x
მეტი
  • 26.01.2020
  • სტატია:98559
  • ვიდეო:343985
  • სურათი:460817
დალი - სვანური მითოლოგია
დალი - სვანური მითოლოგია


დალი (სვანურად "დალ") - კლდის ტურფა ქალი, ნადირობის მაცდური ქალღმერთი სვანურ მითოლოგიაში. მთაში ასულ მონადირეთა და ნადირთა ბედის განმგებელი. ემორჩილება ჯიხვი, შუნი, არჩვი, ირემი, მათი მცველი და გამჩუქებელია. დალი უძველესი ქალღმერთია. შესაძლოა, მისი წინაპარი იყო შუმერთა დილბადი. იკვეთება გერმანულ და სხვა ქვეყნების მითოლოგიურ გმირებთანაც. თავდაპირველად, ოჯახის კეთილი ქალღმერთი უნდა ყოფილიყო და შემდეგ მაცდურის, ავსულის, ჯადოქრის თვისებები მიიღო. მისი სახე ცოცხალია ქართულ ფოლკლორში, უფრო სვანურში. სვანის ცხოვრება იმდენად იყო დაკავშირებული ჯიხვსა და არჩვზე ნადირობასთან, რომ ნადირთა ღმერთიც და ქალღმერთიც შეუქმნია. დალის სახელი ძრწოლითა და პატივისცემით წარმოითქმის. მისი საბრძანებელია უხვაანი, ლალცხატი - სალი კლდეები.


დალი - სვანური მითოლოგია


დალები საშინლად სცემენ, ამოწყვეტენ კიდეც იმას, ვისაც გადაეკიდებიან, ვინც უღალატებს, მაგრამ ვისაც სწყალობენ, სასურველ ნადირს ახვედრებენ თუნდაც ყანაში. სვანები ასახელებენ პიროვნებებს, ვისაც დალი სწყალობდა: სუმაშერების ისმას, დისელ ლევანს, ნუაშერების ნუას, სიხაოშერების მაკუს. ამ უკანასკნელს ხალხში გამოუჩენია დალის ნაჩუქარი რიდე, მაშინვე სანადიროდ წასვლის სურვილს მოუცავს, ორი მონადირის თანხლებით საჯიხვეები მოუნახულებია, ზვავს გადაუტანია, ხოლო მხლებელნი გადარჩენილან. ზვავს უმსხვერპლია საძებნელად წასული 12 ვაჟკაციც.



დალი - სვანური მითოლოგია


მეორე მონადირის, ნუას შვილს მამის სკივრი გაუღია, დალის ნაჩუქარი უნახავს, შინ დაბრუნებული ნუა ლოგინად ჩავარდნილა და ვეღარ ამდგარა. სიკვდილის წინ, ყველა გარეთ გაუსტუმრებია. წყნარი მოთქმის ხმაზე, ბიჭებს სარკმელში შეუჭყეტიათ და უნახავთ დალები, მომაკვდავ ნუას რომ დასტიროდნენ. სარკმელზე მტრედი მჯდარა, მთელი დღე გულსაკლავად ღუღუნებდა, ხოლო ნუას ხელი, რომელსაც დალი გულში იკრავდა, ვეღარ გაუსწორებიათ (ბიჭებმა რომ შეიხედეს სარკმელში, დალები უეცრად გამქრალან).


დალი - სვანური მითოლოგია


დალისა და აფსათის რწმენა სვანეთში თითქმის ისევე მტკიცეა, როგორც წმინდა გიორგისა - ჯგირაგისა. სვანი მოხუცებისგან მრავალ ცნობილ თუ უცნობ მითს მოისმენთ დალზე, "დევებს თუ იცნობს" - ეკითხებით. "აჰ, არა! დევის ცნობას დალი როგორ იკადრებს? დალი სხვაა, დევი სხვაა. ნადირების მშვენიერი ქალბატონი წმინდა ჭიუხებზეა, ხოლო ბანჯგვლიანი დევი - ბნელ გამოქვაბულში". მცდარია ო. სპენსერის აზრი, დალი სვანთა ერთადერთი ღვთაებააო.


დალი ფრიად ხორციელი, ვნებიანი, ქალღმერთია, მოსიყვარული დედა, ხობლავს გამოჩენილ მონადირეებს, სიყვარულის ქსელში ახვევს და წყალობას არ აკლებს, მაგრამ თუ უღალატა, გასცა დაგაამხილა, არ დაინდობს. ზვავს გაატანს ან კლდეზე გადაჩეხავს, მაგალითად როგორც ეს ბეთქილს დამართა. დალის სიყვარული, ნადირობაში წარმატების საწინდარია. კარგ მონადირეზე იტყვიან - დალი ჰყავსო.


დალი - სვანური მითოლოგია


სვანურ მითებში, თქმულებებში, სიმღერებში ცოცხლობს არა ერთი, არამედ რამდენიმე დალი ("დალარ" - მრავლობითი ფორმა). უფრო კი, კენტად ზის კლდის ქიმზე, ლორელაის მსგავსად. ოქროს სავარცხლით ოქროს თმას ივარცხნის და მღერის ან ჩივის: შვილი განგოფ-მგელმა მომტაცაო. მამაცი მონადირე გამოივლის, ესმის მოთქმა, მგელს დაედევნება, მოკლავს, დალი ოქროს ნაწნავებს გადმოუშვებს, შვილს აიყვანს, მერე მონადირეს დაიახლოვებს. როგორც ვნებიანი ქალღმერთი, დალი ნიმფებსა და აფროდიტეს მოგვაგონებს. დალისა დარჯელანის შვილია ჩვენი ეროვნული გმირი - ამირანი. მითი: სოფლის თავში, კლდიდან ყოველდღე ქალის შემზარავი კივილი მოისმოდა. ამის გამგონე მაკე ძროხას ხბო არ შერჩებოდა, ცხენს - კვიცი. მიწა იძვროდა. სოფელი შეწუხდა.


დალი - სვანური მითოლოგია


მამაცმა დარჯელანმა იკისრა მწვერვალზე ასვლა, რომ სოფელი ეხსნა. მჭედელს სამი რკინის პალო გამოაჭედვინა, კლდეზე საფეხურები გააკეთა და ასე ავიდა. გამოქვაბულში დალი ნახა, ერთი ნახვით შეუყვარდა. დალიც დანებდა. მონადირემ კლდეზე ცოცვას მოუხშირა. დარჯელანს ეჭვიანი ცოლი აედევნა და მძინარე ქმარსა და დალს თავზე წაადგა. დალს ოქროს ნაწნავები ოქროს მაკრატლით შეაჭრა და მიატოვა. შეჭირვებულმა დალმა დარჯელანს უთხრა - ჩემი აღსასრულიც დადგა, მუცელი გამიჭერი, ბავშვი აიყვანე, კურის ტყავში გაახვიე და სამი გზის შეყრაზე დააგდეო. მონადირემ ყველაფერი ისე შეასრულა, როგორც დალმა დაუბარა. გამოარა სამმა წმინდა კაცმა, ბავშვი დალოცეს. მიხვდნენ, რომ დალის შვილი იყო და ამირანი (მირიმი) უწოდეს. გასაზრდელად ისევ დარჯელანს გადასცეს (შეად. ყრმა ჰერაკლეს დაგდება დედისაგან გზაში, ათენას და ჰერას გამოვლა, აყვანა და შეცნობა იმისა, რომ ღვთაებრივია. ასევე იესო ქრისტეს ამბავი ბაგაში, როდესაც სამი წმინდა კაცი ლოცავს და შეიცნობს მის ღვთაებრივ წარმომავლობას).


დალი - სვანური მითოლოგია


მეორე მითიც "დალე კოჯას ხელღვაჟალე" (დალი კლდეში მშობიარობდა) სასიმღერო ბალადაა და სრულდება საჯარო ფერხულზე. დალს კლდიდან შვილი უვარდება, გონგოფ-მგელი გაიტაცებს, მონადირე კი იხსნის და შვილს დედას დაუბრუნებს. მადლიერი დალი ეუბნება: "მონადირევ, თუ გაქვს რამე სათხოვარი, მთხოვე, ყოველ სურვილს აგისრულებ. დედობა გინდა - დედობას გაგიწევ, დობა გინდა - და ვიქნები, ტრფობა გინდა - სიყვარულს მიიღებ, მაგრამ დედობა გერჩიოს, მაშინ არ გაგწირავ." მონადირემ ტრფობა ირჩია და დალის სიყვარულს ეზიარა. დალმა დანაპირები აუსრულა: ყოველწლიურად რვა ისეთ ჯიხვს გიბოძებ, თითო სამი მტკაველი რქა ექნეს, ყოველ ბარბალობას - შვიდ ჯიხვსო (არჩვებს დალები უფრო გულუხვად არიგებენ, ასევე შურთხებს). "ჯიხვისა და არჩვის ბედი" სვანისათვის ციური წყალობა იყო.


დალი - სვანური მითოლოგია


სხვა ვერსიით, დალმა ჯერ ნაწნავით ბავშვი აიყვანა, მერე კი არყის წკნელით მონადირე, წყალობას დაჰპირდა და დამალა. საღამოს აფსათი მობრძანდა, კაცის სუნი იგრძნო, დალმა გაუმხილა - ჩვენი შვილი იხსნაო. აფსათმა უთხრა - მამაცი ვაჟკაცი ყოფილხარ, ვალად მედოს სექტემბრის ჯიხვიო. ეს ვარიანტი იმითაა საგულისხმო, რომ აფსათი დალის ქმარია. თქმულებათა უმრავლესობაში კი დალი კენტი ქალწულია, როგორც ბერძენთა ნადირობის ქალღმერთი არტემიდე. მასავით ლამაზი, ამაყი, მიუდგომელი და შურისმაძიებელია, ოღონდ მისი ბერძენი დობილი უფრო ფართო ასპარეზისა და ძალის ქალღმერთია. მშვილდით შეიარაღებული უზადო მეომარია და ისრით ხოცავს ნადირს თუ ადამიანებს (ნიობიდები, მონადირე ორიონი და სხვ.). დალი კი ჯადოქრული ძალით მოქმედებს, არ ნადირობს, მონადირეებს უკავშირდება და შესაძლოა მაქციობის უნარიც გააჩნია (თეთრ შუნად გადაქცეულმა გაუქროლა ლაჯებს შორის ბეთქილს, თუმცა თქმულება ზუსტად არ ამბობს თვით დალი იყო ეს, თუ მის მიერ გამოგზავნილი შუნი).


დალი - სვანური მითოლოგია


ცნობილია მითი დალსა და ყაზბეგ გელოვანზე. დალმა ყაზბეგს ძვირფასი ფარღული აჩუქა და გაართხილა, არავინ გინახოსო. ცოლმა კი ფარულად აუღო. სანადიროდ წასული გელოვანი მყინვარზე დაეცა და დაიღუპა. გვამზე ჯიხვები ხტებოდნენ და გაიძახოდნენ: "ყაზბეგ, ფარღული რა იქნა?"


თეთრი მანგურის ბალადაში დალი ამ ძლიერ ვაჟკაცს მკაში ეხმარება. მანგური ნადირობის დროს დალის გამოქვაბულში მოხვდა, მწვადი შეწვა და ამ დროს დალმაც მოუსწრო. დასაღუპავად ვერ გაიმეტა, სიყვარული შესთავაზა, ის ღამე ერთად გაატარეს. მეორე დღეს მანგურს გზაში სავები (მუსლიმები) დაესხნენ თავს, მანგურმა ცხრა მომხდური დახოცა, დანარჩენმა ცხრამ დაჰკრა. მანგურმა დალს უხმო, ის სავებს დაერია, დახოცა, მერე მანგურს ფრთა გადაუსვა, ჭრილობები მოურჩინა და ჯანსაღი გაუშვა შინ. აქ დალიც აქტიურია და სიკეთის სამსახურში დგას. ათბობს, აჭმევს გაჭირვებულ მონადირეებს (ნ. ჩორლა).


დალი - სვანური მითოლოგია


სვანეთში დალის კულტი განსაკუთრებით ძლიერია. კრძალვის ნიშნად ეძახიან "დალ ბედნიერს", "დალ დედფალს". სანადიროდ მიმავალი სვანი მარცხენა ხელით, სამ შესაწირავ კვერს (ლემზირს) აიღებდა, მარჯვენით ზედაშეს წაუქცევდა აღმოსავლეთის სარკმელთან, წარმატებას ევედრებოდა კლდის ჯგირაგსა და აფსათს, ნაკლებად დალს, მაგრამ გამორიცხული არც ეს იყო: "დალებს სანთელი უნდა აუნთო", - ნათქვამია ერთ სიმღერაში. შემდეგ სვანი საუზმობდა და სანადიროდ მიდიოდა. თუ ქალი დაესიზმრებოდა, დალის წყალობის ნიშნად თვლიდა. თუ დალი წყრებოდა, ნადირობას გადასდებდა. დალის რწმენა წმინდაა და შეურყვნელი. გონიერი ვაჟკაცი მას ანგარიშს უწევს: "ერთი ჯიხვი მოკლა, ერთი იკმარე, ორი ჯიხვი მოკლა - ორი იკმარე, სამი თუ მოკალი - ინანებ!". ამ ზომიერებაში ხალხის ძველი სიბრძნეა ჩაქსოვილი. ნადირთა უსარგებლო ჟლეტა - დედაბუნების გაჩანაგებაა. ხალხი გმობს ვინმე ნასყიდას, რომელსაც 500 ჯიხვი დაუხოცავს. დალიც ამ ხარბ მონადირეთა დამსჯელადაა მოვლენილი. ცნობილია დალთა გუნდიც. იღუპებიან ზვავში და მეწყერში. ემორჩილებიან წმინდა გიორგის (ნ. ჩორლა. შემდგომი ქრისტიანული დანამატები).


დალი - სვანური მითოლოგია


დალისა და მონადირის მითებშიც აისახა უძველესი მატრიარქატის ნიშნები, როცა ქალის ზეგავლენა დიდია და მისი ცნობისმოყვარეობა იქცევა უბედურების მიზეზად. ქალის აქტივობა იწირავს მამაკაცებს. აქ ჯერ დალი იჩენს ინიციატივას, სიყვარულს სთავაზობს მამაკაცს და კიდეც ისაკუთრებს. შემდეგ მონადირის ცოლის ეჭვიანობა ხსნის დრამის ფინალს. ინდურ-ირანულ თქმულებაშიც ხის ქალის ორმა გამოსახულებამ ერთმანეთს წაჰკიდა ორი მეგობარი. სვანურ მითში პირველად შეშა თავისით დადიოდა, ერთხელ კარში ფხაკურმა ქალი შეაწუხა, რადგან საყვარელთან იწვა, გაუწყრა, გააბრუნა. მას შემდეგ შეშა ქალის შიშით აღარ მოდის და მამაკაცის ჯაფით მოიპოვება.


დალი - სვანური მითოლოგია


მატრიარქატის ჟამინდელი ქალღმერთი ბევრის შემძლეა, მაგრამ თავმდაბალი და უბრალო. მისთვის არაა უცხო არც სიკეთე, არც სიყვარული, არც ეჭვი, არც ტკივილი, როცა მის საყვარელს მტერი ჩაგრავს. დალის ციკლის თქმულებებში ის ყველგან მონადირესთანაა დაკავშირებული, ის განუყრელი წყვილია. პირველად, როგორც აღინიშნა, დალი დახმარებას სთხოვს მონადირეს (მაგალითად, მეფისაის, რომელმაც მგელი მოკლა და დალის შვილი იხსნა), შემდეგ ერთგული სატრფოა და მოწყალე მეგობარი, მხოლოდ სიტყვის გატეხვის შემდეგ იქცევა მრისხანე შურისმაძიებლად. თუ მონადირემ დედობა არჩია, დალი არ გასწირავს, მაგრამ ასე არ ხდება. თუ არც დედობა ითხოვა, არც დობა, არც მიჯნურობა, მაინც ასაჩუქრებს დალი კეთილისმყოფელს ჯიხვითა და არჩვით.

დალს ბევრი სიმღერა ეძღვნა. შესაძლოა, მისი სახელი ისმოდეს სიმღერაშიც "დელი-დელა" (ჩეჩნურად "დელი" ღმერთია). ქართულ მითოლოგიურ სახეებს შორის დალი ერთ-ერთი ყველაზე უფრო სრული და გამოკვეთილი სახეა. აისახა მრავალ პროზაულ და პოეტურ ნაწარმოებში. საფუძვლიანად შესწავლილია და მაინც იდუმალებით მოცული.


დალი - სვანური მითოლოგია


დალმა თანდათან იცვალა სახე და მატრიარქატის კეთილი არსებიდან ბოროტ ალად იქცა. ეს ათასწლოვანი მეტამორფოზა უფრო ბარად მოხდა. მთაში კი ისევ ინარჩუნებს მატრიარქალურ, დიდი ქალღმერთის სახეს. თავდაპირველად, როცა ქართველთა მოდგმა ჯერ კიდევ ერთიან, კომპაქტურ მოდგმას წარმოადგენდა და არ იყო დაყოფილი სვანურად, ზანურად და ქართულად, დალიც საერთოქართველური ღვთაება უნდა ყოფილიყო, მითრასავით, რომელიც ხან ქალად ჩანს და ხან ვაჟად. წოვურად, ჩეჩნურად, ინგუშურად "დალა", დალე ღმერთია. დატირებას, დალაისაც ამ სიტყვას უკავშირებენ, თუმცა ბევრი არაფერი აქვს საერთო. ქალღმერთი დალი თანდათან ჩამოყალიბდა ნიმფის მსგავს ტურფა გრძელდალალებიან, მაცდურ ქალად, რომელიც აქტიურია სიყვარულში და კიდევ სწყალობს საყვარელს, მისიანებს, აქვს მაქციას უნარიც (ბეთქილი ფრიალო კლდეში გაიტყუა შუნმა, რომელიც ისევ დალად იქცა). ის მუდამ იმარჯვებს. მხოლოდ ჩორლას მიეშველა გიორგი და დალი მოკლა, თუმცა ჩორლაც კვდება. სახე დაამუშავა ვ. ონიანმა, ნ.ა. გელოვ. "სვანური ბალადები".


წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
410
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
410
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0