x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ავარიით დაღუპული 16 წლის ბიჭის სკოლის პედაგოგის ემოციური მიმართვა
image


დედოფლისწყაროში ავტოავარიისას გარდაცვლილ 16 წლის ბიჭს მისი პედაგოგი გამარჯვების საჯარო სკოლის ქართული ენა ლიტერატურის მასწავლებელი ეკა თარაშვილი ემოციურ პოსტს უძღვნის და მოზარდის სიცოცხლის უკანასკნელი დღეებიდან რამდენიმე საინტერესო დეტალს იხსენებს.


„ზურაბ, დღეს ჩვენს სოფელში ტკივილმა გული დაგვიმდუღრა და შავმა მოიცვა უდარდელი ბავშვთა სამყარო. რამდენი სიყვარული გაგიცია, რომ ასე ააცრემლე უმანკო თვალები, თუმცა განა შენ კი გინდოდა? რა მხიარულად და აზრიანად გაგიტარებია გუშინდელი მოაზროვნეთა შეჯიბრი... და ეს უკანასკნელი ყოფილა შენთვის. როგორი ხალისით გაიპარე ოთხი დღის წინ კლასელებთან ერთად სკოლიდან... და ესეც უკანასკნელად. როგორ შინაარსიანად შეასრულე ჩემი დავალება მომავალი სასკოლო ღონისძიებისთვის, სადაც პრეზენტაცია უნდა გქონოდა. ეს კი ვეღარ შეძელი ჩვენთან ერთად... როგორ გადმოვცე ის, რაც ჩვენი ლამაზი სკოლის კედლებსა და დერეფნებში დღეს, დილას ხდებოდა... თავალებაწითლებულ, ნამტირალევ და უიმედო გოგო-ბიჭებს გაკვეთილებს ვუტარებდით, ასეთივე თვალები გვქონდა ჩვენც... მერე კი შენს ოჯახს გვერდით დავუდექით, თუმცა რა უძლური აღმოჩნდა სიტყვა, რომელიც ხორხიდან აღმომსკდარმა ტირილმა გაწყვიტა... როგორ ვანუგეშოთ დედა, მამა, ძმა, ძმობილები... და როგორ ვინუგეშოთ მთელი სკოლა და სოფელი, რომ 16 წლის უმანკო სიცოცხლე ხელიდან გაგვიფრინდა... შენს დიდ, ცისფერ თვალებში ცა სამუდამოდ აირეკლა, ზურაბ, დედა ღვთისმშობელი იყოს მეოხი შენი სულისა!, “ - წერს პედაგოგი ეკა თარაშვილი.


შსს-მ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომანქანის მძღოლის ვინაობა დაადგინა. მოკვლევა საგზაო კამერების ჩანაწერების საფუძველზე განხორციელდა. უწყების ინფორმაციით, მძღოლი გამოკითხვაზე უკვე გამოცხადდა. მისი ბრალეულობის დასადგენად, გამოძიება ექსპერტიზის დასკვნას დაელოდება. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა დედოფლისწყაროში წუხელ მოხდა. შემთხვევის შედეგად, 16 წლის მოზარდი გარდაიცვალა.



შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მომხდარ ფაქტზე, საქმე სსკ 276-ე მუხლითაა აღძრული, თუმცა დაკავებული ჯერჯერობით არავინ არის. საქმისათვის მნიშვნელოვანია, მეორე მოზარდმა შემთხვევის დეტალები გაიხსენოს“ - განმარტეს სამინისტროში.


თვითმხილველების განმარტებით, შეჯახება ცენტრალურ მაგისტრალზე გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივებმა შეჯახების ხმა დაახლოებით 12 საათისთვის გაიგეს და პოლიცია გამოიძახეს.

დედოფლისწყაროს ტელევიზიის ინფორმაციით, გარდაცვლილია მოპედის მძღოლი, 16 წლის ზურა მარტყოფლიშვილი. სხეულის დაზიანებები მიიღო სკუტერის კიდევ ერთმა მგზავრმა, რომელიც მისი თანაკლასელია. ორივე მათგანი სოფელ გამარჯვების მკვიდრია. ისინი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ეკიპაჟმა დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მძღოლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. თვითმხილველებმა ის უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მეორე მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


„გზაზე მივდიოდით და თვალებში რაღაცამ მოგვანათა, შემდეგ არაფერი აღარ მახსოვს... გზის მეორე მხარეს მიპოვეს“ - ამბობს დაშავებული მოზარდი.


დედოფლისწყაროს საავადმყოფოს მთავარი ექიმის, ხათუნა ზურიკაშვილის ინფორმაციით, დაშავებული საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. „მას ფეხის ტრამვა ჰქონდა, ჭრილობა დავამუშავეთ და უკვე გავწერეთ. მეორე ახალგაზრდა, სამწუხაროდ, გარდაიცვალა“ - განაცხადა ზურიკაშვილმა.


ამ ეტაპზე უცნობია, რას შეეჯახა მოპედი. თუმცა, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ სკუტერი ნაწილებად დაიშალა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა მას გამვლელი მანქანა დაეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამ ვარაუდს ისიც ამძაფრებს, რომ ირგვლივ შეჯახების კვალი არაფერს ეტყობა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე არავინ დაუკავებიათ, თუმცა გამოძიება ერთერთ ვერსიად სწორედ ავტომობილის შეჯახებას განიხილავს, რომლის მძღოლიც მიიმალა.

0
417
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
417
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0