x
მეტი
  • 23.01.2020
  • სტატია:98457
  • ვიდეო:343886
  • სურათი:460696
" მე შენ გაცილებდე სამარის კარამდე?! - ზაზა ურუშაძის გარდაცვალებას ლანა ღოღობერიძე ეხმაურება
image


ქართული კინოს კლასიკოსი ლანა ღოღობერიძე კინორეჟისორ ზაზა ურიშაძის გარდაცვალებას ემოციური წერილით ეხმაურება, საიდანაც ვიგებთ რომ თეატრალურ უნივერსიტეტში ზაზა ურუშაძე სწორედ ლანა ღოღობერიძემ მიიღო და წლების შემდეგ თავად სტუდენტიც აძლევდა რჩევებს მის პედაგოგს -


91 წლის ლანა ღოღობერიძე წერს :

შეგახსენებთ, რომ ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა


ჩემი ზაზა!

ჩემი უმცროსი მეგობარი!

ჩემთვის მუდამ პატარა ბიჭი!

რა სიტყვებით გამოვთქვა ჩემი გულისტკივილი, არ ვიცი. მე - შენ გაცილებდე სამარის კარამდის?! მე - შენ!

ჩემთვის ბოლომდე ის პატარა ბიჭი იყავი, პირველად რომ გნახე სარეჟისორო სახელოსნოს მისაღებ გამოცდებზე. ყველაზე ახალგაზრდა 15 თუ 16 წლის ხუჭუჭა ბიჭი. (დღეს არც კი ვიცი, მართლა ხუჭუჭა იყავი, თუ არა, მაგრამ მე ასეთი დამამახსოვრდი) თვალები რაღაცნაირი მძლავრი ენერგიით გიელავდა, ლადო ასათიანის ლექსი წაიკითხე: "რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს, სიკვდილის ყველა კარგი ჩარაზეთ.." ახლაც თვალწინ მიდგას როგორი გზნებით ამბობდი ამ სიტყვებს. "სიკვდილის ყველა კარი ჩარაზეთ!.." (თუმცა მაშინ ალბათ ამ სიტყვის არსიც არ გესმოდა) რაღაც ძალიან ნაღდი დავინახე მაშინ ამ ბიჭში და, თუმცა ბავშვური ასაკი არ უწყობდა ხელს, უყოყმანოდ ამოვარჩიე რეჟისორობის მრავალრიცხოვან მსურველთა შორის. ამის მერე ხშირად იხსენებდა და უკვირდა როგორ ამიყვანეთ ჯგუფში 16 წლის ბიჭიო.

მერე წლების მანძილზე ზაზა ჩემთვის ნამდვილი ახლობელი გახდა, მეგობარი. ხშირად მირეკავდა. მოდიოდა, ბევრს ვსაუბრობდით. ყველა თავის ჩანაფიქრზე მელაპარაკებოდა, ყველა სცენარს მაკითხებდა. მის კაბინეტში, კომპიუტერში ბოლო ფილმის მასალაც მაჩვენა.


და მეც ვუზიარებდი ჩემ ჩანაფიქრებს, ფილმის მასალასაც კი ვაჩვენებდი. ეს ბოლო ფილმიც ნახა ერთ-ერთი მონტაჟის ეტაპზე, ახლაც მახსოვს რამ დააეჭვა და მეც ბევრი ფიქრის მერე, მისი შენიშვნები გავითვალისწინე. ეს რომ ვუთხარი, ბევრი იცინა, რატომაც არა. ხომ შეიძლება მეც რაღაცა გასწავლოთო!


ძალიან, ძალიან ბედნიერი ვიყავი მისი არნახული საერთაშორისო წარმატებით! თვითონ ისე გულღიად და ამაყად მიყვებოდა ამ წარმატების ამბებს და ისევე, როგორც ამ 40 წლის წინ, ბავშვურად უელავდა თვალები

imageანას წარმატებაც ეამაყებოდა ძალიან.


ფიცხი იყო, გურულებისთვის დამახასიათებლად ფიცხი. ბოლო ხანს კი აღმოჩნდა, ეს მარტო სიფიცხე არ იყო. არამედ მგრძნობარეობაც.


ალბათ ზედმეტადაც. საკუთარი თავის საზიანოდ?


და მე არ მშორდება განცდა რომ რაღაც დავაკელი და არ ვუშველე.

აკადემიაში თურმე მთელი იმ საბედისწერო დაპირსპირების მერე, მისი წერილის მერე კინოაკადემიის პრეზიდენტობიდან გადადგომის შესახებ, ვცდილობდი ამსთან დაკავშირებას. არ მპასუხობდა. რამდენჯერმე ანასაც მივმართე.


ახლაც, ამ რამდენიმე დღის წინ მინდოდა ფილმის პრემიერაზე მისი დაპატიჟება. ტელეფონი გამორთული ჰქონდა, ერთი მეგობრის მეშვეობით ისევ ანას დავუკავშირდი. პასუხი ასეთი იყო: ჩაიკეტა და არავის აღარ პასუხობსო.

და მე არ მასვენებს ის წყეული კითხვა, რა ხდება ჩვენს თავს?

რატომ არ გვესმის ერთმანეთის?

რატომ ვტკენთ ერთანეთს გულს? - ასე იოლად?

უცებ გამახსენდა კიდევ ერთი გულნატკენი, ადრე წასული ამ წუთისოფლიდან, "დარდების შემგროვებელი" გოდერძი ჩოხელი. ისიც ჩემი ნასტუდენტარი და ისიც ძალიან ახლობელი. ისიც გატყდა.


რა არის ჩვენი შეურიგებლობის არსი?

რატომ ვუპირისპირდებით ერთმანეთს ხშირად სამკვდრო-სასიცოცხლოდ?

ბოლო ხანს ეს გახდა ჩემი წუხილი. ჩემი ფილმიც ამას ეხება, ადამიანის უნარს - გაუგოს სხვას. შეიგრძნოს მისი ტკივილი, უთხანაგრძნოს მას. ზაზას ფილმში სწორედ ეს ხაზი მოსწონდა. თუმცა მაშინ სულაც არ ფიქრობდა. რომ მალე თვითონ აღმოჩნდებოდა დაპირისპირებისა და შეურიგებლობის შუაგულში.

ზაზას გული გაუსკდა.

იქნებ ამან დაგვაფიქროს და შევეცადოთ: გავუფრთხილდეთ ჩვენს გვერდით მყოფ ადამიანებს, არ ვატკინოთ ერთმანეთს გული.

ხშირად გავიხსენოთ:

"ველზე ყაყაჩოთა ნაღვერდალი,

წვიმის სევდიანი იდილია,

წყალგაღმა არაფერი აღარ არის,

წყალგაღმა მხოლოდ სიკვდილია."




ლანა ღოღობერიძე

0
120
1-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0