x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
მელქისედეკ III ფხალაძე - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
მელქისედეკ III ფხალაძე - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი


მელქისედეკ III (Melchizedek III of Georgia) იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1952-1960 წლებში. ერისკაცობაში მიხეილ ფხალაძე დაიბადა 1872 წელს კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში (მაშინდელი რუსეთის იმპერიის ტიფლისის გუბერნიის სიღნაღის მაზრის ერთ-ერთი სოფელი). მიხეილის მამა - გიორგი ფხალაძე მედავითნე იყო. მშობლები მიხეილს ადრეულ ასაკშივე გარდაეცვალა, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ თელავის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. ამის შემდეგ, 1890 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში და წარმატებით დაამთავრა. სწავლა ამის შემდეგ კვლავ გააგრძელა ამჯერად უკვე ერთ-ერთ უდიდეს რუსულ ქალაქში, თათრეთის დედაქალაქ ყაზანში და 1900 წელს დაამთავრა ყაზანის სასულიერო აკადემია ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით.


მელქისედეკ III ფხალაძე - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი


მიხეილი სამშობლოში დაბრუნდა, ჩავიდა იმერეთში და ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში რუსული ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 1902 წლის 26 იანვარს კი ამავე სასწავლებელში ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად გადაიყვანეს. 1904 წლის 8 აპრილიდან რუსეთში, მოსკოვთან ახლოს მდებარე სმოლენსკის გუბერნიის, ქალაქ ბელის სასულიერო სასწავლებელში გახდა გეოგრაფიის მასწავლებელი. 1915 წლის 15 მაისიდან იგი ინიშნება რუსეთის იმპერიის ერთ-ერთ ქალაქ - ტივროვოს სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად. 1915 წლის 31 მაისს კი მღვდლად იქნა ნაკურთხი. 1917 წელს მიხეილი დაბრუნდა საქართველოში და დაინიშნა ქალაქ გორის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად.



მელქისედეკ III ფხალაძე - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი


1918 წლის 21 ნოემბერს იგი აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში, მაგრამ 1921 წლიდან, როდესაც რუსეთის სახეცვლილმა იმპერიამ - საბჭოთა კავშირმა მოახდინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია და ანექსია, იქნა განმოსილი და უმუშევრად დარჩა, თუმცა მალევე 1922 წლის 5 აპრილს დაბრუნდა ეკლესიაში და დაინიშნა სიონის საპატრიარქო ტაძრის კანდელაკად. 1925 წლის თებერვალში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველის - მიტროპოლიტი ქრისტეფორეს ლოცვა-კურთხევით, დაინიშნა ანჩისხატის ტაძრის წინამძღვრად.


მელქისედეკ III ფხალაძე - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი


1925 წლის ოქტომბერში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქრის ამბროსის ლოცვა-კურთხევით მიხეილ ფხალაძე აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად მელქისედეკი. 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე იგი ეპისკოპოსად აკურთხეს და ჩააბარეს ალავერდის ეპარქია. 1927 წლის 17 ოქტომბრიდან იგი გახდა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველი. 1928 წლის 24 მარტიდან იწოდა წილკნელად, მაგრამ რადგანაც კომუნისტების უსაშინლესი რეპრესიების გამო აღნიშნულ ეპარქიაში აღარ იყო დარჩენილი მოქმედი ტაძრები, მელქისედეკი გადმოყვანილ იქნა თბილისის ფერისცვალების მამათა მონასტრის წინამძღვრად. 1935 წლის 2 იანვარს უწმინდესისა და უნეტარესის საქართველოს პატრიარქის კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით მიენიჭა მას მიტროპოლოტის ხარისხი და კვლავ გაიგზავნა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში სამოღვაწეოდ. 1938 წელს მელქისედეკ ფხალაძე იძულებული გახდა ქალაქ სოხუმიდან თბილისში დაბრუნებულიყო. 1943 წლის 1 აპრილს დაინიშნა კუკიის ტაძარში რიგით სასულიერო პირად. 1944 წლის 30 აპრილიდან იგი ითვლებოდა ურბნელად და იყო თბილისის ღვთისმშობლის დიდუბის ტაძრის წინამძღვარი.


მელქისედეკ III ფხალაძე - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატე ცინცაძემ თავის თანამოსაყდრედ აირჩია მელქისედეკ ფხალაძე. 1952 წლის 5 აპრილს კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეცხრე საეკლესიო კრებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია ურბნელი მიტროპოლიტი მელქისედეკ ფხალაძე და იწოდა იგი როგორც მელქისედეკ III. ეს იყო პირველი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როდესაც პატრიარქის რჩეული თანამოსაყდრე მართლაც გახდა შემდგომი პატრიარქი. ის იყო ძალიან ერუდირებული ადამიანი, რომელიც არაერთხელ გამოსულა მშვიდობის დაცვის სხვადასხვა კონფერენციაზე. მანვე, ბერძნულიდან თარგმნა ჰეროდოტეს "ისტორია" და ასევე არიანეს "მოგზაურობა ევქსინის ზღვის გარშემო". საბჭოთა კავშირის ტირანული, კომუნისტური მმართველობისგან ყოველმხრივ შეზღუდული და შევიწროებული იყო მართლმადიდებლური ეკლესია მთელ საბჭოთა კავშირში და მათ შორის საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში და მის მეთაურ მელქისედეკს არ აძლევდნენ მოქმედების თავისუფლებას, მაგრამ ამ პირობებშიც კი მან მოახერხა კვლავ გახსნა ბოდბის სამონასტრო კომპლექსი და ილორის წმინდა გიორგის ეკლესია. უწმინდესი და უნეტარესი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ III 1960 წლის 10 იანვარს, 88 წლის ასაკში აღესრულა და განისვენებს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში.





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
314
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
314
  
2021, 14 მაისი, 3:15
ფხალაძეები დოკუმენტებში იხსენიებიან მე-17 საუკუნიდან, ისე იქამდეც იყვნენ. გვარი მოდის ქვემო რაჭის სოფელ ცხმორიდან. მე პირადად ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრუკვეთიდან ვარ. ფხალაძეები იყვნენ საეკლესიო გლეხები და ემორჩილებოდნენ მხოლოდ ეკლესიას და არა თავადებს. ბევრი სასულიერო პირი ხდებოდა და ამიტომ "მღვდლიანებს" ეძახდნენ. ერთი ფხალაძე საქართველოს პატრიარქი იყო - მელქისედეკ მესამე, ერისკაცობაში მიხეილი. ასევე ფხალაძეების საგვარეულო პროფესია იყო იმერეთის მეფეთა კარზე ინჟინრობა და ექიმობა.
0 1 1