x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134502
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
ამარნას ხელოვნება
ახალი ეტაპი ეგვიპტურ ხელოვნებაში ფარაონ ეხნატონის (ძვ.წ. 1353-1335 წწ.) მეფობას უკავშირდება. ეს ეტაპი დაახლოებით ჩვიდმეტ წელს გაგრძელდა და მეცნიერებაში ამარნას კულტურის სახელითაცაა ცნობილი. ამარნას ეპოქა ეწოდება პერიოდს, როდესაც ამონხეტეპ IV (ეხნატონმა) უარყო ეგვიპტის ღმერთები და გამოაცხადა, რომ ეთაყვანებოდა ერთადერთ ღვთაებას-ატონს, რომლის გამოსახულებასაც წარმოადგენდა მზის დისკო სხივებით. სხივები ბოლოვდებოდა ხელის მტევნებით. ფარაონმა დედაქალაქი თებედან ახლად აშენებულ ქალაქ ახეტატონში გადაიტანა, რომელიც მისი ეპოქის

image

კულტურის, რელიგიისა და პოლიტიკის ცენტრი გახდა. ეს ეპოქა ცნობილია აგრეთვე, როგორც ეგვიპტის ხელოვნებისა და ლიტერატურის საოცარი აღმავლობის ხანა.

ეხნატონის რეფორმებმა ღრმა კვალი დატოვა ხელოვნებაში. ბუნებრივია, რომ ცვლილებებმა რელიგიურ სისტემაში, ხელოვნებაშიც შესამჩნევი გარდაქმნები გამოიწვია. ეს ეხებოდა როგორც შინაარსობრივ მხარეს, ისე ნაწარმოების მხატვრულ-სტილისტურ მანერას. ეგვიპტურ ქანდაკებასა და ფერწერაში აქამდე უჩვეულო ნიშნები ჩნდება- მკაცრი, კანონიკური, დიდებული მხატვრული სახეები უფრო პოეტური, ლირიკული პერსონაჟებით იცვლება. ამარნას კულტურაში წინა პლანზე იწევს პერსონაჟების ემოციების გადმოცემა, მეტი პორტრეტული მსგავსება ადამიანის გამოსახულებაში.


გროტესკული, თითქმის კარიკატურულია თავად ეხნატონის ქანდაკებები- მოქანდაკე არ მალავს ფარააონის გარეგნულ ნაკლს, პირიქით, ხაზგასმულად, უტრირებულად წარმოგვიდგენს მის უცნაურ, ოდნავ ავადმყოფურ გარეგნობას: სახის წაგრძელებული ოვალი, მაღალ კისერზე თავისებურად დამჯდარი თავი, სავსე მუცელი, წვრილი ხელები და ფეხები. თვალების ვიწრო, ირიბი ჭრილი და მძიმე, ნახევრად დახუჭული ქუთუთოები გამომეტყველებას რამდენადმე მელანქოლიურს ხდის. ეხნატონის ეს გამოსახულება მკვეთრად განსხვავდება მისი წინამორბედი ფარაონების ქანდაკებებისგან, სადაც ეგვიპტის მმართველები კანონიკური, ამაღლებული, მონუმენტური სახით წარმოგვიდგებიან. ფარაონის სახის გაიდეალებაზე უარის თქმა ძველი ოფიციალური ხელოვნების აშკარა უარყოფას წარმოადგენდა. ფარაონის სახის გადმოცემაში სინამდვილე უნდა ასახულიყო. ეს ახალი ტენდენცია პასუხობდა ამარნას ეპოქის მთელ ფილოსოფიურ-რელიგიურ მიმართულებას.image

არსებითი ცვლილებები განიცადა რელიეფმაც. ფიგურები საკმაოდ მოძრავი და პლასტიკური გახდა. რაც შეეხება სიუჟეტებს, აღსანიშნავია, რომ ჩნდება ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი სცენები. ფარაონის კარისკაცების აკლდამების საკურთხევლებში აღმართულ ქვასვეტებზე ეხნატონი ოჯახურ, ინტიმურ გარემოშია წარმოდგენილი, ცოლთან და შვილებთან ერთად. ფარაონი ერთ-ერთ ბავშვს ეფერება, ორნი კი ნეფერტიტთან არიან: ერთი კალთაში უზის, მეორე კი საყურეზე ეთამაშება. ფიგურები დინამიკურია და ტრადიციულ, ფრონტალურ პოზებში არ არის გამოსახული. კომპოზიციურ სიახლეს წარმოადგენს ყველა ფიგურის პროფილში გადმოცემა, რაც დაკანონებული ნორმებით სამეფო პირების გამოსახულებებისთვის მიუღებელი იყო. ასევე საინტერესოა ბერლინის მუზეუმში დაცული რელიეფი, რომელზეც ეხნატონის უფროსი ქალიშვილი მერიტატონი და მისი ქმარი სმენხკარაა გამოსახული. ფიგურები თავისუფალ, ცოცხალ მოძრაობაშია გადმოცემული, რაც დამახასიათებელია ამარნას ხელოვნების სტილისათვის. ამ რელიეფებში კარგად ჩანს ინდივიდუალური თვისებების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება, რაც ოსტატთა მთელ სკოლას ახასიათებს. ამ სკოლას პირობითად „მოქანდაკე თუტმოსის სახელოსნოს“ უწოდებენ. ახეტატონის ტერიტორიაზე აღმოჩნდა მოქანდაკეთა სახელოსნოები, სადაც დასრულებული ნამუშევრების გვერდით დიდი რაოდენობით იყო თაბაშირის ნიღბებიც, რომლებსაც მოდელზე მუშაობის პროცესში დამხმარე საშუალებად იყენებდნენ.

„მოქანდაკე თუტმოსის სახელოსნოს“ მხატვრული სტილის საუკეთესო დადასტურებაა ეხნატონის, ნეფერტიტისა და მათი ქალიშვილების პორტრეტები. მათ შორის გამორჩეულია ნეფერტიტის ბიუსტი. მსოფლიო ხელოვნებაში ძნელად თუ მოიძებნება მსგავსი სილამაზის, დახვეწილობისა და ქალურობის ამსახველი მხატვრული სახე. ეს არის მშვენიერი ქალის პორტრეტი მაღალი, მოღერებული ყელითა და თხელი, დახვეწილი სახის ნაკვთებით. სახეურბილესი გადასვლებითაა მოდელირებული. გამომეტყველება, წინა ხანის პორტრეტებისგან განსხვავებით, ნაკლებ მკაცრი და განყენებულია. მეტიც, მასში ადამიანური თვისებებიც კი გამოსჭვივის: ერთი მხრივ, მედიდურობა, მეფური ღირსება და სიამაყე, მეორე მხრივ კი, ქალური სინაზე.image

ამარნას პერიოდიდან აღსანიშნავია აგრეთვე ფარაონის დედის, დედოფალ ტიას პორტრეტული თავი, რომელიც დაახლოებით ეხნატონის მეფობის მეექვსე წლით თარიღდება. ამარნის ხელოვნებისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური ნიშნების გადმოცემა ამ პორტრეტში ნეგროიდული ტიპის სახის შექმნით გამოვლინდა. პორტრეტი შესრულებულია აბანოზის ხეში. მუქი ყავისფერი მასალის ზედაპირი გაპრიალებულია და შესანიშნავად ერწყმის ინკრუსტირებულ თვალებსა და წარბებს, თმები კი ოქროს თხელი ფირფიტებითაა შესრულებული.

რაც შეეხება ამარნას ეპოქის ფერწერას, ის ასევე სიახლეების გაჩენით ხასიათდება. ახეტატონის სასახლის გათხრების დროს აღმოჩნდა მოხატულობის ფრაგმენტები. კომპოზიციებში გამოყენებულია ორნამენტული მოტივები და სიუჟეტური სცენები. შემორჩენილია მოხატულობა, სადაც გამოსახულია ფარაონის ორი ქალიშვილი.image

მათ გარეგნობასა და პოზებში აშკარად ჩანს ამარნის ოსტატის ხელწერა. ფერწერა ფერთა ჰარმონიული შეხამებით და ერთი მთლიანი ტონალობით გამოირჩევა. სასახლის იატაკები აგრეთვე მოხატულია რბილი ფერებით და მდიდარი ორნამენტული მოტივებით. ამარნის ეპოქის ფერწერა ხასიათდება ჰარმონიული ფერადოვანი გამით და არა ფერთა კონტრასტული დაპირისპირებით.

ამრიგად, ამარნას ხელოვნება სტილისტური მრავალფეროვნებითა და მრავალი სიახლით ხასიათდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს პერიოდი მხოლოდ ჩვიდმეტ წელს გაგრძელდა, მისი მემკვიდრეობა დიდხანს იგრძნობოდა ეგვიპტურ ხელოვნებაში.

0
365
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო არაბიძე
ნინო არაბიძე
365
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0