x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
მე-12 საეკლესიო კრება: რუსეთის პატრიარქი პიმენი და კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი ილია შიოლაშვილი

image1977წ. 23 დეკემბერი, მე-12 საეკლესიო კრება: რუსეთის პატრიარქი პიმენი და კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი ილია შიოლაშვილი.

მოკლე ამონარიდი უკმაყოფილო მღვდელმთავარის, სინოდის წევრის, მიტროპოლიტ რომანოზ პეტრიაშვილის წერილიდან: " ხელისუფლების წარმომადგენელმა თ. ონოფრიშვილმა (რელიგიის საქმეთა რწმუნებული 1976-78წწ.) ოფიციალურად გამოგვიცხადა – საპატრიარქო ტახტზე მიტროპოლიტ ილია შიოლაშვილის კანდიდატურა ოფიციალურად დამტკიცებულია და თუ ეკლესიაში სამსახური გვინდა, შევწყვიტოთ მასზე საჩივრების წერა, წმიდა სინოდმა მას უნდა დავუჭიროთ მხარიო.".

1977 წლის 18 დეკემბერს, როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მდივნის, გრიგოლ მშვიდობაძის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ ილიასადმი გაგზავნილი შეტყობინებიდან ირკვევა: „18 დეკემბერს, საღამოს 19 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს შენობაში ძალით შეჭრილა წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო განსხვავებული პოზიციის სამი მღვდელმთავარი.
სინოდის წევრები: ბათუმ–შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლოტი რომანოზი (პეტრიაშვილი), წილკნელი მიტროპოლიტი გაიოზი (კერეტაშვილი), ბოდბელი ეპისკოპოსი ილარიონი (სამხარაძე). მათ გაუტეხიათ პატრიარქის კაბინეტის კარები, კანცელარიის ოთახში გაუღიათ მდივნის საწერი მაგიდა და სეიფი – პატრიარქის კაბინეტში, დაუხევიათ საქმიანი ქაღალდები, მათ შორის – მოსაყდრის არჩევის ოქმი. გამოუყენებიათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ბეჭედი, უსარგებლიათ ქართული და რუსული საბეჭდი მანქანით. როგორც დარჩენილი შავი ნაწერებიდან ჩანს, მათ დაუგზავნიათ პროვოკაციული დეპეშები მთავრობის წარმომადგენლებისთვის, რუსეთის საპატრიარქოში, სომხეთის ეკლესიაში. დაუმტვრევიათ პატრიარქის კაბინეტის გასაღები და ჩაუსვამთ ახალი. გაგზავნილ დეპეშებში ისინი აღნიშნავდნენ, თითქოს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მოსაყდრის თანამდებობიდან გადაყენებული იყო ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია, ხოლო მე–12 საეკლესიო კრების ჩატარების თარიღი – გადატანილი.

საზოგადოებისა და ინტელიგენციის გარკვეული ნაწილის, აქტიური ჩარევის შემდეგ, კათოლიკოს–პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ ილიას, მოწინააღმდეგენი იძულებულნი გახდნენ, უკან დაეხიათ. მიტროპოლიტმა ილიამ, ხელმეორედ დაგზავნა შეტყობინებები მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებთან, საერო ხელისუფლებაში, იმის შესახებ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მე–12 საეკლესიო კრება, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის არჩევნები და ახლად არჩეული კათოლიკოს–პატრიარქის აღსაყდრება ნამდვილად გაიმართებოდა 1977 წლის 23–25 დეკემბერს.

დადგა 1977წ. 23 დეკემბერი. თბილისში ჩამოვიდნენ: მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი, უწმიდესი პიმენი, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი ვაზგენ I, საზღვარგარეთის მართლმადიდებელ ეკლესიათა დელეგაციები. 23 დეკემბერს, სიონში მე–12 საეკლესიო კრების გახსნამდე, ერთ-ერთი უკმაყოფილო მღვდელმთავრის მიერ, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის, ე. შევარდნაძის, სახელზე ასეთი შინაარსის დეპეშა გაიგზავნა: „29 ნოემბერს ხელისუფლების წარმომადგენელმა თ. ონოფრიშვილმა (რელიგიის საქმეთა რწმუნებული 1976-78წწ.) ოფიციალურად გამოგვიცხადა – საპატრიარქო ტახტზე მიტროპოლიტ ილია შიოლაშვილის კანდიდატურა ოფიციალურად დამტკიცებულია და, თუ ეკლესიაში სამსახური გვინდა, შევწყვიტოთ მასზე საჩივრების წერა, წმიდა სინოდმა მას უნდა დავუჭიროთ მხარიო. სარწმუნო წყაროებიდან შევიტყვეთ, რომ თქვენგან არავითარ ამგვარ გადაწყვეტილებას ადგილი არ ჰქონია... საკითხი სერიოზულია. გთხოვთ, სასწრაფოდ მიგვიღოთ წმიდა სინოდის განსხვავებულად მოაზროვნე წევრები, რათა პირადად მოგახსენოთ საქმის რეალური ვითარება“.

იმავე დღეს დეპეშები დაიგზავნა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის, პავლე გილაშვილისა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, ზურაბ პატარიძის სახელზე. მათში საუბარი იყო საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი სამართლებრივი ნორმების დარღვევაზე. იმავე დღეს 15 საათზე ბათუმ–შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის – რომანოზის სახელით დეპეშა გაიგზავნა მოსკოვში, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანთან ლეონიდ ბრეჟნევთან: „ძვირფასო ლეონიდ ილიას ძევ! – წერდა მიტროპოლიტი რომანოზი, – საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, დავით V–ის, გარდაცვალების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მოსაყდრედ გამოცხადდა მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი). იგი ჯერ კიდევ 1972 წლიდან ქართველი დისიდენტების მხარდამჭერი და წამქეზებელია. მოვითხოვ, მოიხსნას მისი კანდიდატურა.“

როგორც თვითმხილველები აღნიშნავდნენ, მიტროპოლიტ რომანოზის ქმედება საოცრად ულოგიკო იყო. წმიდა სინოდის 1977 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე იგი აცხადებდა, რომ მიტროპოლიტ ილიას პატრიარქობის შემთხვევაში არსებობდა საშიშროება, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია გაუქმებულიყო და რუსეთს დაქვემდებარებოდა. ამიტომ 90 წლის ასაკში იგი მზად იყო, ეტვირთა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობლობა; ხოლო 23 დეკემბერს ლ. ბრეჟნევისადმი გაგზავნილ დეპეშაში იგივე პიროვნება მან ქართველი დისიდენტების წამქეზებლად გამოაცხადა.

იხ. ფოტოზე: 1977წ. 23 დეკემბერი, რუსეთის პატრიარქი პიმენი და კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტი ილია შიოლაშვილიimage

1
338
2-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
338
  
2019, 8 დეკემბერი, 16:27
ილია შიოლაშვილი თანამოსაყრდე არ ყოფილა, პატრიარქ დავითს არ ჰყოლია თანამოსაყდრე, რადგან ეს მართლმადიდებლური კანონიკეთი აკრძალულია და დღეს მეუფე შიოს თანამოსაყრდრეობაც დანაშაულია.
ილია შიოლაშვილის ნაცვლად პატრიარქი დავითი მთავარეპისკოპოს ილარიონს აცხადებდა, მან ანდერძიც დატოვა, რომელიც სეიფიდან უკვალოდ გაქრა მისი გარდაცვალებისთანავე. პატრიარქი გახდა ილია || და მეუფე ილარიონი ეგრევე მოკვეთეს ეკლესიიდან.
0 1 1