x
მეტი
  • 13.12.2019
  • სტატია:97326
  • ვიდეო:344152
  • სურათი:459312
ილუზიების ტყვეობაში, ანუ ე.წ. „თანამედროვე ფეხბურთი“
image

(გაგრძელება)


რატომ „ჩავიციკლეთ“ ამ თითქმის ტერმინადქცეულ სიტყვების ერთობლიობაზე? რა ძირითად პრინციპს ეფუძნება „თანამედროვე ფეხბურთი“ ჩვენში გამჯდარი პროპაგანდის მიხედვით - დაცვიდან თავდასხმაში სწრაფად გადასვლას? ბურთთან დროულ განშორებას? აგრესიულ დაცვას? მობილურობის ხარჯზე თავისუფალი ზონის შექმნას და გამოყენებას? თავდაუზოგავ ბრძოლას მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე? დაცვაშიც და შეტევაშიც უკლებლივ ყველა მოთამშის მონაწილეობას? ზოგადად ალბათ ასეა, მაგრამ გასული საუკუნის 70- 80-იანი წლების კიევის „დინამოს“ თამაშის მნახველ ქართველებს, დღევანდელი ფეხბურთი გვიკვირს?

ეს ყველაფერი ადრეც იყო და გაუგებარია, რატომ გვეჩვენება ათლეტიზმზე, ბრძოლისუნარიანობაზე, გამძლეობასა და გუნდურ მობილურობაზე დაფუძნებული ფეხბურთი თანამედროვე?


შორეულ წარსულში, მას შემდეგ, რაც ვიტორიო პოცცომ ცენტალური ზონის მობილურობის გაზრდის მიზნით, კლასიკურ „პირამიდა“-ში (2-3-5), ორი თავდამსხმელი უკან დაწია (2-3-2-3), მოედანზე ძალა და ენერგია ევროპული ფეხბურთის ტრენდად იქცა. მაშინვე გაჩნდა მოსაზრება, რომ ჯუზეპე მეაცას ელეგანტური თამაშის ეპოქაც დასრულდა, მაგრამ, იმ დროს თითქმის საუკუნე გვაშორებს და ედენ აზარი დღესაც ბრწყინავს, ხოლო ლუკა მოდრიჩი 2018წ. მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს.

ძირეული ცვლილებების პერიოდი, რამაც ე.წ. „თამამედროვე ფეხბურთი“ ასეთი სახით ჩამოაყალიბა, გასული საუკუნის 60-70-იან წლებში დასრულდა. კარლ რაპენის და ნერეო როკოს ფეხბურთი, ელინიო ერერამ კატენაჩიოდ აქცია, ხოლო გუსტავ შებეშის „სოციალისტური ფეხბურთი“ ერნსტ ჰაპელმა და რინუს მიხელსმა ტოტალურად.

თუ კატენაჩიო მეტ-ნაკლებად ინარჩუნებდა პირვანდელ სახეს, წლებმა მხოლოდ სახელი გადაარქვა და „ავტობუსად“ შერაცხა, მისგან განსხვავებით, ტოტალური ფეხბურთი თავიდანვე არ იყო ერთგვაროვანი, ე. ჰაპელის უფრო დაცვაზე ორიენტირებული, ხოლო რ. მიხელსის შემტევი იყო.

ცნობილია, რომ პირველი მკვეთრი ჩარევა კლასიკურ ტოტალურ ფეხბურთში ვ. ლობანოვსკიმ განახორციელა და აღიარებულია, რომ თავისი კონცეფციით დროს 40-50 წლით გაუსწრო. მოგვიანებით იყო არიგო საკის ლიბეროთი მოთამაშე ტოტალური ფეხბურთიც, კრუიფის და გვრდიოლას ბარსელონაც, ვენგერის არსენალიც და დღესაც არაერთი გუნდის შესრულებით ვნახავთ მობილურობის ხარჯზე, მოედნის გარკვეულ მონაკვეთზე რიცხობრივი უპირატესობის შექმნის მცდელობას, თავისუფალ ზონაში ბურთის გაგზავნას და ბრძოლას, კონტრშეტევაზე თითქმის მთელი გუნდით გადასვლას, მოწინააღმდეგის მოედანზე აქტიურ დაცვას, რასაც თანამედროვე კომენტატორები პრესინგს ეძახიან და ა.შ. მართალია ყოველივე ზემოთაღნიშნული ტოტალური ფეხბურთის შემადგენელია, მაგრამ ლობანოვსკის ტაქტიკურმა დისციპლინამ, სისტემურმა უნივერსალიზზმა და პრაგმატიზმმა, ისევე როგორც არნახულმა სისწრაფემ, მთელს მოედანზე ფიზიკურმა ზეწოლამ და ბურთის ართმევის კოლექტიურმა მეთოდმა, განსაზღვრა მეტწილად ე.წ. „თანამედროვე ფეხბურთის“ იდეოლოგია.

ახლა წარმოიდგინეთ, ერთი მხრივ ასეთი აგრესიული ფეხბურთი, არა დღევანდელი სახით, ფრაგმენტულად, არამედ მთელი თამაშის მანძილზე, შიგადაშიგ მცირედი პაუზით, ისიც მოწინააღმდეგის მოდუნების, ერთგვარი მიძინების მიზნით და მეორე მხრივ ფიზიკურად სუსტი, „ზარმაცი“ ქართველები.

არ ვდაობ საფეხბურთო ტაქტიკაზე და გემოვნებაზე, უბრალოდ მაინტერესებს, როგორ ვახერხებდით ისეთ გუნდთნ თამაშს, როგორიც იმ პერიოდის ლობანოვსკის "დინამო" იყო? მართალია მისი მწვრთნელობის პირველ (1973-82 წწ.) და მეორე (1984-89 წწ.) ეტაპზეც ურთიერთშეხვედრების უარყოფითი ბალანსი გვაქვს (17 წაგება, 8 მოგება და 10 ფრე), მაგრამ არც ის დავივიწყოთ, რომ ჩვენ იმ გუნდზე ვსაუბრობთ, რომელმაც ფ. ბეკენბაუერისა და გ. მიულერის „ბავარიას“ ევროპის სუპერთასის ორივე მატჩი მშრალად მოუგო (ჯამში 3-0), ხოლო თასების თასის ფინალში მადრიდის „ატლეტიკო“ ანალოგიური ანგარიშით გაანადგურა.

დღეს კი გვაოცებს ბეილის სისწრაფე, მაგრამ ბლოხინი 100 მეტრიან დისტანციაზე 11 წამში, მასზე გაცილებით ადრე შევიდა, ხრუბეშის მსგავსი ფიზიკური მონაცემების მქონე ათლეტი დღევანდელ ფეხბურთშიც სანთლით საძებარია, „ფეინოორდი“ ყოველთვის ძალისმიერს „აწვებოდა“ და საინტერესოა, რას ვუპირისპირებდით, რის ხარჯზე ვეთამაშებოდით ტოლ-სწორად?

დასაწყისში ვახსენე და გავიმეორებ, ქართველებმა თუ არ გავაცნობიერეთ რა იყო ის მთავარი საყრდენ - მამოძრავებელი, რომელმაც საშუალება მოგვცა გაგვეთავისებინა და მეტიც გამორჩეული გაგვეხადა ფეხბურთი, ვერც მაყურებელს დავაბრუნებთ ტრიბუნებზე და ვერც იმ სფუძვლებს დავუბრუნდებით რის ხარჟზეც ვახერხებდით, ოდესღაც დიდი ფეხბურთის თამაშს.

რატომღაც მივიჩნევთ, რომ უფალმა ფეხბურთის ნიჭი გვარგუნა, მაგრამ გვავიწყდება, რომ ნიჭი თანდაყოლილი ფენომენია და კონკრეტულად ფეხბურთის, ვერანაირად ვერ იქნება.

თუ ასეა და ეს ნამდვილად ასეა, მაშინ რას ვგულისხმობთ, რის ნიჭს ვაიგივებთ ფეხბურთთან?

ცნობილია, რომ ზოგადად ფიზიკური ტალანტი ოთხი ძირითადი შემადგენელით განისაზღვრება: ძალით, მოქნილობით, გამძლეობით და მგრძნობელობით.

ალბათ დამეთანხმებით, რომ მხოლოდ ათლეტურობით, ჯან - ღონითა და გამძლეობით ფეხბურთის თამაშისას, არავინ გამოგარჩევს, მაგრამ მოქნილობით, სისხარტით, სწრაფი რეაქციით, რითმის გრძნობით, მოულოდნელი აჩქარებით, კონცენტრაცია-ყურადღების გადატანის დინამიკით, კომბინირებული მოძრაობით, სივრცეში ორიენტირების და ჰარმონიული (ზედმეტად დაძაბვის გარეშე) მოქმედების უნარით, აუცილებლად შეგამჩნევენ. აღნიშნული, სხეულის კუნთების შეთანხმებული მოქმედების შედეგია - ორგანიზმის, ერთი შეხედვით ძალზედ მარტივი ქმედება, მაგრამ ფიზიოლოგიაში აღწერილია როგორც მოძრაობის კოორდინაციის მაღალი შესაძლებლობები.

შეგიმჩნევიათ ალბათ. ყინულზე ფეხის დაცდენისას, როგორ ცდილობს ადამიანი კომპენსირებადი მოძრაობებით წონასწორობის შენარჩუნებას, ზოგიერთს აღნიშნული მარტივად გამოსდის, ზოგს უფრო რთულად, ხოლო ზოგიც ეცემა - რაც უფრო მაღალი აქვს მოძრაობის კორდინაციის უნარი ორგანიზმს, მით მეტი შანსი, ასეთ ვითარებაში, შეინარჩუნოს წონასწორობა.

ალბათ მიხვდით რატომ მოვიყვანე მაგალითად ბანალური შემთხვევა, რომელიც ერხელ მაინც, არათუ გვინახავს არამედ განგვიცდია. როგორც ყველაფერი თანდაყოლილი, ადამიანში სხეულის მოძრაობის კორდინაციის დონეც, განსხვავებულია (ზოგი სიარულისას ისე მოძრაობს გეგონებათ მიწას საერთოდ არ ეხებაო, ხოლო ზოგიერთს ყველაფერი ხელიდან უვარდება) და ფიზიკურ ნიჭში, რომელიც სპორტულ ასპარეზზე წარმატების მიღწევის წინაპირობად ითვლება, აღნიშნული ფაქტორი ფუნდამენტურია.

როგორც ცნობილია, ადამიანის ძალისხმევით ნებისმიერი მონაცემის გაუმჯობესება შეიძლება, მათ შორის მოძრაობის კორდინაციის დონის ამაღლებაც, ამისთვის სპეციალური ვარჯიშებიც არსებობს და ის სპორტის სახეობებიც ცნობილია, რომლებიც ბავშვებს განსაკუთრებით უნვითარებენ აღნიშნულ თვისებას, მაგრამ მოგეხსენებათ ბუნებრივი მონაცემები ის განძია, რომელსაც საწყის ეტაპზე ვერაფერი შეედრება და ზუსტად აღნიშნულ გარემოებაზე დაყრდნობით, სპორტში მოღვაწე მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მოძრაობის კოორდინაციის, თანდაყოლილი, განსაკუთრებული შესაძლებლობები, ის საბაზისო ფიზიკური თვისებაა, რომელიც ტექნიკური მომზადების მაღალი ხარისხის გარანტიას იძლევა.

სპეციალისტები იმასაც აღნიშნავენ, რომ მოცეკვავეებში სხეულის მდგრადობა და კოორდინაცია ყველაფრის თავიდათავი ყოფილა, ხოლო საყრდენი, მოჭიდავის მოძრაობისას ის ძირითადი პრინციპი, რომლის გარეშეც პრაქტიკულად შეუძლებელი, თუნდაც ერთი კონტროლირებადი ტექნიკური მოქმედების განხორციელება.


(გაგრძელება იქნება)


0
75
შეფასება არ არის
ავტორი:გოგა კაკაბაძე
გოგა კაკაბაძე
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0