმეორებსო; დევივით დოლაბს ეჭიდება; დევს ხარი კბილებში გაეჩხიარო (სვ.) და სხვ.

ხელოვნებაში დევთა სახე მრავალგზის დაუმუშავებიათ ძველი და ახალი დროის მხატვრებს, უმთავრესად, წიგნების ილუსტრატორებს. ქართულ ხელოვნებაში სანიმუშოა ლადო გუდიაშვილის ტილო "დევთა საქორწინო მოგზაურობა".


წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
969
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
969
  
1 იანვარი, 0:48
უძველესი ქართველი გიგანტები - დაგუგლე და მაგ თემაზე ამოგიგდებს ჩემს სტატიას მაგ სათაურით :)
2019, 31 დეკემბერი, 16:05
სულ მითებისგან რომ წერ ამ სტატიას რელურ ფაკტებზე რატომ არაფერს ამბობობ? დიდი გრიფი რომ ადევს იმიტომ? მაგალითად იმაზე რომ დიდი ადამიანისმაგვარი არსებები ნამდვილად იყვნენ არსებობოდა ასეთი ცივილიზაცია პლანეტის უამრავ ადგილზე პოლობენ მათ ჩონჩხებს რაგა შორს ცავიდეთ ბორჯომ ხარაგაულის ეროვნულ პარკსშიც იპოვეს ასეთი ჩონჩხი სოფელ ქვაბისხევთან ახლოს რომელმაც დიდი გამოხმაუბა გამოიწვია მარგრამ უცბათ ყველა მიწყნარდა
0 1 2