x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გულით ნათქვამი, ანუ მადლიერების ეპისტოლე

image

"ერთ სოფელში შესვლისას შემოეგება ათი კეთროვანი კაცი, რომლებიც მოშორებით შედგნენ და შეღაღადეს: იესო, მოძღვარო შეგვიწყალენ ჩვენ! ისინი რომ დაინახა უთხრა: წადით ეჩვენეთ მღვდლებს. წავიდნენ თუ არა განიწმინდნენ. ხოლო ერთი მათგანი, რომელმაც დაინახა, რომ განიკურნა, მობრუნდა და ხმამაღლა ადიდებდა ღმერთს. იესოს ფერხთით დაემხო და მადლი შესწირა; და იყო იგი სამარიელი. მიუგო იესომ და უთხრა: განა ათივე არ განიწმინდა? სადღა არიან ცხრანი? არცერთი არ მობრუნებულა ღმერთის სამადლობლად ამ უცხო თესლის გარდა. უთხრა მას: ადექ და წადი! შენმა რწმენამ გადაგარჩინა." ლუკას სახარება, თავი 17image

შეუდარებელი სათნოებაა მადლიერება. ალბათ ერთხელ მაინც ყველას გამოუცდია ის დიდი იმედგაცრუება, როცა გაკეთებულ სიკეთეზე გულცივი უმადურობით გპასუხობენ, და პირიქით, გულწრფელი მადლობით გამოწვეული საოცარი სითბო და სიხარული.


მორწმუნე ადამიანი ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ყოველ წამს შეიგრძნობს ღვთის მფარველობასა და დახმარებას, დაწყებული ყოფითი პრობლემებით და მაღალი მატერიებით დამთავრებული. დაუსრულებლად შეიძლება მადლობდე უფალს ყველაფრისათვის, მაგრამ არის მაინც ერთი რამ გამორჩეული, რაც ადამიანს შემოქმედისადმი მადლიერებით და სიყვარულით განაწყობს, და რაც განუზომლად აღემატება ყველა ამქვეყნიურ სიკეთეს; როგორც მოციქულთა შორის გამორჩეული იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: "ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე, რადგანაც ღმერთმა იმისათვის კი არ მოავლინა თავისი ძე ამქვეყნად, რათა განესაჯა ქვეყანა, არამედ რათა ეხსნა მის მიერ."


მარტო გონებით ვერასოდეს ვერავინ ჩაწვდება იმ უდიდეს სიკეთეს, რაც ღმერთმა კაცთა მოდგმისათვის გააკეთა თავისი ძის(ღვთის სიტყვის) ამქვეყნად მოვლინებით, მხოლოდ ადამიანის გულს შეუძლია ამ საკრალური მოვლენის სათანადოდ აღქმა და გააზრება, ვნებათაგან დაცლილ და გასუფთავებულ კაცის გულს.imageქრისტეს განკაცება, ღმერთის მიერ ადამიანის შექმნის პირდაპირი გაგრძელებაა. სამყაროს შემოქმედს იმისათვის არ მოუვლენივართ, რომ პირველივე შეცოდების შემდეგ ხელი აეღო ჩვენზე და მარადიულ წყვდიადში დავეტოვებინეთ. მთელი ძველი აღთქმა იმის მაუწყებელია, თუ როგორი რუდუნებით ცდილობდა ის ჩვენ დახმარებას, რომ როგორმე გამოვეგლიჯეთ ბოროტი სულისა და საკუთარი თავის მარწუხებისგან და ახალ აღთქმამდე-ქრისტეშობამდე-მივეყვანეთ.


დიახ, გვეხმარებოდა, გვეხმარებოდა და არ გვაიძულებდა, რათა იმ ძვირფას საუნჯეს არ შეხებოდა, რაც თავად მანვე უსახსოვრა თითოეულ ადამიანს – ჩვენს თავისუფალ ნებას.

"თუ ჩემს სიტყვაში დამკვიდრდებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებთ თქვენ." (იოან.18, 31-32) – რა არის ჭეშმარიტება? ეკითხება ქრისტეს პილატე, რადგან დახშული აქვს სულიერი თვალი და ვერ აცნობიერებს, რომ მის წინაშე დგას წყარო ჭეშმარიტებისა და თავისუფლების. ჩემს ხელშია შენი ბედიო, ექადნება მაცხოვარს, როცა არათუ იესოზე, საკუთარ თავზეც კი არ გააჩნია ძალაუფლება და ტყვეა ჩვეულებრივი, რაბინების შანტაჟს დამორჩილებული და დამონებული. სამჯერ სცადა ქრისტეს განთავისუფლება და ვერ მოახერხა, იმ ხალხის ზეწოლის ქვეშ მოექცა, ვის სამართავადაც თავად იყო ამ მხარეში მოვლინებული.

image

სახეზეა ორი პიროვნება: შეურაცხყოფილი, ნაცემი, ნაწამები, მაგრამ მტკიცე და ღირსებით სავსე იესო ნაზარეველი; და იმპერატორის მარჯვენა ხელი, იუდეის პირველი პირი, მაგრამ უკანასკნელი ლაჩარივით შეშინებული და შერცხვენილი პონტოელი პილატე.


ღმერთი არ მწამს, მე ვარ ჩემი თავის-უფალიო, იტყვის კაცი თავმომწონედ, და ამ დროს, ღმერთის გარდა, ყველა და ყველაფერი მისი ბატონ-პატრონია: უფროსი სამსახურში, რომლის ჭირვეულობასა და ახირებებს უდრტვინველად იტანს; ხელისუფლება; საზოგადოებრივი აზრი და კონიუნქტურა; ხორციელი ვნებები, რის გამოც ყირაზე დადგება და უკადრებელს იკადრებს; და რა თქმა უნდა, ფული, ბატონი ბატონთა შორის.


სრულყოფილი, რეალური თავისუფლება მხოლოდ ქრისტესთან ერთად მიიღწევა.

image

ქრისტემ და ქრისტიანობამ მოუტანა თავისუფლება აბსოლუტურად უუფლებო მდედრობით სქესს წარმართულ სამყაროსა და რომის იმპერიაში, ქრისტიანობამ მისცა დასაბამი და განვითარების საშუალება ევროპის დემოკრატიულ(კარგი გაგებით) ცივილიზაციას და ქრისტეს მოძღვრება იყო ერთადერთი ნავსაყუდელი, სადაც შვებასა და თანაგრძნობას ნახულობდა ჩაგრული შავკანიანი მოსახლეობა, და რასაც დაეფუძნა კიდეც მათი გადამწყვეტი ბრძოლა თავისუფლებისათვის.


image

ღმერთის ხატად და მსგავსად ქმნილი ადამიანისათვის არ არსებობს ქრისტიანობაზე უფრო მაღალი და საპატიო სტატუსი. მაცხოვრისგან რომ სულ მცირედი უსამართლობა ან ძალადობა იგრძნობოდეს, მილიონობით მიმდევარი არ ეყოლებოდა ყველა ეთნოსსა თუ რასაში. სიყვარული და ერთმანეთის გატანა, ეს არის ანი და ჰოე მისი შეგონებების.

როგორც უმანკო ჩვილის მოფერება გსიამოვნებს, როცა მზად ხარ ის პატარა ხელები და ფეხები დაუკოცნო უმწიკვლო არსებას, ასევე ქრისტიანსაც მხოლოდ იესოს სიწმინდე და სისპეტაკე აღძრავს, რომ მუხლი მოუდრიკოს და ქედი მოუხაროს, და არა შიში ან პირფერობა. შიში მხოლოდ ერთი რამის შეიძლება გაწუხებდეს, ერთადერთის – არ დაკარგო ღმერთი!

image

თეოლოგები, ისტორიკოსები, მკვლევარები, სხვა რელიგიის მიმდევარნი თუ ათეისტები, ვისაც კი პროფესიული პრინციპები და ეთიკური ღირებულებები გააჩნია, ყველა დადებითად და უზადოდ ახასიათებს ქრისტეს პიროვნებას, მიუხედავად იმისა, აღიარებენ თუ არა მის ღვთაებრივ წარმომავლობას. მხოლოდ მედროვენი და ანგარებით შეპყრობილი ავანტიურისტები ცდილობენ მასზე ბინძური ცილისწამებით სახელი გაითქვან და ფინანსური სარგებელი მიიღონ.

ერთ-ერთი ასეთი პარაზიტია ყოფილი პედაგოგი და დღეს უკვე "მწერლად" ცნობილი დენ ბრაუნი, რომლის შესახებაც არავის ეცოდინებოდა, რომ არა მისი ამორალური და იაფფასიან სიცრუეზე აგებული რომანი "და ვინჩის კოდი". გონიერი მკითხველი ადვილად შეამჩნევს, რომ ეს მავნებლობა თავიდანვე ჰოლივუდისთვის შეიქმნა და გათვლილი იყო გაუნათლებელ მასებზე. სამწუხაროდ, ფილმში მთავარი როლი ნამდვილად ნიჭიერმა მსახიობმა ტომ ჰენქსმა შეასრულა, თუმცა ამ სიყალბეს ვერც ის დაემალა და ამას თავისივე კომენტარით ადასტურებს: "ეს ფილმი სავსეა აბსურდული და მხიარული ამბებით, როგორც ბევრი სხვა ისტორია განძის მაძიებლებზე. თუ თქვენ ნებისმიერ კინოს უტყუარ რეალობად იღებთ, ამით ძალიან დიდ შეცდომას უშვებთ."

მორწმუნე საზოგადოებისათვის განსაკუთრებით მტკივნეული მისი მონაწილეობა იყო ამ ფილმში. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მეუღლე რიტა უილსონი და შვილები მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან და თავადაც კარგა ხანია ამ ეკლესიის წევრი ბრძანდება.imageimage

იმედია, ბატონი ჰენქსი მომავალში უფრო კარგად და სიღრმისეულად შეაფასებს საკუთარი ოჯახის არამატერიალურ-ნამდვილ-საუნჯეს, და მიხვდება, რომ ქრისტეს გაცემისას ერთი ფასი აქვს 30 ვერცხლსაც და 25 მილიონ დოლარსაც...


უფლის ერთგულება ნამდვილად არ ესწავლებოდა ჩვენ ლეგენდარულ წინაპარს, დიდ ადამიანსა და დიდ მეფეს ვახტანგ გორგასალს. მას ეკუთვნის ქრისტიანობის ისტორიაში ალბათ ყველაზე ძლევამოსილი მოწოდება, რაც კი ოდესმე ასეთი რანგის ფიგურას გაუკეთებია.image

"მტკიცედ იდექით სარწმუნოებაზე და ეძიებდით სიკვდილს ქრისტესთვის!" იმას კი არ ამბობს, რომ ჩვენ უნდა გავუძლოთ განსაცდელებს და არ ვუღალატოთ რწმენასო, არამედ თავად უნდა ვიყოთ მონდომებულნი, რომ სიცოცხლე ქრისტესთვის გავწიროთ. ამ სიტყვების შემდეგ, ძნელი წარმოსადგენია, რომ შეიძლება უფრო შთამბეჭდავი რამეც მოისმინო... თუმცა, რასაც გენიალური დოსტოევსკი ამბობს თავის ერთ-ერთ შედევრში, არის მართლაც უნიკალური და ქრისტოლოგიის გვირგვინად წარმოგვიდგება: "მათემატიკური სიზუსტითაც თუ დამიმტკიცებენ, რომ ჭეშმარიტება ქრისტეს მიღმაა, მე მაინც მასთან ყოფნას ვამჯობინებ."image

ის უპირობოდ აღიარებს ქრისტეს სამყაროს მეუფედ და ჩანასახშივე უარყოფს ყველა "სხვა ღმერთის" იდეას. ამ გენიოსმა ქრისტეში სწორედ მისი პიროვნება და ცოცხალი ღმერთი განჭვრიტა მთელი თავისი მშვენიერებით, რაც განასხვავებს კიდეც ქრისტიანობას სხვა რელიგიებისგან, სადაც უპიროვნო პანთეისტურ კულტებს ეთაყვანებიან.


უფალთან ურთიერთობის(თანაზიარების) არაჩვეულებრივი ახსნა აქვს დეკანოზ თეოდორე გიგნაძეს, რომელმაც ეს განცდა მოკლედ და ლაკონურად, შეიძლება ითქვას იდეალურად შეაფასა:image"ხშირი ზიარება და სწორი სულიერი ცხოვრება ჩვენ უტკბილეს ბავშვობაში გვაბრუნებს." მართლაც ძალიან რთულია უფრო შესაფერისი სიტყვების მოძებნა მადლისმიერი მდგომარეობის გადმოსაცემად, იმ უსაზღვრო სიხარულის გამოსახატად, რაც ღმერთთან კაცის სინერგიულ შეკავშირებას მოაქვს.


თვით პავლე მოციქულმაც კი, რომელმაც ზეციური სასუფეველი იხილა, მხოლოდ ამის თქმაღა მოახერხა: "რაც არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც გულში გაუვლია კაცს, ის განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეთ."

image

უფალთან სრულ ჰარმონიასა და სრულ ბედნიერებაზე მიუთითებს დალოცვილი ქართული სიტყვა სამოთხე, როცა ღვთის მადლით განღმრთობილი ადამიანი, ისე ძლიერ და ორგანულად შეეთვისება ყოვლადწმინდა სამებას, რომ თითქოსდა მისი "თანაარსი მეოთხე ჰიპოსტასი(პირი)" ხდება.


ამ კავშირის პირადი ემპირიული გამოცდილება იყო, რაც წმინდანებს თავგანწირვისა და გამაოგნებელი ღვაწლისკენ უბიძგებდა. ამქვეყნიური გაგებით, ფიზიკისა თუ ბუნების კანონებით, შეუძლებელია იმ ტანჯვა-წამების გაძლება, რასაც ღვთისათვის თავდადებული ადამიანები გადიოდნენ. მოწამეთა აურაცხელ არმიას რომ არ ჩამოვყვეთ, სანიმუშოდ მხოლოდ ჩვენი წმინდა დედოფალი ქეთევანიც საკმარისია. image

მაშინ, როცა მსოფლიოს მონარქები სრულ განცხრომასა და ფუფუნებაში ცხოვრობდნენ, ქეთევანმა ქრისტესთვის ტანჯვით სიკვდილი ამჯობინა და უარი თქვა სამეფო სიკეთეებზე. ეს საშინელი, მაგრამ თავისი არსით დიდებული მოვლენა, ხალხით სავსე მოედანზე დატრიალდა სპარსეთში და იმდენად დიდი ზეგავლენა მოახდინა მათზე, რომ პორტუგალიელმა მისიონერებმა თავის მონასტერში გადააბრძანეს მისი წმინდა ნაწილები.


ქრისტეს ჩვენ პატივს მივაგებთ არა იმიტომ, რომ სულისშემძვრელი სასწაულები აღასრულა, არა იმიტომ, რომ ზეკაცობრივ სიბრძნეს ფლობდა და საოცრად მჭერმეტყველებდა, და არც იმიტომ, რომ მასზე გავლენიანი და ავტორიტეტული დედამიწაზე არავინ შობილა, არამედ იმიტომ, რომ მან საკუთარი სისხლით დაამოწმა ადამიანისადმი ერთგულება და სიყვარული, და როგორც დედოფალი ელისაბედ მეორე ბრძანებს: "მან თავად იცხოვრა ისე, როგორც სხვებს ასწავლიდა და მოუწოდებდა."image

მიყვარხარ, მწყურხარ, გრძნობით დუღს გული,

ტრფობის ტალღები ასკდებიან ფიქრთა ჯებირებს,

ზეცის ხატი ხარ, ღვთაებრივის, ჯერ არნახულის,

მადლის ბაგაში, ჩემს ცოდვილ სულს, რომ ანებივრებს.

შენა ხარ ჩვენი დიდი ნუგეში,

შვება, სალბუნი, ყველა წყლულისა,

ავდრად მოქუფრულ შფოთის ღრუბლებში,

მზე, მომფენელი სიხარულისა.

ჩემს გულს, გონებას და სულს უკვდავსა,

ერთ კონად ჩავწნავ, როგორც იებსო,

ფერხთით დაგიფენ მადლობის ნიშნად,

თავად უჭკნობო, ტკბილო იესო.



პ.ს. "მარადჟამს იხარეთ უფალში! და კვლავაც ვიტყვი: იხარეთ! ამბობს პავლე მოციქული. ჩვენ გვიხარია იმიტომ, რომ ვერც სიკვდილი და ვერც ამასოფლის ხრწნადობა წაგვართმევს იმას, რაც მოგვეცა – ქრისტეს მარადიულ სასუფეველს."


სერაფიმ როუზი - ამერიკელი ბერი


image


0
117
შეფასება არ არის
ავტორი:კალიფორნიელი
კალიფორნიელი
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0