x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134482
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508536
გაიგეთ როგორ ხდება განქორწინება

განქორწინებაგანქორწინების წესი და პროცედურა საქართველოში

განქორწინება თითოეული მეუღლის უფლება არის, რომლის რეალიზაციაც კანონით დადგენილი წესების შესაბამისად ხორციელდება. განქორწინებას საფუძვლად რიგი სოციალური და პიროვნული ფაქტორები უძღვის, რომლებიც ქორწინებიდან რამდენიმე თვეში ან წელში იჩენს ხოლმე თავს.
მიუხედავად იმისა, რომ განქორწინება პირისთვის კანონით განმტკიცებული უფლებაა, სამოქალაქო კოდექსი მაინც აწესებს განქორწინების დაუშვებლობის პირობებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1123-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ცოლის ორსულობის პერიოდში და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში ქმარს უფლება არა აქვს ცოლის თანხმობის გარეშე აღძრას საქმე განქორწინებაზე. ამ ნორმით დაცულია როგორც ემბრიონის, ისე ორსული მეუღლის სიცოცხლე და ჯანრმთელობა გარეშე ფაქტორების ზემოქმედებისაგან, იქნება ეს ემოციური თუ ნერვიული ფონი. ამავე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში- სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში.
იგულისხმება ის, რომ თუკი ერთი მხარე არის წინააღმდეგი, მაშინ მეორე მხარეს, რომელსაც სურს განქორწინება მოუწევს ეს პროცესი წარმართოს სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
განქორწინებაზე დავისას ხშირად წარმოიშობა სხვა უფლებებისა და მოვალეობების დაკისრებისა და განაწილების საკითხიც, მაგალითად: ალიმენტის დაკისრება, ნახვის დღეების განსაზღვრა, ქონების გაყოფა და ა.შ. განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.
კოდექსის 1127-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო, როდესაც აუცილებელია, იღებს ზომებს მცირეწლოვანი შვილებისა და შრომისუუნარო მეუღლეების ინტერესების დასაცავად.
თუ განქორწინებისას მეუღლეები შეთანხმებულები არ არიან განქორწინების შემდეგ შვილების საცხოვრებელი ადგილისა და მათ სარჩენად გადასახდელ სახსრებზე, სასამართლო მოვალეა განქორწინებასთან ერთად განსაზღვროს ისიც, თუ რომელი შვილი რომელ მშობელთან დარჩეს და რომელ მშობელს რა ოდენობით უნდა გადახდეს სარჩო (ალიმენტი). ესეიგი ამ დროს განქორწინების გარდა, დავის საგანს წარმოადგენს ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და ალიმენტის დაკისრება ერთ-ერთი მშობლისათვის.
ასევე მხარეთა შუამდგომლობით სასამართლო ვალდებულია განსაზღვროს მეუღლეთა თანასაკუთრების ბედი (სსკ 1130-ე მუხლი). თუკი ეს თანასაკუთრება ეხება მესამე პირთა უფლებებს, დავა ქონების გაყოფის შესახებ არ შეიძლება გადაწყდეს განქორწინებასთან ერთად და ქონებრივი დავა განიხილება ცალკე წარმოების წესით.
სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის მიხედვით მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს მათ მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება. სასამართლო განსაზღვრავს თუ რომელი ნივთი რომელ მეუღლეს უნდა მიეკუთვნოს. პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო ნივთები (მუსიკალური ინსტრუმენტები, ექიმის ხელსაწყოები და ა.შ.) თუნდაც ქორწინების განმავლობაში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო სახსრებით გადაეცემა იმ მეუღლეს, რომესლაც ეს ნივთები თავისი საქმიანობისთვის სჭირდება. თუ თანასაკუთრების გაყოფისას ერთ-ერთ მეუღლეს გადაეცემა ისეთი ნივთები, რომელთა ღირებულებაც მის კუთვნილ წილს აღემატება, მაშინ მეორე მეუღლეს მიეცემა შესაბამისი ფულადი ან სხვაგვარი კომპენსაცია.
განქორწინება ძალაში შედის სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის დღიდან.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, განქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება ერთ-ერთი მეუღლის განცხადების საფუძველზე, თუ:
1. არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ.
2. მეორე მეუღლე სასამართლო გადაწყვეტილებით აღიარებულია უგო-უკვლოდ დაკარგულად
3. მეორე მეუღლე სასამართლოს მიერ ცნობილია ქმედუუნაროდ.
4. მეორე მეუღლე დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულია თავისუფლების აღკვეთით ვადით არანაკლებ 3 წლისა.
განქორწინების სამწუხარო აქტუალურობას ადასტურებს საქსტატის კვლევაც. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს რეგისტრირებული ქორწინების რაოდენობამ წინა წელთან შედარებით, 5.6 პროცენტით იკლო და 23 684 შეადგინა. რაც შეეხება განქორწინებას, 2017 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 10 222 შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.2 პროცენტით გაიზარდა.
თბილისი განქორწინებების სტატისტიკით ლიდერია – ეს მაჩვენებელი 3 731-ს შეადგენს. ყველაზე ნაკლები განქორწინება კი, შიდა ქართლში დაფიქსირდა – 651.
მიუხედავად განქორწინებისა, სამოქალაქო კოდექსის 1136-ე მუხლის მიხედვით, განქორწინებულ მეუღლეებს უფლება აქვთ ხელახლა დაქორწინდნენ. ეს ნორმა მხარეთა ნების ავტონომიურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოხატულებაა, რომელიც მიზნად ისახავს ოჯახური იდილიისა და კეთილდღეობის შემდგომში განახლებასა და შენარჩუნებას.
ავტორი: ადვოკატი ბექა მოსაშვილი
0
130
შეფასება არ არის
ავტორი:ბექა მოსაშვილი
ბექა მოსაშვილი
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0