x
მეტი
  • 23.01.2020
  • სტატია:98452
  • ვიდეო:343886
  • სურათი:460685
მინდა ვაახას შესახებ ერთი პატარა ისტორია მოგიყვეთ
image


მინდა ვაახას შესახებ ერთი პატარა ისტორია მოგიყვეთ, რომელიც ბავშვობიდან მახსოვს და რომელსაც დედა ხშირად ყვებოდა.
90-იანი წლების დროს ჩემი ძმა და დები გროზნოში იყვნენ, მეც სკოლის მოსწავლე ვიყავი. მამაც წასული იყო და ყველაფერი იმ პერიოდში დედის საზრუნავი იყო.


იმ დღეს ჩვენი რიგი ყოფილა სოფლის ნახირის და დედას მოუწია თურმე ნახირისთვის მიხედვა. შემოდგომის პერიოდი ყოფილა, როცა ჯერ კიდევ სიმინდი იყო მოსატეხი. დედას გაურეკია ნახირი ხალაწნის გორაზე, რომლის ფერდობებზეც თანასოფლელების კერძო ყანები იყო შემოღობილი და სამეურნეო მიწები კი პრივატიზაციის შემდგომ ჯერ კიდევ შემოუღობავი ყოფილა. ნახირმა რა ნახა ეს თავისუფალი სიმინდის ყანები, ეგრევე შეესია ამ ყანებს და დედამ უკან გადევნებაზეც ფიქრიც კი ვერ მოასწრო, რომ ორმოცამდე ხარ-ძროხა უცბად დაიკარგა.


საკმაოდ ძნელი აღმართია და სანამ დედა იმ გორაზე ავიდოდა, ყანები განადგურდებოდა კიდეც. დაბნეულობისგან (ჩვენთან არსებობს ასეთი გამოთქმა “ხი ქერარ დელჩ სანნა” - თითქოს წყალი გაუსხლტა ხელიდან, რაც ნიშნავს სასოწარკვეთილებას. ასე აღწერს ხოლმე დედა იმ მომენტში თავის მდგომარეობას) არც კი იცოდა თურმე რა მოემოქმედებინა, რომ უცბად დაინახა მისკენ ელვის სისწრაფით მომავალი ვაახა ფეხშიშველი. დედას მისალმებია, უნუგეშებია, ახლავე გამოვრეკავო მთელ ნახირს ყანებიდან, ჯოხი გამოურთმევია, კალოშებიც მომეციო, კალოშები გამოურთმევია და ისე სწრაფად აურბენია აღმართი, რომ დედამ პასუხის გაცემაც კი ვერ მოასწრო.



ახლაც ყვება დედა, როგორ სწრაფად გადმორეკა ნახირი ყანებიდან ვაახამ, როგორ შეაგროვა, ჩარეკა ალაზნის ჭალაში რიყესკენ. მერე გადაუცია კალოშებიც და უთქვამს, დეიდა ამ დროს ნახირი აქეთკენ არავის მოყავს, რადგან ძნელია მათი შეჩერება და შენ რატომ უნდა წამოგეყვანა, რიყეზე აძოვე მთელი დღე, არავინ გეტყვის საყვედურს და არც გაგიჭირდება და ისე წასულა.
მერე შეიტყო დედამ, რომ დილაუთენია როცა ეს ნახირი გადმორეკის მერე შეესია ყანებს, თურმე რამდენიმე თანასოფლელი სოფლის ნაპირას მდგარან და შორიდან ხედავდნენ ამ სურათს, თან ხუმრობდნენ თურმე, არაუშავსო ზარალს გადაიხდიანო, არ გაუჭირდებათო. ამ დროს ჩამოუვლია გზაზედ ვაახას დედას შარიათ დეიდას და დაუნახია ეს ყველაფერი, მაშინვე წასულა ვაახასთან, რომელიც მეზობელს ეხმარებოდა თურმე რაღაც მშენებლობაზე. მოუყოლია ეს ამბავი. ვაახას მაშინვე მიუტოვებია სამუშაო და ფეხშიშველი სირბილით წასულა ხალაწნის დაბლობისკენ, სადაც დედა მარტო ყოფილა გაფანტული ნახირის შემყურე.


დედა როცა ყვება ამ ამბავს, ყოველთვის წარმოვიდგენ ხოლმე მის იმდროინდელ მდგომარეობას, რადგან თავადაც სოფელში ვარ გაზრდილი და ვიცი რასაც ნიშნავს ასეთი შემთხვევები ქალისთვის.

აი, ამ პატარა შემთხვევიდანაც ჩანს, როგორი ადამიანია ვაახა და რამხელა ადამიანობა და ჰუმანიზმია მასში და როგორ ფიქრობთ, ის გაზრდიდა ტერორისტ შვილს?!

სოლიდარობა ამ შვილმოკლულ და სასოწარკვეთილ მამას!
მან დღემდე წვიმაში, ქარში, ყინვაში, თოვლში და ზოგჯერ კრიტიკის ქარბუქშიც კი შეძლო ასე ღირსეულად მდგარიყო რუსთაველის გამზირზე. (რამხელა ტკივილის, სიმართლისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიას იწერს ეს გამზირი)

ვაახა ყოველთვის მაგონებს ჩეჩნური ლეგენდის იმ ხორცდაფლეთილ მგელს, რომელიც სამყაროს წარღვნის დროს ქარბუქში ფეხს არ იცვლიდა ადგილიდან, როცა ყველა სულიერი გარბოდა, რადგან ამბობდა მე სხვა სამშობლო არ მაქვსო.

ვაახას კი აქვს ორი სამშობლო, ორივე მის გვერდითაა, მაგრამ ის ფეხს არ იცვლის, რადგან მხოლოდ სამართალს ითხოვს საკუთარ სამშობლოში.


თუმი დიშნი

1
1273
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
1273
  
2019, 8 დეკემბერი, 0:51
არცერთ ჭკუათმყოფელ მშობელს არ უნდა შვილი ცუდი იყოს ან ცუდ გარემოში მოხვდეს.
ვახას შვილიც არ იყო ტერორისტი, მაგრამ მისმა გვერდმა სოციალური ქსელიდან მიიზიდა სპეცსამსახურების ყურადღება, "ისლამური ხალიფატის" დროშის წინ პოზირება არ იყო მთლად ჭკვიანური საქციელი. არც ტერორისტი ჩატაევის მეგობრებთან ურთიერთობა, სწორედ ამან გამოიწვია სპეცოპერაციის ჩატარება, რა დროსაც სპეცრაზმელმა გამოუცდელობით ესროლა მოულოდნელობისაგან საწოლში წამომჯდარ ბიჭს.
ვახა მართლაც კარგი კაცია და დარწმუნებული ვარ კარგი მამაც.
0 1 1