x
image
ქეთი გაბინაშვილი
პირველი თოვლი

image

ასაკი თავისას შვრება, დილის სისხამზე მეღვიძება და 7 საათიდან ოთახებში დავბორიალებ, ადგილს ვერ ვპოულობ. სანამ მაკა გაიღვიძებს, სამ-ოთხ ღერს მაინც ვეწევი. სულ ამაზე გვაქვს ჩხუბი, ფილტვებს იავადებო, ვიცი, ვიცი, ამ ოხერზეც აწერია: „მოწევა კლავს!“ მაგრამ ვერ მოვეშვი. ისე თქვე კაი ხალხო თუ იცით, რომ კლავს, რას ყიდით საწამლავს და თუ მაინც ყიდით, რაღა გულს გვიხეთქავთ ამ წარწერებით. გოგია ამბობს ამას წინათ, ჩვენი ლოთი მეზობელი, პაპაჩემი, არც ეწეოდა, არც სვამდა და მგონი არც ბებიაჩემისთვის უღალატია არასდროს, მაგრამ, საწყალი, 60-ისაც არ იყო, რომ წაიღო ჩვენი ჭირიო და ჰა მე ამ ლოთმა და გაუბედურებულმა 65-ს კი მივკაკუნე უკვეო. ხუმრობა იქით იყოს და ისე მართლა უნდა დავანებო თავი, თორე დიხანიაზე რაღაც დამერხა ამ ბოლო დროს ძაან. მოკლედ, ყოველ დღე ვპირდები ცოლს, რომ ორშაბათიდან დავანებებ თავს, მაგრამ არ მოვიდა ის ორშაბათი, მე რომ მოწევას ვანებებ თავს და მაკა დიეტას იწყებს.
ჰოდა, დღესაც ის კვირა დილაა, დღესღა რომ ვეწევი და ხვალიდან თავს ვანებებ. ფეხშიშველა გამოვტანტალდი გაყინულ მეთლახზე და სამზარეულოს ფანჯარა გამოვაღე. აუუ ტოო, გაგიჟდება ადამიანი, თოვს. არა, კი არ თოვს გადათეთრებულია თბილისი. პატარა ბავშვივით მიხარია. მინდა ფიფქები სახლში შემოვუშვა, ჩაგუდული ჰაერისაგან დავცალო ოთახები და სუფთა და გრილი ფიფქებით ავავსო კედლები. აკაციებს ღრუბელივით დასწოლია თეთრი საბურველი. სახურავები გადაპენტილია, გაუკვალავი თოვლია, ჯერ რომ ადამიანის ნაფეხურებს არ წაუბილწავს. ასეთი თოვლი თბილისში ერთი 89-ში მახსოვს. დილით დედამ გამაღვიძა, ფანჯარა გამოაღეო, მაშინ სხვა დრო იყო, გუდაურებისა და ბაკურიანების ფულები ვის ჰქონდა, ჰოდა, ნორმალური თოვლი თვალითაც არ მენახა. გავიხედე და რას ვხედავ, თეთრია მთელი თბილისი, კინაღამ გავგიჟდი.
ახლაც მახსოვს, როგორ გავრბოდი გიორგის სახლისკენ, მივდივარ გაყინულ ხელებში გუნდას ვამრგვალებ, ხრაშუნი ისმის თოვლის, თითქოს სუხარს ახრამუნებდე ისეთი. მივრბივარ და თან უკან ვიხედები, ჩემივე ნაფეხურები მაკვირვებს, ისე ატყვია თოვლში თითქოს კვალში მდევარი ჩამდგომოდეს.
-გიორგიიი, -ვყვირი განწირული ხმით და ისეთი ძალით ვესვრი ფანჯარას გუნდას, ლამის მინას ვუმსხვრევ.
მერე ასე სათითაოდ მივდივართ ყველა მეგობრის ფანჯარასთან და რამდენიმე წუთში მთელი რაზმი ვიკრიბებით. გუნდებს ვაგროვებთ, ეს ჩვენი ბომბებია, შეიარაღებულები სადარბაზოში ვიმალებით და გამვლელს ველოდებით, როგორც კი გოგო გამოჩნდება, ყიჟინით მოვრბივართ და გუნდებს ვუშენთ. ცდილობენ გაგვექცნენ, მაგრამ ფეხი უსხლტებათ და ეცემიან, ჩვენ ადგომაში ვეშველებით და როგორც კი ვრწმუნდებით, მსხვერპლი უვნებელი გადარჩა, თავიდან გადავდივართ იერიშზე.
მერე თოვლის პაპას ვაკეთებთ, მიხო გვასწავლის, უბნის მეეზოვე, როგორ ავაწყოთ თოვლის პაპა, დიდ გუნდას შედარებით მომცრო გუნდას ვადებთ, მერე კიდევ უფრო პატარას, ნახშირის თვალებს და სტაფილოს ცხვირის უკეთებთ. თავზე მიხოს ვედროს ვამხობთ და ხელში ჯოხსაც ვაჭერინებთ. დგას ასე უბანში ჩვენი თოვლი პაპა და დედას გეფიცები ეს ყველაზე ლამაზი თოვლის პაპაა, რაც კი ოდესმე მინახავს. ვინმე ახალ წელს და დღესასწაულს რომ ახსენებს, მე თვალწინ ის თოვლის პაპა მიდგება. აუჰ, ბიჭო, რა არის მაინც ბავშვობა. უცბათ თორნიკე მახსენდება და თითქმის სირბილით შევდივარ მის ოთახში.
-თორნიკე, თორნიკე, ჩქარა გაიღიძე, - სიხარულისგან ენა მებმევა.
-რა მოხდა?-იფშვნეტს თვალებს.
-გაიღვიძე, გაიღვიძე, -მხარში ხელს ვკიდევ და ვცდილობ გამოვაფხიზლო. ვეღარ ვითმენ, ერთი სული მაქვს ვუთხრა რომ ქუჩები თეთრად არის გადაპენტილი, აკაციის ტოტები დამძიმებულია თოვლის საფარველით, რომ ჯერ გაუკვალავია თოვლი და თუ იჩქარებს თოვლის ხრაშუნს გაიგონებს. ისეთი თოვლია კარგი გუნდა რომ გაკეთდება და სარდაფში ძველი ვედრა უნდა გვეგდოს, კარგი ქუდი იქნება....
გვერდს იცვლის.
-თოკა, გაიღვიძე ბიჭო, შენთვის საჩუქარი მაქვს.
-რა საჩუქარი?- კითხულობს მოჭუტული თვალებით და ცდილობს სინათლეს დაემალოს.
-აბა ფარდა გადასწიე!
ზანტად წევს ნამძინარე სხეულს და ფანჯრიდან იხედება.
-ითოვა?-კითხულუბს ვითომცაქარაფერიმომხდარა ხმით და ჩვეულ ადგილს უბრუნდება.
-კი, ბიჭო, ნახე რა მაგარია, წლის პირველი თოვლია, -იხტიბარს არ ვიტეხ და ენთუზიაზმს ვინარჩუენებ.
-აუ, ტელელფონი მომაწოდე რა, დამტენზეა.
აჰამ, ტექნიკა წინ წავიდა, ფანჯრებთან დგომა და ყვირილი აღარაა საჭირო, ტელეფონით გააღვიებს მეგობრებს და შეიკრიბებიან ეზოში, -ვფიქრობ ჩემთვის, -შეიძლება მეც გავიდე და მივეხმარო თოვლის პაპის გაკეთებაში, ხო რა მოხდა, ვითომ 38 წელი რა ძალიან ბევრია? თან გუნდა მძიმე იქნება, აწევა გაუჭირდებათ, ჩვენც ხომ მოგვეხმარა მაშინ მეეზოვე მიშა. სანამ მე გეგმებს ვაწყობ თორნიკეს ისევ ბალიშში ჩაურგავს თავი და მგონი დაძინებას აპირებს.
-თორნიკე, რას აკეთებ, ბიჭო, იძინებ?-გაოცებას ვერ ვმალავ.
-ხო, დავიძინებ წუხელ გვიანამდე მეღვიძა და.
-თოო ..ვს...-ახლა უკვე ენას ვეღარ ვიმორჩილებ დაბნეულობისაგან.
-ხო, ვიცი, დავპოსტე უკვე, -მეუბნება და თავზე საბანს იფარებს, ჩემმა ხმამ რომ აღარ შეაწუხოს.
სამზარეულოში ვბრუნდები, ახლა უკვე სირბილით არა, ძლივს ვადგამ ძალაგამოლეულ ფეხებს. როგორც ჩანს, 38 ძალიან ბევრია! უნდა დავლიო, სადმე მექნება ბოთლში ჩარჩენილი არაყი, კარადების ქექვას ვიწყებ.
შეღებულ ფანჯარასთან მაიკის ამარა ვზივარ, ჭაჭას ვსვამ და ფიფქებს სახლში ვუშვებ. უკვე 2 საათია გათენდა, ნაფეხურები კი ჯერ ისევ არ დამჩნევია თოვლს, გამოდით გარეთ ირემივით შემკრთალო გოგოებო, ახლა აღარაა საშიში ქუჩაში სიარული, გუნდის ბომბებით შეიარაღებული ბიჭები ქუჩის კუთხეში აღარ გელოდებიან. ახლა შეგიძლიათ თამამად იაროთ პირველი თოვლით გადათეთრებულ უბავშვო ქუჩებში.
ქეთი გაბინაშვილი

0
73
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0