x
მეტი
  • 10.12.2019
  • სტატია:97244
  • ვიდეო:344106
  • სურათი:459230
ფარშევანგის სიმბოლო პაოლო იაშვილის ლექსში „ფარშევანგები ქალაქში“
პაოლო იაშვილი

ქალაქის ამსახველი ლირიკული თუ პროზაული ტექსტები ჩვენს ლიტერატურაში საკმაოდაა. მე- 20 საუკუნის ათიანი წლების ქართულ პოეზიაში ქალაქური თემების ერთ-ერთ დამამკვიდრებელად პაოლო იაშვილი გვევლინება. საყურადღებოა, რომ მას ამ პერიოდში ქალაქური ცხოვრების რეალისტური სურათები და კონტრასტებით აღსავსე სოციალური გარემო კი არ იტაცებს, არამედ მისი მირაჟული ჩვენებები პოეტის თვალწინ გადაშლილი ფეერიული სურათებითა და დემონიური სულისკვეთებით. ეს გამძაფრებული ურბანიზმი და „ქალაქი სპრუტის“ ფატალური სახე მთელი სიმძაფრით გამოჩნდა პ. იაშვილის თავისთავად ძლიერ ექსპრესიულ ლექსში „ფარშევანგები ქალაქში.“

ქალაქში სიცხე იყო. რეტიან ფიქრებს

მზე აწვალებდა და ახრჩობდა ცხელ ნიაღვარში:


(ავია, როცა წითელ გველებს მზე შემოიკრებს,

და დაიქცევა მკბენარ სისხლად ქუჩების ღარში).

ქალაქში სიცხე იყო. ეტლები ჰქროდნენ,

მზეს ემდუროდნენ მომეტებულ ნეტარებისთვის;

მხოლოდ კატები ქვეყნის დუღილს შეეხაროდენ,

რომ ინახავენ თავის ვნებას ცხელ დარებისთვის:

როგორც დამსხვრეულ შუშების მტვერი,

ისე ელავდა ლურჯი ჰაერი.

და მოძრაობდა ჩქარ ელვარებით

ხალხი, მორთული ცხელ ოლარებით.

ქარხნების ყვირილი და კვამლი ღვრია,

ქუჩებში სნეული ძაღლები ყრია.

კნავიან სახლებზე ფერადი კატები;

საყდრის გუმბათები

ცას ეშურებიან, ვით ცეცხლის ენები.

მხურვალე ცახცახით დაჰქრიან ცხენები.

მწვანე და წითელი ქოლგების ტრიალი,

სადღესასწაულო დროშების ფრიალი,

ლურჯ ხავერდიან ხეების ლანდები,

ოქროს და ძვირფასი ქვის შუშაბანდები...

სისხლისფერ გველეშაპს ბრაზი ემატება.,

ქალაქში შენიშნეს ჰაერის ანთება...


*

მოულოდნელად, მდუღარე მზის მთვრალი განგებით,

ჰაერი აყვავილდა წითელი ფარშავანგებით.

იყო მათი მოვლენა წითელი ქარტეხილი,

იყო მათი ყვირილი მხურვალედ დატეხილი.

ფრთებზე სდუღდა სპილენძი და კიოდნენ ყვითელ ციდან,

თითქოს ახლა ამოსცვივდნენ გახურებულ ქვაბებიდან,

რომელშიდაც სჩქეფდა რკინა;

და ფრთებდამწვრებს ვერ ეპოვათ ვერსად ბინა.

და ელავდა მათი ტანი სისხლით,

თითქოს ვინმე მოსდევდა ფარშევანგებს მზის ხმლით.

ცხელ ჰაერის ცისფერ ხორცსა გლეჯდნენ მკაცრი ნისკარტებით

და ქალაქში მოფრენილნი გაგიჟებულ მზის დარდებით,

ქუჩებს, ოქროს მდინარეებს, აკვნესებდნენ ახალ შიშით-

და აივსო ეს ქალაქი ხმაურობით და სიგიჟით:

ლიწინით სცვიოდნენ ხეებს ტოტები

აინთნენ სახლები ალმურის მოდებით.

ხალხი ირეოდა კვნესით და ვაებით

ყვირილით მიჰქროდნენ ჩქარი ტრამვაები.

და ფარშავენგები ჰკიოდნენ, ჰკიოდნენ,

მაღალ სახლებიდან კატები სცვიოდნენ.

და გიჟი ცხენები ხედვა ახვეული,

მოსჩანდნენ სვეტებზე მკერდგადახეული.

ოხრავდნენ გაერში მზისგან დავნილები,

სისხლით ატლასობდნენ ძირს ქვაფენილები.

წითელ ქარში ზართა რეკა შემოისმა ყრუ და ჩქარი.

ყველა შიშმა გადარეკა, მხოლოდ მკვდართან მოსჩანს მკვდარი,

ცხელი ორთქლი, ცრემლისფერი, მხურვალე ცას ეფინება,

ჩუმად არის ყველაფერი, ქალაქს წითლად ეძინება.

და სხივოსნობენ გუმბათები, და ოქროს ჯვრები,

იისფერ ნისლში მდუმარებით სჩანან ველები.

ვით დაფლეთილი, სისხლისფერი, სოველი ჩვრები,

ხეებზე სხედან დაღალული მზის ფრინველები.


როგორც ვნახეთ, ტრაგიკული გზნებით ავსებული სახე-სიმბოლოთა ქარიშხლისებური სრბოლა ლექსის ფინალურ სტრიქონებში უკვე თავისებურ მშვიდ პოეტურ რექვიემში გადადის: და სხივოსნობენ გუმბათები და ოქროს ჯვრები. იისფერ ნისლში მდუმარებით ჩანან ველები, ვით დაფლეთილ, სისხლისფერი, სოველი ჩვრები, ხეებზე სხედან დაღალული მზის ფრინველები.

„სიცხიანი, ჰალუცინაციებით აბოდებული ქალაქი, სადაც ლურჯი ჰაერი დამსხვრეული შუშის მტვერივით ელავს, სადაც სნეული ძაღლები ქუჩებში ყრიან და თვალებახვეული ცხენები მკერდს იხევენ რკინის სვეტებზე, პაოლო იაშვილს წარმოუდგებოდა მისტიკურ კოცონად, რომელშიც უმწეო მშვენიერ ფრინველებთან ერთად სამუდამოდ იწვოდნენ პოეტის წმიდათაწმიდა ილუზიებიც, და ეს სისხლიანი სასაკლაო, როგორც მთვრალ ხარს, ისე იზიდავდა პოეტის შთაგონებას.

რასაკვირველია, ეს იყო სიმბოლისტის თვალით დანახული ქალაქი, უფრო ირეალური, ვიდრე ნამდვილი, მაგრამ ეს არ ყოფილა მხოლოდ და მხოლოდ ესთეტის მიერ შეთხზული ლამაზი ბუტაფორია.

ეს ლექსი დაწერილია ოცი წლის ჭაბუკის ხელით და მასში, მიუხედავად დეკადენტის განურჩეველი, ინდიფერენტული პოზისა, ნამდვილად ისმის, თავგამეტებით კივის, მოწყალებას ითხოვს ქალაქის მტვერში წაქცეული ბავშვის ჭრილობა.

„ცისფერყანწელები“ სინამდვილეში იყვნენ სწორედ ის გულჩვილი, გასული საუკუნის იდილიებზე გაზრდილი ბავშვები, რომლებიც ახალმა საუკუნემ დიდი ქალაქის ქუჩებში გამოყარა და რომელნიც ამაოდ ცდილობდნენ ჭრელი ქაღალდის ნიღბებში დაემალათ თავიანთი შიში და ძრწოლა ამ უცნობი სინამდვილის წინაშე.“ (გურამ ასათიანი)

სიმბოლისტებს ბევრი საერთო სიმბოლო თუ ნიშანი ჰქონდათ. ყურადღებას გავამახვილებთ ერთ-ერთ მათგანზე. იაშვილის ლექსში „ფარშევანგები ქალაქში“ გვხვდება ფრაზა „როგორც დამსხვრეულ შუშების მტვერი, // ისე ელავდა ლურჯი ჰაერი“. „ლურჯი ჰაერი“ ასევე გვხვდება ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსში „ძვირფასი ქვების ვიზიონერი“:

„თქვენი პირბადით თვით ქვეყანას დავემალები

დაისის ლალი გამოვსტაცო მინდა ლურჯ ჰაერს.“

„ლურჯი ჰაერი“ გვხვდება გალაკტიონ ტაბიძის ლექსში „სასაფლაონი“:

„სარკოფაგიდან დგება მუმია. რა სიჩუმეა. ჰაერი ლურჯი აბრეშუმია.“

დავუბრუნდეთ ლექსს. „ფარშევანგები ქალაქში“ სიმბოლისტური მსოფლმხედველობისა და განწყობის თანამიმდევრული ამსახველია: ქალაქში სიცხე იყო. რეტიან ფიქრებს მზე აწვალებდა და ახრჩობდა ცხელ ნიაღვარში; (ავია, როცა წითელ გველებს მზე შემოიკრებს და დაიქცევა მკბენარ სისხლად ქუჩების ღარში). მოგვიანებით სალიტერატურო კრიტიკამ „ფარშევანგების“ პოეტურ ინსტალაციებში წითელი ურჩხულების და ქარტეხილების სიმბოლური განსახოვნება წითელი რევოლუციის კალეიდოსკოპურ გამოხატვად და წინასწარმეტყველებად აღიქვა. ფაქტია, რომ ამ ლექსის მდიდარი სახეობრიობა და მრავალფეროვანი მხატვრული პასაჟები ამგვარი დასკვნის საშუალებასაც იძლევა. „აქვე იკვეთება პერსონაჟის მიერ საკუთარ შეხედულებათა გამუდმებული ანალიზი. სიმბოლისტმა შინაგან კონფლიქტს, შიშს სამყაროს სიკვდილისა და სხვა მრავალი გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი მოვლენის წინაშე – „უმიზეზო ნაღველი“ (ვერლენი), ანუ „სპლინი“ (ბოდლერი) უწოდა“ (ჩუბინიძე 2005)

ფარშევანგის მნიშვნელობის გააზრებისათვის:

ფარშევანგი

  • ადრეული ქრისტიანული პერიოდის ხელოვნებაში უპირატესობა ეძლეოდა ფარშევანგის პოზიტიურ მნიშვნელობებს. იგი უკვდავების სიმბოლოდ ითვლებოდა, რადგან ლეგენდარული ცრურწმენის მიხედვით, ფარშავანგის ხორცი სიკვდილის შემდეგ არ იხრწნებოდა (გარდაცვლილი ქრისტეს სიმბოლო). სწორედ ამ აზრით ფიგურირებს ეს ფრინველი ქრისტეშობის ამსახველ სცენებში. გარდა ამისა, ბუმბულის განახლება ყოველ გაზაფხულზე ამ ფრინველს აღდგომის სიმბოლოდაც აქცევდა. ფარშავანგის კუდზე მოთავსებული „ათასი თვალი“ ზოგჯერ ყოვლის მხედველი ეკლესიის სიმბოლური მნიშვნელობით გამოიყენება.
  • მეორე მხრივ, თავმდაბალი, მორჩილი ცხოვრების ქრისტიანულმა დოქტრინამ დასავლეთ ევროპის ხელოვნება იძულებული გახადა, რომ ამ ფრინველისთვის მიენიჭებია სიამაყის, ფუფუნებისა და პატივმოყვარეობის ცოდვების მნიშვნელობა. ფარშავანგს მედიდური სიარული ჩვევია, რომლის დროსაც იგი დემონსტრირებას უკეთებს ლამაზად შეფერილ კუდს. ამ თვისების გამო დასავლეთ ევროპის ხელოვნებაში ფარშევანგი ამქვეყნიურ სიამაყესთან და პატივმოყვარეობასთან არის გაიგივებული.
  • ფარშავანგის ნეგატიური მნიშვნელობებია ხაზგასმული ადრეული ქრისტიანული პერიოდის ტექსტში „ფიზიოლოგუსში“: ფარშევანგი „კმაყოფილი იერით დადის და ათვალიერებს თავის ლამაზ ბუმბულს, მედიდური გამომეტყველებით და სიამაყით იცქირება ირგვლივ. მაგრამ საკმარისია თავის ფეხებს შეხედოს, რომ მრისხანედ კივის, რადგან ისინი არ შეეფერებიან ამ ფრინველის გარეგნობას... თუკი შენ, ქრისტიანო, დაინახავ შენს ფეხებს ანუ ნაკლოვანებებს, მიმართე ღმერთს და მოიძულე უსამართლობა ისე, როგორც ფარშევანგს სძულს თავისი ფეხები“.

    ფარშევანგები გვხვდება პოეტის კიდევ ერთ ლექსში „მკრთალი იაშმა“:

    გკოცნიან თეთრი ფარშევანგები

    და შემოდგომის ჭლექი სიყვითლე!..

    ასევე, ტიციანთან:

    ყვითელ მალაელს მოსდევს პაოლო,

    ფარშევანგების შემოჰკრა ალყა,

    და ოფელიამ თვალი მოავლო,

    ვალერიანმა ჰამლეტს გაარტყა („ბირგამიის ტყე“)

    სხვათაშორის, თბილისში მოქმედებდა კაფე „ფარშევანგის კუდი“. ეს იყო აკმეისტების, სიმბოლისტების და ფუტურისტების თავშეყრის ადგილი. მისი კედლებიც დაფარული იყო კირილე ზდანევიჩის და ზიგა ვალიშევსკის ფრესკებით. რუსი პოეტი სერგეი გოროდეცკი ამ კაფეზე წერდა:

    „დე გაუმარჯოს ერთად დგომისთვის, მეგობრობისთვის ათასფრად მბრწყინავ კუდს ფარშევანგის!”

    გამოყენებული ლიტერატურა:

    გურამ ასათიანი, „პაოლო იაშვილი“

    თამარ პაიჭაძე, „ქალაქი – კულტურული სივრცე სიმბოლისტურ ტექსტში (ინტერტექსტი და ქართული შემოქმედებითი გამოცდილება)“

    0
    22
    შეფასება არ არის
    ავტორი:მარიამ ტურძილაძე
    მარიამ ტურძილაძე
    22
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0